- კვირაპერი, 29 დეკემბერი, 2024
2021-02-10 06:16:11
„ქართული ოცნება“ მეცხრე წელია გვპირდება, რომ „ნაციონალებს“ დაასრულებს. ამის პარალელურად, ლამის, მუხლმოყრილი ევედრება ოპოზიციას და, მათ შორის, „ნაციონალებს“, საკანონმდებლო ორგანოში შემოდითო. 36 „ნაციონალი“ დეპუტატი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. უარზე არიან სხვა ოპოზიციონერებიც. „ქართული ოცნება“ მათთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე არ თანხმდება. ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანი წითლიძეს ორმაგი დეპუტატობა მიესაჯა. მას არც ზუგდიდის დეპუტატის უფლებამოსილებას უწყვეტენ და არც _ პარლამენტის წევრისას.
რას ელოდება „ქართული ოცნება“? სად გაქრა დაპირება „ნაცების“ დასრულების შესახებ? ატერორებენ თუ არა ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია ოპოზიციას? რაში გადაასწრეს ივანიშვილის პარტიას ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა? _ ამ თემების შესახებ ანი წითლიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ მმართველი პარტია უარს აცხადებს ოპოზიციონერებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე. ოდესმე თუ წარმოიდგენდით, რომ დეპუტატობას მოგისჯიდათ ვინმე?
_ „ქართული ოცნებისგან“ ყველაფერია მოსალოდნელი. მათგან ბევრ საოცრებას ველოდებით. ამის მიუხედავად, მათთვისაც კი შეუფერებელია, რომ უარს ამბობენ შეგვიწყვიტონ დეპუტატის უფლებამოსილება. ასეთი რამე არსად მომხდარა. როგორ შეიძლება, ადამიანი ითხოვდეს, დეპუტატის უფლებამოსილება შემიწყვიტეო და არ უწყვეტდე?! სამართლებრივად ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს უფლებამოსილება შეწყვეტილი. ესენი ამის გაკეთებას არც სამომავლოდ აპირებენ.
განსაკუთრებით საინტერესო მდგომარეობაში აღმოვჩნდი მე: გარდა იმისა, რომ გავხვდი პარლამენტის წევრი, ვარ ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, სადაც ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ვხელმძღვანელობ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი. კანონებს „ქართული ოცნება“ ისე იყენებს, როგორც ეს მას უნდა.
ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რის მიღწევას აპირებს სახელისუფლებო პარტია? შეიძლება, იმის იმედი აქვს, რომ გადაწყვეტილებას შევცვლით და პარლამენტში შევალთ. ფაქტია: ისინი კარგად ხვდებიან, რომ ნებისმიერი ჩვენგანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მათთვის მომაკვდინებელია.
_ რაღაცას ელოდებიან. ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ კიდევ 20 კაცი შევა პარლამენტში ოპოზიციიდან.
_ ალბათ, ფიქრობენ, რომ ჩვენს გატეხას შეძლებენ. იმედოვნებენ, ოპოზიციაში კიდევ აღმოჩნდებიან ელისაშვილები და ინჯიები. მათთვის არც მოსყიდვაა უცხო და შესაძლოა, ვიღაცების მოსყიდვას ფიქრობენ. რამდენიმე კაცი შეიყვანეს ოპოზიციიდან, მაგრამ ამან „ოცნების“ იმიჯი ვერ გადაარჩინა. აწი ვინც არ უნდა შევიდეს პარლამენტში, „ოცნება“ ვეღარ გათეთრდება.
_ არის იმის ალბათობა, რომ კიდევ ვინმე შევა ოპოზიციიდან პარლამენტში?
_ სიმართლე გითხრათ, ამის მოლოდინი არ მაქვს. სხვა პარტიებზე ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩვენი გაერთიანებიდან არავინ შევა. 36 დეპუტატი გვყავს და შესვლას არავინ აპირებს. რაც არ უნდა მოიმოქმედონ, ერთპარტიული პარლამენტი ლეგიტიმური ვერ ექნება.
„ქართული ოცნება“, ერთი მხრივ, ტოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამის პარალელურად ცდილობს, რომ ჩვენზე ზეწოლა განახორციელოს. ზეწოლის განსახორციელებლად მათ არაერთი ბერკეტი აქვთ, მაგრამ ყველა მეთოდი ამაო იქნება.
_ რატომ ფიქრობთ, რომ ამაო იქნება?
_ იმიტომ, რომ ოპოზიციამ უკვე ჩააბარა გამოცდა. ელისაშვილებისა და ინჯიების გარდა არავინ შევიდა იქ. ყველა ოპოზიციონერს კარგად ესმის, რომ ახლა თუ პარლამენტში შევა, როგორც პოლიტიკოსი, დასრულდება. ამის გარდა, ისინი მორალურადაც განადგურდებიან. ის ვითომ ოპოზიციონერები, ვინც ახლა პარლამენტში სხედან, ძალიან ცუდად უნდა გრძნობდნენ თავს. ისინი საარჩევნო პროცესებში მონაწილეობდნენ და კარგად იციან, თუ რა მეთოდებით ებრძოდა მათ „ქართული ოცნება“. იმ ძალადობაზე არაფერს ვამბობ, რასაც არჩევნებამდე მიმართავდა. არჩევნების დღეს რაც ჩაიდინეს, მარტო ესაა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.
_ „ქართული ოცნება“ არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას და მზად არის, კომისია შექმნას, რომელსაც ელისაშვილი უხელმძღვანელებს. ამაზე რას ფიქრობთ?
_ ეს არის ჩვეულებრივი ფორმალობა. ეს კომისია „ქართული ოცნების“ წევრებით დაკომპლექტდება. როგორ ფიქრობთ, ისინი იმას იტყვიან, არჩევნები გავაყალბეთო? ეს გამორიცხულია.
_ ელისაშვილი თუ იქნება კომისიის თავმჯდომარე?
_ ეს არაფერს შეცვლის. ამ ბატონს აღარც განვიხილავ ოპოზიციად. მან ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ოპოზიციონერს ვეღარ უწოდებს თავს. ის პარლამენტში კი არ შესულა, რეალურად შევიდა „ქართულ ოცნებაში“. ოპოზიციონერიც რომ ყოფილიყო, ამ კომისიის მუშაობას შედეგი არ ექნებოდა. წინა მოწვევის პარლამენტში დათუნა სარალიძის საქმის შემსწავლელი კომისია შეიქმნა. ჩატარდა სერიოზული სამუშაოები, დაიდო სერიოზული ფაქტები, მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხელისუფლებას სურდა. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა არის ფორმალობა და ჩვეულებრივი სატყუარა ოპოზიციისთვის. ამ სატყუარას ოპოზიცია არ წამოეგება.
_ ელისაშვილის მეწყვილე ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ოპოზიციას ან არ აქვს არჩევნების გაყალბების დამამტკიცებელი დოკუმენტები, ან ამ დოკუმენტებს სპეციალურად მალავსო.
_ ძალიან უცნაურია ეს განცხადება. ელისაშვილი და იოსელიანი იმასაც კი აღარ ცდილობენ, რომ ოპოზიციური ნიშა შეინარჩუნონ. ისინი ჩვენ უფრო გვაკრიტიკებენ, ვიდრე _ „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო სიმპათიურად გამოიყურებიან. რაც შეეხება მტკიცებულებებს. არ ვიცი, ბატონ იოსელიანს რა მტკიცებულებები სჭირდება? _ გავიდეს ქუჩაში და ნებისმიერი მოქალაქე ეტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. ან რას ნიშნავს, „მტკიცებულებები არ გვაქვს“? კომისიამ, რომელსაც თამარ კორძაია ხელმძღვანელობდა, არაერთი მტკიცებულება წარმოადგინა. ეს კომისია საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ შეიქმნა, რომელმაც ათასობით მტკიცებულება წარმოადგინა. ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ელისაშვილისა და იოსელიანის განცხადებები არ აღვიქვათ ოპოზიციის პოზიციად. ისინი რეალურად „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ.
