ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025
2020-07-25 07:00:01
ალბათ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება, პრეზიდენტმა სახალხო დამცველს სთხოვოს დახმარება, _ მაბულინგებენო. იმ პრეზიდენტმა, რომლის განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქართველი სამხედროების წინააღმდეგ მიცემული ჩვენებებია, რომელსაც რუსეთი ხშირად აფრიალებს. ბულინგის მსხვერპლი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ გაკეთებული არაადეკვატური განცხადებების გამო გახდა. მას მიაჩნია, რომ ის ბრწყინვალე ქართულით საუბრობს და მედიას მისი ენა არ ესმის. ზურაბიშვილის გოდება ბულინგთან დაკავშირებით სასაცილოდ ეჩვენება ლეიბორისტული პარტიის წევრ ბეჟან ნათელაშვილს.
რა პრობლემებს უქმნის ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი? რა არჩევანის წინაშე დადგება ივანიშვილი? რატომ არ ადარდებს ამერიკისა და ევროპის აღიარებულ „შალიკოს ფანჩატურს“ კრემლის აგენტების აზრი? რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“? რისთვის არის მზად ოპოზიცია? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება:
_ ბატონო ბეჟან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სახალხო დამცველს მიმართა, რამე იღონეთ, საქართველოს პრეზიდენტს აბულინგებენო. გაგიგიათ, რომ სადმე სახალხო დამცველი პრეზიდენტს იცავდეს? ან რაში გამოიხატება პრეზიდენტის დაბულინგება? პრეზიდენტებს ნებისმიერ ქვეყანაში აკრიტიკებენ, მაგრამ შველა ჯერ არავის უთხოვია.
_ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და ის ვალდებულია, დაიცვას ყველა, ვინც შეიძლება, ბულინგის მსხვერპლი გახდეს. მარტო სახალხო დამცველისთვის გაგზავნილი მიმართვიდანაც ჩანს, თუ რა დონის გაუგებრობაშია ეს ქალი მოხვედრილი. სალომე ზურაბიშვილს გააზრებულიც კი არ აქვს, თუ რას ნიშნავს იყო ქვეყნის პრეზიდენტი. ის ამ თანამდებობაზე იმ პროცესის შედეგად დასვეს, რომელსაც არჩევნების გარდა ყველაფერი ერქვა.
სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ქვეყნის სირცხვილი. ამასთან, ის არის მოსიარულე ნაღმი, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქდეს. კაცმა არ იცის, სად რას დააბრეხვებს. თავისი უგუნური განცხადებებით აზერბაიჯანთან უკვე შეგვიქმნა პრობლემები. რა უნდა ვილაპარაკო იმ ქალზე, რომელიც 19 წლის ბიჭის მკვლელობაზე იტყვის, _ ჯგუფური ჩხუბი ვაჟკაცობა არაა, ერთი ერთზე რომ ეჩხუბათ, კიდევ ჰოო. არადა, სამაგალითოდ უნდა გმობდეს ძალადობას. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტია, ის არის შვილების დედა.
_ მისგან გაგიკვირდათ ეს განცხადება? ეს ხომ ის ქალია, რომელიც ლობიოს საჭმელად წავიდა ღამის 11 საათზე მაშინ, როცა ახალგაზრდები პარლამენტის წინ ყინვაში აქციას მართავდნენ? ეს ის ქალია, რომელიც ამბობს, რომ, რატომღაც, ხალხზე მაღლა უნდა იდგეს.
_ არ გამკვირვებია. თავხედი და უტიფარი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ვინმემ არ მისაყვედუროს, ქალზე რას ამბობო. რა შუაშია ქალი, თანაც სულ გენდერულ თანასწორობაზეა საუბარი. კიდევ გავიმეორებ: ეს არის თავხედი და უტიფარი ქალი, რომელიც ქვეყნისა და მისი ნებისმიერი მოქალაქისთვის საფრთხის შემცველია. მისი ნებისმიერი განცხადება შეიძლება, დიდ პრობლემად გადაიქცეს.
_ მისი განცხადებები საფრთხის შემცველი ნამდვილად არის. მის მიერ დაწერილი წიგნის საფუძველზე შესაძლოა, ქართველ სამხედროებს ოსების გენოციდის მოწყობაში დასდონ ბრალი.
