QronikaPlus
ფიქრია ჩიხრაძე:„ქართული ოცნება“ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღებს 30-35%-ზე მეტს“

ფიქრია ჩიხრაძე:„ქართული ოცნება“ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღებს 30-35%-ზე მეტს“

2020-08-07 08:17:43

„ქრონიკა+“ ესაუბრება „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ქალბატონ ფიქრია ჩიხრაძეს:

_ როდესაც მილიარდერი ივანიშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, არსებობდა ერთი ფარღალალა, ინფანტილური მოსაზრება, რომ რაკიღა მას ამდენი ფული ჰქონდა, ჩვენი ფული არაფერში სჭირდებოდა და არ დაიწყებდა ფულის კეთებას, ბიუჯეტის ძარცვას, ქვეყნის ყვლეფას. ამ ინფანტილურ მოსაზრებას სარფიანად იყენებდა ივანიშვილი, უხვ დაპირებებთან ერთად ეს იყო მისი პიარის ქვაკუთხედიც. მოვიდა ხელისუფლებაში და გამოჩნდა, რომ მილიარდების ქონა არაფერს ცვლის. აღმოჩნდა, რომ ამათ ბადალი არ ჰყავთ პრემია-დანამატების, ტენდერების თქვლეფაში. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტს ესენი შოულობენ თუკი ვინმეს უშოვია, ჩაძირულია ქვეყანა კორუფციის ჭაობში. ახლა ასპარეზზე გამოდის სხვა მდიდრების პარტია _ „ლელო“, მაგრამ ეს მითი უკვე დამსხვრეულია, აღარ გაქვთ ეს ფორა.
_ კარგია, რომ მითი დაიმსხვრა, რადგან ასეთი მითები მხოლოდ ცუდ სამსახურს უწევს ამომრჩეველს, რის შედეგსაც შემდეგ ჩვენ ვიმკით. რაც შეეხება „ლელოს“, იგი არ შექმნილა მხოლოდ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობით. ცხადია, „ლელოს“ შექმნას ბიძგი მისცა ანაკლიის უკიდურესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტის გაჩერებამ და ხაზარაძისა და ჯაფარიძის დევნამ სწორედ ანაკლიის გამო. მათ გადადგეს პირველი ნაბიჯი და იმ ნაბიჯმა განაპირობა მთელი რიგი პროცესები, მაგრამ აქ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი იმ განცდით, რომ ეს არ არის ერთი, ორი ან სამი ადამიანის პოლიტიკური ძალა. სწორედ ამ განცდის შედეგად ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული სხვადასხვა ჯგუფიც კი გაჩნდა. მართალი გითხრათ, უკვირთ კიდეც, რომ „ლელოში“ ვართ მემარჯვენეებიც, მემარცხენეებიც და გვიკიჟინებენ კიდეც, _ როგორ?
_ ჩვენ ვთქვით, რომ დაიმსხვრა მითი და ისიც, რომ ეს კარგია, მაგრამ ამ მითის მსხვრევამ შიშიც გააჩინა ფულიანების მიმართ და ეს მარტო ივანიშვილზე კი არა, ყველა პოლიტიკურ ძალაზე მოქმედებს, რომელიც ფულიანია. როგორ ფიქრობთ, „ლელოსთვის“ არ იქნება ხელისშემშლელი ეს გაჩენილი შიში ფულიანების მიმართ?
_ მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ აქ რამდენიმე ასპექტია: მხოლოდ ის მითი და მისი მსხვრევის გამო გაჩენილი შიში კი არა, ზოგადად, ისეთი დაპირებები იყო, რომ მათმა შეუსრულებლობამ ძალიან ჩააქნევინა ადამიანებს ხელი და რთულია ამ აპათიის დაძლევა. ეს ყველას ამოცანაა, მთელი ოპოზიციის, რადგან ამდენი განზე გამდგარი ამომრჩეველი, რამდენიც დღეს არის და ყველა კვლევა ამას ადასტურებს, არც ერთ პერიოდში არ ყოფილა. პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ ამომრჩევლის მინიმუმ ერთი მესამედი საერთოდ განდევნილია პოლიტიკური ველიდან. ხალხი განზეა, ზოგი აპათიის გამო, ზოგი მოტყუების გამო, ზოგს ხელი აქვს ჩაქნეული, ქვეყანაში არსებული უპერსპექტივობის შეგრძნება მოქმედებს. ჩვენ კი ვბრაზდებით იმ ხალხზე, ვინც თავის ხმას ხახვსა და კარტოფილზე ყიდის, მაგრამ ის ხალხი ფიქრობს, რომ ამ პოლიტიკისგან, არჩევნებისგან ის მაინც ვერაფერს იღებს და ხახვი და კარტოფილი მაინც მიიღოს. ეს არის უდიდესი გამოწვევა.
_ ბოდიში და ცალკე ხელისუფლებამ და ცალკე ოპოზიციამ რიგ ოლქებში ისეთი კანდიდატები წააყენა, იმათ არჩევას ხახვის არჩევა არ სჯობს?
_ … (იცინის) რაც შეეხება კონკრეტულად „ლელოს“ და მითის მსხვრევის შედეგად გაჩენილ შიშს, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევაა, მაგრამ, ჩემი აზრით, ის გამოწვევაა, რომელიც შეგიძლია აქციო შესაძლებლობად და ხალხს აუხსნა, რა ტიპის ბიზნესი აქვს ბიძინა ივანიშვილს, რა ტიპის ბიზნესმენია და საერთოდ არის თუ არა ბიზნესმენი და რა ტიპის ბიზნესმენია და რა ტიპის ბიზნესი აქვს მამუკა ხაზარაძეს. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს ხელს ვერ შევახებთ. არ ვიცით, კონკრეტულად რას უშვებს, რა პროდუქციას აწარმოებს იგი. არც ის ვიცით, რა უკეთებია აქამდე, ყველაფერი ბურუსითაა მოცული, მისი ანგარიშები სადღაც ოფშორებშია, ის ხან ინვესტორია ქვეყანაში, ხან ქვეყნის ბიუჯეტზე უფრო მეტი შემოსავალი აქვს და ამ საქართველოს მასშტაბისთვის უკიდურესად მდიდარმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მთელი ქვეყანა მისი საკუთრებაა. ხან მგონია, რომ გულწრფელად არ ესმის, რა პრეტენზიები გვაქვს მის მიმართ. ძალიან სახიფათოა, როდესაც ასეთი ადამიანი იღებს ხელში ძალაუფლებას, იმიტომ რომ მას საერთოდ არ ესმის ინსტიტუციების როლი,
_ კი მაგრამ, საზოგადოებას რა გარანტია აქვს, რომ ბიზნესიდან მოსული მამუკა ხაზარაძეც იგივე არ იქნება?
_ მამუკა და ბადრი იგივე ვერ იქნებიან, რადგან მათ აწყობილი ბიზნესი დატოვეს იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად ბიზნესის კეთება აღარ იყო შესაძლებელი. მათ საქართველოში აკეთეს ბიზნესი და უნდათ, საქართველოშივე იყოს ბიზნესის კეთების შესაძლებლობა უკვე სხვა ადამიანებისთვის, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესი წელში გაიმართოს, არ იყოს მონა, მუდმივად ხელისუფლებისა და ძალაუფლების წნეხს დაქვემდებარებული, რომ ბიზნესს ჰქონდეს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა. აბსოლუტურად განსხვავდება ეს ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ამოცანისგან, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ყველაფერი საპირისპირო _ დახურული, გაუმჭვირვალე, ყველაფერი ერთი ადამიანისა და კლანის ნებას დაქვემდებარებული, სადაც შეუძლებელია ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება. ასე რომ, ივანიშვილი და ხაზარაძე ერთმანეთის ანტიპოდები არიან და ამიტომაც ვერ იტანს ივანიშვილი ხაზარაძეს. მისთვის თეთრი ბიზნესი არ არსებობს, მისთვის არსებობს მხოლოდ კრიმინალური, დამალული ბიზნესი, სადღაც ოფშორებში მოქუჩებული, რაც იძლევა ფულის რეცხვისა და ქვეყნის მთავარი სიმდიდრეების უკანონოდ დაპატრონების საშუალებას. მე ერთი დღეც არ ვყოფილვარ ბიძინა ივანიშვილის მომხრე და მეამაყება ეს ამბავი. ჩემთვის იმთავითვე თვალსაჩინო იყო, რა შეიძლებოდა მოეტანა ქვეყნისთვის ამ ადამიანს თავისი ფსიქოტიპით. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ აი, თვითონ კი არ არის პოლიტიკოსი, კლასიკური გაგებით, მაგრამ ის ხელს შეუწყობს მრავალპარტიულობას საქართველოში, რადგან მრავალპარტიულ კოალიციას ქმნისო. მე მათ ვენიძლავებოდი, რომ ივანიშვილი არათუ მრავალპარტიულობას არ მოიტანდა, ერთპარტიულობასაც კი ვერ აიტანდა, რომ იქნებოდა ერთი კაცის მმართველობა და ასეც მოხდა. ყოველთვის ვგულშემატკივრობდი მრავალპარტიულობას, სტუდენტობიდან მოყოლებული სულ ეს სურვილი მაქვს, რომ საქართველოში რეალური მრავალპარტიულობა გაჩნდეს, არ იყოს პოლუსებს შორის ჩაკეტილი დაპირისპირებები, არ იყოს სულ რევოლუციამდე მიყვანილი სიტუაცია, რომ მერე ის მოიშორო და ამის იქით რომ აღარაფერია. ეს თავისთავად შობს სიძულვილს, დაპირისპირებას და ჩვენ ყველაფერზე ვიყოფით შუაზე, თემა არ არსებობს, რომელიც გვაერთიანებს. ბავშვების მკვლელობის თემაზეც კი გახლეჩილია აზრი, იმის მაგივრად, რომ ყველა ერთად ვიყოთ და ერთად დავამთავროთ ეს უბედურება. უნდა დასრულდეს ეს ყველაფერზე პოლარიზაცია, ეს პოლიტიკური უმწიფრობა. ეს მიზანი გვამოძრავებდა სწორედ მემარჯვენეებს. მემარჯვენეებმა, ისევე როგორც წინა პერიოდის პარტიებმა, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და დავიწრიტეთ, მივხვდით, რომ განახლება იყო საჭირო და მთელი ჩვენი რესურსი ჩავდეთ „ლელოში“, რადგან აქ დავინახეთ სერიოზული განახლებისა და სწორედ რეალური მრავალპარტიულობისკენ ნაბიჯის გადადგმის, ახალი ხალხის პოლიტიკაში მოყვანის შესაძლებლობა. მინდა, როგორმე გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, რომ საქართველო დადგეს დემოკრატიული განვითარების გზაზე, საიდანაც უკან შემოტრიალების შესაძლებლობა აღარ იქნება. „ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, უკან შემოგვატრიალა. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ქვეყანა მიდიოდა განვითარების გზით. ზვიად გამსახურდიას დროს დაიბადა სრულიად ახალი ქართული სახელმწიფო, რაც თავისთავად უდიდესი მოვლენა იყო. შევარდნაძის დროსაც კი, რაც არ უნდა აკრიტიკო ის პერიოდი, ჩვენ მივდიოდით მაინც განვითარების გზით, სააკაშვილის პერიოდში ოპოზიციაში ვიყავი, მაგრამ განვითარება ძალიან თვალში საცემი იყო. იმის მაგივრად, რომ ეს განვითარების პროცესი უფრო სწრაფად წასულიყო, თუ არა შენელებულად მაინც, ჯერ სრულიად გაჩერდა და შემდეგ სერიოზული უკუსვლა დაიწყო. არადა, თანამედროვე მსოფლიოში საკვანძო პერიოდი მწიფდება, უკიდურესად გადამწყვეტი პროცესი მიდის, ყველა ის არჩევნები, რაც ჩვენს 2020-ის არჩევნებს ემთხვევა მსოფლიოში, რაც ბოლო ორი წლის მანძილზე ჩატარდა ან თუნდაც მომდევნო 2 წელიწადში ჩატარდება, სერიოზულ მოლოდინებს შეიცავს, სრულიად სხვა ტიპის ფიგურები მოდიან წინა პლანზე, ზოგგან ეს ძალიან პრობლემურია, ზოგგან მოსალოდნელი იყო, ანუ ის დაწყობილი მსოფლიო წესრიგი, რომელიც აქამდე ხან მიზანმიმართულად, ხან ინერციით მიდიოდა, რაღაცნაირად აიჭრა და თითქოს თავიდან უნდა დალაგდეს ბევრი რამ. ასეთი დალაგების პროცესში, თუკი ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც ჩვენ ვართ, წარმოდგენილი არ იქნება ძალიან აქტიურად, ამბიციური გეგმებითა და პროექტებით, თუკი თავის საჭიროებას არ დაანახვებს ყველას, თუ კარგად არ „გაყიდის“ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს, ჩვენ შესაძლოა, მთლიანად ამ პროცესების მიღმა აღმოვჩნდეთ,
_ აღმოაჩნდა კი არა, დეკლარირებულად ამ განცხადებებით მოვიდა, რომ საქართველო არის პატარა სოფელი, არ უნდა იყოს გლობალური მოთამაშე, არ გაეჩხიროს არსად არავის და ა. შ.
_ დიახ, მისი აზრით, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა, რომ არ გავეჩხიროთ ყელში არავის და ზედმეტად თვალში არ უნდა მოვხვდეთ არავის. დაუშვებელია, არ შეიძლება ეს იყოს საქართველოს პოლიტიკა. პირიქით, ჩვენ მართლა თვალშიც უნდა გავეჩხიროთ ყველას, თუ საჭიროა, ყელშიც უნდა გავეჩხიროთ და რაც მთავარია, კომფორტული პარტნიორი უნდა ვიყოთ საერთაშორისო სამყაროსთვის. ამის არანაირი შანსი არ გაგვაჩნია „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პირობებში. დროის დაკარგვის ფუფუნება ახლა საქართველოს აღარ აქვს. უსწრაფესი ნაბიჯებია გადასადგმელი, უნდა ჩავეჭიდოთ გლობალურ იდეებს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გეოსტრატეგიულ და დიდ ეკონომიკურ პროექტებს. ჩინეთის პრობლემამ ძალიან შეაწუხა დიდი ქვეყნები, რომლებსაც იაფი მუშახელის გამო წარმოებები ჰქონდათ გადატანილი იქ და ახლა ჩინეთში ბოლო პერიოდში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ბევრი შიში გააჩინა, რამაც განაპირობა ის, რომ დიდი კომპანიები ახალი ადგილების ძებნას იწყებენ. ამ პროცესში საქართველო შესაძლოა, უცებ აღმოჩნდეს მართლაც ოქროს აქციებით ხელში.
_ კი მაგრამ, აქ ვინ მოინდომებს შემოსვლას? ვინცაა, ისინიც გარბიან ან გაქცევისკენ უჭირავთ თვალი.
_ მართალს ამბობ. მაშინ, როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს ანაკლიის პროექტზე, ამით უარს ამბობს არა მარტო ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, არამედ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ ზრდაზე. აქ ერთ და ორპროცენტიან ზრდაზე არაა ლაპარაკი. ლაპარაკია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის უსერიოზულესად ზრდაზე. როდესაც ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს, ეს არის გაცხადებული ღალატი და მკაფიო სიგნალი დანარჩენი ინვესტორებისთვის. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება სტრატეგიულად აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესს და ისტორიულ არჩევანს. ეს უნდა დამთავრდეს, ქვეყანა უნდა დაადგეს განვითარების გზას, უნდა მივაღწიოთ რეალურ მრავალპარტიულობას და როდესაც ხელშესახები კონკურენცია და რამდენიმე პოლიტიკური ძალა იქნება, ისინი ვალდებული გახდებიან, ერთმანეთს დაელაპარაკონ და ქვეყნის გადარჩენაზე იფიქრონ. სრულიად სხვა რეალობაში გავიღვიძებთ და აღარ იქნება იმის მოთხოვნილება, რომ მუდმივად ერთმანეთი ვხოცოთ. პოლიტიკური ბრძოლა გადაიქცა ურთიერთგანადგურების ბრძოლის ველად. ეს აღარაა პოლიტიკური ბრძოლა, გამარჯვებულს მუდმივად უნდა, რომ დამარცხებული გაანადგუროს. ამ დროს გუშინდელი გამარჯვებული ხვალ შეიძლება, დამარცხებული იყოს,
_ გეთანხმებით, რომ ეს სიძულვილი და პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ეს ტემპერატურა ასე მაღალი ვერ არის, აქ, ამ ქვეყანაში, არც ხდება ძირეული ცვლილებები და ხელისუფლებაში რჩება ის, ვინცაა.
_ ქათმისა და კვერცხის ამბავია. დაპირისპირება მაღალი გრადუსით უნდა იყოს, მაგრამ არა _ განადგურების სურვილით გაჟღენთილი, ამით ქვეყანა ზიანდება.
_ თქვით, რომ ერთი დღეც არ ყოფილხართ ივანიშვილის მომხრე, კონკრეტულად საიდან მიხვდით, რომ არანაირი ხეირი ამ ქვეყანას ამ კაცისგან არ ექნებოდა?
_ მივხვდი, ჯერ ერთი, იმით რომ ადამიანი ძალიან დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა პოლიტიკაში მოსასვლელად, თან საკმაოდ ჭკვიანურადაც. ინვესტიცია ჩადო სწორედ იმ სფეროებში და იმ პერსონალიებში, რომლებიც საარჩევნოდ გამოადგებოდა. სანაცვლოდ მოითხოვა პოლიტიკური მხარდაჭერა და ამოიღო კიდეც ჩადებული. თან მოითხოვა ვერაგულად. ყველას მიავიწყდა, მაგრამ მან გამოაქვეყნა დეტალური სიები, ვინ რამდენს იღებდა მისგან. ეს იყო პირდაპირ მოთხოვნა იმისა, რომ ამ ხალს მისთვის მხარი უნდა დაეჭირა. ძალიან ცოტა ადამიანი ვიცი, ვინც უარი თქვა. არადა, თავის დროზე, ეს ყველაფერი საზოგადოებას ისე მიეწოდებოდა, რომ ეს დახმარება იყო უანგარო, საბოლოოდ კი ასე გაცხადდა ეს უანგარობა, მთელმა ქვეყანამ გაიგო, ვინ რამდენს იღებდა. გარდა ამისა, გახსოვს შენ, პირველი წერილებიც და პირველი ინტერვიუებიც, რომლებიც ძალიან ცხად საფუძველს იძლეოდა იმისას, რომ ზუსტად დაგენახა, ვისთან და რა მოვლენასთან გქონდა საქმე.
_ გულისხმობ მის „ანალიზებს“ ფროიდზე, ნიცშეზე, იუნგზე?
_ დიახ, დიახ.
_ ეგ მარგველაშვილთან დიალოგების ბრალი იყო, მისი საუბრებიდან ეგ აბდაუბდა გამოიტანა.
_ არა მარტო მარგველაშვილის. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც მას ფროიდსა და იუნგზე ესაუბრებოდა და მერე მიყვებოდნენ, თურმე ამიტომ აინტერესებდა ეს თემები, რომ რაღაცა კონსპექტები ეკეთებინა თავისთვის და მერე ამ სახით აბდაუბდად მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. ეს იყო ადამიანი, რომელსაც, ჩემი შეტყობით, სჭირდა კლასიკური მეგალომანია. მადლობა ღმერთს, რომ პოლიტიკაში არ დამემართა სიძულვილით დაბრმავება და იმის გამო, რომ წინა ხელისუფლება მიუღებელი იყო, მასზე უარესთან არ დამიწყია თანამშრომლობა.
_ ისე, გქონდათ მისგან შეთავაზება თანამშრომლობაზე?
_ კი, იყო ასეთი შემოთვლები, პერსონალურადაც, მათ შორის, მაგრამ მე არასოდეს განმიხილავს ეს ამბავი. წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ოდესმე ვყოფილიყავი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი. მიუხედავად ამისა, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, სულ ვფიქრობდი, იქნებ, ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, რომ თავი დაეღწია პუტინის კლანჭებისთვის, ამ ფორმით დააღწია თავი და ახლა, იქნებ, მოინდომოს, რომ საქართველო ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბდეს, ემსახუროს თავის ქვეყანას-მეთქი. ამის ილუზია არ მქონია, უბრალოდ, გაფაციცებით ვადევნებდი თვალს, იქნებ, ასეთი რამ დამენახა. სულ ტყუილად!
_ იყო მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილი არ შეეცდებოდა არჩევნების გაყალბებას, ისე ჩაატარებდა არჩევნებს და შემდეგ ამდენი გასული პარტიიდან იყიდიდა ცალკეულ დეპუტატებს და უმრავლესობას შეკრავდა, ვეღარც დასავლეთს ექნებოდა პრეტენზია და ვეღარც აღმოსავლეთს _ წააგო არჩევნები და ვის აქვს აკრძალული, შემოიკრიბოს „თანამოაზრეები“? მართალია, წლების მერე მათ ქვითრებსაც ააფრიალებდა, ვის რამდენად იყიდდა, მაგრამ, ამ ეტაპზე, თავისას გაიტანდა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დეპუტატების სათითაოდ ყიდვის საფრთხე?
_ მე ერთი მჯერა მყარად: ბიძინა ივანიშვილი არ გააყალბებს კი არა, მას არ გააყალბებინებენ. არ გააყალბებინებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. შენც დიდი ხანია ადევნებ თვალს პოლიტიკურ პროცესებს და მე ამ პოლიტიკურ პროცესებში ვარ. დასავლეთის ასეთი აგრესიულად გაცხადებული ზეწოლა ჩვენ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ გვახსოვს. ბეიკერის ფორმულა რომ ვერ განხორციელდა, მაშინაც კი ძალიან დიპლომატიურად ელაპარაკებოდნენ შევარდნაძეს, მთელი შესავლებით, რომ უდიდეს პატივს ვცემთ თქვენს მოღვაწეობას, ღვაწლს მსოფლიო დემოკრატიულ პროცესებში და ა. შ. აქ მხოლოდ ლაპარაკობენ იმაზე, რომ საქართველოს არ ეკუთვნის ეს, რაც დღეს აქ ხდება. ეს ხალხი მოცლილი კი არაა, ყოველდღე რომ განცხადებებს აკეთებს საქართველოზე. ივანიშვილისთვის ეს არის გაფრთხილება. მან ზუსტად იცის, რომ ისეთ რამეს ემუქრება საფრთხე, რაც მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია და ეს არის მისი ქონება და მისი ფინანსები. ვფიქრობ, რომ ეს ზეწოლა გაჭრის, რაც გარანტი იქნება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ მოახერხებს არჩევნების გაყალბებას და „ქართული ოცნება“ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღებს 30-35%-ზე მეტს, რაც იმ წუთშივე სათავეს დაუდებს მის შიდა რღვევას. ნამდვილად არ იქნება ის სურათი და განწყობა, რომ ბიძინას 30-35% ჰყავს და ახლა სხვების შემომტკიცებას დაიწყებს. ჩვენ ხომ ვიცით, ის ადამიანები რის საფუძველზე არიან იქ? სწორედ ისინი იქნებიან ბიძინა ივანიშვილის ყველაზე აგრესიული მამხილებლები. ამაში ეჭვი არ მეპარება. მე სხვა რამის მეშინია, _ პანდემიური სურათის, რომელიც შესაძლოა, ბუნებრივად გაჩნდეს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ ხელოვნურ მანიპულაციებსაც მიმართოს ხალხის დასაზაფრად და არჩევნების გადასადებად. მეორე საფრთხე არის ფული, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს და ძალიან ბევრს გაიღებს. არ ვიცი, ეს მისი ფული იქნება თუ მისი გარემოცვის შავი ფულის ყულაბიდან გაცემული, მაგრამ საარჩევნოდ ისინი საკმაო თანხას გაიღებენ, თუმცა არც ეს უშველით. დგება რაღაც მომენტი, როდესაც აღარც თანხა ჭრის, იმიტომ რომ ლოგიკური დასასრული აქვს ყველაფერს. ორი ვადა ძალიან დიდი ვადაა, მეტი ვერ გაძლო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამაც კი, რომელსაც ბევრი რეფორმა ჰქონდა განხორციელებული
_ მოხდა საზარელი მკვლელობა, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი მობილიზებულია 19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის ჩასაფარცხად. მათი მცდელობის მიუხედავად, მედიამ ფარდა ახადა და ყველას, საზოგადოებას დაანახვა, რომ არანაირი ჩარბენა და გადავარდნა იქ არ ყოფილა. მედიამ პრინციპული პოზიცია გამოავლინა. მედია აქტიურობდა „გირგვლიანის საქმის“ დროსაც, მაგრამ მაშინ მასთან ერთად იბრძოდა გირგვლიანის დედა _ ირინა ენუქიძე, იბრძოდა მთელი ოპოზიცია. ახლა მედია მარტოა ბრძოლაში. ოჯახი გამოძიებას ენდობა. ეს მათი არჩევანია, მაგრამ მე მაინტერესებს, რით არის გამოწვეული პოლიტიკური სპექტრის, ოპოზიციის სიჩუმე, რომელიც ფრთხილად, მოკრძალებულად დგას მესერს იქით?
_ გეთანხმებით, მედიამ ფანტასტიკურად იმუშავა და მუშაობს, ყოველდღიურად ააშკარავებს ახალ ხარვეზს და ძიებას იძულებულს ხდის, რაღაც ნაბიჯები გადადგას. გეთანხმები, რომ მაშინ ქალბატონი ირინას ფაქტორი უმნიშვნელოვანესი იყო, მისი ბრძოლა შთამბეჭდავი გახლდათ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ პოზიციას, რასაც დაიკავებს გარდაცვლილის ოჯახი. ტრაგედია მათ ოჯახში დატრიალდა, მაგრამ ეს პატარა ბიჭი მხოლოდ მათი კი არა, ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა. ძალიან მიჭირს ემოციის გარეშე მასზე საუბარი. ჩვენიანი გახდა ეს ბავშვი. ვხედავთ მის ფოტოს, მის ღიმილს. ასეთ ბანალურ, ტრაგიკულ ვითარებაში მოკლეს ახალგაზრდა, რომელსაც დიდი მომავალი ელოდებოდა წინ. შეიძლებოდა, საქართველოსთვის მართლაც მნიშვნელოვანი ადამიანი ყოფილიყო. გეთანხმები, მაშინ ქალბატონი ირინა და პოლიტიკოსები ვიყავით წინა პლანზე და მახსოვს, სულ მაგას დაგვძახოდნენ, _ ნუ სპეკულირებთ. დღეს მედიას ამას ვერავინ ეუბნება, მაგრამ თუ პოლიტიკოსები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში, პოლიტიკოსებს ამას ეტყვიან და გამოიყენებენ.
