- კვირაპერი, 29 დეკემბერი, 2024
2021-01-13 05:48:52
ორი დღეა, მთავარი პოლიტიკური ახალი ამბავი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაა. ზოგი ფიქრობს, რომ „ოცნების“ ექსთავმჯდომარე პოლიტიკას რეალურად გაემიჯნა, ოპოზიციონერი ლიდერები კი დარწმუნებული არიან, რომ ეს „მეორედ წასვლა“, წინას მსგავსად, ტრიუკია, რომლითაც ოლიგარქი თავის გადარჩენას ცდილობს. ამ მოსაზრებას გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერი ნატო ჩხეიძეც იზიარებს, რომელიც „ქრონიკა+“-სთან საუბრისას იმის ალბათობას, რომ ივანიშვილის წასვლით „ოცნებაში“ კლანური ომი დაიწყება, გამორიცხავს, ანუ ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ თუ ასეთი ომი დაიწყო, ეს მხოლოდ მოჩვენებითი იქნება და ყველაფერ ამით ოლიგარქი შეეცდება, ე.წ. მართული ოპოზიცია შექმნას.
- ქალბატონო ნატო, როგორ ხართ, გული ხომ არ დაგწყდათ, ივანიშვილი პოლიტიკიდან რომ წავიდა?
- საკითხავია, წავიდა?
- აბა, მოგვატყუა?
- (იცინის) ტყუილი არ გაუჭირდებოდა...
- ანუ?
- ის წერილი, რომელიც გამოაქვეყნა, თავიდანვე სიყალბით იწყება და შემდეგაც ასე გრძელდება.
- კერძოდ?
- ერთ დეტალს შევეხები, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება, უმნიშვნელოა.
- კი ბატონო, გისმენთ.
- როდესაც წერილს დაწერ, მერე გადაწერ და რედაქტირებას გაუკეთებ, მაგრამ იმის ახსნას რომ იწყებ, პოლიტიკიდან წასვლა რამ გადაგაწყვეტინა და იმას გვეტყვი, რამდენიმე დღეში 65 წლის ვხდებიო, ყველაფერ ამის ქვეტექსტი, ალბათ, ისაა, რომ პენსიაში უნდა გავიდეს და, შესაბამისად, ჩვეულებრივი მოქალაქე იქნება, მაგრამ ივანიშვილი, ცხადია, ასე არ ფიქრობს.
- აბა, როგორ ფიქრობს?
- ამ შეფასებაში ორიგინალური არ ვიქნები, მაგრამ ივანიშვილის წასვლის არსი ისაა, რომ არ უნდა, იმაზე, რაც ქვეყნის ცუდად მართვას მოჰყვება, პასუხისმგებლობა არ ჰქოდნეს და ყველაფერი რიგით მაღალჩინოსნებსა და „ოცნების“ რიგით წევრებს გადაბრალდეთ.
- ქალბატონო ნატო, ეს შეფასება თქვენს წეღანდელ რიტორიკულ კითხვას ეწინააღმდეგება, საკითხავია, ივანიშვილი პოლიტიკიდან მართლა წავიდა თუ არაო, ანუ თუ პასუხისმგებლობისგან განთავისუფელბას ცდილობს, ე. ი., პოლიტიკიდან რეალურად წავიდა.
- თვალის ასახვევად წავიდა.
- ეს როგორ?
- პროცესებში არ ჩაერევა, თუმცა ასეთი პერიოდი ერთხელ უკვე იყო, როცა ამბობდა, სხვებივით რიგითი მოქალაქე ვარ, მაგრამ თუ მკითხავენ, ჩემს აზრს ვიტყვი და გაითვალისწინებენ თუ არა, ეს ჩემი საქმე არააო.
- სხვათა შორის, რიგითი მოქალაქე ივანიშვილი ყველაფერში რომ ერეოდა, ეს „ომეგას“ საქმიდან შესანიშნავად გამოჩნდა, როცა ცნობილი გახდა „შუშის სასახლის“ ბიზნესგარჩევების შესახებ...
- მოკლედ, ივანიშვილი წასვლას არსად აპირებს. უბრალოდ, მან კარგად იცის და ხედავს კიდეც, რომ „ოცნებას“ იმიჯი ძალიან აქვს შელახული და ასეთი იმიჯის პარტიასთან კავშირი აღარ უნდა.