_ ამის მიუხედავად, ისინი მაინც აზარალებენ ოპოზიციას. დასავლეთს როგორ უნდა აუხსნათ, რომ ისინი რეალურად „ოცნებას“ წარმოადგენენ?
_ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში დასავლეთი ყველაზე უკეთ ხვდება, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის. მათთვის რამის ახსნა აღარ არის საჭირო. ისინი ოპოზიციას პარლამენტში ვერ ხედავენ. რომ ხედავდნენ, მაშინ აღარ იტყოდნენ, იქნებ, მოლაპარაკებებისთვის რაღაც სივრცე დაიტოვოთო. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩმა გააკეთა.
_ ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: მან დაგმო თეა წულუკიანის ქმედება. ამ უკანასკნელმა პარლამენტის ტრიბუნიდან გამოაცხადა ნიკა გვარამიას ნომერი, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო.
_ ევროკავშირის ელჩმა ამაზე ადეკვატური შეფასება გააკეთა. ამის გამო ის თეა წულუკიანმა პარლამენტში საქმის გასარჩევად დაიბარა. წარმოიდგინეთ, რა ქვეყანა შექმნეს „ოცნების“ წევრებმა! იმაზე არაფერს ვამბობ, რომ წულუკიანმა გვარამიას პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა. ეს დასჯადი ქმედებაა. ამის შემდეგ დაიწყო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საშინელი კამპანია. ყველა საჯარო მოხელეს ერთი ტექსტი ჰქონდა გვარამიას მიმართ გამოყენებული. სამეგრელოში ასე იყო. სხვა რეგიონებშიც იგივე ხდებოდა. ასეთი რამე შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს დამართონ, ვინც ხელისუფლებისთვის მოსაწონი არ არის.
_ სამეგრელო ვახსენეთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ სამარცხვინო ფაქტზე, რაც ჩხოროწყუში მოხდა _ მეშვიდეკლასელ ბავშვებს მერიის ტუალეტი ახეხინეს.
_ ეს იყო საშინელება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რა სერიოზული პრობლემებია განათლების სისტემაში. ქალბატონი, რომელმაც ბავშვები ტუალეტის გასახეხად წაიყვანა, მერიის დასუფთავების სამსახურს წარმოადგენს. ამის პარალელურად ის „ოცნების“ მხარდამჭერი და კოორდინატორია. ეს ქალია დღეს „ქართული ოცნების“ სახე. ხელისუფლება ასეთ ადამიანებზე დგას. ამ ქალის განცხადებების მოსმენა, უბრალოდ, შეუძლებელია. ჩემთვის არანაკლებ საშინელება იყო მშობლების რეაქცია, ისინი ცდილობდნენ, ყველანაირად გაემართლებინათ მერიის წარმომადგენელი.
_ რატომ დაიკავეს მათ ასეთი პოზიცია?
_ იმიტომ, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა. იმის ნაცვლად, რომ განგაში აეტეხათ, ამ სამარცხვინო ამბის გამართლება დაიწყეს.
_ შედეგიც მივიღეთ, ეს საქმე ჩაიფარცხა.
_ ჩაიფარცხა. იმ ქალს, რომელმაც ბავშვებს ტუალეტი ახეხინა, ასე მარტივად ვერ დასჯიდნენ. „ქართული ოცნება“ ასეთი ადამიანებით სულდგმულობს და მისი თავი ისევ დასჭირდებათ. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდანვე არ მჯეროდა, რომ ამ ამბის გამო ვინმეს პასუხს მოსთხოვდნენ.
_ პრემიერმა თქვა, ამაზე უმკაცრესი რეაგირება იქნებაო.
_ დაველოდოთ რეაგირებას. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ არავის მოსთხოვენ პასუხს. პასუხს არც იმათ მოსთხოვენ, ვინც ძალადობას აქეზებს და სიძულვილის ენით საუბრობს.
_ ძალადობა ვახსენეთ და თქვენზეც არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა. ფიზიკურადაც შეგეხენ.
_ ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა. სამწუხაროდ, ამის გამო არავინ მიუციათ პასუხისგებაში. თავს მესხმოდნენ იმიტომ, რომ სიმართლეს ვეუბნებოდი „ოცნებას“. არასდროს მიკადრებია ჩემი თავისთვის ის, რომ ტყუილი მეთქვა. „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ამ ტყუილების გამო მოვედი. ამ პარტიაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ გავწევრიანდი.
_ ნიკა მელიასავით მაშინ მოსულხართ აქ, როცა პარტიამ არჩევნები წააგო.
_ ნიკა კიდევ უფრო გვიან შემოგვიერთდა. კარგად მახსოვს, ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნება“ რა სიბინძურეებს ავრცელებდა „ნაციონალებზე“. ზუგდიდში ვაპირებ ცხოვრებას და ტყუილს არასდროს მოვიგონებ პოლიტიკურ ოპონენტზე. ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა უხაროდეს, თუკი ძლიერი ოპოზიცია ეყოლება. მათ რჩევებსა და კრიტიკასაც მოისმენენ. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიცია მტრად მიაჩნია და არც განსხვავებული აზრის მოსმენა შეუძლია. ამ კრიტიკული აზრის გამოთქმის გამო არაერთხელ დამესხნენ თავს. საკრებულოს გარდა ოფისშიც მომივარდნენ და სახლშიც.
_ ამის გამო არავის მოსთხოვეს პასუხი?
_ რას ბრძანებთ, ვინ მოსთხოვდა მათ პასუხს?! არადა, პოლიციაში უამრავი განცხადება მაქვს შეტანილი. განსხვავებული აზრის მიმართ „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო აგრესიული გახდა. უკვე მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი ვარ. წინა მოწვევის საკრებულოში კიდევ მოგისმენდნენ, ახლა არც გისმენენ და საკითხებს აღარც კი იხილავენ. რაღაც გადაწყვეტილებას დააკოპირებენ და მორჩა. იმასაც კი არ კითხულობენ, რა წერია იმ დადგენილებაში.
_ მაგიტომაც მივიღეთ ახმეტასა და ხულოში მეტროები _ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებები დააკოპირეს.
_ ამ მხრივ არც ზუგდიდია გამონაკლისი. 2018 წელს მიცვალებულის დამარხვის წესი განიხილებოდა. საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ მიცვალებული შეიძლება დამჯდარ მდგომარეობაშიც დაიმარხოს. არც კითხულობენ, რა გადაწყვეტილებას ღებულობენ. სადღაა საკრებულოები? _ ნოტარიუსად იქცნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის ეს ძალიან ცუდია. ადგილობრივი თვითმმართველობა თუ არ განვითარდა, არც დემოკრატია იქნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით მერიები და საკრებულოები მკვდარია _ აკეთებენ იმას, რასაც ცენტრიდან უბრძანებენ.
_ ისევ პარლამენტს დავუბრუნდეთ: „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს პარლამენტში შესვლა უნდა, მაგრამ ბოკერია და გვარამია აშინებენო. ამაზე თუ გსმენიათ რამე?
_ ეს განცხადება არის სასაცილო და კომენტარსაც კი არ იმსახურებს. ბოკერია და გვარამია ჩვენს პარტიასთან რა შუაში არიან? რამე შუაშიც რომ იყვნენ, რანაირად უნდა აგვიკრძალონ პარლამენტში შესვლა? ან როგორ უნდა დაგვაშინონ? ამას, ეტყობა, საკუთარი გამოცდილებიდან ამბობენ. მათთვის ხომ გადამწყვეტია, თუ რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი. მის გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამენ. ფიქრობენ, რომ შეიძლება, ჩვენთანაც ასე იყოს.
