QronikaPlus
გიორგი გიუაშვილი: „ეს ოპოზიცია ხმებს ვერ დაიცავს“

გიორგი გიუაშვილი: „ეს ოპოზიცია ხმებს ვერ დაიცავს“

2020-10-02 07:36:54

ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები თავად ოპოზიციონერებსაც აღელვებს. ამის მიუხედავად, ბევრი არ აღიარებს, რომ ამ უთანხმოებამ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შექმნას არჩევნებზე. მოსალოდნელ გართულებებზე ხმამაღლა საუბრობდა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, გიორგი გიუაშვილი. მან პარტია ცოტა ხნის წინათ დატოვა. იგი ფიქრობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არაჯანსაღი პროცესები ვითარდება და თუ ოპოზიციამ ერთმანეთთან ქიშპს თავი არ დაანება, გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ დარჩება. მას არც იმის იმედი აქვს, რომ ოპოზიცია ხმების დასაცავად ქუჩაში გამოვა. ამაში ის მაშინ დარწმუნდა, როცა ოპოზიციამ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლა შუა გზაზე შეწყვიტა.

რატომ დატოვა ლეიბორისტული პარტია? რა ხდება ოპოზიციაში? რამდენი მაჟორიტარის გაყვანა შეუძლია ხელისუფლებას? რატომ უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში სუფთა და გაუსვრელი ადამიანები? უნდა ჰქონდეს თუ არა ამომრჩეველს იმის იმედი, რომ მათი ხმები დაცული იქნება? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ბორჯომის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, გიორგი გიუაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო გიორგი, თქვენ წლების განმავლობაში ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყავით. ცოტა ხნის წინათ ეს პოლიტიკური ძალა დატოვეთ. ლეიბორისტებისგან ადამიანები ხმაურით მოდიან ხოლმე, თქვენ რაღაც ძალიან ჩუმად წამოხვედით იქიდან.
_ ჩუმად იმიტომ არ წამოვსულვარ, რომ სათქმელი არაფერი მქონდა. ბევრი რამე შემეძლო მეთქვა, მაგრამ დუმილი ვამჯობინე. ამ დუმილს არც მომავალში დავარღვევ. ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვცემ პატივს, რადგანაც იმ პარტიაში წლები გავატარე. ვდუმვარ პარტიაში დარჩენილი ადამიანების გამოც, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. წამოსვლით იმიტომ წამოვედი, რომ პარტიულ ხელმძღვანელობასთან მქონდა უთანხმოება.
_ თქვენ შორის რაღაც უთანხმოება რომ იყო, ეს ჩვენთვის მოცემული ინტერვიუებიდანაც ჩანდა, მაგრამ მაშინ არ ამბობდით, რომ უთანხმოება იყო. რაზე ვერ თანხმდებოდით თქვენ და ლეიბორისტების ხელმძღვანელობა?
_ განსხვავებულად ვუყურებდით მთელ რიგ საკითხებს. შიდა და გარე მიმართულებებზე მე სხვა პოზიცია მქონდა, იმათ _ სხვა. ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი. აქედან გამომდინარე, პარტიიდან წამოვედი და ახლა ბორჯომის საკრებულოს დამოუკიდებელი დეუტატი ვარ.
2000 წლიდან მოყოლებული აქტიურ პოლიტიკაში შევედი. არც ერთი არჩევნები გამომიტოვებია, ყველაში ვმონაწილეობდი. ზოგჯერ წარმომადგენელი ვიყავი, ზოგჯერ _ დამკვირვებელი. ხან რომელიმე კანდიდატს ვუჭერდი მხარს. ამ არჩევნებზე სხვანაირად იქნება _ არ ვიცი, რა გავაკეთო.
_ 2020-ის არჩევნებზე დასვენება გადაწყვიტეთ?
