QronikaPlus
კობახიძე-კალაძის კლანი შს მინისტრად მამუკა მდინარაძეს ამზადებდა

კობახიძე-კალაძის კლანი შს მინისტრად მამუკა მდინარაძეს ამზადებდა

2021-01-19 05:28:48

ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ „ქართული ოცნება“ დიდხანს ვეღარ გაქაჩავს. რამდენიმე დაჯგუფებად დაყოფილი პარტიის წევრები ისედაც ჭამდნენ ერთმანეთს. ახლა ისინი გავლენების გადანაწილებას ცდილობენ და დაჭმის პროცესიც უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა.

პოლიტიკიდან მიმავალმა ოლიგარქმა მემკვიდრედ ირაკლი კობახიძე დატოვა. ამან გააჩინა განცდა, რომ კობახიძე-კალაძის კლანი გაძლიერდა. მოგეხსენებათ, კალაძე პარტიის გენერალური მდივანია. ივანიშვილის წასვლის შემდეგ დაგეგმილი იყო პარტიის გენმდივნის პოსტის გაუქმება. ამაზე მინიშნებები თავად კალაძემ გააკეთა. „ქართულ ოცნებას“ ის პარტიიდან წასვლით დაემუქრა და ისინი იძულებული გახდნენ, გენერალური მდივნის პოსტი შეენარჩუნებინათ.  მართალია, კალაძემ თანამდებობა შეინარჩუნა, მაგრამ პარტიაში ძველებური გავლენები აღარ ექნება.

კობახიძე-კალაძის დაჯგუფებამ ერთი მარცხი  უკვე განიცადა. ეს დაჯგუფება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტის ხელში ჩაგდებასაც შეეცადა. შს მინისტრის პოსტზე მამუკა მდინარაძე მოიაზრებოდა. „ქართულ ოცნებაში“ ამ ინფორმაციას უარყოფენ, მაგრამ ისინი გასული წლის ბოლოს იმასაც ამტკიცებდნენ, ბიძინა ივანიშვილი არსად მიდის და ჟურნალისტები იტყუებითო.

გომელაურმა, რომელიც მთელი 2020 წელი პრემიერ გიორგი გახარიას უთხრიდა ძირს, ძლივს მოახერხა შს მინისტრის პოსტის შენარჩუნება. ისე, კკ-კლანი (კობახიძე-კალაძის კლანი) გიორგი გახარიას ჩამოშორებასაც ცდილობს.

გახარიას მოშორება ამ კლანმა 2018 წლის გაზაფხულზეც სცადა. მაშინ მას შს მინისტრის პოსტი ეკავა. კლუბ „ბასიანში“ ჩატარებული ხმაურიანი აქცია ყველას გემახსოვრებათ. ამ ოპერაციის შემდეგ თბილისის ცენტრში უამრავი ახალგაზრდა გამოვიდა და გახარიას გადადგომას ითხოვდა. ყველაზე მეტად „თეთრი ხმაური“ აქტიურობდა. მერე გაირკვა, რომ ამ „თეთრ ხმაურთან“ კახა კალაძე იყო კავშირში. ყველაფერი გაიშიფრა და გეგმა „ბე“ ამოქმედდა, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილიც იყო ჩართული. საბოლოოდ, კვირიკაშვილმა  თანამდებობა დატოვა.

კალაძეს პრემიერებთან ბრძოლის კარგი გამოცდილება აქვს. თავის დროზე, მან სერიოზულად გაუფუჭა საქმე ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ყველაზე მეტად საკუთარმა ნათესავებმა დააზარალეს. ღარიბაშვილის ნათესავების ნამოქმედარზე ივანიშვილს კალაძე უყვებოდა ხოლმე.

გახარიას ნათესავები ამ მხრივ მოკრძალებულად იქცევიან. პრემიერს არც გუნდი ჰყავს და აქედან გამომდინარე, ვერც რამე კომპრომატებს დადებდა მასზე  კალაძე. შესაბამისად, მოქმედმა პრემიერმა პოსტის შენარჩუნება შეძლო.

„ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ ბრძოლა მის წინააღმდეგ გაგრძელდება. ომი შს მინისტრის სკამისთვისაც იქნება. „ოცნებასთან“ დაახლოებულმა წყარომ „ქრონიკა+“-სთან განაცხადა, რომ გომელაურმა, გახარიამ და სუსის უფროსმა ლილუაშვილმა, რომლებიც ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ, კკ-კლანის წინააღმდეგ ერთგვარი ბლოკი შექმნეს.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ოცნებაში“ კიდევ რამდენიმე დაჯგუფებაა მოძლიერებული, წინ საინტერესო ამბები გველოდება. დრომ აჩვენა, რომ ვასიკო მაღლაფერიძესაც კარგად სცოდნია ინტრიგების ხლართვა.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება