ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025
2020-10-08 07:51:14
გასულ კვირას მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა, რომელმაც უპრინციპობით დაგვამახსოვრა თავი. უკეთესი პარლამენტი, სავარაუდოდ, არც მეათე მოწვევის იქნება. პარტიებმა ისეთი სიები წარმოადგინეს, კარგი არჩევანის გაკეთება, უბრალოდ, შეუძლებელია. მომავალი პარლამენტისგან სასწაულებს არც პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე ელოდება. მისთვის არც იმედგაცრუებული ამომრჩევლის ხილვაა უცხო.
როგორ კეთდება ფული პოლიტიკაში? რამდენი პარტია უნდა იყოს საქართველოში? ვის ევალება სიტუაციის გაფუჭება? ვინ უნდა წაართვას სააკაშვილს ხმები? რა დირექტივა მიიღო „ევროპულმა საქართველომ“? რატომ არ უნდოდათ „ოცნებაში“ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს პეტრე მამრაძე ესაუბრება:
_ ბატონო პეტრე, გასული კვირის მთავარი თემა და იმედგაცრუება პარტიების საარჩევნო სიები იყო. ოპოზიციამ საბრძოლო სიების ნაცვლად უცნაური სიები წარმოადგინა. თქვენ რას იტყვით?
_ ასეთი რამე სხვა დროსაც მომხდარა. ამომრჩეველს ადრეც არაერთხელ გაუცრუვდა იმედი. როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ბევრს ეგონა რომ 3 წელიწადში გერმანიასა და ჰოლანდიას გავასწრებდით ცხოვრების დონით. რომ ჩვენი ბორჯომი და ჩაი დაიპყრობდა მსოფლიო ბაზარს. ხშირად მესმოდა ასეთი ფრაზები, _ ისე ვიცხოვრებთ, ქუვეითი მონაგონი იქნება საქართველოსთან შედარებითო. იმასაც ამტკიცებდნენ, იმდენი ჰიდრორესურსი გვაქვს, ენერგოდამოუკიდებლები ხომ ვიქნებით და იქით გავყიდით დენსო.
ძალიან დიდ იმედს ამყარებდა ხალხი შევარდნაძეზე, როცა ის მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა. იმედს ამყარებდნენ სააკაშვილზეც, როცა ქვეყანაში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა. ხალხი დიდი იმედით შეხვდა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლასაც. ხელისუფლების სათავეში მისი მოსვლის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ საქართველო ისე იცხოვრებდა, როგორც ჭორვილა და ყველაფერი უფასო იქნებოდა.
არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ ყველა ასე მსჯელობს და ყველას ასეთი მოლოდინი აქვს. ბევრი სკეპტიკურად განწყობილი და საღად მოაზროვნე ადამიანიც შემხვედრია. ისინი ნათლად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ჭარბი მოლოდინი აქვთ. ამის გამო ნუ გავაკრიტიკებთ ჩვენს საზოგადოებას. ყველა პოლიტოლოგი და მაკროსოციოლოგი ვერ იქნება.
საქართველოში დღეს ბევრი პოლიტიკური ძალაა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის პოლიტიკური პარტია. დღეისთვის რეგისტრირებულია 260-მდე პარტია. არც ერთი მათგანი არ არის დაკავშირებული ორგანულად საზოგადების ამა თუ იმ ჯგუფთან და, შესაბამისად, არც არავის აინტერესებს, რას წარმოადგენენ.
50-ზე მეტი პარტია მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში. ყველას ესმის, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე ეს ძალიან მაღალი ციფრია. არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში 3-4 პარტიაზე მეტი არ უნდა იყოს. ფიზიკურად ეს შეუძლებელია. ჩვენთან კიდევ 200-ზე მეტი პარტიაა.
პარტიების გამრავლებას ხელს უწყობს არსებული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან. პარტიები იმ შემთხვევაშიც კი ღებულობენ ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თუ პარლამენტს მიღმა დარჩებიან.
2016 წელს პარლამენტში მხოლოდ სამი პოლიტიკური პარტია შევიდა. ესენი იყვნენ „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც შემდეგ „ევროპული საქართველო“ გამოეყო და „პატრიოტთა ალიანსი“. პარტიების დაფინანსება გაიზარდა 10 მილიონით. გაიზარდა ბიუჯეტიდან დაფინანსებული პარტიების რიცხვიც.
ეს დაფინანსება პარტების წარმომადგენლებს საიმისოდ ჰყოფნით, რომ კარგად იცხოვრონ. პარტიების ლიდერებს შეუძლიათ ძვირფასი მანქანებისა და სახლების ყიდვა. გია ვოლსკის ახასიათებს მოსწრებული სიტყვა-პასუხი. მან 30 პარტიის კონსენსუსზე თქვა, ესენი რიან 30 ინდმეწარმეო. ჩვენში პოლიტიკა უკვე ბიზნესად იქცა.
საქართველოში საკმაოდ არიან ადამიანები, რომლებიც უკვე დაეუფლნენ ამ ბიზნესს, თავის ცნობადობასა და მის გვერდით არსებულ პატარ-პატარა ჯგუფებს პირადი გამდიდრებისთვის იყენებენ. ეს არის მათი ბიზნესი, რომლის წყალობითაც თავად და მათ გარშემო არსებული ვიწრო ჯგუფები კარგად ცხოვრობენ. ისინი მიეკუთვნებიან ფინანსურ ელიტას. ზოგიერთს თავისი სხვა შემოსავალიც აქვს, მაგრამ პოლიტიკაში ყოფნა და ცნობადობა ბიზნესის დაცვაში ეხმარება. პოლიტიკა საჭირო კონტაქტების დამყარებაშიც უწყობს ხელს. მე ვიცნობ ასეთ პიროვნებებს. ადამიანებს აქვთ პატარა პარტია და საკმაოდ დიდი ბიზნესი. ამის მიუხედავად, ისინი მოსახლეობის ნაწილში მაინც პოლიტიკოსებად აღიქმებიან. ჩვენთან ხომ ასეა, გამოჩნდა ტელევიზიით, ე. ი. პოლიტიკოსია.
_ ჩვენთან მართლა მთავარია ტელვიზორში გამოჩენა. მერე ან პოლიტიკოსი ხდები, ან ექსპერტად ითვლები.
_ სამწუხაროდ, საზოგადოება ასე აღიქვამს.
_ ვოლსკის როგორ შეიძლება დავეთანხმო, მაგრამ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მართლაც ინდმეწარმეა. ისე, საინტერესოა, ვოლსკი თავის თანაპარტიელებზე რას ფიქრობს, მათაც ინდმეწამეებად თვლის?
_ ამ შემთხვევაში ვოლსკი მართალია. რაც შეეხება „ქართულ ოცნებაში“ მყოფ პირებს, ვის და რას ემსახურებიან ისინი, ეს საუბრის ცალკე თემაა. დღევანდელი პოლიტიკოსებიდან კლასიკური გაგებით არც ერთი არაა პოლიტიკოსი. არც ერთს არ აქვს მრწამსი და გეგმა,
მრწამსის პოლიტიკოსები იყვნენ მარგარეტ ტეტჩერი და ედუარდ შევარდნაძე. ამის შესახებ სენატორი მაკკეინიც ამბობდა. ისინი მზად იყვნენ, მრწამსის გამო, თანამდებობიდან გადამდგარიყვნენ _ ჩემი თუ არ გადის, მაშინ წავალო. შევარდნაძე ერთადერთი იყო, რომელიც გორბაჩოვის მთავრობაში გადადგა. მან კარგად ჩამოაყალიბა გადადგომის მიზეზი. განაცხადა, არ მინდა, იმ ამბების მონაწილე ვიყო, რომელიც მალე ჩვენს ქვეყანაში დატრიალდებაო. თქვა, დიქტატურა მოდის და ჩემი გადადგომა გაფრთხილება იყოსო.
