ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025
2020-10-09 09:10:31
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მიშა კაჭკაჭიშვილი, 31 ოქტომბერს იმედით ხვდება. იგი დარწმუნებულია, რომ ამ დღეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. მისი თქმით, საზოგადოებას მობეზრდა ერთპარტიული მმართველობა და მომავალი კოალიციურ მთავრობას ეკუთვნის.
რატომ ვეღარ ჩააყენებს კორონაპანდემიას „ოცნება“ თავის სამსახურში? რა გეგმა აქვს ჩაფიქრებული ოპოზიციას? რით აიხსნება მათი პასიურობა? რას მიიღებს ივანიშვილი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში? რას ფიქრობს მოსახლეობა? _ ამ თემების შესახებ მიშა კაჭკაჭიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ როცა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო სია გამოაქვეყნა, თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ მმართველი პარტია ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგებას აპირებს და ამას ნებისმიერ ფასად გააკეთებსო.
_ თქვენთან საუბარშიც იგივეს ვიტყვი: დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ 30-ვე მაჟორიტარული ოლქის მოგებას აპირებს. სახელისუფლებო პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები საარჩევნო სიის ბოლოში ჰყავს ჩაწერილი. ეს მაფიქრებინებს, რომ ისინი ყველა ოლქის მოგებას შეეცდებიან. მიზნის მისაღწევად არც ძალადობას მოერიდებიან და არც _ გაყალბებას. მოკლედ, ცეცხლითა და მახვილით ჩაატარებენ არჩევნებს და ასე შეეცდებიან თავიანთი მაჟორიტარების გაყვანას. არც ამომრჩევლის მოსყიდვაზე იტყვიან უარს. მათთვის მთავარია, მაჟორიტარული ოლქები მოიგონ.
_ შეძლებენ ყველა მაჟორიტარის გაყვანას? _ 2016 წელს 73 ოლქიდან 72-ში თავისი კანდიდატები გაიყვანეს, ერთი ხაშური მოიგო სიმონ ნოზაძემ, მაგრამ მერე ისიც „გაქოცდა“ და მას მადლობის ნიშნად მმართველმა პარტიამ საპარლამენტო ფრაქციაც კი შეუქმნა.
_ „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს, რომ ყველა ოლქში გაიყვანოს თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი. შეძლებენ თუ არა, ეს დამოკიდებულია ოპოზიციაზე, საზოგადოებაზე. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე და ჩემი პარტია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავალ პარლამენტში არ ჰქონდეს უმრავლესობა და ოპოზიციაში გადავიდეს.
_ მარტო თქვენი პარტიის მონდომებით „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში ვერანაირად ვერ გადავა. ამ მიზნის მისაღწევად ერთიანი ბრძოლაა საჭირო. დანარჩენი ოპოზიცია და საზოგადოება ამისთვის აკეთებს რამეს?
_ ჩემი პარტია და ჩემი მეგობრები რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასაყვანად ყველაფერს აკეთებენ, ეს ვიცი. სხვები რას აკეთებენ, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ვერც პასუხს ვაგებ მათზე. მგონია, რომ ბევრი კეთდება ამისთვის. ცვლილებები ყველას უნდა.
_ შეიძლება, რაღაც მართლა კეთდება, მაგრამ ეს სააშკარაოზე არ გამოდის. ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.
_ მართალი ხართ. ბევრი რაღაც სააშკარაოზე არ გამოდის. ბევრ რამეს მედიისა და საზოგადოების დასანახად არც ვაკეთებთ. ჩვენი საქმიანობის შესახებ ბევრი რამე შეიძლება, სუსმაც კი არ იცის.
_ სუსმა რატომ უნდა იცოდეს?
_ სუსი და ხელისუფლებასთან არსებული გარკვეული ჯგუფები ხომ მოყურადებული არიან ოპოზიციაზე და ცდილობენ გარკვევას, რას ვაკეთებთ, რას ვაპირებთ. სუსმა ბევრი რამე არ იცის. საზოგადოებაც ფიქრობს, რომ გაჩერებულები ვართ, მაგრამ რაღაც ჯგუფები აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწევიან. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა.
