- კვირაპერი, 29 დეკემბერი, 2024
2021-02-12 07:17:22
„აზრი ერთია _ ხალხის მჩაგვრელი, ბიუჯეტის მძარცველი, კორუფციაში ჩაფლული, ადამიანთა გამღატაკებელი, მოხუცის სიბერისა და ახალგაზრდის მომავლის გამანადგურებელი, კომუნისტი გავრილოვის პარლამენტში შემომყვანი და ადამიანებისთვის თვალებისდამთხრელი, ოკუპანტთან გარიგებული, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამაქცევარი ხელისუფლება უნდა წავიდეს, ის კინწისკვრით უნდა გააძევოს ხალხმა (დიახ, რევოლუციებს „ოპოზიციები“ არ აკეთებენ ხოლმე, არამედ რევოლუციას აკეთებს აღვირახსნილი ხელისუფლება, ოპოზიცია ვერაფრით გამოიყვანს ბედნიერ და მაძღარ ხალხს ქუჩაში, რადგან კმაყოფილი ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ხელისუფლების მიერ განადგურებული, უსამართლობისგან და სოციალური პრობლემებისგან გამწარებული ხალხი გამოდის ქუჩაში!
დიახ, რევოლუციას თუ ჯანყს (რომელიც კონვენციით მონიჭებული კონსტიტუციური უფლებაა, როცა აღარანაირ გამოსავალს არ უტოვებს ხელისუფლება) ხალხი მხოლოდ რეგვენი ხელისუფლების საქციელიდან გამომდინარე აკეთებს _ იყენებს უკიდურესს შემთხვევაში, მხოლოდ უკიდურესს შემთხვევაში იყენებს კონსტიტუციურ უფლებას!
მოკლედ, ვისაც გუგუნის ხმა არ ესმის, ვურჩევდი, ყური დაუგდოს დროულად!
ვურჩევდი ხელისუფლებას, რადგან ყურის დაგდება ჯობია ხალხის მიერ ყურის აწევას _ ისტორიამ აჩვენა, ყურის „ახევა“ იცის გამწარებულმა ხალხმა!
„პატივცემულო კანონდებილებო“, ყურებს გაუფრთხილდით!“ _ დაწერა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა, „სტარტეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა, რომელმაც ეს თემა „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუშიც განავრცო.
_ თაკო, ყველანი ვხედავთ, „ოცნებაში“ რაც ხდება, მაგრამ გამაგებინე, ოპოზიციაში რა ხდება და რა გეგმა აქვს მას?
_ დავდივართ.
_ სად დადიხართ?
_ რეგიონები, ასე ვთქვათ, დავინაწილეთ და, ალბათ, ნახეთ, რამდენიმე დღის წინ გიორგი ვაშაძე ქუთაისში იყო… მოკლედ, ოჯახ-ოჯახ დავდივართ.
_ რა მიზნით?
_ მოსახლეობის განწყობა გვაინტერესებს და ყველა მზადაა, რაღაც შეიცვალოს. ამასთან, ძალიან მძიმე ვითარებაა და ხალხს იქნებ, როგორმე დავეხმაროთ _ ადამიანებს დასამარხი ფულიც აღარ აქვს!
_ ხალხში მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დადის თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც დადიან?
_ ვერ გეტყვით, არ ვიცი…
_ სიტყვამ მოიტანა და ე. წ. გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციების დაწყებისგან თავს რატომ იკავებს _ მართლა დათბობას ელოდება თუ ამას სხვა საბაბი აქვს?
_ მაქვს ინფორმაცია, რომ შეკრებას ახლა აპირებენ. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც გახელაძეს ოკუპანტებმა 12 წელი მიუსაჯეს, პირადად მე შინ გაჩერება არ შემიძლია და ამის შესახებ „ფეისბუქშიც“ დავწერე. ამ თემაზე ოპოზიციის საერთო განცხადება იქნება და საერთო აქციაზეც ვფიქრობთ.
იმასაც გეტყვით, რომ პარტია „კანონი და სამართალი“ ერთ აქციას საკუთარი ძალებით დაგეგმავს და ეს ხალხის მოთხოვნაა, ანუ პირდაპირ გვეუბნება, _ ქალბატონო თაკო, სადაც იტყვით, იქ მოვალთო.