_ სპეკულაციებში მედიასაც ადანაშაულებენ იმის გამო, რომ ქოცტროლებმა რამე არ თქვან და ამიტომ უნდა გაჩერდეს ოპოზიცია?
_ არა, მერწმუნე, საზოგადოებისთვისაც უფრო საინტერესოა და უფრო სანდოა, როდესაც ამას ჟურნალისტები აკეთებენ, თორემ პოზიციას პოლიტიკოსებიც გამოხატავენ მუდმივ რეჟიმში. უბრალოდ, მედიას წამყვანი პოზიცია უკავია და ეს მხოლოდ კარგია პროცესისთვის. საზოგადოებასაც და პოლიტიკოსებსაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მედიისთვის. ძალიან სერიოზული პროცესი წარმართა მედიამ, იმდენი კვანძი გაიხსნა და გამოაშკარავდა, ძალიან გაჭირდება ამ თემის ისევ მიფარცხვა.
_ გასაგებია, კონკრეტულ საქმეზე ცხადია, ჯობს, მედიამ ფაქტებით ისაუბროს, მაგრამ როდესაც მკვლელობები ასე მიჯრით ხდება, ოპოზიციამ არ უნდა აიმაღლოს ხმა კრიმინოგენურ ვითარებაზე? რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ამ თემაზე არ პედალირებენ?
_ მაგას ვერ იტყვი, რეზო, რომ არ პედალირებენ, აქციებიც გვქონდა და ყველა პოლიტიკურ ეთერშიც ვსაუბრობთ ამ თემაზე. რაღაც ეტაპზე კიდევ უფრო გამწვავდება შეფასებებიც. სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა. ქურდული სამყარო დააბრუნეს ასპარეზზე, ციხეშიც და ციხის გარეთაც. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების უდიდესი დანაშაულია ის, რომ ქურდული სამყარო დააბრუნეს არჩევნების პროცესში და 21-ე საუკუნეში ვიღაც ძველი ბიჭებით და ძველი გაგებით უნდათ ამომრჩეველზე ზემოქმედება. არ ვიცი, ეს ქურდული გაგება რა უბედურებაა! ვერ ამომიხსნია, რა ფსიქოლოგიის არიან ის რაღაც ადამიანები, ადამიანის სახე რომ არ გააჩნიათ. გუშინაც რაღაც სატელეფონო ჩანაწერი იყო, საუბრობდნენ ცხოველის ყაიდის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაღაც ბერკეტები და გავლენა აქვთ და საზოგადოებას რამე უნდა უკარნახონ! როგორ შეიძლება, რომ ეს დაუშვას საზოგადოებამ? სპორტსმენებიც, რომლებსაც თავისი გამარჯვებით სიხარული უნდა მოჰქონდეთ ოჯახებსა და ქვეყანაში, იმის მაგივრად, რომ ხალხს სიხარული მიანიჭონ, ხალხისთვის უბედურება მოაქვთ.
_ გახდნენ „კუნთები გამოძახებით“.
_ ეს მართლაც წარმოუდგენელი ამბავია, დისკრედიტაციაა საერთოდ სპორტის და უდიდესი დანაშაულების წყებაა, რომელიც ცხადი ნიშანია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცმნების“ ხელისუფლებაში დატოვება აღარ შეიძლება. ეს კრიმინალური დაჯგუფებები და კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები ისე და იმდენად არიან შეზრდილები სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომ ერთად უნდა ჩამოაშორო ხელისუფლებასა და ძალაუფლებას.

რეზო შატაკიშვილი

გაზიარება