სხვათა შორის, ივანიშვილის წერილში იმაზეცაა საუბარი, რომ „ოცნება“ შეიძლება, ოპოზიციაში გადავიდეს, მაგრამ არავინ უნდა იფიქროს, „ოცნება“ ოპოზიციაში იმიტომ გადავა, რომ ხელისუფლებაში ახლანდელი გაერთიანებული ოპოზიცია მოვაო. ივანიშვილი ფიქრობს, რომ „ოცნებაში“ იმ ახალგაზრდებისგან, რომელთაც რაღაც არ მოეწონებათ, გუნდი შექმნას. ეს გუნდი „ოცნების“ ოპოზიცია გახდება. ივანიშვილი ამ ახალი გუნდის მხარეს დადგება. ამ ორად გაყოფილი „ოცნებიდან“ ხელისუფლებში ხან ერთი იქნება, ხან - მეორე. თავად ივანიშვილი კი სულ იქნება და იქნება!
ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის წერილში სწორედ ეს ქვეტექსტი ჩანს, რომ უნდა, ორივე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც - თავად აკონტროლოს, ანუ რაკი ახლანდელ ოპოზიციას ვერ აკონტროლებს, სურს, მართული ოპოზიცია შექმნას, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს.
- რატომ ვერ გააკეთებს?
- „ოცნებაში“ ისეთი ფიგურები არ არიან, რომელთა საშუალებითაც ამ გეგმას განახორციელებს.
- ისე, ქალბატონო ნატო, ჩვენში დარჩეს და, ძალიან კარგი ნერვები გქონიათ, ივანიშვილის იმხელა წერილი ბოლომდე რომ წაგიკითხავთ...
- ბოლომდე არ წამიკითხავს, შიგადაშიგ გადავავლე თვალი და ყველაფერი გავიგე. ამ წერილში ისეთი დიდი სიბრძნე არც წერია, რომ ვერ მიხვდე, რისი თქმა უნდოდა.
- რა ამის პასუხია და, გამორიცხავთ, ივანიშვილის წასვლით „ოცნებში“ შიდა განხეთქილება რომ დაიწყოს?
- სანამ სჯერათ, რომ მმართველი ივანიშვილია, „ოცნებაში“ დაპირისპირება არ მოხდება. ამიტომ თუ რამე დაპირისპირება დაიწყება, ეს ჩვეულებრივი სპექტაკლის ნაწილი იქნება და მეტი არაფერი!
- რომელი სპექტაკლის?
- იმ სპექტაკლის, რომ აი, გუნდში თითქოს ვიღაცები არ მოსწონთ და ამ ვიღაცებისგან ოპოზიცია ჩამოყალიბდეს, თუმცა ეს პრიმიტიული სპექტაკლია... საერთოდ, ასეთი რაღაცები საინტერესო მაშინაა, როცა არ იცი, პროცესის ბოლო როგორი იქნება, მაგრამ როცა პრიმიტივიზმია და თავიდანვე ხვდები, რისი გაკეთება უნდათ, საქმე უტოპიასთან გვაქვს...
- გეთანხმებით, მაგრამ რატომ გამორიცხავთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან რეალურად წავიდა და იგივე „ოცნებაშიც“ გავლენებისთვის რეალური ომია გაჩაღებული?
- არა, ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ „ოცნებაში“ რეალური დაპირისპირება უნდა იყოს და არც იქნება. წეღანდელი თქმისა არ იყოს, დაპირისპირებას საზოგადოებისთვის მოჩვენებითი სახე ექნება, თორემ თვითონ ძალიან კარგად იციან, რომ ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ. ერთი ფიგურაც კი არ არსებობს, რომელსაც გაჰყვებიან.
საერთოდ, კლანი სხვა რამეა, გუნდი კი - სხვა. შეიძლება, კლანები არსებობს, მაგრამ ამ კლანებსაც წინამძღოლები სჭირდება. ასეთი წინამძღოლი კი, უბრალოდ, არ არსებობს! მხოლოდ ის გაიმარჯვებს, ვისაც ივანიშვილი მხარში დაუდგება. ამიტომ ეს კლანებიც ძალიან ფრთხილად იქნებიან...
- ამ მსჯელობაში ლოგიკა, რასაკვირველია, არის, თუმცა ისიც მითხარით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ოპოზიციამ სათავისოდ როგორ უნდა გამოიყენოს?
- ივანიშვილი, ერთი მხრივ, დამაჯერებლად იქცევა, მეორე მხრივ კი თავადვე ხედავს, რომ „ოცნებას“ რეიტინგი თუ იმიჯი აღარ აქვს. ოპოზიციამ სწორედ ეს უნდა გამოიყენოს.
- ეს ზოგადი პასუხია. კონკრეტულად მითხარით: რა გეგმა გაქვთ?
- ოპოზიციის გეგმა ერთადერთია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები...
- ისე, ოპოზიციას ლიდერი ჰყავს?
- სანამ ვადამდელი არ დანიშნულა, ოპოზიციის ლიდერი საზოგადოება და ხალხია, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში კოალიციური მმართველობა იყოს. ეს სურვილი უტოპია ნამდვილად არ არის! სახელმწიფოს ბუნებრივი განვითარება სწორედ კოალიციურ მმართველობაშია, თუმცა ივანიშვილის პირობებში ეს არ მოხდება...
- შეიძლება, ისე მოხდეს, რომ „ოცნებამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დანიშნოს. ამასობაში კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც იტყვიან, კარს მოგვადგა, ანუ ამიხსენით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების არდანიშვნის შემთხვევაში, ოპოზიცია ადგილობრივში მონაწილეობას მიიღებს?
- ადგილობრივი არჩევნები კარს არაა მომდგარი - შემოდგომამდე ჯერ გაზაფხული და ზაფხულია. შეიძლება, თავადაც ვერ გაურკვევია, მაგრამ ივანიშვილს შიში შეეპარა.
- რას გულისხმობთ?
- „ოცნების“ იმიჯის დავარდნას, რისი გამოსწორებაც ახალი ოპოზიციის შექმნით უნდა. სწორედ ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
- ქალბატონო ნატო, რაკიღა პროფესიით ექიმი ხართ, ასეთ კითხვას დაგისვამთ: სისტოლური და დიასტოლური, ანუ ე.წ. თავისა და გულის წნევა „ოცნებას“ უფრო არ ეზომება თუ ოპოზიციას?
- ოპოზიციას წნევა იმიტომ ეზომება, რომ ხალხთან ერთადაა. შესაბამისად, ოპოზიციის დიაგნოზიც პოზიტიურია. დიახ, სიცოცხლე და მომავალი ხალხთან ერთად გრძელდება!
„ოცნება“ კი თავისი სურვილების ტყვეობაშია, ამიტომ მისი მომავალი წარმავალია!
- უმძიმესი რეალობის მიუხედავად, ე. ი., მაინც ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, არა?
- დიახ, ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია, თუმცა უკეთესის იმედი მაინც არსებობს, რადგან საზოგადოების ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ!
- პოლიტიკაში ოპტიმიზმისა და რომანტიკის ადგილი, მგონი, არაა...
- გეთანხმებით, რომ პოლიტიკა რეალიზმია, მაგრამ ხალხის განწყობა და მოთხოვნაც რეალისტურია. ყველაზე დიდ რეალიზმს კი სწორედ ეს მოთხოვნა ბადებს! ის, რომ საქართველოში კოალიციური მმართველობა უნდა იყოს, საზოგადოების გადაწყვეტილებაა და რაც 31 ოქტომბერს ვერ მოხდა, აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან კოალიციური მთავრობის გარეშე შემდეგ საფეხურზე ვერ ავალთ!
- ქალბატონო ნატო, წეღან გკითხეთ და კონკრეტულად არ მიპასუხეთ, ამიტომ ჩაგეკითხებით: იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციებს განაახლებს თუ პროტესტი მინავლდება?
- ახალი არაფერია: საზოგადოებისა და ოპოზიციის ერთად ყოფნა იმ გარემოს ქმნის, რომელიც „ოცნებას“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აიძულებს!
- და „ოცნება“ როგორ უნდა აიძულოთ?
- რასაც შემოგვთავაზებს, არაფერზე არ უნდა გავყვეთ, ანუ მთავარია სიმტკიცე და მოუსყიდაობა. სხვათა შორის, მოუსყიდაობა გამოჩნდა, ხოლო სიმტკიცე კიდევ უფრო ადვილი გამოსაჩენია!
„ოცნება“ ოპოზიციის პოლიტიკურ ფიგურებს ვერაფერს უხერხებს და მთავარიც სწორედ ესაა!
- ჩვენში დარჩეს და, კობახიძე შანსს ხელიდან არ უშვებს, რომ არ გახსენოთ. როგორც „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკურ ლიდერთან, „ოცნებას“ მცდელობა თუ ჰქონია, აი, პარლამენტში შემოდი და „ომეგას“ პრობლემები მოგვარდებაო?
- დიახ, კობახიძე, რატომღაც, ყველგან მახსენებს და, სიმართლე გითხრათ, ამით უკმაყოფილო არ ვარ, რადგან რაკი კობახიძეს არ მოვწონვარ, მაშასადამე, რაღაცას ვაკეთებ და ვმოქმედებ!
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ნატო ჩხეძე პარლამენტში არ შევა! სხვათა შორის, ასეთი არჩევანი 2018 წელსაც იყო, თუ იმას გააკეთებდა, რაც არ უნდა გაეკეთებინა, ყველაფერი ექნებოდა, მაგრამ ამ არჩევანზე უარი თქვა.
ამიტომაც ნატო ჩხეიძე პარლამენტში არც ახლა შევა!
- წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო ნატო!
გიორგი აბაშიძე