QronikaPlus
ვის ექნება ბიძინა ივანიშვილთან დარეკვის უფლება?

ვის ექნება ბიძინა ივანიშვილთან დარეკვის უფლება?

2021-01-13 07:53:55

პოლიტიკიდან მეორედ წასულმა ბიძინა ივანიშვილმა გამოსამშვიდობებელ წერილს განმარტებითი ინტერვიუც მოაყოლა. ამ ინტერვიუმ საზოგადოება საბოლოოდ დაარწმუნა, _ ეს კაცი მიდის იმიტომ, რომ დაბრუნდეს. მან ღიად თქვა, რომ აღარ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და დიდად სურს, დღევანდელი მმართველი პარტია სხვა, უფრო გამჭრიახი ძალით ჩანაცვლდეს.

მისი ეს სურვილი ჩვენი საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.  მილიარდერმა 2013 წელსვე დაგვიანონსა, რომ როცა საჭირო გახდებოდა, თავად შექმნიდა „ქართული ოცნების“ ოპოზიციას. ეს საჭირო დრო, ეტყობა, ახლა დაუდგა.

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე არ მალავს, რომ ელოდება, როგორ დაერევიან მისი შერჩეულები ერთმანეთს. ვისაც ივანიშვილის ქმედებები ზოგადად ახსოვს, ეცოდინება, რომ მას ძალიან უყვარს იმის ყურება, თუ როგორ ჭამენ მისი ქვეშევრდომები ერთმანეთს. მისდა გასახარად, „ქართულ ოცნებაში“ ყოველთვის ჭამდნენ ერთმანეთს, ახლა საერთოდ აიშვებენ. გამშველებელიც და მომგვარებელიც არავინ იქნება, რადგან ივანიშვილთან ვეღარ ავლენ საქმის გასარჩევად... ვერც დაურეკავენ. თავად თქვა, მხოლოდ რამდენიმე კაცს ექნება ჩემთან დარეკვის უფლებაო.

მასთან ისედაც რამდენიმე ადამიანს შეეძლო დარეკვა. ახლა ამ ადამიანების წრე კიდევ ურო დავიწროვდება. როგორც „ქრონიკა+“-ს „ოცნებასთან“ დაახლოებულმა წყარომ უთხრა, ივანიშვილთან დარეკვის უფლება ექნება კახა კალაძეს, ირაკლი კობახიძეს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვახტანგ გომელაურს, ანზორ ჩუბინიძეს, გრიგოლ ლილუაშვილსა და გიორგი გახარიას. ეს უკანასკნელი შეიძლება, საერთოდაც გაერიდოს მთავრობასა და „ოცნებას“.

„ივანიშვილმა საკონტაქტოდ ურთიერთმოძულე ადამიანები შეარჩია. ისინი ერთმანეთსაც ჩაუშვებენ ლიდერთან და ვითარებასაც გააცნობენ მას. „ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ასე უფრო კარგად გააკონტროლებს „ქართულ ოცნებას“, _ ამბობს „ქრონიკა+“-ის წყარო.

ჩვენი წყაროს ინფორმაციითვე, ივანიშვილთან დარეკვის უფლება ერთი-ორ ცნობად სახესაც ექნება.

ივანიშვილის განცხადებამ, რომ მასთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეძლებს დარეკვას, „ოცნებაში“ უკვე გამოიწვია გაღიზიანება. თავგამოდებულმა ბიძინისტმა გია ვოლსკიმ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ პატარა არავინ არის. დანარჩენი ჯერ გაპროტესტებას ვერ ბედავს.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება