QronikaPlus
გიორგი ხვედელიანი: „ოცნება“ ამ ქვეყნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით წავა!“

გიორგი ხვედელიანი: „ოცნება“ ამ ქვეყნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით წავა!“

2021-02-15 06:23:16

ის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახეა. მართალია, 2012 წელს „ნაცების“ წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ ახლა ამბობს, რომ „ოცნებას“ ამ ქვეყნიდან სწორედ ყოფილი მმართველი პარტია გაუშვებს. რატომ არის ამაში დარწმუნებული და რა ახალ პლატფორმას ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“? _ „ქრონიკა+“ გიორგი ხვედელიანს ესაუბრა:

_ გიორგი, პოლიტიკაში წასვლა ასეთ ზექაოსურ ვითარებაში რატომ გადაწყვიტეთ?
_ კი ბატონო, ნამდვილად ასეა, მაგრამ ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი.
_ ანუ?
_ თუ არასწორი სოციალური, ეკონომიკური პოლიტიკა და ასევე მორალური კლიმატი არ შეჩერდა და ამის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებთ, ისეთ ადგილას აღმოვჩნდებით, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება. მოკლედ, ადამიანმა ყველაფერ ამის შეცვლაში ან შენი წვლილი უნდა შეიტანო, ან ქვეყანა უნდა დატოვო. მე კი არჩევანი პირველზე გავაკეთე.
_ ძალიან კარგია, როცა ახალგაზრდა არ გარბის ქვეყნიდან და ცდილობს, ყველაფერი შიგნიდან შეცვალოს, მაგრამ მოდით, ასე ჩავშალოთ: დღეს ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანია. ორივე პოლუსი, ანუ „ნაცებიც“ და „ქოცებიც“, ოდიოზურია. ისიც გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობა“ ყველაზე დიდი და გავლენიანი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“: ყოფილი მმართველი პარტიის მიმართ არაერთი კითხვა არსებობს და ყველა კითხვა ადამიანის უფლებებს ეხება. ჰოდა, „ნაცმოძრაობაში“ შესვლას არ გერჩიათ, მეგობრებთან ერთად ახალი პარტია შეგექმნათ, მით უმეტეს, საზოგადოებაში ახალ და გაუსვრელ ძალაზე მოთხოვნაა…
_ ჯერ ერთი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. მეორეც, ის პლატფორმა, რომელიც ახლა განახლებული „ნაცმოძრაობის“ სახით კეთდება, მგონი, ზუსტად იმ მიზნებსა და ამოცანებს ისახავს, რომლებიც მე მაქვს. ამასთან, „ნაცმოძრაობის“ ასპარეზზე ბევრი ახალი ადამიანი ჩნდება. ამდენად, ყველა ის დისკომფორტი, რომელიც ახსენეთ, ამ პარტიასთან დაკავშირებული აღარ იქნება.
_ არ მგონია, საქმე ასე მარტივად იყოს, რადგან ისტორია არაფერს ივიწყებს. სხვათა შორის, წარსულ შეცდომებს ნიკა მელიაც აღიარებს, რომელიც ექსმმართველი ძალის ახალი ლიდერია…
_ კი ბატონო, ისტორიას ვერ წავშლით, მაგრამ ამ პარტიას ხელისუფლებაში ყოფნის, ძალიან დიდი წარმატებისა და გარღვევების გამოცდილებაც აქვს და სერიოზული პრობლემებისა და დანაშაულებებისაც, მაგრამ იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ახლა ხდება, ხომ ჩნდება განცდა, რომ ადეკვატური დასკვნებია გამოტანილი?
_ შეიძლება, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება „ნაცმოძრაობას“ კი არა, ამ პარტიის ძველ სახეებს აქვთ, რომლებიც, პრაქტიკულად, აღარ ჩანან. თქვენ, ახალი სახეები, რას გააკეთებთ?
_ ეს ინსტიტუტია.
_ ანუ?
_ თუ ჩავთვლით, რომ ქვეყანა რაღაც ტიპის მოდერნიზაციას გადის და მოდერნიზებულ ფაზაში შედის, მაშინ პოლიტიკური პარტიებიც ინსტიტუტები ხდებიან, რომლებსაც საკუთარი ინფრასტრუქტურა და საზოგადოებასთან კომუნიკაცია აქვთ. ახალმა ადამიანმა ახალი პოლიტიკური პარტია რომ შექმნას, ეს მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამიტომ შესაძლებელია, შენი ხედვებისთვის გარკვეული ინსტიტუტის შიგნიდან იბრძოდე _ დასავლეთის ქვეყნებში სწორედ ასე ხდება. აი, მაგალითად, გავიხსენოთ აშშ-ის დემოკრატიული პარტია, რომლის წევრებიც არიან, ერთი მხრივ, სრულიად განსხვავებული პოლიტიკოსი ჰილარი კლინტონი და, მეორე მხრივ, ბერნი სანდერსი.
_ გიორგი, აშშ-ს თუნდაც ამ კუთხით ნუ შევედრებით, რადგან იქ მყარი დემოკრატიაა…
_ გარკვეულწილად, ჩვენც ხომ არ შევდივართ იმ ფაზაში, სადაც პოლიტიკური პარტიები, რეალურად, პოლიტიკური ინსტიტუტები ხდებიან, რომლებსაც საკუთარი გამოცდილება აქვთ? საერთოდ, აქცენტს ყოველთვის ხედვაზე ვაკეთებ და არა _ სახეებზე.
_ რატომ?
_ პარტიას ახალი სახეების წარდგენა ყოველ სამ თვეში ერთხელ შეუძლია, მაგრამ მთავარია, ახალი ხედვების მიმართ ღია იყოს…
მოკლედ, მგონია, დროა, განვითარების იმ დონეზე გადავიდეთ, როცა ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკურ ინსტიტუტებად ვაღიარებთ!
_ გასაგებია… გიორგი, უკვე აქტიურ პოლიტიკაში ხართ და ამიტომ პასუხების გაცემა კრიტიკულ კითხვებზეც მოგიწევთ, ამიტომ საუბარი გავამწვავოთ: ყველამ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ მოტორი მიხეილ სააკაშვილია, მაგრამ თქვენ და ნიკა მელიასაც ახალი ხედვები გაქვთ. გჯერათ, რომ ამ ხედვებს ბოლომდე გაიტანთ და წინააღმდეგობა თუნდაც სააკაშვილის მხრიდან არ შეგხვდებათ?
_ ამ პროცესს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაც აქვს!
_ დარწმუნებული ხართ?
_ ეს მხარდაჭერა რომ არ არსებობდეს, ამ პროცესს, დარწმუნებული ვარ, თავშივე საფრთხე დაემუქრებოდა…
სიმართლე რომ გითხრათ, მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ და მასთან ქართული პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებებზე, ასევე „ნაცმოძრაობის“ განახლებაზეც მისაუბრია.
_ მერე, რა გითხრათ?
_ თუ ეს გაინტერესებს, მაშინ უნდა ჩაერთო და ის გააკეთო, რასაც საჭიროდ მიიჩნევო.
_ სააკაშვილს ახლა ესაუბრეთ?
_ არა…
საერთოდ, ცვლილებებს აქტორი სჭირდება, მაგრამ, პირობითად, რამდენიმე თვის წინ ასეთი შესაძლებლობა ვერ დავინახე. ამის შესაძლებლობა სწორედ ნიკა მელიას პირობებში გამოჩნდა და მერე ნიკას შემოთავაზებაც იყო…
სხვათა შორის, ყველა, ვინც არჩევნებამდე მხვდებოდა და პოლიტიკაზე ლაპარაკობდა, ამბობდა, 31 ოქტომბრის შემდეგ ნიკა მელია, ალბათ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წავაო.
_ ეს ხმა ახლაც დადის და იმასაც ამბობენ, „ნაცმოძრაობაში“ რამდენიმე კლანია და მელიას ე. წ. ახალგაზრდული ფრთა მალე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ჯგუფად მოგვევლინებაო.
_ იმასაც ამბობდნენ, მელიას ისეთ გარემოს შეუქმნიან, რომ „ნაცმოძრაობა“ დატოვოსო, მაგრამ არჩევნები დამთავრდა და მელია პარტიის თავმჯდომარე გახდა. ამ პროცესს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, მგონი, გართულდებოდა…
_ ნაწილობრივ გეთანხმებით…
_ გასაგებია, რომ ჩვენ გარკვეული წარმოდგენები გვაქვს, მაგრამ რაღაცები იცვლება და დავაკვირდეთ, რამდენად შეიცვლება.
_ კი ბატონო, დავაკვირდეთ, მაგრამ ის 12 ადამიანი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ სახე ახლა გახდით, ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმდებით და ერთნაირი ხედვებით გაქვთ, არა?
_ იცით, ჩვენ რაზე ვთანხმდებით?
_ რაზე?
_ ბევრი საკითხი არსებობს: ეკონომიკა, განათლება, სოფლის მეურნეობა. ოდნავ განსხვავებული იდეოლოგიური ხედვებია, მაგრამ საერთო ამოცანებია, რომლისკენაც შედუღაბებულნი მივდივართ.