ჩვენი პოლიტიკოსების შემთხვევაში მსგავსს არაფერს უნდა ველოდოთ, რადგანაც მრწამსის პოლიტიკოსებთან არ გვაქვს საქმე, ეს გახლავთ წმინდა კომერციული სპექტრი. ამ ადამიანებისთვის მისაღებია ნებისმიერი გეგმა, რომლითაც მოიგებს ხალხის გულს. არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა მოხდება, როცა ხელისუფლებაში მოვლენ და როგორ განახორციელებენ ამ გეგმას.
დღეს ბევრი პარტია დებს პირობას, რომ გაზრდის ხელფასებსა და პენსიებს, მაგრამ არც ერთი აკონკრეტებს, თუ როგორ გააკეთებენ ამას. ეს სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებია. პოლიტიკურ ბაზარზე მთავარი ხომ ისაა, რაც შეიძლება მეტი ქულა მოიპოვო. მხოლოდ ამაზე არიან ჩვენი პოლიტიკოსები ორიენტირებულები. ამიტომ გვაქვს ასეთი მწვავე დაპირისპირებები. ამ პანდემიური სიტუაციის მიუხედავად, ცემა-ტყეპა მოხდა მარნეულში, იგივე პროცესები შეიძლება სხვაგანაც განვითარდეს. ეს აგრესია იმიტომაა, რომ ადამიანები არსებობისთვის იბრძვიან. ესენი არიან კლანების წევრები, რომლებმაც კარგად იციან, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩაივლის ეს ყველაფერი და ბოსები როგორ შეაფასებენ მათ წვლილს.
არასდროს დამავიწყდება 2012 წლის ზაფხული, მაშინ „ქართული ოცნება“ ჯერ ისევ ოპოზიციაში იყო და რეგიონებში ატარებდა საარჩევნო კამპანიას. ხაშურშიც ჩავიდნენ და იქ მაშინდელი გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძის მამამ და დამ ნამდვილი ბრძოლა გამართეს. იმ ბრძოლაში კლნაჭებიც ჩანდა და კბილებიც. ამ ადამიანების ქმედებაში აშკარად იკვეთებოდა მოტივი _ თუ ახლა დავთმე, არა მარტო დამთავრდება კარგი ცხოვრება, არამედ შეიძლება ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს, ჩვენი კარგად ყოფნა დამოკიდებულია სტატუსზეო. მეეჭვება, რომ ხაჩიძის ოჯახის წევრები რაღაც მრწამსის გამო დაუპირისპირდნენ მაშინ ოპოზიციას.
ასევე გაგახსენებთ სპორტის სასახლეში ერთ-ერთ ტურნირზე მომხდარ ძალიან ცუდ ინციდენტს: ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ერთ-ერთ მოჭიდავეს (ევროპის ჩემპიონია ის ბიჭი) ზამბარის ფორმის რკინა ჩაარტყა სახეში. ახალგაზრდამ საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო.
_ ეგ არაკაცობა გეგა გეგეშიძემ ჩაიდინა.
_ რა მნიშვნელობა აქვს, რა გვარია ამის ჩამდენი ადამიანი. მთავარი ისაა, რომ ის საერთოდ არ დასჯილა იმის მიუხედავად, რომ ამ ინციდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ფაქტის ასე დატოვება წარმოუდგენელი იყო. „ქოცებთან“ დაკავშირებულ კომპეტენტურ ადამიანსებს ვკითხე, თუ რატომ არ დასაჯეს გეგა გეგეშიძე? ასე მითხრეს _ რა ვქნათ, როგორ დავსაჯოთ, ეგ გეგეშიძე თავის მოადგილესთან ერთად სამეგრელოში მომხდარი ცემა-ტყეპის დროს ბოლომდე კაცურად დაგვიდგა გვერდითო.
_ კორცხელის ინციდენტს გულისხმობდნენ?
