პარასკევი, 25 აპრილი, 2025
2020-06-12 10:49:20
20 ივნისს რუსთაველის გამზირი კიდევ ერთხელ გადაიკეტება. ქართველი ახალგაზრდები პოლიტიკურ პარტიებთან ერთად კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ ვნებებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მოძრაობა „შეცვალეს“ დამფუძნებელ დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ საქართველო არასდროს აირჩევს რუსულ კურსს და მას ბიძინა ივანიშვილი ჯიბეში ვერასდროს ჩაისვამს.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახალგაზრდები მხოლოდ 20 ივნისის აქციით არ შემოიფარგლებიან და სხვა აქტივობებსაც მიმართავენ. გასულ კვირას მათ ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოაწყვეს აქცია, მათი შემდეგი სამიზნე კი შესაძლოა, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იყოს. რომელმაც სულ დაკარგა სახე და ადამიანების ცემაზე გადავიდა. დიმიტრი ბიძინაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერს ნამდვილად აქვს სანერვიულოდ საქმე, რადგანაც მისი საქმის ძიება სერიოზულ ფაზაში შევიდა. თბილისის მერის საქმიანობას სუსი და პროკურატურა ერთად სწავლობს.
რა პრობლემები აქვს კახა კალაძეს გუნდში? ვინ აპირებდა მისი პირველი მოადგილის დაკავებას? როგორ იბრძვიან „ოცნებაში“ საარჩევნო სიაში მოსახვედრად? რას უნდა ველოდოთ 20 ივნისს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება:
_ ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა გადაწყვიტეთ, რომ გავრილოვის სისხლიანი ღამის წლისთავზე პარლამენტის წინ აქციას გამართავდით. გადაწყვეტილება ისევ ძალაშია, თუ შეიცვალა რამე?
_ არაფერი შეცვლილა, 20 ივნისს რუსთაველზე საპროტესტო აქცია აუცილებლად გაიმართება. ახლა ჩვენ აქციის ფორმებზე ვთანხმდებით. აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა ჯგუფთან. 20 ივნისს ყველანი კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, თუ როგორ დათხარეს თვალები გიორგი გახარიამ და ბიძინა ივანიშვილმა იმათ, ვინც „გავრილოვის ღამეს“ ცდილობდა ქვეყნისთვის სახის შენარჩუნებას. თამამად ვიტყვი, რომ ვინც შარშან, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა, ისინი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავდნენ. იგივე შემიძლია ვთქვა იმ ადამიანებზე, რომლებმაც პარლამენტის სპიკერის სავრძელში მჯდომ გავრილოვს სხდომის წაყვანის უფლება არ მისცეს და საკანონმდებლო ორგანო დაატოვებინეს. გავიმეორებ: იმ დღეს ამ ადამიანებმა დაიცვეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ღირსება.
_ ეს ცოტა გადაჭარბებული ნათქვამი ხომ არ არის?
_ არა. პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსი კომუნისტი გავრილოვის ჩასმა იყო საქართველოს სუვერენიტეტის შეურაცხყოფა. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანმა ხმა მისცა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას. ის საქართველოს ტერიტორიაზეც კი არ უნდა შემოეშვათ, ესენი კი დიდი პატივით დახვდნენ. ეს კაცი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში შემთხვევით არ ჩაუსვამთ. ამით „ქართულმა ოცნებამ“ რუსებს ერთგულება დაუმტკიცა და უთხრა, რომ საქართველო ისევ მათი გავლენის ქვეშაა.
ჩვენ, ახალგაზრდებმა და ოპოზიციამ, არ დავუშვით, რომ რუს კომუნისტს წაეყვანა საქართველოს პარლამენტში სხდომა. და რომ არ დავუშვით, ვნახეთ, რაც მოხდა: თავად გავრილოვი და, მასთან ერთად, მთელი რუსეთის ხელისუფლება ითხოვდა, „ოცნებას“ დაესაჯა ყველა ის ადამიანი, ვინც გავრილოვი თბილისიდან გააძევა.