_ ეს წიგნი მას შემთხვევით არ დაუწერია. არც აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქვს გაკეთებული ის უგუნური განცხადებები შემთხვევით. მოგეხსენებათ, რომ მთელი ჩვენი ხელისუფლება „ეფესბეს“ ფილიალია, რომელიც პირადად პუტინს ექვემდებარება. ამ ფილიალის საბოლოო მოზანია საქართველოს დაბრუნება რუსეთის წიაღში. სხვანაირად ამ ხელისუფლების ქმედებებს ვერ ავხსნი. ოსები და ოკუპანტები უკვე წლებია, ჩვენს მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან იტაცებენ. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისგან“ ერთი ხეირიანი პროტესტიც კი არ მოგვისმენია. ისევ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აპროტესტებენ. ესენი კი რუსიანობა-ოსიანობას გაგებით ეკიდებიან.
_ გია ვოლსკი გატაცებებზე ასეთ რამეს ამბობს, _ ოკუპაცია სხვა კი არაფერია: ზოგს გაიტაცებენ, ზოგს დაჭრიანო.
_ ვოლსკი ის პიროვნებაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს არაფრით ჩამოუვარდება, მასაც საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახალვთ. ეს პერსონაც ძალიან სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს. ის კიდევ რა საშინელი ჰყავთ „ოცნებაში“, თმაკულულა ბიჭი რომ არის. მას მე კობახისთავიანიძე შევარქვი. ხისთავიანი რომ არ იყოს, ისეთ რამეებს არ იტყოდა, რასაც ეგ ამბობს.
დღეს საქართველო დენთის კასრზე ზის. ეს იმ ხალხის დამსახურებაა, რომელიც მართავს ქვეყანას. სახელმწიფო ჩამოშალეს, ბიუჯეტი გამოხრეს, ეკონომიკა მინუსებში გადაიყვანეს.
_ ეკონომიკის მინუსებში გადაყვანას კორონაპანდემიით ხსნიან.
_ კორონა სად იყო, ამათ ეკონომიკა მინუსებში რომ გადაიყვანეს. თან ახლა ხომ გადაიარა ამ კორონამ და რამე მოიმოქმედონ. მთელმა მსოფლიომ მოხსნა შეზღუდვები. მხოლოდ საქართველო იყო, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ კორონა ამათ ტუზივით დაეცა და რა გასაკვირია, რომ საკუთარ თავზე მოირგებნდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ცოტა ხანში ისევ აპირებენ კორონას ახალი ტალღის აგორებას და ამ თემის სათავისოდ გამოყენებას.
_ რას ნიშნავს კორონას ახალი ტალღის აგორება?
_ როგორც კი დასავლეთიდან კრიტიკული წერილი მოვა, მეორე დღესვე ვიგებთ, რომ კორონაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ასეთი ტრიუკი რამდენჯერმე ჩაატარეს _ ეს არის იმის წინაპირობა, რომ ამათ საარჩევნოდ შეიძლება ძალიან დიდი შეზღუდვები დააწესონ და გარეთაც კი არ გამოგვიშვან.
_ ხალხი თუ გადაირია, არანაირი შეზღუდვა აღარ გააჩერებს მას.
_ ხალხს მართლა საშინელება გამოატარეს და ამას მეორედ ვეღარ გადაიტანენ. მთელი სამი თვე სახლში ჰყავდათ მოსახლეობა გამოკეტილი. მათი მოწოდება ასეთი იყო: დარჩით სახლში და მოკვდით შიმშილით! ასეთი რამ რომ აღარ განმეორდეს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობით მოსვლა აღარ უნდა დავუშვათ. უმრავლესობით ისედაც ვერ მოვლენ, ასეთ შედეგს ვეღარ დადებენ, სულ რომ ყირაზე გაიარონ.
_ რატომ გგონიათ, რომ ასეთ შედეგს ვერ დადებენ?
_ ამას ხალხი აღარ მოითმენს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რაც გააკეთეს, ამ არჩევნებზე ამის ნახევარიც რომ იკადრონ, თავზე დაემხობათ ყველაფერი. გაყალბებულ არჩევნებს არავინ აღარ ცნობს. აღსანიშნავია, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილის არჩევნების შემდეგ გაოცდა ამერიკა და წამოვიდა იქიდან წერილი წერილზე, უსტარი უსტარზე და ა. შ. ვაშინგტონი ღიად მიანიშნებს, რომ ის აღარ გაატარებს ისეთ უტიფრობას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2018 წელს იკადრა.
_ ერთია, რას ამბობს ამერიკა და მეორეა, რას გეგმავს ხელისუფლება. თქვენი აზრით, დასავლეთიდან მოსული გაფრთხილებების შემდეგ იკადრებს ხელისუფლება უტიფრობას ამ არჩევნებზე?
_ რას არ იკადრებს? რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოლაპარაკებების მაგიდიდან აგვაცალეს გიგი უგულავა. მანამდე სულ ტყუილად დაიჭირეს ირაკლი ოქრუაშვილი. რის გამოც ის დაიჭირეს, ნებისმიერი ჩვენგანი უნდა აღმოჩენილიყო გისოსებს მიღმა. ჩვენ ერთად ვაპროტესტებდით გავრილოვის თბილისში ჩამოსვლას. პოლიტპატიმრები ძლივს გამოვაშვებინეთ და ახლა კიდევ ერთხელ უპირებენ დაჭერას. გიორგი რურუას გამოშვებაზეც უარს ამბობენ. არადა, 8 მარტის შეთანხმებით ისიც უნდა გამოსულიყო საპატიმროდან. სამგლე გოჭივით არის „ოცნება“ ატეხილი და წარმოდგენა არ მაქვს, რისი ან ვისი იმედი აქვს? კაციშვილი მაგათ აღარ უჭერს მხარს.
_ ვიღაცის იმედი რომ არ ჰქონდეთ, ალბათ, ასე არ ითავხედებდნენ. მეოცნებეები ძალიან თავდაჯერებულები ჩანან.
_ არ მგონია, რომ თავდაჯერებულები არიან, ეს მდგომარეობა უფრო აგონიას ჰგავს. მათი ერთადერთი იმედი ახლა რუსეთია. 2004 წელს ასლან აბაშიძეც რუსების იმედით იყო. ფიქრობდა, რუსული ტანკები მომეხმარებიან და აჭარის რეგიონს ჯიბეში დავიტოვებო. ბიძინაც ალბათ ფიქრობს, რომ მას რუსული ტანკები მიეხმარება. არადა, ამის იმედი სულ ტყუილად აქვს.
_ რატომ?
_ რუსეთი გადამწყვეტ მომენტში უკან იხევს ხოლმე. ასლან აბაშიძის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მართალია, თავიდან ააფეთქეს ხიდები ჩოლოქზე, მაგრამ ძალიან მალე დამოკიდებულება შეცვალეს. მეტიც: მოსკოვიდან კაცი აფრინეს, რომელმაც აბაშიძე საქართველოდან წაიყვანა.
_ აბაშიძე აჭარის მმართველი იყო, ივანიშვილი კი საქართველოს მართავს. მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ მაინც მართავს. რუსები მის დასაცავად უფრო გამოიდებენ თავს.
_ არა მგონია, მოსკოვმა ერთი რიგითი ოლიგარქის გამო დასავლეთთან კიდევ უფრო გაიფუჭოს საქმე. მათი ეკონომიკა ისედაც ჩამოშლილია და კიდევ სანქციები უნდათ? რუსეთი, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობს, რუსეთს დღეს პუტინის პირადი ბანდები მართავენ. ასეთი მართვის სისტემა აქაც ნელ-ნელა გადმოდის _ ივანიშვილი ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა მისმა პირადმა ბანდებმა მართონ. როგორც თავში უკვე გითხარით, უნდათ, რომ საქართველო რუსეთის გუბერნიად აქციონ. ამას ვერც რუსეთი და ვერც ბიძინა ვერ ეღირსებიან.
ივანიშვილი აუცილებლად წავა დათმობაზე. მაგას არც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უნდოდა, ერთხელ ჩააგდებინა კიდევაც „მეამბოხე“ მაჟორიტარებს, მაგრამ დასავლეთის ზეწოლით იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო. ევროპისა და ამერიკის დახმარებით პროპორციულთან მიახლოებული არჩევნები მივიღეთ. კარგი იქნებოდა, სრულად პროპორციული წესი მიგვეღო, მაგრამ ეს არ გამოვიდა. მაჟორიტარებთან განშორება ყველა ხელისუფალს უჭირდა საქართველოში. ეს მახინჯი სისტემა არც შევარდნაძემ გააუქმა და არც _ სააკაშვილმა.
თავიდან მარტო ჩვენ, ლეიბორისტები ვამბობდით, რომ ეს იყო მახინჯი სისტემა და მის გაუქმებას ვითხოვდით. ამ საკითხში ოპოზიციაში მხარდამჭერები მაშინ არ გვყავდა. დროთა განმავლობაში მთელი პოლიტიკური სპექტრი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს მახინჯი სისტემა უნდა გაუქმებულიყო. არაა შემთხვევითი, რომ ამაზე სწორედ ოპოზიციამ ატეხა ხმაური ლეიბორისტების ოფისში. გაიმართა არაერთი მოლაპარაკება და დიდი განსხვავებულობის მიუხედავად, ოპოზიციური ერთობა შედგა. ამ ერთობას უკვე სერიოზულად შეხედა დასავლეთმა.
_ სამაგიეროდ, „ქართული ოცნება“ აღგიქვამთ არასერიოზულად. ოპოზიციის ერთობას „შალიკოს ფანჩატურს“ ეძახიან, რადგან შეხვედრები ხომ თქვენი პარტიის ეზოში იმართება.
_ ამაზე ძალიან მეცინება. ამათ ისიც კი არ იციან, რომ სწორედ ფანჩატურებში კეთდება დიდი საქმეები. საქართველოში ოდითგან ასე იყო. გვეძახონ „შალიკოს ფანჩატური“ და იყვნენ. იქ ჯდომას მართლაც არაფერი სჯობს, ისეთი კარგი ეზოა. „ოცნების“ შეფასებები არ მაინტერესებს. რადგან ამ ფანჩატურს დასავლეთი უწევს ანგარიშს. კრემლი თუ არ გვაღიარებს, ამაზე პირიქით, მადლობას ვიტყვით.
ის, რომ დღეს დასავლეთი ხელისუფლების მიმართ ასეთი კრიტიკულია, ჩვენი ლიდერის მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. ის წლობით დადიოდა ამერიკაში, ხვდებოდა სენატორებსა და კონგრესმენებს. სხვა ოპოზიციონერებიც დადიოდნენ, მაგრამ ბატონი შალვა ყველაზე აქტიური იყო. მან ძალიან ბევრი სამუშაო გაწია და დღეს ვაშინგტონმა უკვე იცის, თუ რას წარმოადგენენ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი. ამიტომაც ლაპარაკობენ სანქციებზე. ამ სანქციების შიშით შეიძლება არჩევნების გაყალბებაზე უარი თქვან, მაგრამ რომც გააყალბონ, დიდად არც ამ შემთხვევაში შეიცვლება სურათი. „ქართული ოცნება“ ყველაზე უტიფარი არჩევნებითაც კი ვეღარ გაიფორმებს უმრავლესობას პარლამენტში. თან უტიფრობას არც დასავლეთი აპატიებს და არც _ ქართველი ხალხი.
_ ჩვენმა ხალხმა არაერთ ხელისუფლებას აპატია უტიფრობა და რაღა ახლა გადაირევა საზოგადოება?
_ ახლა სხვანაირია სურათი. ყველა ხვდება, რომ ასე თუ გაგრძელდა, სახელმწიფო თავზე დაგვეშლება. როცა ჩვენი ხალხი გარედან მხარდაჭერას გრძნობს, გამარჯვების იმედი აქვს და აღარაფერს პატიობს ხელისუფლებას. „ქართულ ოცნებას“ ისედაც ბევრი აპატია საზოგადოებამ.
_ ასეთი მხარდაჭერა ჯერ ოპოზიციას არ ჰქონია და ვითომ გამოიყენებთ რამეში? კი ამბობთ, რომ უტიფრობას „ოცნებას“ არავინ აპატიებსო, მაგრამ ხალხი მაინც პესიმისტურად არის განწყობილი.
_ დასავლეთი ოპოზიციას არ უჭერს მხარს, დასავლეთს საქართველოს დემოკრატიული განვითარება უნდა. დემოკრატიულ განვითარებას ირჩევს ოპოზიციაც. ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერის შედეგს შემოდგომაზე ვიხილავთ. ნუ გავიწყდებათ, რომ ივანიშვილი ეკონომიკური სანქციების დაწესების ოფიციალური კანდიდატია. სანქცირების კანდიდატები კი ვიცით, როგორც ამთავრებენ.
წინ სერიოზული ბრძოლა გველის და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ხელისუფლებას ყველა გზა უნდა გადავუკეტოთ, რათა არჩევნები ვეღარ გააყალბოს. ამაში ძალიან გვეხმარება დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ აქტიურობს. ათასი მადლობა გვაქვს ვაშინგტონისთვის სათქმელი. სერიოზულად შეეშლება ხელი მუშაობაში შალიკო რამიშვილების, კოკინო ყანდიაშვილებისა და ლაშა ნაცვლიშვილების ტროლებს, რაც ძალიან დაარტყამს „ქართულ ოცნებას“.
არც ის მგონია შემთხვევითი ამბავი, რომ ამერიკის ელჩი ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლებს ხვდება. ეს ქალბატონი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. მისი აქტიურობაც მარწმუნებს, რომ ამერიკის სახით ძალიან დიდი მეგობარი გვყავს. ისინი რომ არა, ვერც კონსტიტუციაში შევიტანდით ცვლილებებს. ოპოზიციის მონდომება და ხალხის აქტიურობა შედეგს არ გამოიღებდა. დასავლეთის ჩარევის შემდეგ მაჟორიტარების რაოდენობა, ფაქტობრივად, განახევრდა.
_ 30 მაჟორიტარის არჩევა მოუწევს მოსახლეობას. თქვენი აზრით, 30 მაჟორიტარიდან ხელისუფლება რამდენის გაყვანას მოახერხებს?
_ ეს ოპოზიციის კოორდინებულ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდით, სხვანაირად ვერ გავიმარჯვებთ.
_ თქვენი ლიდერი ნაძალადევში აპირებს მაჟორიტარობას. ძალიან მძიმე რაიონი შეხვდა და ბოლო კვლევაც არ იძლევა დიდი იმედის საფუძველს.
_ უიმედოდ სულაც არ ვარ განწყობილი. ეს კვლევა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. გამორიცხულია, რომ შალვას 20% ჰქონდეს და „ოცნების“ კანდიდატს _ 40-ზე მეტი. თან იმ დროისთვის, როცა კვლევა ჩატარდა, მმართველ პარტიას თავისი კანდიდატი ჯერ დასახელებული არ ჰყავდა. გამოკითხვები პირობითია.
მაჟორიტარებთან დაკავშირებით ოპოზიცია მაქსიმალურად ითანამშრომლებს. ძალიან კარგია, რომ მაჟორიტარობის კანდიდატს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევს.
_ კარგი რატომ არის?
_ იმიტომ, რომ მოგება ისეთი მარტივი აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. ერთად თუ ვიქნებით, მაჟორიტარების უმეტესობას ოპოზიცია გაიყვანს. მჯერა, რომ ამ მიმართულებითაც ზურგზე დაიდება ხელისუფლება. რაც შეეხება პროპორციულ მიმართულებას, „ქართული ოცნების“ მაქსიმუმი 35% იქნება. ივანიშვილი ამაზე მეტს ვერ მიიღებს, რაც არ უნდა იყიდოს და დააშინოს ხალხი.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 55% აქვთ. მათ ვურჩევ, რომ პროცენტებთან ცოტა ფრთხილად იყვნენ. ეგ ზედმეტი პროცენტები იქნება, მათ ცხვირის ძვალს რომ ჩაუმსხვრევს.
_ ხმების დაცვას თუ შეძლებს ოპოზიცია?
_ ხმებს აუცილებლად დავიცავთ. ახლა 2016 წელი აღარ არის, როდესაც არც ერთი საარჩევნო უბანი არ გახსნეს. უბანსაც გახსნიან და ჩემოდნებსაც ჩაალაგებენ. ივანიშვილს, როგორც ვიცი, უკვე ჩალაგებული აქვს ჩემოდნები. მას ძალიან კარგად მოეხსენება, თუ რას ნიშნავს ამერიკული სანქციები.
მომავალ არჩევნებს იმედიანად ვუყურებ. თქვენს მკითხველს თამამად შემიძლია ვუთხრა, რომ ბიძინას, ანუ ვაჭრების დიქტატურა საქართველოში დასრულებულია. ეს შემოდგომაზე ოფიციალურად გაფორმდება.
შორენა მარსაგიშვილი