_ კი, მაგაზე საუბრობდნენ. ასეთ რამეს რომ იტყვის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, იქ უკვე ყველაფერი გასაგებია. ცემა-ტყეპაში მონაწილეობა თუ კაცურად გვერდში დადგომად ფასდება, ძალიან ცუდია. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ამბების შემდეგ ლეგიტიმურობას კატასტროფულად კარგავს. წესით, ასეთი კაცი უნდა გადაემალათ, მაგრამ „ოცნებამ“ ღიად გვითხრა, რომ გეგა გეგაშიძეს არ დასჯიდა. ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. სპორტულ ფედერაციებში ერთმანეთს უკვე ესვრიან კიდევაც. ადრე აეთი რამეები ქართულ სპორტში არ ხდებოდა.
_ ისევ იმ თემას დავუბრუნდეთ, რითიც საუბარი დავიწყეთ. აშკარაა, რომ თქვენში საარჩევნო სიებს არანაირი გაკვირვება და იმედგაცრუება არ გამოუწვევია.
_ ველოდი, რომ ასე იქნებოდა. თავად საარჩევნო სიების წარმოდგენა ძალიან ყურადსაღები პროცესია. „ლელოს“ სია გახლავთ ყველაზე საინტერესო. იქ ისეთი ხალხია ჩაწერილი, რომლებიც პოლიტიკასთან დიდად ასოცირებული არ არიან და ეს რაღაც მომენტში შეიძლება მომგებიანი იყოს.
_ რატომ უნდა იყოს ეს მომგებიანი?
_ იმიტომ, რომ სიტყვა პოლიტიკოსიც კი საზოგადოების დიდ ნაწილში გაღიზიანებას იწვევს.
_ ამის მიუხედავად, ყველა მაინც პოლიტიკაში მიდის, სადაც ძალიან დიდი ფულის შოვნა შეიძლება.
_ პოლიტიკაში ადამიანები, ძირითადად, ფულის საშოვნელად მოდიან და ეს ქართველებს ძალიან ნუ გაგვაკვირვებს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ზუსტად ასეთი სიტუაციაა, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ზოგიერთი ეს ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრია. პირდაპირ დევს კვლევები, თუ როგორ მოდიან ახალ-ახალი ჯგუფები ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ქვეყანა გაძარცვონ. საინტერესოა, რომ ეს ჯგუფები ხელისუფლებაში ანტიკორუფციული ლოზუნგებით მოდინ.
_ კარგია, რომ ამ ამბავში მსოფლიოში მარტონი არ ვართ. სხვა თუ არაფერი, ჩვენკენ ხელს ვერ გამოიშვერენ.
_ მარტონი კი არა, ამ მხრივ ძალიან შეიცვალა ვითარება. რამდენიმე წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის სათავეში ოდესმე ისეთი თაღლითი მოვიდოდა, როგორიც დონალდ ტრამპია. არც ბორის ჯონსონი უნდა მოსულიყო, წესით, ბრიტანეთის ხელისუფლების სათავეში.
ტრამპი ჩვეულებრივი თაღლითია. გაფლანგა მამამისის ქონება. რამდენჯერმე გამოაცხადა თავი ბანკროტად. ამერიკელები სერიოზულად სწავლობენ მის გამოსვლებს და დასკვნებიც დადეს, სადაც წერია, რომ ტრამპი რაც პრეზიდენტი გახდა, დღეში ექვსჯერ თუ შვიდჯერ იტყუება.
_ გარდა ამისა, ის არასერიოზულიც არის.
_ ძალიან არასერიოზულია. ამერიკას ჰყავს ძალიან გამოჩენილი და ძლიერი დიპლომატები, მსგავსს მსოფლიოში ვერსად ნახავთ. ისინი ღიად წერენ, რომ ტრამპი არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაუძინარი მტერი. ტრამპი არის პიროვნება, რომელსაც პირდაპირ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს საქმე. მან თქვა, რომ თუ არ გავიმარჯვებ, არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებო. ობამამ ერთხელ წყენით თქვა, რომ ამერიკის პოლიტიკაში ზედმეტად დიდი ფული შემოვიდაო. სადაც დიდი ფულია, იქ ყველაფერი ყირავდება. ამერიკელებმა ეს ვეღარ გააკონტროლეს და სიტუაცია აუყირავდათ.
_ ამერიკაში თუ დიდი ფული ყველაფერს აყირავებს, ჩვენისთანა ღატაკ ქვეყანას რას უზამს?