საზოგადოებაში სულ ტყუილად გაჩნდა განცდა, რომ ოპოზიცია გაერთიანებული არ არის. ეს ასე ნამდვილად არ გახლავთ. აგერ, სულ მალე მოვა 20 ოქტომბერი და ნახავთ, რაც ხდება.
_ 20 ოქტომბერს რამეს აპირებს ოპოზიცია?
_ ოპოზიცია არაფერს აპირებს. უბრალოდ, ამ რიცხვიდან უფრო გახურდება საარჩევნო კამპანია და საზოგადოება ნახავს, რა შეუძლია ოპოზიციას.
_ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიცია ძალიან აქტიურია ხოლმე, მაგრამ ამ ვითარებაში შეიძლება, ეს ვერ შეძლოთ. მკვეთრად მოიმატა კორონაინფიცირებულთა რიცხვმა და შეიძლება, ისევ სახლებში გამოგვკეტოს ხელისუფლებამ.
_ ჩვენს ხელისუფლებას შეიძლება, ძალიანაც უნდა, რომ სახლებში გამოკეტოს ხალხიც და ოპოზიციაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს გამოკეტვას ვერ მოახერხებს. ამის გაკეთება, უბრალოდ, შეუძლებელია.
_ შეუძლებელი რატომ არის? თუ საქმეს დასჭირდა, ისევ გამოგვკეტავენ სახლებში.
_ ამ ვითარებაში სახლებში ჩვენი გამოკეტვა შეუძლებელია, რადგან ეს საშინელ შედეგებს მოიტანს. პირდაპირ ვთქვათ: დღეს ადამიანებს შიმშილისა და გაჭირვების უფრო ეშინიათ, ვიდრე იმ შედეგების, რაც კორონავირუსმა შეიძლება მოიტანოს.
გაზაფხულზე კორონის გამო ერთხელ უკვე ჩაიკეტა ქვეყანა. მაშინ ბანკებმა სესხები გადაავადეს, პროცენტები გააჩერეს. ამით ადამიანები ცოტა დამშვიდდნენ და კამპანიამ „დარჩით სახლში“ იმუშავა. როცა იცი, რომ ოჯახში რაღაც პურის ფულს მიიტან და, ამავე დროს, თვის ბოლოს ბანკი პროცენტს არ მოგთხოვს, რეგულაციებს დაექვემდებარები.
ახლა კიდევ ერთხელ რომ ჩაიკეტოს ქვეყანა და გვითხრან, დარჩით სახლშიო, ადამიანებმა რით უნდა გადაიხადონ ბანკის ვალი? ვალის გადახდის გარდა მათ ჭამა და სმაც ხომ უნდათ? მარტო ჭამა და სმა ხომ არ არის? ადამიანს მილიონი რამე უნდა კიდევ. სწავლა დაიწყო და ბავშვებს ხომ უნდათ ტანსაცმელი, მგზავრობა, წიგნები, რვეულები… ახლა ქვეყნის ჩაკეტვა ცუდ ამბებს გამოიწვევს. ამას ვერც ქვეყანა გადაიტანს და ვერც _ ხალხი.
საკმაოდ შეძლებული გარემოცვა მყავდა და როცა ჩვენ ირგვლივ ადამიანებს უჭირდათ, ყველას ეხმარებოდა. ასე გრძელდება უკვე რამდენი წელია, მაგრამ ამ კორონაპანდემიამ ყველას დაატყო თავისი ხელი. ყველას გაუჭირდა. ქეყანაში ყველაფერი გაჩერდა. პირადად მე რაც არ უნდა მეძახონ, დარჩი სახლშიო, ვერ დავრჩები. შვილები მყავს. სულ რომ ციხეში მომიწიოს წასვლა, მაინც გამოვალ გარეთ.
_ ციხეზე თქვენს ძაღლ ნოასთან დაკავშირებული ამბავი გამახსენდა. ეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ლეკვი კომენდანტის საათის დროს იპოვეთ და ვეტერინართან წაიყვანეთ. იმ დროს მანქანით მხოლოდ სპეცსაშვებით გადაადგილდებოდნენ. ამის გამო 3000 ლარი ჯარიმა დაგეკისრათ. ამ ჯარიმის გადახდას, როგორც ვიცი, არ აპირებთ.
_ სასამართლომ ჯარიმის გადახდა გააჩერა. ახლა ველოდები, როდის ჩაინიშნება პროცესი. აუცილებლად მივალ სასამართლოზე. მინდა, იმ პოლიციელებს სამაგალითოდ ვაგებინო პასუხი, რომლებმაც ეს ჯარიმა გამოწერეს. სასამართლო არჩევნებამდე, ალბათ, არ იქნება. წინასაარჩევნოდ ზედმეტი თავის ტკივილი არაფერში სჭირდებათ.
_ ისევ არჩევნებსა და კორონაპანდემიას დავუბრუნდეთ: თქვენი საუბრიდან თუ ვიმსჯელებთ, არჩევნების წინ ან ნაარჩევნებს ქვეყნის ჩაკეტვას არ ელოდებით.
_ იმიტომ არ ველოდები, რომ ვერ ჩაკეტავენ. ქვეყანას როცა კეტავ, ადამიანებს უნდა შეუქმნა საარსებო პირობები. ახლა ხელისუფლებას ასეთი პირობების შექმნა არ შეუძლია. თანაც ჩაკეტვა სავალდებული არ არის.
_ არც გაზაფხულზე იყო ჩაკეტვა აუცილებელი, მაგრამ მთელი ქვეყანა ჩაიკეტა.
_ გაზაფხულზე ჩაკეტვას გამართლება ჰქონდა. მაშინ ვირუსი ახალი შემოსული იყო და მის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ ექიმებმა. არ ვიცოდით, იყო თუ არა ეს ვირუსი მკვლელი.
_ ვირუსის ბუნება რომ არ ვიცოდით, ამიტომაც ყველანი გაგებით მოვეკიდეთ ქვეყნის გაჩერებასა და ეკონომიკის ჩამოშლას.
_ ნამდვილად გაგებით მოვეკიდეთ. ახლაც გაგებით ვეკიდებით დაწესებულ შეზღუდვებს და ყველანაირ წესებს ვიცავ, რაც დადგენილია. მეც მყავს ხანდაზმულები ოჯახში და არ მინდა, მათ ვირუსი მივუტანო. როცა ადამიანს სახლში საჭმელი არ აქვს და ის პურის ფულის საშოვნელად გარეთ უნდა გავიდეს, მას ვერ ეტყვი, ვირუსია და უნდა ჩაგკეტოო.
ახლა ქვეყნის სრული ჩაკეტვა იმხელა ბუნტს გამოიწვევს, რომ სხვა რაღაცები მონაგონი იქნება. ეს არჩევნების შედეგებზეც აისახება. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: „ქართული ოცნება“ თუ არჩევნებს გააყალბებს, საშინელ შედეგს მიიღებს. მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ახლა აღარ არის 2016 წელი. მაშინ ივანიშვილს, ჯერ კიდევ, ჰქონდა დივიდენდები.
_ გვეგონა, რომ 2018 წელსაც არ გაატარებდა ხალხი არჩევნების გაყალბებას, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაც ჩავყლაპეთ. ახლაც იგივე ხომ არ მოხდება?
_ საპრეზიდენტო არჩევნებს ამხელა მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა მნიშვნელობაც 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს აქვს. არც დამიმალავს და არც ახლა დავმალავ, რომ იმ არჩევნებეზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვუჭერდი მხარს და ცენტრალურ შტაბში ვიყავი.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეიგნოს, რომ ლოზუნგი „მიშა მოვა“ აღარ მუშაობს. ხალხი აღარ რეაგირებს იმაზე, რომ მიშა თუ ჩამოვა, შეგვჭამს. ისე, ვის უნდა ეშინოდეს მაგისი? პრეზიდენტი რომ იყო, მაშინ არ გვეშინოდა.
_ მიშას ვინც ებრძოდა, იმათ არ ეშინიათ სააკაშვილის დაბრუნების და სხვას რატომ ეშინია?
_ აშინებენ ხალხს და ეუბნებიან, რომ მიშა თუ დაბრუნდა, ის სადამსჯელო ღონისძიებებს გაატარებს. მიშას ფაქტორი მოხსნილია. არჩევნები თუ გამჭვირვალედ ჩატარდა, ივანიშვილი დამარცხდება. ის იმ შემთხვევაშიც დამარცხდება, თუ არჩევნებს გააყალბებს.
_ ორივე შემთხვევაში როგორ დამარცხდება?
_ დამიჯერეთ, ის ორივე შემთხვევაში დამარცხდება. ამიტომ ჯობია, თავის პარტიასთან ერთად გადავიდეს ოპოზიციაში. იყვნენ პოლიტიკაში და თუ ხალხი აირჩევს, ისევ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, ეს მხოლოდ ამომრჩევლის გადასაწყვეტია.
იმედია, რომ ივანიშვილი გაითვალისწინებს ამას და გაყალბებაზე არ წავა. ყველა ვარიანტში დამარცხდება, არჩევნების გაყალბება ასე აღარ ჩაივლის. ივანიშვილს წასვლა მაინც მოუწევს, უბრალოდ, პროცესი გაიწელება და ქუჩაში მეგაფონებით მოგვიწევს სირბილი.
_ სირბილი ახლა არ ჯობია. რაღაც არ ჩანს, რომ ოპოზიცია აქტიურია. მარტო ბუკლეტების დარიგება საქმეს არ შველის.
_ მერწმუნეთ, რომ ოპოზიცია ძალიან აქტიურია. ყველა პარტია მუშა პროცესშია. ამ პანდემიის ჟამს მეტს ვერაფერს გააკეთებენ. ადამიანები ქუჩაში გამოსვლასა და თავშეყრას ერიდებიან. თავშეყრაც აკრძალულია. თავშეყრის უფლება მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამორჩეულ სახეებს აქვთ. დანარჩენ საზოგადოებას ეს ეკრძალება.
ჩვენ ძალიან აქტიურად დავდივართ, ვატარებთ კარდაკარის კამპანიას, ჩავდივართ რეგიონებში და 24 საათი ვმუშაობთ.
_ სულ დავდივართო, ამბობთ და ხალხის განწყობაც გეცოდინებათ. რას ფიქრობს მოსახლეობა?
_ ხალხს აღარ უნდა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. ამით ჩვენი საზოგადოება დაიღალა. მერწმუნეთ, ამ ქვეყანაში ბევრი რამე მინახავს. ყოველთვის პულსზე მედო ხელი და ვიცი, თუ რა ხდება, ხალხს უნდა ცვლილებები და ამას არჩევნებზეც დააფიქსირებს. ასე რომ, ახლა ივანიშვილის გადასაწყვეტია, მშვიდად წავა თუ _ ესკალაციის გზით?
_ ივანიშვილის თანაპარტიელებს თუ მოვუსმენთ, აშკარად ჩანს, რომ ისინი არსად წასვლას აპირებენ.
_ ივანიშვილის თანაპარტიელებს არავინ არაფერს ეკითხება. მნიშვნელობა არ აქვს, ამ ადამიანებს რამდენად მაღალი პოსტები უკავიათ მთავრობასა და პარლამენტში. მათი მაქსიმუმი საარჩევნო სიაში 2-3 კაცის ჩასმაა. ესაა და ეს.
_ შეიძლება, ივანიშვილი მათ არაფერს ეკითხება, მაგრამ ისინი ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, რომ ხელისუფლების სათავეში ისევ „ქართული ოცნება“ დარჩება.
_ რაც არ უნდა ილაპარაკონ, საზოგადოებრივ აზრს ვეღარ შექმნიან, ეს აზრი უკვე შექმნილია. ხალხს აღარ უნდა ერთპიროვნული მმართველობა. მათთვის სულერთია, ერთპიროვნული მმართველი მიშა იქნება თუ _ ბიძინა. მოსახლეობას ამ ჭაობიდან ამოსვლა და გაჭირვებისთვის თავის დაღწევა უნდა.
ივანიშვილს შანსი ჰქონდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წაეყვანა, მაგრამ იმ 9 წელს დაამატა თავისი მმართველობის 8 წელი და ხალხი კიდევ უფრო გააუბედურა. ამასობაში კი გავიდა 17 წელი. თაობები გაჭირვებაში გაიზარდა. ქვეყანა საკმაოდ წინ უნდა იყოს წასული და ხომ ხედავთ, სად ვართ?!
_ ამბობთ, რომ ხალხს ჭაობიდან ამოსვლა და გაჭირვების დაძლევა უნდაო. რა გარანტიაა, რომ ოპოზიცია ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს? ასეთი გარანტია არ არის და რატომ უნდა მოგცეთ მოსახლეობამ ხმა?