ჩვენ კი არავინ გვკარნახობს, რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, თავად ვღებულობთ გადაწყვეტილებას. თავიდანვე ვამბობდით, რომ თუ არჩევნები გაყალბდებოდა, პარლამენტში არ შევიდოდით.
_ ყველა ასე ამბობდა?
_ ოპოზიციის უდიდეს ნაწილს ასეთი განწყობა ჰქონდა.
_ თავიდან ელისაშვილიც ასე ამბობდა.
_ ელისაშვილზე ნუ ვისაუბრებთ, თანაც ეგ ოპოზიციონერი არ არის. ოპოზიცია უარს ამბობდა გაყალბებული არჩევნების გზით პარლამენტში შესვლაზე. ყველას მაგივრად მე ვერ ვილაპარაკებ. მხოლოდ საკუთარ პოზიციაზე შემიძლია მოგახსენოთ. არჩევნების მეორე დღესვე დავწერე სოციალურ ქსელში, რომ არ შევიდოდი პარლამენტში.
_ მეორე დღესვე რატომ დაწერეთ ასე?
_ იმიტომ, რომ არჩევნების ღამესვე ცხადი გახდა, თუ როგორ გააყალბეს არჩევნები. დავწერე, _ მთელი ოპოზიციაც რომ შევიდეს პარლამენტში, მე იქ არ შევალ-მეთქი. ეს არ ყოფილა ახირება. სხვა გზა, უბრალოდ, ვერ დავინახე.
_ ასეთი რადიკალური პროტესტი რატომ აქვს ოპოზიციას? არჩევნები სხვა დროსაც ხომ ყალბდებოდა, მაგრამ ოპოზიცია მაინც შედიოდა პარლამენტში.
_ „ქართული ოცნება“ ყოველთვის აყალბებდა არჩევნებს. ბოლო ორი არჩევნები მათ, უბრალოდ, მოპარეს ქართველ ხალხს. ერთი იყო საპრეზიდენტო არჩევნები და მეორე საპარლამენტო ბოლო არჩევნებზე იცით, რაც გააკეთეს _ ადგნენ და ოქმები გადაწერეს. ეს არის სამარცხვინო და წარმოუდგენელი. ასეთი არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლით ამომრჩეველს შეურაცხყოფას მივაყენებდით. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ჩემს ამომრჩეველს შეურაცხყოფა მივაყენო. ამიტომაც ვთქვი, ყველა რომ შესულიყო პარლამენტში, მე გარეთ დავრჩებოდი.
ჩემთვის მთავარია ამომრჩევლის განწყობა და პატივისცემა. კობახიძის ახლოდან დანახვის სურვილი არ მაქვს. ასე ფიქრობენ სხვებიც. ამიტომ არ შევდივართ პარლამენტში. გიჟი ჩვენ შორის არავინაა, რომ დეპუტატის მანდატი ჰქონდეს და ქუჩაში დარჩეს.
პარლამენტში არშესვლით „ნაციონალური მოძრაობა“ პრობლემების იქმნის. პარლამენტში შესვლა ჩვენთვის იქნებოდა კომფორტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 36 დეპუტატი გვეყოლებოდა და ძალიან კარგად ვიქნებოდით. მაგრამ ახლა ამის გაკეთება წარმოუდგენელია. ამით თავმოყვარეობას გადავაბიჯებთ. არ მაინტერესებს, რას მომიწოდებს კობახიძე. მე ქართველ ხალხს დავპირდი, რომ გაყალბებულ არჩევნებს არ ვცნობდი. პარლამენტში შესვლა ამ შედეგების აღიარებას ნიშნავს.