_ დასვენება არ გადამიწყვეტია, მაგრამ იმდენად გამიჭირდა ლეიბორისტებიდან წამოსვლის შემდეგ, ვერ წარმოიდგენთ. პარტიებში გადახტომა-გადმოხტომა დიდად არ მიყვარს და არც მახასიათებს. რომც ყოფილიყო ეს ჩემი დამახასიათებელი თვისება, პარტიას ვერ ვნახავდი, სადაც შევიდოდი. არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იწვევს ჩემში სიმპათიას. რომელიმე მათგანში გაწევრიანება კი არა, ისეთი პარტიაც არ არის, რომ არჩევნებში მხარი დავუჭირო.
_ ასეთი საშინელი ოპოზიცია გვყავს, რომ ხმის მიცემაც კი არ შეიძლება რომელიმე მათგანისთვის?
_ კატასტროფული ვითარებაა ოპოზიციაში. ჩვენი საზოგადოება, პოლიტიკოსები და მედია ვერ გამოვიდნენ ძველი ჩარჩოებიდან. მედია და პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარ მრევლზე მუშაობენ და დანარჩენი უბრალოდ არ აინტერესებთ. ეს სიტუაცია ძალიან კარგად აისახება გამოკითხვებში, სადაც ნათლად ჩანს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ან არ მიდის არჩევნებზე, ან თუ წავა, არც ერთ პარტიას არ მისცემს ხმას და ყველას გადახაზავს. ოპოზიცია იმით იმშვიდებს გულს, რომ ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. მათ ადგილზე მე ასე არხეინად არ ვიქნებოდი.
_ რატომ არ იქნებოდით არხეინად? მიიჩნევა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები ოპოზიციისკენ მიდის.
_ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები ყოველთვის ოპოზიციისკენ არ მიდის. ახლაც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები ვერ ხედავენ ისეთ ძალას, რომელსაც შეიძლება, ხმა მისცენ. ამიტომაც არიან გადაუწყვეტელები. მოსახლეობის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ აგინებს და ძალიან გაუხარდება, თუ ბიძინა წავა, მაგრამ არც ოპოზიციას აკლებს ლანძღვას, რაც ძალიან გულს მტკენს. არც ოპოზიციას და არც ჩემს ყოფილ პარტიას არ მოსწონდა, ასეთ რამეებს ღიად რომ ვამბობდი, ყველას უნდა, რომ აქო, ადიდო და ტაში დაუკრა. თუ რაღაც არ მოგწონს და ამაზე ღიად საუბრობ, მათთვის მიუღებელი ხდები. შეიძლება, მტრადაც გამოგაცხადონ. სიმართლის მოსმენა არავს მოსწონს, არც ქოცებსა და არც ოპოზიციას.
პოლიტიკოსებს, რატომღაც, ჰგონიათ, რომ რაღაცებზე ან სულ გაჩუმდნენ, ანდა შელამაზებულად ილაპარაკონ. ცდილობენ, თავშეკავება გამოიჩინონ, რათა ვინმეს არ ეწყინოს. ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია. სამწუხაროა, რომ მოსახლეობა პოლიტიკური მონობის მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდა. ამიტომ ვერანაირად ვიტყვი, რომ დღევანდელი საზოგადოება ბრძენია. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი პოლიტიკური მონობის ქვეშაა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ამომრჩეველი ისევ „ქართული ოცნებისთვის“ აპირებს ხმის მიცემას.
_ საიდან იცით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ „ქართულ ოცნებას“ აძლვს ხმას?
_ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, ყოველდღიურად ვუსმენ მათ და ვიცი მათი განწყობები.
_ აბა, ოპოზიციის დიდი ნაწილი რატომ ამბობს, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს არჩევნები მოგებულიო?
_ არ ვიცი, რა აძლევთ ამის თქმის საფუძველს. არ ვიცი, ვისთან აქვთ ურთიერთობა და ვერც იმას ვხვდები, თუ რას ზეიმობენ წინასწარ. არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და პრემიერის პოსტს იყოფენ. ეს სატირალი რომ არ იყოს, ძალიან სასაცილო იქნებოდა. წინასაარჩევნო კამპანია კი არა, ნამდვილი მასკარადია გამართული. იმის მაგივრად, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდნენ, ერთმანეთს დაერივნენ. ეს გარედან ძალიან ცუდად ჩანს, რაც ამომრჩევლის თვალსა და ყურს ცუდად ხვდება. ამათ ქიშპსა და უბედურებას რომ უყურებენ, არჩევნებზე წასვლისგან თავს იკავებენ. ან მიდიან და ყველას ხაზავენ. ეს, საბოლოო ჯამში, ოპოზიცისთვის ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს.
_ ცუდ შედეგში რას გულისხმობთ? 2020-ის არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს?
_ „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ ამ არჩევნებში მათ დარჩეთ გამარჯვება. ამას ბორჯომის მაგალითზე გეუბნებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხთან მაქვს კონტაქტი და ვიცი მისი განწყობა. მოსახლეობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს ოპოზიციის შიგნით არსებული განხეთქილება. ეს ოპოზიციას ხმებს აკარგვინებს. ამასობაში „ქართული ოცნება“ აგროვებს ხმებს. ოპოზიციის მომხრეები მათ ხმებს არ მისცემენ, მაგრამ ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების სრული მობილიზაცია მოახდინოს.
_ ოპოზიცია რატომ ვერ შეძლებს ამომრჩევლის მობილიზებას?
_ როგორ უნდა შეძლოს? _ ერთმანეთს ებრძვიან. ერთი გაიძახის, _ დაავალე მიშასო, მეორე, _ გუგავა მოვაო, მესამე, _ ალეკო გისმენთო. ამას თავი დაანებეთ, ერთმანეთს ჭამენ თანამდებობების გულისთვის და რა ამომრჩევლის მობილიზებაზეა ლაპარაკი? საზოგადოებას კიდევ ბევრი რამე არ მოსწონს. მაგალითად ის, რომ გუბაზ სანიკიძე „ქართული ოცნებიდან“ „ნაციონალებში“ გადაბარგდა.
_ გუბაზ სანიკიძის ფერისცვალება საოცარია. საშინელი სიტყვებით ლანძღავდა სააკაშვილს და ახლა სააკაშვილის ხალხს გულში ჩაეკრა.
_ ამის შესახებ რამდენჯერმე ვთქვი და ოპოზიციურ წრეებში სერიოზული კრიტიკა დავიმსახურე.
_ გუბაზი იქით-აქეთ დარბის და კრიტიკა თქვენ დაიმსახურეთ?
_ ასე გამოვიდა. არადა, როგორ არ ვთქვა სათქმელი? _ წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს ლანძღავდა. მერე მოინანია, აღიარა, დამნაშავე ვარ, ბიძინას რომ ვუჭერდი მხარსო. ახლა სააკაშვილზე საუბრობს. „ნაციონალებიც“ აქებენ. გაიძახიან, ქართული პოლიტიკის მეტრიაო. განსაკუთრებით მისი საუბარი მოსწონთ.
_ საუბრით გუბაზი მართლა ლამაზად საუბრობს.
_ კი ბატონო. კარგად საუბრობს და ძალიან განათლებული ადამიანიცაა. მიმაჩნია, რომ ასეთი განსწავლული პიროვნება უსამსახუროდ არ უნდა დარჩეს, მაგრამ არ შეიძლება, რომ გამსვლელ სიაში ჩაწერონ. თან ამ პარტიაზე გუბაზი ისეთებს ამბობდა, რომ არ ვიცი. მე ისეთი რამეები მაქვს მოსმენილი, სასწაულია, პირდაპირ. ეს განცხადებები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არაა.
ამ თემაზე ოპოზიციაშიც ვისაუბრე და ვთქვი, რომ კარგით, გუბაზი განათლებულია, მოინანია, ბიძინა ივანიშვილის გვერდით რომ იდგა, გამოსწორდა, მაგრამ რატომ გამორიცხავენ, რომ გუბაზ სანიკიძეს კიდევ ჩაეძინება პარლამენტის სხდომაზე? ვინაა ამის გარანტი?