_ სანამ ამოცანებზე გკითხავთ, თქვენი თანაგუნდელის, ნიკა ობოლაძის ფრაზას გაგახსენებთ, _ 2012 წელს ხელისუფლება მშვდობიანად რომ შეიცვალა, ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებააო. გიორგი, თქვენც ასე ფიქრობთ?
_ ასე არ უთქვამს…
_ დიახ, ზუსტად ასე თქვა…
_ ნიკა ობოლაძემ თქვა, 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება პოლიტიკაში ჩართული ყველა აქტორის დამსახურებააო.
_ გიორგი, ჩაგეკითხებით: თქვენც, რომელსაც „ქოცების“ მიმართ სიმპათია გქონდათ, ასე ფიქრობთ?
_ რამე განსაკუთრებული სიმპათია არ მქონია. უბრალოდ, 2012 წელს, ამომრჩევლის უმეტესობის მსგავსად, „ნაციონალების“ წინააღმდეგ მივეცი ხმა. სხვათა შორის, „ოცნების“ ამომრჩევლების უმეტესობა დღეს ასე იქცევა.
_ რას გულისხმობთ?
_ „ოცნების“ იდეოლოგია ქვეყნის განვითარების კონკრეტული ხედვა არ არის.
_ აბა, რა არის?
_ არა „ნაცმოძრაობას!“ _ ეს არის „ოცნების“ იდეოლოგია.
_ ე. ი., 2012-ში „ოცნების“ ამ იდეოლოგიის მსხვერპლი გახდით, არა?
_ არა, უბრალოდ, წარმოიდგინეთ: დღევანდელი პერსპექტივიდან რომ ვუყურებთ, შეგვიძლია, სისტემური ხასიათის ბევრი წარმატება და გარღვევა დავინახოთ, მაგრამ როცა დარღვევებს, გადაცდომებსა და იგივე ძალოვან უწყებებში არსებულ დანაშაულს უყურებ, არ შეიძლება, პირველ რიგში, ამაზე კი არა, წარმატებაზე იფიქრო! ზოგადად, ადამიანი წესზე კი არა, ექსცესზე უფრო რეაგირებს!
_ სიტყვამ მოიტანა და 2012 წლის არჩევნების წინ მომხდარმა ტრაგედიამ, რაფალიანცის საქმეს ვგულისხმობ, ნუთუ, კითხვა არ გაგიჩინათ, „ოცნებისთვის“ ხმის მიცემა ღირსო?
_ ჯერ სიცხადე ხომ არ იყო?
_ მომხდარს ორივე მხარე მაშინვე ერთმანეთს აბრალებდა…
_ მათი სიტყვა, ვინც ამას ამბობდა, ნდობას უკვე აღარ იწვევდა.
_ ისე, გიორგი, არ ნანობთ, რომ 2012-ში ის არჩევანი გააკეთეთ, რაც გააკეთეთ და იმაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გარკვეუწილად, თქვენც ხართ პასუხისმგებელი?
_ „ნაციონალურმა“ მოძრაობამ უნდა ინანოს! როცა ჩემს არჩევანზე ვბრაზდებოდი, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვბრაზდებოდი, რადგან იმ ზომამდე მიგვიყვანეს, „ოცნებისთვის“ მიმეცა ხმა. ძალოვან უწყებებში ხშირად ისეთი მდგომარეობა იყო, რომ მორალური დილემის წინაშე დგებოდი.
მოკლედ, კომუნიკაციის კუთხით ხალხთან მეტი უნდა ემუშავათ და ისიც გასაგებია, რომ პრობლემები აღმოეფხვრათ… მაშინ ჩვენი ამოცანა იყო, რომ ნაბიჯი წინ გადაგვედგა და იმისგან, რაც თუნდაც ძალოვან უწყებებში ხდებოდა, გავთავისუფლებულიყავით.
საერთოდ, წლების მერე პროცესის შეფასება უფრო დისტანცირებულად და ცალსახად შეიძლება _ დადებითსაც შესაფერისი წონა მისცე და უარყოფითსაც.
აი, მაგალითად, 1992 წელს ვინმე რომ გამოსულიყო და ეთქვა, ყველა პოლიტიკური პროცესი არალეგიტიმურია, რადგან გადატრიალება მოხდა და, შესაბამისად, არ შეიძლება, ახალი პოლიტიკური ელიტა ლეგიტიმური იყოსო, მართალი იქნებოდი, მაგრამ იგივე განცხადებას 2005 წელს ან ახლა, 2021-ში, ძალიან ცოტა ვინმე აკეთებს, რადგან სიმართლეც პოლიტიკურ კონტექსტთანაა მიბმული. ერთი სიტყვით, ყველაფერს თავისი კონტექსტი აქვს.
