- კვირაპერი, 29 დეკემბერი, 2024
2021-01-13 05:51:50
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარტიიდან წასვლის შემდეგ იგი გუნდს კონსულტაციებს აღარ გაუწევს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის და გუნდის წევრებმა, ლიდერების ნაწილმა, ეს ძალიან კარგად იციან. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში, მის წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, რადგან სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე“, — განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ის აღარ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი:
„ვუბრუნდები ჩემს ცხოვრებას, რომელიც ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც. არც მხარდამჭერი ვიქნები „ქართული ოცნების“ - ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე ეს რამდენჯერმე გავიმეორე გუნდთან, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ აკადრებთ საკუთარ თავს და ნუ მაკადრებთ მე, ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის. აი, ეს არის განსხვავება, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრეც როგორც ვამბობდი და ისე ვაკეთებდი, დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ როგორც ვამბობ, ასე შევასრულებ“, — განაცხადა ივანიშვილმა.
გუშინ, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. ივანიშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. გუშინვე პარტიაში განაცხადეს, რომ ივანიშვილს „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.
ნენე ინჯგია