ისე, ამათ ჯანდაცვა ისეთი მოუგვარებელი აქვთ, რომ ამ კოვიდის პერიოდში მართლა ვღელავდით _ ჩვენ ცუდის კი არა, კარგის გაკეთება გვინდა და ქუჩაში ხალხს რომ გამოვიყვანთ, პასუხისმგებლობაც უნდა ავიღოთ! მოკლედ, პანდემია გარკვეული პერიოდი პიკში იყო და ხელისუფლებას რა არ შევთავაზეთ „სტრატეგია აღმაშენებლმა“, რამდენიმე ბრიფინგიც გამართა და ხელისუფლებას მიმართა, სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა ერთად გავაკეთოთო. გიორგი ვაშაძე კი იგივე ტესტებზე, ჯერ კიდევ, ერთი წლის წინათ საუბრობდა და ახლა ხომ ყველა ხვდება, რომ მართალი იყო, მაგრამ ხელისუფლებას არაფერი ესმის!
ახლა ეს რეგულაციები ცოტა რომ შემსუბუქდა, ჩვენც უფრო თამამები ვართ…
_ სითამამე კარგია, მაგრამ თუ რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ ოპოზიცია აქციებს დაიწყებს და კოვიდსტატისტიკა ისევ დამძიმდება, „ოცნება“ ყველაფერს თქვენ დაგაბრალებთ…
_ ასე არაა. საერთოდ, ის, რასაც ახლა ვიტყვი, მინდა, ჩვენი ინტერვიუს ერთგვარი საფუძველი იყოს.
_ კი ბატონო, გისმენთ…
_ ხელისუფლება სიტყვა „რევოლუციას“ ძალიან ხშირად ახსენებს. მათიკაშვილმა კი შემომითვალა, ქალბატონ თაკოს ჰკითხეთ, მშვიდობიანი რევოლუცია რა არისო? ჯერ ერთი, მშვიდობიან რევოლუციაზე კი არა, კონსტიტუციით მონიჭებული ჯანყის უფლებაზე ვისაუბრე.
მეორეც, ოპოზიცია რევოლუციას ვერასოდეს ახდენს და ამის მიზეზი მარტივია _ ოპოზიცია მაძღარ ხალხს ქუჩაში ვერსად და ვერასოდეს გამოიყვანს. დიახ, რევოლუციას ყოველთვის უგუნური და რეგვენი ხელისუფლება ახდენს _ მისი აღვირახსნილობის გამო ქუჩაში მშიერი ხალხი გამოდის ხოლმე!
_ სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, როცა ვოლსკიმ ციციკორეობა დაიწყო და ივერი მელაშვილის ქუჩა-ქუჩა ჩამოტარება მოითხოვა, ოპოზიციას მოუწოდეთ, ამის მოთმენა აღარ შეიძლება და ქუჩაში გავიდეთო, თუმცა თქვენს ინიციატივას კოლეგებისგან მაინცდამაინც დიდი მხარდაჭერა არ მოჰყვა. რატომ?
_ რესტორატორების აქცია იგეგმებოდა და, როგორც ვიცი, ხელი არ შევუშალეთ, თუმცა ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ყველაფერ ამის მოთმენა შეუძლებელია!
_ ერთი სიტყვით, „ოცნება“ რადიკალიზმის გზას ადგას. თქვენი შეფასებით, ეს სტრატეგია რატომ აირჩია?
_ რუსულ ტელევიზიებს პერიოდულად გადავავლებ ხოლმე თვალს და ყველაფერი ერთი ერთშია _ აღვირახსნილი, ოლიგარქიული და ცოტა ქაოსური მმართველობის დროს ისეთი თანამდებობის პირები, როგორიც, მაგალითად, თეა წულუკიანია, სწორედ ასე იქცევიან!
_ რას გულისხმობთ?
_ ის, რაც თეა წულუკიანმა გააკეთა, ფსკერი იყო!
საერთოდ, საკანონმდებლო ორგანოდან კანონმდებლები რაღაცებს რომ აჟღერებენ, რა თქმა უნდა, მეტი მოეთხოვებათ. ისე, ახლა, ჯანსუღ ჩარკვიანი ცოცხალი რომ იყოს, ჩვეული ენაკვიმატობით იხუმრებდა, როგორც თავის დროზე იხუმრა, _ ამდენი კანონდებილი ერთად არ მინახავსო!
_ არ მგონია, სახეზე მხოლოდ სიდებილე იყოს!.. ე. ი., ერთმნიშვნელოვნად ამბობთ, რომ წულუკიანი რუსული სცენარით მოქმედებს?
_ დიახ, ეს აბსოლუტურად რუსული ტიპის მმართველობაა! 21-ე საუკუნეა და ყველაფერი მინიმალიზაციისკენ მიდის. ამ ფონზე, აბა, პუტინის სასახლეს შეხედეთ _ რა დროს ეს რაღაცებია?! ამათი სასახლეებიც ნახეთ, ჩუმჩუმად რომ იშენებენ. როგორი ნაცნობია, არა? ხალხი შიმშილობს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი სასახლეებს იშენებენ. რომელ არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი? არჩევნების გაყალბება კი არა, კინწისკვრით უნდა გამოყარონ ეს კორუფციაში ჩაფლულები! დიახ, მხოლოდ არჩევნების გაყალბების კი არა, კორუფციის გამო უნდა გამოყარო! ფული მიაქვთ, ჯანდაცვის გრანტები მიაქვთ, ამ დროს ჯანდაცვა ჩამოქცეულია და ჯანდაცვის მინისტრი მანქანებს ყიდულობს! ეს თავხედები იმიტომ უნდა გამოყარო, რომ ფულს მანქანებში ხარჯავენ!
_ თაკო, კულტურის სფეროს ძალიან კარგად იცნობთ. ხმა დადის, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდება. თქვენი აზრით, ივანიშვილი კულტურაში ერთგვარ „ზონდერად“ ხომ არ უშვებს მას?
_ არა, არა… ბოლო წლებია, ფრიად უკულტურო ვითარებაა და ახლაც ეს გრძელდება _ რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ.
წარმოიდგინეთ, ქართული კულტურა რა ზომაზე უნდა მიიყვანო და კულტურის მინისტრად ის თეა წულუკიანი დასვა, რომელმაც იმ დღეს ის უკულტურობა ჩაიდინა?!
_ წულუკიანის გაკულტურისმინისტრებაზე კულტურის წარმომადგენლებს, თქვენი აზრით, პროტესტი არ ექნებათ?
_ კულტურის წარმომადგენლებს რა პროტესტი უნდა ჰქონდეთ, კაცი ფულს უხდით! ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არავინ ხმას არ იღებს. ქალი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და კულტურის მომავალი მინისტრი, საკანონმდებლო ორგანოდან პირად ინფორმაციას ასაჯაროებს, თუმცა არავინ აღმოჩნდა, რომელიც მიუთითებდა და ეტყოდა, მინიმუმ, უხერხულია, ეს ქალი კულტურის მინისტრი გახდესო. ამას ჩვენ მივხედავთ.
_ როგორ მიხედავთ?
_ კულტურის სამინისტროს მივადგებით…
_ ისე, თაკო, თუ კარგად ჩავუღრმავდებით, პანდემია „ოცნებამ“ სათავისოდ გამოიყენა _ რამდენიმე ოპოზიციონერი პარლამენტში შეიყვანა…
_ პრეზიდენტის გამოსვლა არ უნდა გამოგვრჩეს, რომელიც „უმნიშვნელოვანესი“ იყო.
_ რას გულისხმობთ?
_ ამ ქალბატონმა, რომელსაც პ-რეზიდენტს ვეძახით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში თქვა, პარლამენტი ერთპარტიულიაო, ანუ „ოცნებას“ მიმართა, ერთპარტიული პარლამენტის ხიბლით ნუ გაერთობიო. ე. ი., საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ პარლამენტი ერთპარტიულია!
_ ე. ი., ამ განცხადებით ზურაბიშვილმა „ოცნებას“ დაარტყა?
_ არა!
_ აბა, ვერ გაიაზრა, რას ამბობდა?
_ აბა, რა?! თვითონ ხომ კარგად იცის, ელისაშვილი და იოსელიანი ვინც არიან.
ჩვენს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, თუ გახსოვთ, გითხარით, ელისაშვილი „ოცნების“ პროექტია-მეთქი. სხვათა შორის კირკიტაძემ თქვა, ელისაშვილს ვგულშემატკივრობდიო. გავოცდი, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, თურმე, ელისაშვილს გულშემატკივრობდა და ვეხუმრე, ელისაშვილი პარლამენტში უნებლიეთ თქვენ შეგიყვანიათ-მეთქი.
მოკლედ, დიდი ხნის წინ ვამბობდი, ელისაშვილს რა გამოცნობა უნდა, „ოცნებაა“-მეთქი.
_ ამას როგორ მიხვდით?
_ ინფორმაცია მქონდა… საერთოდ, კითხვებს შემთხვევით არ ვსვამ ხოლმე, ე. ი., ძალიან მნიშვნელოვანი გადამოწმებული ინფორმაციები მაქვს.
_ დღევანდელი გადასახედიდან, ოპოზიციის შეცდომა ხომ არ იყო, საერთო გაერთიანებაში ადგილები ელისაშვილი-იოსელიანს და „გირჩს“ რომ დაუთმო?
_ რა ვქნა?! პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ჩემი შეცდომა არ იყო, რადგან ორივეზე ჩემი აზრი მქონდა და მაქვს!
სხვათა შორის, ამას წინათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი გუნდი რომ წარმოადგინა, გულწრფელად და ყოველგვარი ქილიკის გარეშე ვიკითხე.
_ რა იკითხეთ?
_ მიპასუხეს, სხვა პარტიაა და რატომ ინტერესდებიო. უკაცრავად, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასოდეს ვყოფილვარ და 2018 წელს ასე რომ მეფიქრა, მაშინ მისი საპრეზიდენტო კანდიდატის გვერდით არ უნდა დავმდგარიყავი? საკითხს ასე ვუდგები: მაინტერესებს, ყველა დასავლურ პარტიაში, უპირველესად კი, ჩემს პარტნიორ „ნაცმოძრაობაში“, რა ხდება. მიმაჩნია, რომ უმსხვილესი დასავლური ვექტორია და მინდა, იქ ყველაფერი კარგად იყოს.
მოკლედ, როცა ამ პარტიის ახალი გუნდი ვნახე, ბევრი ძალიან მომეწონა, მაგრამ რამდენიმესთან კითხვა გამიჩნდა.
_ ერთი კითხვა, ალბათ, ნიკა ობოლაძის მიმართ გაგიჩნდათ, რომელმაც განაცხადა, 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ბიძინა ივანიშვილის დამსახურება იყოო.
_ საერთოდ, მშვიდობიანი გადაბარება იმის დამსახურებაა, ვინც მიდის ხოლმე. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, სააკაშვილის დამსახურება იყო, რადგან ის ადამიანი კანონის დაცვით წავიდა, მაგრამ ობოლაძემ თქვა, არა, ივანიშვილის დამსახურება იყოო.
როცა „ძალა ერთობაშიას“ წევრი ვიყავი, „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამას გავეცანი, სადაც კარგი ადგილია, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ყოველთვის ძლიერი ჯარის მომხრეები იყვნენ, რაც მომწონდა და მომწონს.
სხვათა შორის, ძლიერი ჯარი პარტია „კანონი და სამართლის“ პროგრამაშიცაა. მეტიც, ამაზე ფანტასტიკური პროექტიც გვაქვს.
ისე, ჯარში რეფორმები ირაკლი ალასანიამ ძალიან ღირსეულად დაიწყო, მაგრამ არ დასცალდა _ ღარიბაშვილი ექიშპებოდა და ალასანიას თავდაცვის სამინისტროში რა აღარ მოუწყვეს.
_ თაკო, იმაზე ვსაუბრობდით, „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე ახალ სახესთან კთხვები რომ გაქვთ და ჯარი რა შუაშია?
_ ნიკა ობოლაძე „გირჩის“ პატრიარქია, ხომ არაფერი მეშლება?
_ როგორც მახსოვს, დიახ, „გირჩის“ წევრი იყო…
_ არა, პატრიარქი, როგორც თვითონ ეძახიან… ეთერში მითხრეს, „გირჩმა“ ჯარიდან 40 ათასი ადამიანი გავათავისუფლეთო. მაშინვე ვიკითხე, საქართველო ოკუპირებულია, ახლაც საომარ ვითარებაშია და 40 ათასს ადამიანს ჯარიდან ათავისუფლებ მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტროში სულ 35 ათასი ადამიანია-მეთქი? შე დალოცვილო, იმის მაგივრად, რომ ჯარის რეფორმირების კარგი პროექტები შესთავაზო და თუნდაც იმას, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა, უთხრა, შეგიძლია, ალტერნატიული შრომითი სამსახური აირჩიო, გამოდიხარ და 40 ათასს ადამიანს ჯარიდან ათავისუფლებ?
მოკლედ, ეს „პატრიარქი“ ნიკა ობოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ გუნდშია და მაინტერესებს, მისი და „ნაცმოძრაობის“ მოძლიერებული ჯარის იდეოლოგია ერთმანეთს ემთხვევა?
ხომ მაქვს უფლება, კითხვა დავსვა?
კიდევ ერთი კითხვა: 8 წელია, ომსა და უბედურებაში ვართ _ ოჯახები დანაღმულია, თვალების დათხრაც გავიარეთ და ათასი უბედურება და ამ დროს, უკორუფციონერეს „აწარმოე საქართველოს“ ყოფილ გენერალურ დირექტორზე, რომლის ხმაც არ გაგვიგია, არ ვიკითხოთ, რა ხდება?
ჩვენ რუსულ ფულს ვებრძვით და იქნებ, ივანიშვილის ხელი ურევია ამ საქმეში და არ ვიცით?
თუ ხალხი ერთხელ მოტყუვდა და ელისაშვილის ყურმილი შეგვრჩა, მეორედ რატომ არ შეიძლება, რომ ელისაშვილის ყურმილი შეგვრჩეს?
მოკლედ, ხომ შეიძლება, ხალხი ისევ მოტყუვდეს და ივანიშვილმა დასავლურ ვექტორში თავისი ხალხი შემოიყვანოს? _ ახლა, როგორც ჟურნალისტს, გეკითხებით, ეს კითხვა ლეგიტიმურია თუ არა?
_ კი ბატონო, კითხვა ლეგიტიმურია…
_ ასევე კიდევ ერთ სპორტსმენზე ვიკითხე, რომელიც ისეთი პროფესიონალია, რომ მისი წარმატებით ვამაყობ, მაგრამ განა, კახი კალაძე ცუდი ფეხბურთელი იყო?
ქალაქის მერიის მოქმედ აიპი-ს ხელმძღვანელზე კითხვა მხოლოდ მე კი არა, სხვამაც დასვა. რამდენიმე თვის წინ სპორტსმენები ლამის რომ მოკლეს და ერთ-ერთი მოჭიდავე დააინვალიდეს, ამათი ხმა არ გამიგია!
საერთოდ, პოლიტიკაში შეცდომები ხდება. კითხვებსაც ამიტომ ვსვამ და მეტი არაფერი. კითხვის უფლება კი იმიტომ მაქვს, რომ ყველა ძალიან ვღელავთ. მე ყველა დასავლურ პარტიას ვგულშემატკივრობ, მით უმეტეს, უმსხვილესს ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც წეღანდელი თქმისა არ იყოს, 2018 წელს გვერდით მთელი ჩემი არსებითა და გულწრფელობით დავუდექი!
ისე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგი ამომრჩეველი ჰყავს _ იდეალისტები არიან და გარკვეული კითხვები ამ ადამიანებსაც გაუჩნდათ, თან მე რომ კითხვა დავსვი, ამ იდეალისტებისგან აგრესია არ წამოსულა. ყოველ შემთხვევაში, გაღიზიანება არ მოჰყოლია, რადგან თქვეს, რომ, უბრალოდ, ადამიანურად ვიკითხე!
სხვათა შორის, თავის დროზე, ხაზარაძეს ვუთხარი, პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აგვარჩევინე და ვერ გავიგე, რა ხდება-მეთქი?
რა, შერჩევით სამართალია? _ თუ იმ კაცს ვეკითხებით, აგერ, იმას, „გუშინ“ რომ არ განძრეულა, არ ვკითხო, უკორუფციონერესი უწყების ხელმძღვანელი რომ იყავი და იქიდან წამოხვედი, ამხილე და რამე თქვი?
_ ხაზარაძეზე გამახსენდა: „ლელოს“ წინადადებაზე, ახალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს ჩატარდესო, რას ფიქრობთ?
_ იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც არჩევნების ჩატარება არც 2022-ში უნდა და არც _ 2024-ში. ამათი გაჩერება გაუსაძლისია და ეს ჩემი, თამარ ჩარკვიანის პოზიციაა, მაგრამ ობიექტურად ვიტყვი: მამუკა ხაზარაძის იდეას არსებობის უფლება აქვს.
_ დამისაბუთეთ, რატომ?
_ ჯერ ერთი, ეს ადამიანი გამოსავალს ეძებს. მეორეც, არ მგონია, რომ „ოცნება“ ამაზე წამოვიდეს, მაგრამ თუ არჩევნების 2022-ში ჩატარებაზე წამოვიდა, ეს, პრაქტიკულად, აღიარება იქნება.
_ რისი აღიარება?
_ არჩევნების გაყალბების!
სხვათა შორის, ამ იდეას ხაზარაძემ დააყოლა, ჩემთვის ოპოზიციის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ეს იდეა მიუღებელი იქნება, უკან წავიღებო.
ერთი სიტყვით, „ოცნება“ ახლავე უნდა წავიდეს _ კორუმპირებულია, რუსეთზე მუშაობს, ქვეყანა ჩაალპეს და ამათი გაჩერება აღარ შეიძლება, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ მამუკა ხაზარაძეს სავიშვიშო არაფერი უთქვამს.
გიორგი აბაშიძე