_ გიორგი, რეპლიკის სახით ვიტყვი: ბევრს თვალში მოხვდა, რომ „ნაცმოძრაობის“ 12 ახალი სახიდან არაერთი ყოფილი „ქოცი“ ან „ქოცების“ ექსმხარდამჭერია. ამიტომ ზოგმა რიტორიკულადაც იკითხა, რა ხდება, მელია „ნაცმოძრაობაში“ „ქოცყოფილების“ ფილიალს ხომ არ ხსნისო?!
_ სიმართლე გითხრათ, „ქართული ოცნების“ თავგადაკლული მომხრე არავინ ყოფილა. საერთოდ, „ოცნებას“ გულანთებული მხარდამჭერი ძალიან ცოტა ჰყავს. ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა სწორედ იმაში ემთხვევა, რომ ახალი გამაერთიანებელი პლატფორმა შეიქმნას.
იცით, ხანდახან როგორ ხდება?
_ როგორ?
_ საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას ხალხისგან იგივე უბრუნდება, რასაც ხალხს უგზავნის.
_ რას გულისხმობთ?
_ მნიშვნელოვან წარმატებასა და გარღვევასთან ერთად, „ნაცმოძრაობის“ ყველაზე სერიოზული პრობლემა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ის იყო, რომ მისგან თითქოს გამოსჭვიოდა, ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერიაო, ამიტომ ხალხის დიდი ნაწილი მტრად გადაიკიდა!
„ოცნებაც“ ამას ასხივებს _ ყველა, ვინც ჩვენთან არაა, „ნაციაო“.
ამ დახლეჩისა და დაქუცმაცების ლოგიკას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორი ნაბიჯი დაახვედრა და ისეთი პლატფორმის შექმნა დაიწყო, სადაც ყველას შეუძლია, „ნაცი“ იმ აზრით გახდეს, რომ ამ გამაერთიანებელ პლატფორმაში საკუთარი თავი იპოვოს. სახალხო პოლიტიკისა და სახალხო პროცესის აუცილებელი პირობა სწორედ ესაა!
ისე, ბევრი რამ ხელისუფლებასაც უკავშირდება, ანუ ის, რითაც მუდმივად ხალხს აშინებს, ხანდახან იგივეთი ხალხი დააშინებს ხოლმე მას.
_ გეთანხმებით, თუმცა საუბარს სხვა თემით განვაგრძობ, კერძოდ, ოპოზიცია „ოცნებასთან“ გამართულ მოლაპარაკების რაუნდებზე პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითხოვდა, თუმცა იგივე ენმ-ს ყასიდადაც არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტდევნილის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ეს თქვენი, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის, შეცდომა ხომ არ არის?
_ ნორმალური ხელისუფლებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, პირველ რიგში, სააკაშვილი იქნება თანახმა, რომ იმ ტალახზე, რომელიც ესროლეს, პასუხი თავად გასცეს.
_ სააკაშვილი გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად მიპასუხეთ: ოპოზიცია შეცდომას ხომ არ უშვებს, როცა სააკაშვილზე, როგორც პოლიტდევნილზე, არ საუბრობს?
_ ყველაფერი, რასაც ერთობლივად აყენებს, ოპოზიციის კონსენსუსის საგანი უნდა იყოს. გარკვეულ პარტიებს შესაძლოა, ამის პრობლემა აქვთ და ამ საკითხზე კონსენსუსი ამიტომაც ვერ ხდება. საერთოდ, პოლიტიკაში ჩართულ პოლიტიკურ სუბიექტს პოლიტიკური მასშტაბის ეშინია.
_ კი ბატონო, მაგრამ ამ კუთხით კონკრეტულად „ნაცმოძრაობა“ რატომ არ აქტიურობს და ამ თემას ახალი სახეები თუ წამოწევთ?
_ განახლებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პირველ რიგში, ის უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, სადაც ანტიდემოკრატიული სასამართლოსა თუ ძალოვანი სტრუქტურების მიერ ქვეყნიდან გაქცეული ან საკუთარი ნებით წასული არ იქნება და ყველა შეძლებს, იმ კითხვებს, რომლებიც სამართლებრივად დაისმევა, ადგილზე უპასუხოს!