_ ჩაძინებას რა უჭირს, რა გარანტია აქვს ოპოზიციას, რომ გუბაზი კიდევ სადმე არ გადახტება კიდევ ერთხელ არ მოინანიებს ამჯერად იმას, რომ „ნაციონალებს“ დაუდგა გვერდით?
_ არც ამის გარანტია არის, ამიტომ იყო მისი გამოჩენა მიუღებელი. არც კახა ოქრიაშვილის ოპოზიციურ ბანაკში გადაბარგებას მივესალმები. პარტიებს რამდენიმე თვით ადრე სხვანაირად უნდა დაეწყოთ მოქმედება. წინა პლანზე მებრძოლი და გაუსვრელი ადამიანები უნდა გამოეყვანათ. ისინი უნდა გაეპიარებინათ და ამოექოქათ. ხალხი ძალიან იოლად მიიღებდა ახალ სახეებს. ძველი და გასვრილი სახეები ყველას ყელში აქვს ამოსული. სამწუხაროდ, აქცენტი ისევ ამ პოლიტნეხვზე კეთდება.
_ ოპოზიციონერი კოლეგები ამ შეფასებისთვის არაკორექტულობაში დაგდებენ ბრალს.
_ ვამბობ იმას, რაც რეალობაა. უკვე წლებია, ერთი და იგივე პოლიტნეხვი ტივტივებს. ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ კეთილდღეობა მხოლოდ ამ მოტივტივეების ოჯახებისთვისაა, ხალხზე არავინ ფიქრობს. ამომრჩეველი უკვე კარგად აფასებს ამ ვითარებას. დანახვა არ უნდათ პოლიტიკოსების. ყველა საშინლად ეზიზღებათ. ასეთი განწყობებია ხალხში და მერე ნუ გაუკვირდებათ, თუ არჩევნებზე ხმებს ვერ აიღებენ. ხმები რომც მიიღონ, მისი დამცველი არავინ არის.
_ ხომ გააფორმეს შეთანხმება, რომ ხმებს დაიცავენ? რატომ გეპარებათ ეჭვი?
_ რა მნიშვნელობა აქვს, ქაღალდზე რას დაწერენ? ეს საქმით უნდა დაამტკიცონ. საქმით ეს ვერ დაამტკიცეს. რამის თავი თუ ჰქონდათ, ივანიშვილისთვის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა წაეგლიჯათ. რამდენიმე თვე იდგნენ ქუჩაში. ეს მოცემული პირობა ვერ დაიცვეს და ხმებს დაიცავენ? ხმები რომ დაიცვა, ხალხი უნდა გამოიყვანო ქუჩაში. ქუჩაში ხალხი არ გამოვა. მანამდე იგივე ხალხი არჩევნებზე უნდა მიიყვანო, რომ შემოგხაზოს. ამ ხალხს კიდევ აღარ უნდა არჩევნებზე წასვლა. ასარჩევი, ფაქტობრივად, არავინაა.
_ გასაგებია, რომ ოპოზიცია ცუდია, მაგრამ ხალხი თავისი ნებით არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში? დავიჯერო, საერთოდ არაფერი აწუხებს? სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლარი გაიქცა და ეს მაინც გააპროტესტონ.
_ აქაც ოპოზიციამ უნდა იაქტიუროს. იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ბევრი ხალხი უნდა მივიდეს არჩევნებზე. როგორც წესი, ხელისუფლება მაშინ აგებს ხოლმე არჩევნებს, როცა ბევრი ამომრჩეველი მიდის. ხალხს უამრავი რამ აწუხებს, მაგრამ გარეთ მაინც არავინ გამოდის. დარწმუნებული ვარ, შეგნებულად შეიქმნა მსგავსი ვითარება. ხელისუფლება ასეთი პრინციპით მოქმედებს: ხალხი გაჭირვებაში ჩააგდე და იბატონე.
_ ერთხელაც ხომ შეიძლება, ხალხს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდეს. როდემდე გაუძლებს მოსახლეობა ამ მძიმე ყოფას?
_ გეთანხმებით, რომ ერთხელაც ამოუვა ხალხს ყელში ყველაფერი, მაგრამ ამ ვითარებაში მსგავსს რაღაცას არ ველოდები.
