QronikaPlus
კარის შეთქმულება „ქართულ ოცნებაში“ _ რატომ გადადგა გიორგი გახარია?

კარის შეთქმულება „ქართულ ოცნებაში“ _ რატომ გადადგა გიორგი გახარია?

2021-03-03 06:27:56

გიორგი გახარია წავიდა, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა.
„ქართულ ოცნებაში“ ახალი პოლიტიკური ერა და რყევები დაიწყო.
პირველი ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს ერთპარტიული პარლამენტი და გაერთიანებული ოპოზიცია მოჰყვა, ბოიკოტი წარმატებული აღმოჩნდა და საბოლოო სურათი ვერც ელისაშვილის „მოქალაქეებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ განაყოფის პარლამენტში შესვლამ შეცვალა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან და „ქართული ოცნებიდან“ წავიდა, არ დამირეკოთო, დაიბარა და პარტიის თავმჯდომარის პოსტი ირაკლი კობახიძეს გადაულოცა. კობახიძემ დაიჯერა რა, რომ ხელისუფლებას წარმოადგენს, პირველი რაც მოისურვა, ძალოვანი უწყების გაკონტროლება იყო. _ „ემვედე“ უნდა დავითრიოთ! _ თქვა მან ვიწრო წრეში. მოგეხსენებათ, ივანიშვილის ხელისუფლებაში ვიწრო წრეშიც კი ყველაფერს ასი თვალი და ყური აქვს, ამიტომ კობახიძის ეს გეგმა იმავე საღამოს გახდა ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი და დათრევის მაგიერ, ვახტანგ გომელაური კიდევ უფრო ახლოს მიუჩინა კობახიძეს, _ ქართული პოლიტიკის ისტორიაში პირველად, შს მინისტრი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში აღმოჩნდა.
ირაკლი კობახიძის ამბიციები შს სამინისტროს დათრევის ნაწილში ვერ დაკმაყოფილდა, ამიტომ მისი სამიზნე პირდაპირ, გიორგი გახარიას სავარძელი გახდა. მდინარაძე-კობახიძის გუნდი იმდენად გათავხედდა, რომ გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი უკვე კარის გადატრიალების გეგმა შეიმუშავეს. შს მინისტრის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა უალტერნატივოდ განიხილებოდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ჯერ კიდევ არავაკანტური პოსტი არც ირაკლი კობახიძეს ეთმობოდა, არც კახი კალაძეს და არც არჩილ თალაკვაძეს. ამ ინფორმაციის მედიაში გაჟონვის მერე „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი კამერების წინ გამოჩნდა და საზოგადოებას ერთ ხმაში უმტკიცებდა, ჟურნალისტებმა ბინძური ჭორი გაავრცელეს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვსო, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად აჩვენა, რომ „ოცნების“ შიგნით ყველა ყველას წინააღმდეგაა და არანაირი ერთობა ფორმალურადაც კი არ არსებობს.
ნიკა მელიას დაკავების გეგმა დიდი სახელისუფლებო გადატრიალების ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ექვსსაათიანმა სასამართლო პროცესმა ცხადად აჩვენა, რომ მოსამართლე საბოლოო პოლიტიკურ ვერდიქტს ელოდებოდა, რომელიც აგვიანებდა, სასამართლო პროცესის პარალელურად კი მოვლენები კანცელარიის მეთერთმეტე სართულზე მეტისმეტად დრამატულად ვითარდებოდა.
შეხვედრას პრემიერ გახარიასთან ირაკლი კობახიძე და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ, ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას დაკავებას და ენმ-ს ოფისის შტურმით აღებას ითხოვდა. გახარია მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო. არსებულ მყიფე სიტუაციაში, როცა „ოცნების“ რეიტინგი და საერთაშორისო ნდობა კატასტროფულად ქვემოთ მიექანებოდა, ოპოზიცია კი გაერთიანებას და საერთო გეგმის წარმოდგენას ვერ ახერხებდა, პანდემიის შეზღუდვები მასშტაბური აქციების გამართვის საშუალებას არ იძლეოდა, დარბევა-დაკავებების ახალი სერია მხოლოდ ოპოზიციის კონსოლიდაციას შეუწყობდა ხელს, _ ეს იყო პრემიერ გახარიას არგუმენტი, მაგრამ ირაკლი კობახიძე ულტიმატუმის ენით ისტერიულად ითხოვდა დარბევაზე თანხმობას, რასაც გახარიას გაღიზიანება მოყვა, _ თქვენი ჯიბის პრემიერი ხომ არ გგონივართო?! ამ სიტყვებით გახარიამ კობახიძე კაბინეტიდან გამოაგდო.
როგორც ჩვენი წყარო ყვება, შექმნილი სიტუაციის შესახებ ბიძინა ივანიშვილს ვახტანგ გომელაურმა აცნობა, ივანიშვილმა კი გახარიასთან დარეკა, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერმა სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა, მეორე დილით კი გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება ისე გააკეთა, პოლიტიკური გუნდიც სახტად დატოვა და _ შინაგან საქმეთა სამინისტროც.
პრემიერის გადადგომის მომენტში პოლიცია ნიკა მელიას დაკავების ოპერაციისთვის ემზადებოდა, ენმ-ის ოფისთან სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული.
რა გეგმა ჰქონდათ კობახიძე-მდინარაძეს?
იმთავითვე ცხადი იყო, რომ მელიას დაკავება შტურმის გარეშე არ განხორციელდებოდა, ენმ-ის ოფისში ოპოზიციის სხვა ლიდერებიც იმყოფებოდნენ აქტივისტებთან ერთად, რომლებიც ღიად აცხადებდნენ, რომ მელიას პოლიციას არ დაუთმობდნენ. შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენება მოუწევდა, იქნებოდნენ დაშავებულებიც და, სავარაუდოდ, დაღუპულებიც, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია და ქვეყნის შიგნით დიდი არეულობა მოჰყვებოდა.
რა იქნებოდა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი?
გუნდი იმსჯელებდა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, _ სიტუაციის განმუხტვა პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას შეუძლიაო.
ამის შემდეგ კობახიძე-მდინარაძის ტანდემი, ფაქტობრივად, ორ კურდღელს კლავდა,
პრემიერ-მინისტრის პოსტის გარშემო ვაჭრობა უკვე დაწყებული იყო. ვინ მოიგებდა ამ ომს _ კახი კალაძე თუ ირაკლი კობახიძე, ეს იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, ვინ რამდენი ხმის მობილიზებას შეძლებდა საქართველოს პარლამენტში.
როგორი იყო შეთქმულებაში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის როლი? ჩვენი წყაროს ცნობით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩილ თალაკვაძეს ძალოვნები ლობირებდნენ, სანაცვლოდ კი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ დაბრუნებას ჰპირდებოდნენ.
გიორგი გახარიამ საკუთარი გადადგომით, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილიც გადაარჩინა, რადგან ოპოზიციის დარბევისა და ლიდერების დაპატიმრების მერე დასავლეთს აუცილებლად ექნებოდა მყისიერი უმწვავესი რეაქცია, რაც, სავარაუდოდ, მისთვის სანქციების დაწესებით დასრულდებოდა, ეს კი კარის გადატრიალების საუცხოო დასასრული იქნებოდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემისთვის, _ ისინი ქვეყანაში ერთპიროვნული ხელისუფალნი ხდებოდნენ.
ბიძინა ივანიშვილს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს უკვე ჰქონდა კარის გადატრიალების გამოცდილება, როცა ის ხელისუფლებას რეალურად გაეცალა და „ოცნებაში“ ისეთი ინტრიგები დაიწყო, ფაქტობრივად, მეორედ შემოსაბრუნებელი გახდა პოლიტიკაში. ამჯერად მან მოვლენებს დაასწრო, ცივი შხაპის ეფექტით იმოქმედა და ყველასთვის მოულოდნელად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, თანაც პოლიტსაბჭოს შეკრება და გამოცხადება იმავე დღეს მოითხოვა და მეორე დღისთვის აღარ გადადო.
ამ კვირაში პარლამენტი ღარიბაშვილს პრემიერის პოსტზე დაამტკიცებს. მან მხოლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გამოცვალა, რომელიც საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა სახლში. და ეს პოსტი „ქართუს“ გამოცდილმა კადრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჩაიბარა, თავდაცვის მინისტრი კი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე გახდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ დიდი აურზაურია, _ ჯერ ერთი, ისინი უდიდესი ისტერიით და შიშით ელოდებიან, რას მოიმოქმედებს გიორგი გახარია, განსაკუთრებით მას მერე, რაც კანცელარიის თანამშრომლებთან მისმა ბოლო სელფმა სოციალურ ქსელში რეკორდი მოხსნა.
„ქართული ოცნების“ ოფისი უკვე დატოვა მთავარმა იდეოლოგმა ლაშა ნაცვლიშვილმა. ის პოსტ ტვ-ის დირექტორის პოსტს დაუბრუნდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ოცნების“ დატოვებას უახლოეს კვირებში აპირებს კახი კალაძეც, რომელსაც ასევე ჰქონდა პრემიერობის ამბიცია და მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ მზად იყო გადამდგარიყო,მერის მოვალეობას არჩევნებამდე პირველი ვიცე მერი შეასრულებდა, ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების პირობებში, კალაძის შანსები, ფაქტობრივად, ნულოვანია. როგორც ჩანს, ის თბილისის მერის პოსტზე „ოცნების“ კანდიდატი აღარ იქნება.
კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ მმართველ გუნდში, ეს თვის ბოლომდე გამოჩნდება და მთავარ კითხვასაც გაეცემა პასუხი, _ დაიჭერს თუ ვერ დაიჭერს ნიკა მელიას ირაკლი ღარიბაშვილი და შეასრულებს თუ არა დაპირებას წესრიგის აღდგენის თაობაზე?

ელისო კილაძე

გაზიარება