_ მეჩვენება, რომ კონკრეტულად სააკაშვილზე საუბარს გაურბიხართ…
_ არა… ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური კონტექსტების საგანია. მე კი ვიცი, ზოგადი ამოცანა რა უნდა იყოს, ამ ქვეყანაში სააკაშვილსა და ნებისმიერ იმ ადამიანს დაედგომებოდეს, ვინც აქ ვერ არის.
ისე, ისიც არ ვიცი, ამ თემაზე სააკაშვილს როგორი დამოკიდებულება აქვს…
_ გასაგებია… გიორგი, ვთქვათ, ისე მოხდა, რომ „ოცნებამ“ უკან დაიხია, ახალი არჩევნები დანიშნა და კოალიციური ხელისუფლება მოვიდა, სადაც დომინანტი „ნაცმოძრაობა“ იქნება. გიორგი, ახალმა „ნაციონალებმა“ იცით, ქვეყნის კრიზისებიდან გამოსაყვანად პირველად რა ნაბიჯები უნდა გადადგათ?
_ დიახ, ვიცით და კონკრეტული გეგმებიც გვაქვს. ჩვენ დარგების _ განათლების, ჯანდაცვისა თუ ეკონომიკის მიმართულებით ვმუშაობთ. თითოეულ საკითხზე შემიძლია, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრო _ განვითარების თეორია და პოლიტიკური ეკონომიკა ნასწავლი მაქვს, თან მთელი ცხოვრება ამ პროცესებს ვაკვირდები.
მთავრი ამოცანაა, რომ მოქალაქეებზე გაცემული სახელმწიფო მომსახურება, ერთი მხრივ, ხარისხიანი და, მეორე მხრივ, ხელმისაწვდომი იყოს. ზოგი მხოლოდ ხარისხზე საუბრობს და ხელმისაწვდომობას არ ითვალისწინებს. ასეთი მწარე შეცდომა სხვადასხვა ხელისუფლებას დაუშვია.
_ კომუნისტების ლოზუნგი გამახსენდა: სწრაფად, იაფად, ხარისხიანადო…
_ კომუნისტების დროს პრობლემა სწორედ ხარისხი იყო…
მოკლედ, ჩვენი ამოცანაა, რომ განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობის სერვისები ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, ის ორიენტირებული მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებსა და სერვისის ეკონომიკაზე კი არ უნდა იყოს, არამედ ინდუსტრიული პოლიტიკაც დავიწყოთ, ანუ, მაგალითად, ბუნებრივ წიაღისეულს მხოლოდ კი არ უნდა ვყიდდეთ, არამედ ადგილზე დამატებით ღირებულებასაც ვაძლევდეთ და ამის შემდეგ ვყიდდეთ.
_ გიორგი, ბოლო კითხვას დაგისვამთ: თეორიულად, შესაძლოა, ბევრი რამ იცით, მაგრამ პოლიტიკური ინტრიგებისთვის მზად ხართ?
_ ინტრიგა სასიამოვნო ვერ იქნება, მაგრამ მგონია, რომ ქართულ პოლიტიკას ძალიან სერიოზული ტოქსიკურობა აქვს, თუმცა გარედან ამას ვერ ცვლი და თუ შეცვლა გინდა, მაშინ შიგნით უნდა იყო და, ერთი მხრივ, გაისვრები და, მეორე მხრივ, ამ ინტრიგების მსხვერპლი იქნები.
მოკლედ, რადგან ცვლილება სხვანაირად შეუძლებელია, ინტრიგებისთვის მზად ვარ!
_ წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა, მოარული ხმით, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, ვაშაძის „სტარტეგია აღმაშენებელი“ და ჯაფარიძის „გირჩი“ ახალ ოპოზიციურ კოალიციას ქმნიან. თუ ასე მოხდა, „ნაცმოძრაობა“, როგორც ოპოზიციის მთავარი ფლაგმანი, ოფსაიდში ხომ არ აღმოჩნდება?
_ ამის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ დადასტურებულად არ ვიცი, ასე იქნება თუ არა. საერთოდ, ყველა ოპოზიციურ პარტიას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ არ მგონია, „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდეს.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკაში რაღაცები ავტომატურად არ ჯამდება ხოლმე.
მოკლედ, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით წავა. უბრალოდ, „ნაცმოძრაობა“ იმაზე ბევრად განსხვავებული, ბევრად უფრო ღია იქნება, ვიდრე იყო!
_ გიორგი, წარმატებას გისურვებთ და თქვენს პოლიტიკურ აქტივობას გულისყურით მივადევნებ თვალს!

გიორგი აბაშიძე

გაზიარება