_ რატომ არ ელოდებით?
_ ამის წინაპირბები არ ჩანს. ოპოზიციის შიგნით კინკლაობა სერიოზულ შეფერხებებს იწვევს ხალხში. ოპოზიცია ერთიანი რომ ყოფილიყო, ხალხიც უფრო იოლად მიიღებდა გადაწყვეტილებას. ახლა ოპოზიცია ერთმანეთთან ბრძოლით არის დაკავებული.
_ გადამწყვეტ მომენტში ოპოზიციას ერთად დადგომა შეუძლია. 2003 წელსაც ასე მოხდა.
_ ოპოზიცია შეიძლება გაერთიანდეს, მაგრამ სოციალური ფონი ხელისუფლების შესაცვლელად გადამწყვეტი მომენტი არასდროს ყოფილა. მაინც პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი აწყობს ხოლმე რევოლუციებს. ჩვენი მოსახლეობა არ გამოდის თავისით. მას წინამძღოლი და კარგი ლიდერი სჭირდება. ისეთი ლიდერი, რომელსაც ხალხი გაჰყვება. ასეთი ლიდერი კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება.
_ რატომ გგონიათ, რომ არ გამოჩნდება?
_ იმიტომ, რომ არც პოლიტიკოსებს აინტერესებს ხალხის პრობლემები. საკუთარ თავზე ფიქრობენ მხოლოდ. ბრძოლა რომ სდომოდათ, ბოლომდე იბრძოლებდნენ პროპორციული სისტემისთვის. ახლა კი რა ხდება? ივანიშვილმა ძვალივით გადმოუგდო პრინციპი 120/30-ზე და ამ ადგილებისთვის ჭამენ და გლეჯენ ერთმანეთს.
ოპოზიცია რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს მაჟორიტარები პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი იყოს.
_ თქვენი პროგნოზით, ოპოზიცია რამდენ მაჟორიტარულ ოლქში მოიპოვებს გამარჯვებას?
_ 30 ოლქიდან, დაახლოებით, 5 ოლქში შეძლებს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი გამარჯვებას.
_ მხოლოდ 5 ოლქში?
_ ხუთიც თუ მოიგეს, კარგი იქნება.
_ პირველ ტურზე საუბრობთ თუ მეორეზე?
_ პირველ ტურზე. მეორე ტურამდე თუ მივიდა საქმე, ჩათვალეთ, რომ ოპოზიციას ყველა ოლქი წაგებული ექნება.
_ რატომ ექნება ოპოზიციას მეორე ტურში ყველა ოლქი წაგებული?
_ იმიტომ, რომ მეორე ტური აღარ ჩატარდება. არჩევნები იქნება პირდაპირი სპეცოპერაცია, სადაც „ოცნება“ ყველაფერზე წავა.
_ გააჩნია, პროპრციულ არჩევნებზე რა შედეგები ექნება ან ოპოზიციას ან „ქართულ ოცნებას“.
_ ამას გადამწტვეტი მნიშვნელობა ექნება. პროპორციულში „ქოცებმა“ 40% თუ დადეს, ეს ოპოზიციისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება. ეს ივანიშვილის პარტიას გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება.
_ თქვენი საუბრიდან აშკარად ჩანს, რომ დიდად იმედიანად არ ხართ განწყობილი.
_ უიმედოდ არ ვარ, მაგრამ წინასწარ როგორ ვიზეიმო გამარჯვება, როცა ვხედავ, რომ ძალიან რთულად არის საქმე? ოპოზიცია კი წინასწარ ზეიმობს და არჩევნებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს, რომ გამარჯვებულები არიან.
_ აბა, რა ქნან, გამოვიდნენ და იძახონ, ვაგებთო?
_ არა, არც ეს უნდა იძახონ. მოსახლეობაზე რაღაც გავლენას იქონიებს იმის ყვირილი, რომ ხელისუფლება დამარცხდება, მაგრამ დიდი მოლოდინები მაინც არ უნდა შეუქმნა ხალხს. ჯობია, უარესისთვის მოამზადო, ვიდრე რაღაც მოლოდინი შეუქმნა და მერე იმედები გაუცრუვდეს.
ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს ოპოზიცია: იგივე კახა ოქრიაშვილს დავუბრუნდები, _ მისი მიღება როგორ შეიძლებოდა? კაცი მთელი ცხრა წელი „ნაციონალებში“ იყო, 2012 წელს „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა და ახალ ისევ აქ დაბრუნდა. ამბობენ, რომ თავის ოლქში ბევრი ამომრჩეველი ჰყავს და მისი მოსვლა მომგებიანი იქნებაო. რაღაც კუთხით შეიძლება მომგებიანი იყოს მისი ფაქტორი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც არ მოიტანს კარგ შედეგს.
იგივე შემიძლია გითხრათ ჩოჩელზე. ისინი ხომ უპრინციპო, უიდეო ვაჭრები არიან. მათ წმინდა არაფერი გააჩნიათ. ამას ხალხიც ხომ ხედავს? და ეს ფაშისტი მილიონერები მხოლოდ თავისი ინტერესებისთვის იბრძვიან. რა გარანტიაც არ უნდა დაგიდონ, რომ ამდენ და ამდენ თანხას დახარჯავენ, შეიძლება, უფრო ბევრი წააგო. მათ შეიძლება, მაჟორიტარობა მოიგონ, მაგრამ მათმა ოპოზიციაში გამოჩენამ შესაძლოა, მთელი საქართველოს მასშტაბით 5 მანდატი დაგაკარგვინოს. ხალხი დასანახად ვერ იტანს ამ მედროვე მილიონერებს. არც გუბაზის იქით-აქეთ სიარული მოსწონთ.
_ ისე, გუბაზს კარგი ალღო აქვს _ 2003 წელს ტრადიციონალისტებთან ერთად ბურჯანაძე-ჟვანიას გუნდს შეეკრა, 2012 წელს _ ივანიშვილს და ახლაც მესამე ცდაზე მიდის.
_ სულ იქით-აქეთ დადის. შეიძლება, ძალიან კარგი ალღო აქვს, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია. მას შემდეგ, რაც ლეიბორისტებისგან წამოვედი, რამდენიმე პარტიიდან მქონდა შეთავაზება, მაგრამ არავისთან წავედი. ოპოზიციურად ვარ განწყობილი, მარამ იქით-აქეთ წოწიალი არ მინდა.
_ არჩევნებზე თუ წახვალთ?
_ აუცილებლად.
_ ოპოზიციას მისცემთ ხმას?
_ რა თქმა უნდა. მთელ ჩემს რესურსს მოვახმარ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლას. ჩვენს ოლქში გამარჯვების შანსი აქვს ვაჟა ჩიტაშვილს და მას დავუჭერ მხარს.
_ „ნაციონალების“ კანდიდატს?
_ მერე რა? მას აქვს გამარჯვების შანსი. „ნაციონალების“ პოლიტიკაში ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ ვაჟა ღირსეული კანდიდატია.
_ პარტიულადაც მათ მისცემთ ხმას?
_ პარტიულად არ ვიცი, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. დიდი ალბათობით, ყველა პარტიას გადავხაზავ. ჩიტაშვილს დავუჭერ მხარს და ოპოზიციასაც გვერდით დავუდგები. ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ „ქოცებმა“ უნდა წააგონ. იცით, რატომ უნდა წააგონ ქოცებმა? _ იქ რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოს, ის კაიტიპობას ვერ შეძლებს.
_ კარგი ადამიანი თუ არის, კაი ტიპობას რატომ ვერ შეძლებს?
_ „ქოცებში“ ეს გამორიცხულია. რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყო, პარლამენტში „ოცნებიდან“ თუ შეხვედი, ბიძინა ივანიშვილის ჩვეულებრივი მონა გახდები. მონები კარგი ტიპები ვერ იქნებიან, რადგან მონებს არავინ არაფერს ეკითხება. გადაწყვეტილების მიღებაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება