QronikaPlus
გახარიამ გაჭედა, ანუ რატომ ვერ მოხსნა გომელაურმა საბანაძე?

გახარიამ გაჭედა, ანუ რატომ ვერ მოხსნა გომელაურმა საბანაძე?

2021-01-27 09:08:35

შინაგან საქმეთა სამინისტროში დიდი გადაადგილებები დაიწყო. ამ გადაადგილებების ფარგლებში იგეგმებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძის მოხსნაც. საბანაძის მოხსნას ვახტანგ გომელაური შსს-ში დაბრუნების დღიდან ცდილობს. შს მინისტრის პოსტს ის 2019 წლის შემოდგომაზე დაუბრუნდა. მანამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

საბანაძე გიორგი გახარიას კადრად მიიჩნევა, გახარია და გომელაური კი ერთმანეთს დიდი ხანია, ვერ იტანენ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ სუსმა ანუ გომელაურის უწყებამ შს მინისტრ გახარიას კულუარულად გაუვრცელა ინფორმაცია, რომ ეს უკანასკნელი მღვდელმთავრების წინააღმდეგ კომპრომატების გავრცელებას აპირებდა. ამ ჭორის გასაბათილებლად დღევანდელი პრემიერი იძულებული გახდა, ეპისკოპოსები შემოერბინა და ისინი დაერწმუნებინა, რომ ეს ყველაფერი  ჭორი იყო.

2019 წლის გაზაფხულზე პანკისში სერიოზულ საფრთხეს რომ გადავურჩით, გემახსოვრებათ. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ეს არეულობა შსს-ს სუსმა გაუჩალიჩა. 2019 წლის შემოდგომაზე ვახტანგ გომელაური შს მინისტრად დაბრუნდა და უწყების გაწმენდა წინამორბედის კადრებისგან დაიწყო. ამაში უჩვეულო არაფერია _ ყველა მინისტრი ცდილობს, საკუთარი გუნდი მიიყვანოს უწყებაში. რამდენიმე საკადრო გადაადგილების შემდეგ შს მინისტრმა გახარიას კადრები ბორტს მიღმა დატოვა. საბანაძე მართალია, სახლში ვერ გაუშვა, მაგრამ მნიშვნელოვნად შეუსუსტა პოზიციები.

პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ გომელაურმა გადაწყვიტა, თავისი ოცნება აესრულებინა და გახარიას უკანასკნელი მოჰიკანი უწყებიდან გაეშვა. ერთი შეხედვით ამისთვის საუკეთესო დრო იყო. დღევანდელი პრემიერი ყველაზე უუფლებო პრემიერია. მას თავისი გუნდიც კი არ ჰყავს, მაგრამ შს მინისტრის თავზეც შეგროვდა შავი ღრუბლები. მის ყურამდეც მივიდა ამბავი, რომ ირაკლი კობახიძემ, რომელიც პარტიაში დე ფაქტო ივანიშვილია, კახა კალაძესთან ერთად გადაწყვიტა შს მინისტრის პოსტის ხელში ჩაგდება. კობახიძემ პირდაპირ განაცხადა, „ემვედე“ უნდა დავითრიოთო. ჩვენი ინფორმაციით, ამ პოსტისთვის მამუკა მდინარაძეს ამზადებდნენ.

ამ შემთხვევაში არც დე ფაქტო ივანიშვილსა და კალაძეს გაუმართლა. ივანიშვილის მოთხოვნით, გომელაური პოლიტსაბჭოში მეათე ნომრად გაამწესეს. მოკლედ რომ ვთქვათ, მან თანამდებობა შეინარჩუნა. პოზიციების ოდნავ გამყარების შემდეგ ისევ დასვა ნიჩაბზე კახაბერ საბანაძე. ის გასულ კვირას უნდა გაეთავისუფლებინა თანადებობიდან, მაგრამ აქ უკვე გახარიამ გაჭედა და მთელ გუნდს დაემუქრა, რომ სათანადო ზომებს მიიღებდა.

კანონმდებლობის თანახმად, პრემიერს რამდენიმე მინისტრის შეცვლა პარლამენტის გარეშე შეუძლია. თავის დროზე მას ნათელა თურნავა არ მოახსნევინეს _ ბიძინას კარის ვეზირი ვანო ჩხარტიშვილი წავიდა ამის წინააღმდეგი. ვიღაცებმა მიიჩნიეს, რომ ეს ვერავის მოხსნისო, მაგრამ ახლა სხვა დროა, ახლა ბიძინასთან ვეღარ ავლენ საქმის ჩასაწყობად.

და კიდევ ერთი: გახარია გუნდს წასვლითაც დაემუქრა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული „ენდიაის“ კვლევების მიხედვით, 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემოქმედის რეიტინგი საკმაოდ მომატებულია. ივანიშვილის წასვლის შემდეგ ისიც თუ დატოვებს „ქართულ ოცნებას“, ეს მმართველი გუნდისთვის კატასტროფა იქნება.

გასულ კვირას საბანაძის მოხსნა ვერ მოხერხდა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გომელაური დანებებას მაინც არ აპირებს და ახლო მომავალში კიდევ ერთხელ შეეცდება მოადგილის მოხსნას. ამისთვის ნამდვილად ხელსაყრელი დროა _ შსს-ში საკადრო ცვლილებებია დაწყებული. ამასთან, მას კარგად ახსოვს, რომ კობახიძე-კალაძის სურვილი, დაითრიონ შსს, მის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია და ამ საქმეში შესაძლოა, პრემიერი იმ დუეტის გვერდით დადგეს.

შორენა მარსაგიშვილი    

გაზიარება