_ რუსეთის მოთხოვნა, რაღაცნაირად, შესრულდა, თან იმავე ღამეს.
_ ასეა. სწორედ მისი გაძევების გამო გაუსწორდნენ ასე სასტიკად ქართველ ახალგაზრდებს. ეს ამბავი ასე მარტივად არ ჩაივლის და 20 ივნისს ამ ყველაფერს გავაპროტესტებთ. „ქართულ ოცნებას“ ამ ამბავს ყოველთვის შევახსენებთ. ეს არის ლაქა, რომელსაც ისინი ვერასდროს ჩამოირეცხენ.
„გავრილოვის სისხლიანმა“ ღამემ ყველას შეგვახსენა, რომ საქართველოს ხელისუფლების სათავეში დღეს არის „რუსული ოცნება“. მათ ეტაპობრივად ყველაფერი გააკეთეს, რომ გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩამჯდარიყო. ეს არ ყოფილა სპონტანური ნაბიჯი. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ივანიშვილის პარტია ამ გზაზე იდგა.
ხელისუფლების წარმომადგენლები 2012 წლის არჩევნების შემდეგ ნელ-ნელა გვაწვეთებდნენ, რომ ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლები; გვეუბნებოდნენ, რომ თურმე ჩვენ ვართ ერთი პატარა სოფელი; თურმე შორეულ მეგობარს გვერდით მყოფი მეზობელი უნდა გვერჩივნოს; თურმე დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო; იქ ივანიშვილი აცხადებდა, რომ თურმე რუსეთს საქართველოს ოკუპაცია არ სურს. ამტკიცებდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არა რუსებმა, არამედ ჩვენ დავიწყეთ. აი, ამ ყველაფრის ფინიში იყო სპიკერის სავარძელში რუსი კომუნისტის ჩასმა.
ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს და თუ ივანიშვილს ამის საშუალებას მივცემთ, ის აუცილებლად გადაგვაქცევს რუსეთის გუბერნიად. ბოლო ერთი წელია, ამ მიმართულებით აქტიურ წინააღმდეგობას ვუწევთ. ამის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები მაინც ახერხებენ რუსეთისთვის საჭირიო საქმეების კეთებას: იქ ანაკლიის პორტის პროექტი გააჩერეს. მოსკოვი ამ პროექტს ღიად უპირისპირდებოდა და ითხოვდა, რომ ეს პორტი არავითარ შემთხვევაში არ აშენებულიყო. ანაკლიის გაჩერებას არ დასჯერდნენ და ახლა „გაზპრომთან“ ახალი და კიდევ უფრო კაბალური ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ. ჩვენს გაზმომარაგებაში „გაზპრომის“ წილს მნიშვნელოვნად ზრდიან. ენერგოდამოუკიდებლობაზე, ფაქტობრივად, უარი თქვეს და რუსულ იმპორტზე მიგვაბეს. იმ პორტებს აძლევენ უფრო მეტ დატვირთვას, სადაც რუსული ინტერესები იკვეთება. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისთვის და რუსეთზე მუშაობს. ჩვენს ბრძოლას მაინც აქვს შედეგი _ ხელისუფლება იმ სისწრაფით ვერ ახორციელებს რუსულ საქმეებს, როგორც ეს მათ და რუსეთს სურს.
თქვენმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ანაკლიის პორტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის აუცილებლად აშენდება. მისი მშენებლობა ოქტომბრის არჩევნების დასრულებიდან ძალიან მალე დაიწყება. ოპოზიცია არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს და ანაკლიის პროექტსაც ვეღარავინ შეუშლის ხელს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ შემოდგომაზე ოპოზიცია „ქართული ოცნების“ დამარცხებას შეძლებს? ბოლო პერიოდში მათ რიგებში არასასიამოვნო პროცესები ვითარდება.
_ ჩემი აზრით, ოპოზიციაში რაღაც განსაკუთრებული არ ხდება. არჩევნების წინ ყველა პარტიაში არის ხოლმე ასეთი დაძაბულობა. ამ შემთხვევაში კი მრავალი პარტიაა ერთობაში. საერთო ენის გამონახვა, ბუნებრივია, ძნელია. ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეს ინტერესები უნდა შეჯერდეს. დარწმუნებული ვარ, ისინი საერთო ენასაც გამონახავენ, წინააღმდეგობასაც დაძლევენ და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებასაც შეძლებენ.
_ კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციაში ახლა იწყება კინო და გავერთობითო.
_ კინო და გართობა მართლა გველოდება, ოღონდ „ქართული ოცნების“ ფლანგიდან.
_ იქ რაღა ხდება?
_ საინტერესო ამბებია. ძალიან მალე ვნახავთ, თუ როგორ იჩხუბებენ მმართველ პარტიაში გამსვლელ ადგილებზე მოსახვედრად. ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ არჩევნებს წააგებენ. ახლა მთავარი ყურადღება იმაზე აქვთ გადატანილი, იქნებ, პარლამენტში მაინც მოხვდნენ. ამიტომ ყველას სიის წინა ადგილებში სურს ყოფნა. ასე რომ, კინო ნადვილად იქნება _ რეგიონებიდან დაიბარეს პარტიული აქტივი და მანდატების გადანაწილება დაიწყეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას ასე იოლად დათმობს. გაყალბებასა და ძალადობაზე უარს არ იტყვიან, მაგრამ ჩვენ თუ ერთად ვიქნებით და დასავლეთის მხარდაჭერა გვექნა, აუცილებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს.
„ოცნების“ ლიდერს ძალიან აშინებს ხალხის ერთობა და გულგრილი არც დასავლეთიდან წამოსული რეაქციების მიმართ არის. როგორც კი დაინახავს, რომ ერთად ვართ და დასავლეთიდან მოდის მხარდაჭერა, მაშინვე დათმობაზე მიდის.
_ ისე, კარგა ხანია, ივანიშვილი აღარ შეგიწუხებიათ.
_ დავასვენეთ, მაგრამ გასულ კვირას მის სახლთან აქცია მოვაწყვეთ. კიდევ ერთხელ შევახსენეთ რუს ოლიგარქს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არის შესასრულებელი. გიორგი რურუა ისევ ციხეში რჩება. ამის გარდა მოვითხოვეთ საკონსტიტუციო ცვლილებებიც.
_ „ოცნება“ ამბობს, რომ ისინი მზად არიან ამ ცვლილებების მისაღებად.
_ არ მჯერა მათი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ცვლილებები ჩავარდეს. 20 ივნისამდე კიდევ ბევრ ღონისძიებას გავმართავთ. ეტაპობრივად შევახსენებთ „ოცნების“ ლიდერს, რომ საქართველო მას ჯიბეში არ ჩაუდევს და ამ ქვეყანაში იმაზე მეტი გაბრაზებული ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მას წარმოუდგენია. ივანიშვილი ვერ ეღირსება, რომ ეს ქვეყანა რუსეთის გუბერნია გახდეს.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალაძესაც უპირებთ აქციის მოწყობას იმ ინციდენტის გამო, რაც ვარკეთილში მოხდა. ვგულისხმობ კახა კვეკვესკირის ცემას. წინა მერი „ვირიშვილო მაიმუნოს“ ეძახდა ოპონენტებს, მაგრამ კალაძემ ნამეტანი ქნა და ცემა-ტყეპაზე გადავიდა.
_ კალაძეს რომ შეხედავ, ვერ იტყვი, თბილისის მერიაო, რომელიღაც აღმოსავლური ქვეყნის შეიხს უფრო ჰგავს, იმხელა ამალით გადაადგილდება. ის რეალობას არის მოწყვეტილი და ძალიან ცუდად დაამთავრებს. დიღმის ჭალებში მას დიდი კორუფციული ინტერესები აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყობილებიდან არ გამოვიდოდა. სხვა დროს ის ცდილობს ხოლმე თავის შეკავებას. ვისზეც გაბრაზებულია, ცდილობს, სხვისი ხელით გაუსწოროს ანგარიში. ასე მოხდა რამდენიმე თვის წინ, როცა თბილისის საკრებულოს დეპუტატი აცემინა.
_ ლევან ხაბეიშვილზე საუბრობთ?
_ ლევანზე ვსაუბრობ. მას საკრებულოში, კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. ისინი მერის დავალებით მოქმედებდნენ. პირადად კახა კალაძე მაქსიმალურად იკავებს ხოლმე თავს. იმ დღეს ძალიან გაბრაზდა. მეც იქ ვიყავი და კარგა ხანი ვესაუბრებოდი მას. თან ვმოძრაობდით, თან კითხვებს ვუსვამდი.
_ ე. ი. ეს კაცი თქვენ გამოიყვანეთ წყობილებიდან.
_ მე არა, დიღმის ჭალების თემამ გამოიყვანა წყობილებიდან. მანამდე ძალიან ნორმალურად მპასუხობდა კითხვებზე, მაგრამ როგორც კი დიღმის ჭალები ვახსენე, კალაძე ეგრევე წყობიდან გამოვიდა. ერთ წამში დაკარგა თავი და სახე.
ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, დიღმის ჭალებთან კალაძეს რა ესაქმება, ამ ადამიანს ისედაც ბევრი ფული აქვსო. ვისაც დიღმის ჭალები არ უნახავს, ვთხოვ, რომ მივიდეს და ნახოს, თუ რა ხდება იქ, სადაც ტყე, უბრალოდ, დამარხულია. იმავე ადგილებში მტკვარს კალაპოტი აქვს შეცვლილი და იქიდან იღებენ ხრეშს, რომელსაც ამუშავებენ და შავ ბაზარზე ყიდიან. თბილისში რაც მშენებლობები მიდის, ყველა მაქედან წაღებული მასალით მარაგდება. არსად არის აღწერილი, რა ღირს ქვიშა, ვინ ყიდის მას და ა. შ. ეს არის შავი ფული, რომლითაც კალაძე მილიონებს შოულობს. ამიტომ გაღიზიანდა კალაძე და აგრესიული გახდა. დიღმის ჭალების ხსენებაზე ისე გადაირია, რომ აქტივისტებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ მაისური შემოახია.
_ მაისური მან კახა კვეკვესკირს შემოახია და იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადა, მეორე დღეს დაპრინტული მაისური გამოფინა, რომელზეც კვეკვესკირის მიშასთან გადაღებული ფოტოები იყო გამოსახული. თბილისის მერს ვალში არც თქვენ დარჩით და მიშასთან გადაღებული ფოტო დაუპრინტეთ მაისურზე.
_ მან ისე თქვა, კახა კვეკვესკირი „ნაციონალი“ იყოო, თითქოს ამიტომ შეიძლებოდა მასზე თავდასხმა. ძალიან ცუდია, როცა დედაქალაქს ისეთი მერი ჰყავს, რომელიც ადამიანებს პარტიული ნიშნით ყოფს. ღიად ამბობს, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერია.
მინდა, მას შევახსენო, რომ მხოლოდ 203.000 ხმით გახდა თბილისის მერი. 2018 წელს თბილისში ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე 204.000 ხმა აიღო. შესაბამისად, თბილისში მისი მოწინააღმდეგე უფრო ბევრია, ვიდრე _ მომხრე.
სასაცილოა, კალაძე სხვას რომ დაუწყებს იმაზე საყვედურს, მიშასთან რატომ გაქვს ფოტო გადაღებულიო. უკაცრავად, მაგრამ დაავიწყდა, როგორ დასდევდა კუდში და როგორ აღმერთებდა მიხეილ სააკაშვილს? ამ მხრივ უნიკალური გამოდგა კალაძე. ყველას ერგება, ვინც კი ხელისუფლების სათავეში მოდის.
_ მომავალ ხელისუფლებასაც მოერგება?
_ უარს არ იტყვის. დავუბრუნდები ისევ მაისურის თემას: მეც დავუბეჭდე მას მაისური, სადაც ის სააკაშვილთან ერთად არის გამოსახული. კალაძე ამ მხრივ დავინდე.
_ რაში გამოიხატება დანდობა?
_ უფრო ცუდი ფოტოს დაბეჭდვა შეიძლებოდა.
_ რა ფოტოს დაბეჭდვა შეიძლებოდა?
_ მერწმუნეთ, ის და სააკაშვილი ერთად უფრო კარგი სანახავია, ვიდრე კალაძე და რვა სული ქურდი. იმ რვა სულ ქურდზე მოგახსენებთ, რომელთა შესახებაც თბილისის მერი რამდენიმე წლის წინ ასე მოწიწებით საუბრობდა. იმედი მაქვს, ცოტა ჭკუას ისწავლის და ამ ტინგიცობებს მოეშვება. იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რაც თილისელებს ასე ძალიან აწუხებს: ერთი წელია, 2,5-კილომეტრიანი ჭავჭავაძის გამზირი ვერ დააგო. გლდანში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩები გადათხარა. დიღმის ჭალებია და ტყე დამარხა. ვინც იქ პირველად მივა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, რომ ბუჩქებია, არადა, მიწით დაფარული ტყეა, მხოლოდ კენწეროები ჩანს.
თავის გარემოცვასთან ერთად სერიოზულ კორუფციაშია ჩართული. სამშენებლო ნებართვებს წულაიასა და „არქის“ აძლევს, თან ისე, რომ ამის შესახებ საკრებულოს „ოცნების“ გუნდმაც კი არ იცის. ისინი ნებართვების შესახებ მას შემდეგ იგებენ, რაც მშენებლობის ნახევარი უკვე შესრულებულია. თავის ძმაკაცს 1 ლარად მისცა 16 მილიონი ლარის ქონება.
შეიცვლება თუ არა ხელისუფლება, მას ძალიან ბევრ რამეზე მოეკითხება. ახალ ხელისუფლებას მისი საქმის შეწავლა არ დასჭირდება. სუსსა და პროკურატურაში მის წინააღმდეგ ძალიან ბევრი საქმე დევს. სუსმაც დაადასტურა, რომ თბილისის მერმა თავის ძმაკაცს ერთ ლარად 16 მილიონის ქონება გადასცა.
_ სუსმა რანაირად და როდის დაადასტურა?
_ რანაირად და ამხელა ქონების გადაცემაზე საქმეა აღძრული. ხალხიც დაკითხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაც ადასტურებს თბილისის მერის კორუმპირებულობას.
_ ამის გამო ხომ არ არის გაღიზიანებული?
_ გაღიზიანებული როგორ არ იქნება, ნებისმიერ დროს შეიძლება, 16-მილიონიანი ქონების 1 ლარად გადაცემის გამო პრობლემები შეუქმნან. ამას დიღმის ჭალებსაც თუ მივამატებთ, რომელიც კალაძის მიერ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულს აღემატება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოკითხავენ და ეს შეიძლება, თავად „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთოს.
_ წავა „ოცნება“ ამაზე?
_ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა კალაძე. ის კი არის პარტიის ლიდერი, მაგრამ მთლად კარგად არც პარტიაში აქვს საქმეები.
_ რატომ გგონიათ, რომ კარგად არ აქვს საქმეები?
_ კარგად რომ ჰქონოდა საქმე, მისი მოადგილის დაჭერის საკითხი ღიად არ დადგებოდა დღის წესრიგში. მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ხმალაძე, სუსის ანტიკორუფციულს ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან.
_ რატომ იჭერდა მას სუსი?
_ კორუფციის გამო. ხმალაძის დაკავება ნიშნავს იმას, რომ კალაძემდეც მივიდოდნენ. იმის ილუზია არავის აქვს, რომ მარტო ხმალაძე იყო კორუფციულ გარგებაში და კალაძე სუფთაა.
_ ვინ გადაარჩინა ხმალაზე დაჭერას, კალაძემ?
_ დიახ, მისი დაჟინებული თხოვნით აღარ დააკავეს ხმალაძე, გადამალა თბილისის მერმა. კალაძე როგორი კორუმპირებულიც თავად არის, ასეთივე კორუმპირებულები ჰყავს გარშემო.
შორენა მარსაგიშვილი