_ მე საკითხს ასე დავსვამდი, _ რატომ არ უნდა მოგვცენ ხმა? ამ ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება. ხელისუფლების სათავეში მილიარდერია და ხალხი გროშებს ვერ შოულობს. თუ ქვეყანას არაფერი ეშველა და კიდევ უფრო უკან წავიდა, რატომ უნდა დარჩეს ივანიშვილი ქვეყნის სათავეში? ცვლილებები რომ გატარდეს, ახალი ძალა უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში.
_ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებით. შეძლებთ ერთად მუშაობას?
_ რატომ ვერ შევძლებთ? შეიძლება, იყოს დაპირისპირება, კამათი, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზებს აუცილებლად მოვნახავთ. ახლა ეს გზებია საპოვნელი და არა ის, რომ „ვიღაც პულტი“ იჯდეს პარლამენტში, რომელსაც წიგნი არ წაუკითხავს ცხოვრებაში. ხალხი მშიერია და გადამწყვეტი ზომების მიღება გვჭირდება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ხელისუფლება ოპოზიციაში გადავა. მერე როგორი იქნება მისი ბედი, ვნახოთ.
_ სხვა რესპონდენტებისგან განსხვავებით ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და გჯერათ, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება.
_ ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ახლა ოპტიმიზმის საბაბს შექმნილი ვითარება მაძლევს. ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ძალიან ბევრი რამე მინახავს, თუ როგორ იცვლებიან ხელისუფლებები. ბევრი საარჩევნო კამპანია ჩამიტარებია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასეთი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა, როგორიც წელს უნდა ჩატარდეს.
_ რით იქნება ეს არჩევნები ასეთი განსაკუთრებული? სხვა არჩევნებს იმით არ ჰგავს, ალბათ, რომ პროპორციულთან მაქსიმალურად არის მიახლოებული.
_ ეს არჩევნები მხოლოდ იმით არ იქნება განსხვავებული, რომ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულია. ამ არჩევნებმა ძალიან ბევრი რამე უნდა შეცვალოს. ამ არჩევნებზე ჩვენი საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ უარს ეტყვის ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენი სზოგადოება უარს ეტყვის ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას?
_ დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საბაბს ის განწყობა მაძლევს, რასაც ხალხში ვხედავ. ამის გარდა, დასკვნების გამოტანა შეიძლება იმ კვლევებიდანაც, რომლებიც მრავლად ტარდება.
_ კვლევების შედეგები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ შეუძლებელია რაიმე დასკვნის გამოტანა.
_ კვლევებში პარტიებს სხვადასხვა შედეგი აქვს, მაგრამ ყველა კვლევაში ნათლად ჩანს, რომ ამომრჩევლის 20-25% გადაუწყვეტელია. ისინი ხელისუფლების მხარდამჭერები ნამდვილად არ არიან. როგორც წესი, ხელისუფლების მხარდამჭერები არ მალავენ საკუთარ არჩევანს. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, სინამდვილეში, უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვის უნდა მისცეს ხმა. მხოლოდ ამის თქმას ხმამაღლა ერიდებიან. ისინი ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან.
ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები გადანაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც პარლამენტში მოხვდებიან. ეს პარტიები შექმნიან კიდევაც კოალიციურ მთავრობას.
_ დაწმუნებული ხართ, რომ პარლამენტში შესული ყველა პარტია ოპოზიციის გერდით იდგება და ბიძინა ივანიშვილს არ გაურიგდება? ძალიან დიდი ფული აქვს ამ კაცს. დიდი ფულით კი ბევრი რამისა თუ ვინმეს ყიდვა შეიძლება.
_ ვერავისზე თავს ვერ დავდებ და გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ვიღაც გაურიგდება ივანიშვილს და ვიღაც _ არა. საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში არიან პარტიები, რომლებიც პირად კეთილდღეობას პირველ ადგილზე არ აყენებენ. ასეთი პარტიები ნამდვილად არ გაურიგდებიან „ქართული ოცნების“ ლიდერს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ხელისუფლებაც შეიცვლება და, შესაბამისად, სიტუაციაც.
შორენა მარსაგიშვილი