_ მეცხრე წელია, „ოცნება“ მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ „ნაციონალებს“ დავამთავრებთო. ახლა დგანან და „ნაციონალებს“ ეხვეწებიან, შემოდითო. გადაიფიქრეს თქვენი დამთავრება?
_ ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხომ საერთოდ სასწაულები ხდება. წინა მოწვევის პარლამენტიდან ადამიანი გამოაგდეს. ახლა ეხვეწებიან, შემოდიო. როცა საჭირო არ იყო, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს და როცა საჭიროა, არ უწყვეტენ უფლებამოსილებას. ეს კიდევ ამბობს, თავი დამანებეთო. ისინი არ ანებებენ. არც დანარჩენ „ნაციონალებს“ გვანებებენ თავს. არადა, ყველა არჩევნების წინ ჩვენი დამთავრების პირობას დებენ. ჩვენი დამთავრება თუ უნდათ, ასეთი გამწარებით რატომ გვევედრებიან შემოდითო? ლოგიკას ძალიან აცდენილები არიან. არა მგონია, კობახიძე და მდინარაძე ამ დონის შტერები იყვნენ, უბრალოდ, იძულებული არიან, ასეთი განცხადებები გააკეთონ.
„ქართული ოცნება“ თუ ღრმად არის დარწმუნებული, რომ არჩევნები არ გაუყალბებია, მაშინ ძალიან მარტივად უნდა შეგვიწყვიტონ უფლებამოსილება. რას გვეხვეწებიან? მაგრამ მათ ძალიან ბევრი უკანონობა აქვთ გაკეთებული და ჩვენი შესვლა სჭირდებათ თავის გადასარჩენად.
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და პანდემიამ საქართველო ძალიან მძიმე დღეში ჩააგდო. უამრავი გამოწვევა დგას ქვეყნის წინაშე. ახლა „ოცნება“ ამ გამოწვევებს უნდა ებრძოდეს, ჩვენ კი არ უნდა გვეხვეწებოდეს. მაგრამ როგორც გითხარით, ძალიან აქვთ გაფუჭებული საქმე და ჩვენი შესვლის გარეშე ვერ გამოსწორდება სიტუაცია. ჩვენ კი ხალხისთვის მიცემული პირობის დარღვევას არ ვაპირებთ.
_ შესვლას რომ არ აპირებთ გავიგეთ, მაგრამ რა იქნება შემდეგ? დაიდება ვადამდელი არჩევნები?
_ ვფიქრობ, რომ დაიდება. პრინციპულობა ყოველთვის იგებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ ხარ მართალი. ამ შემთხვევაში სიმართლე ჩვენ მხარესაა. წინასწარ ძნელია იმის თქმა, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი. ეს არის ჩვეულებრივი ომი და ომის დროს წინასწარ მოვლენების განსაზღვრა ძნელია. ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენი გზა წინააღმდეგობასა და ბრძოლაზე გადის. ისიც ვიცით, რომ ბრძოლა არ იქნება პარლამენტში. იქ არ შევალთ. ჩვენი სიმართლის დაცვას ქუჩაში შევეცდებით. ხელისუფლება ცდილობს, საშინელებად წარმოაჩინოს ის, რომ პროცესები ქუჩაში გადავა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ამაში ცუდი და ტრაგიკული არაფერია.
_ არც ისაა ტრაგედია, თუკი ქვეყანას ქუჩის ოპოზიცია ეყოლება.
_ რა თქმა უნდა, არ არის ტრაგედია. ქუჩა არის დემოკრატიის ნაწილი. როცა სახელმწიფო ინსტიტუტები ოკუპირებულია, ხალხსა და ოპოზიციას ქუჩაში ბრძოლის გარდა სხვა არაფერი დარჩენია. ჩვენც სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ამიტომაც ვიბრძოლებთ ქუჩიდან და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.
შორენა მარსაგიშვილი