_ 24 საუკუნის წინათ ჩვენნაირ ქვეყნებზე არისტოტელე საინტერესო რაღაცას წერდა. ის ამბობდა, თუ ისე მოხდა, რომ პოლისში შედარებით ძალიან მდიდრები და შედარებით ძალიან ღარიბები გაჩნდნენ, იქ უკვე აღარ არის სამოქალაქო საზოგადოება. იქ პატრონებსა და მომსახურე პერსონალს შორის ისეთი ურთიერთობა ყალიბდება, როცა ერთისგან სუფევს ზიზღი და ქედმაღლობა, მეორისგან კი ზიზღი და გაუტანლობა მოდის.
_ ჩვენთანაც ასე არ არის?
_ ასეა. არისტოტელე გენიოსი იყო.
_ ქართულ პოლიტიკაში არსებულ ფულზეც ვისაუბროთ. ძალიან დიდი ფული აქვს ივანიშვილს. უფულობას არც ოპოზიცია უჩივის. სიებში ბევრი სწორედ ამ ფულის გამო მოხვდა.
_ ისევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს გავიხსენებ: მაშინ 73 მაჟორიტარული ოლქი იყო. „ქოცებმა“ ყველა ოლქი მოიგეს. ამით ხალხის თვალში თავისი ლეგიტიმურობა აიფეთქეს. 73 მაჟორიტარიდან 52 მეორე ტურში გავიდა და ასე მოიგეს არჩევნები. ისიც იმიტომ, რომ მოსახლეობამ ხელი ჩაიქნია და არავინ წავიდა არჩევნებზე მეორე ტურში. „ოცნებამ“ კი საკუთარი ხალხის მობილიზება მოახდინა. დიდი ფულის ჩაყრის მიუხედავად, პირველივე ტურში 73 კანდიდატიდან მხოლოდ 21-მა გაიმარჯვა. გადახედეთ მაჟორიტარების შემადგენლობას, _ ისეთ ადამიანებს არჩევდნენ, ვისაც დიდი ფული ჰქონდა და შეძლებდნენ, საარჩევნო კამპანია თავადვე დაეფინანსებინათ. მაჟორიტარებში ისეთებიც მრავლად არიან, რომლებიც ყველა ხელისუფლებას მოერგნენ.
_ ასეთები მომავალშიც იქნებიან.
_ ასეთი მედროვეები სულ იქნებიან. ასეთნაირებისგან ქართული პოლიტიკა კიდევ დიდხანს ვერ განთავისუფლდება. სხვა ტიპის პოლიტიკოსებიც მრავლად გამოჩნდებიან. ჩვენში გიორგი ვაშაძის სახით თითქოს ახალი ფენომენი გამოჩნდა. ამ ადამიანის პლაკატები და ბილბორდები მთელ თბილისშია გამოკრული. ამის განთავსება იაფი არ ჯდება. საიდან მოდის ეს ფული? ვინ აფინანსებს გიორგი ვაშაძეს? ან რისთვის ფინანსდება ის? მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ მან შეიძლება გამფუჭებლის მისია შეასრულოს. ეს მათაც კარგად იციან, ვინც მას აფინანსებს.
_ გამფუჭებლის მისიის შესრულებაში რას გულისხმობთ?
_ გიორგი ვაშაძემაც და მისმა დამფინანსებლებმაც კარგად იციან, რომ ის ვერასდროს გახდება პრემიერი, ამის მიუხედავად, ვაშაძე მაინც ყვირის, პრემიერი გავხდებიო. ის „ქართულ ოცნებას“ ვერასდროს წაართმევს ხმებს. სამაგიეროდ, შეძლებს იმ ხმების წამოღებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან წავიდოდა.
არაერთხელ მომისმენია, რომ მიშა ის აღარ არის და როგორც ლიდერი, გამოიფიტა. ვაშაძეზე ამბობენ, მოდით, ვნახოთ, რგორი კაცია, თან მას იუსტიციის სახლები აქვს გაკეთებულიო. ბევრს მოსწონს ეს ახალგაზრდა. ასეთები ცოტანი არ არიან. ბევრი ვაშაძის სახელს ვანო ჩხარტიშვილსაც უკავშირებს. ეს ახალგაზრდა ჩხარტიშვილის სიძეა. ამბობენ, რომ ვანო მას აფინანსებს. ჩხარტიშვილი ბიძინასთან არის დაკავშირებული და ის „ოცნების“ ლიდერის წინააღმდეგ თეთრსაც არ დახარჯავს. ამიტომაც გაჩნდა ვერსია, რომ ვაშაძის ფაქტორის გამოყენებით ხელისუფლება ცდილობს, მიშა სააკაშვილს ხმები წაართვას.
20 წელზე მეტი ხანი ვიყავი პოლიტიკასა და საჯარო სამსახურში. ძალიან ბევრი და სერიოზული კავშირი მაქვს. ჩემმა ნაცნობებმა იციან, რომ თუ რაღაც ინფორმაციას მომაწვდიან, მათ ვინაობას არასდროს გავამხელ. არასდროს ვიტყვი, რას მიყვებოდა მიშა, როდესაც ერთად ვმუშაობდით. ახლაც წყაროს დასახელების გარეშე მოგიყვებით რაღაცას: არაერთი რეგიონიდან მომივიდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დირექტივა გაიცა „ევროქოცებში“ („ევროპული საქართველო“). ამ პარტიაში ითქვა, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდა, ჩვენი მას ვეხმარებითო.
_ ეს სერიოზული ინფორმაციაა?
_ ძალიან სერიოზული. რამდენიმე რეგიონიდან მივიღე ამის შესახებ ინფორმაცია. ეს რომ ასეა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ „ევროქოცებისთვის“ მუშაობას რამდენიმე სერიოზულმა ადამიანმა დაანება თავი.
_ ვისზე საუბრობთ?
_ გვარებს არ ვასახელებ, ისინი თავის დროზე მიშა სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ. მერე დაინახეს, რომ „ევროქოცები“ უფრო სერიოზულები იყვნენ და მათ გვერდით დადგნენ, ახლა კი დაინახეს, რომ პარტიამ შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ გაუწიოს დახმარება. მათ არ სურთ იმაზე იმუშაონ, რამე რომ იყოს, მთელი ხმები ივანიშვილის პარტიისკენ წავიდეს. ეს პატიოსანი საქციელია. ამ ადამიანებს საქციელს ვუწონებ იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილს ვუჭერ მხარს.
მრავალი წელია, რაც ვმუშაობ და კარგად ვიცი, თუ რა არის „ქართულ ოცნებაზე“ უარესი. ამიტომაც ვუჭერ ივანიშვილს მხარს. მე მას საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს ვუწოდებ და ძალიან არ მომწონს, როცა მას ებრძვიან. მას ის ხალხი ებრძვის, რომელიც მაშინ ძარცვავდა ქვეყანას, როცა ბიძინა ქველმოქმედებას ეწეოდა. ივანიშვილი დღესაც ეწევა ქველმოქმედებას.
აბა, მოიკითხეთ, რას უდრის ბოკერიას ქონება? ეს ქონება ძალიან გაიზარდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. ამ ამბავში ესაა ყველაზე საინტერესო. სხვათა ქონებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
არჩევნებზე მივდივართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბოროტება ავირჩიოთ. პატრონი მოვა და ქვეყანას მიხედავს, _ ეს მომენტი აღარ არის. ივანიშვილმა არაერთხელ თქვა წყენით, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს ხალხს არ შესწევს იმის უნარი და ძალა, მის მიერ მოყვანილი ხელისუფლება გააკონტროლოსო. ივანიშვილმა შემდეგიც თქვა, _ მე რომ მოვინდომე პარტიის ლიდერად დაბრუნება, ძალიან ბევრ ჩემი თანაგუნდელი ამის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, მაგრამ არ ეყოთ რესურსი და შევძელი დაბრუნებაო. დასკვნები თავად გააკეთეთ.
შორენა მარსაგიშვილი