QronikaPlus
გია ნოდია: „ოპოზიციას უკან დასახევი მორალური სივრცე არ გააჩნია“

გია ნოდია: „ოპოზიციას უკან დასახევი მორალური სივრცე არ გააჩნია“

2020-06-12 09:45:15

კორონავირუსის პირველმა ტალღამ, შეიძლება ითქვას, საქართველოში გადაიარა, თუმცა წინა პლანზე პოლიტიკური საკითხები წამოიწია და, შესაბამისად, პოლიტიკური ტემპერატურაც სულ უფრო მაღლა იწევს. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორჯერ ეწვია და დეპუტატებს კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გაწეული ორთვიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, გავრცელდა ინფორმაციები მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
ამის პარალელურად კი ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციურმა ერთობამ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე იმსჯელა. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გასულ კვირას დაიწყო, თუმცა რადგან გიორგი რურუა კვლავ საპატიმროში რჩება, ოპოზიცია პროცესში არ მონაწილეობს.

ეყრდნობა თუ არა პოლიტიკურ ლოგიკას პრემიერ გახარიას თანამდებობიდან შესაძლო გადადგომა? რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციურ ერთობას და უნდა ველოდოთ თუ არა ივანიშვილისგან მორიგ ტრიუკს საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილში?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა:

_ ბატონო გია, კორონავირუსმა შეასრულა თუ არა ხელისუფლებისთვის სასარგებლო ფუნქცია?
_ მგონი, ამ ეტაპზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსის სიტუაცია მომგებიანი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ზოგადად კრიზისის პერიოდში ადამიანები ინსტინქტურად ერთიანდებიან არსებული ხელისუფლების გარშემო, ვინც გინდა იყოს ის. მეორეც, რაკი ვირუსი საქართველოში, მაინცდამაინც, არ გავრცელდა და მოსახლეობის შიში არ გამართლდა, ცხადია, დამსახურება მიეწერა ხელისუფლებას და ჩაითვალა, რომ ხელისუფლებამ არსებითად სწორად წარმართა პოლიტიკა პანდემიის პირობებში. ხელისუფლებას პირველად შეუძლია თქვას, რომ რაღაცას მიაღწია, _ ჩვენი ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მეზობელი სომხეთი ან სხვა მეზობელი თუ ევროპის მოწინავე ქვეყნები. ბუნებრივია, ამან პოზიტიურად იმოქმედა ხელისუფლების რეიტინგზე, მაგრამ, აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ეს რეიტინგი ხელისუფლებას ავტომატურად გაჰყვება არჩევნებამდე. შეიძლება გაჰყვეს, შეიძლება _ არა. ცხადია, პანდემია მძიმე ეკონომიკურ შედეგს გამოიღებს და ადამიანების აღქმაში რა გადასწონის ამ შემოდგომაზე _ ეს მძიმე ეკონომიკური შედეგები თუ პანდემიასთან ბრძოლაში გარკვეული წარმატება, ამის წინასწარ თქმა რთულია.
_ თქვენ აღნიშნეთ ის ფაქტორები, რამაც ხელისუფლების რეიტინგზე დადებითად იმოქმედა. თავად ხელისუფლება რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა პანდემიის პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით?
_ პრაქტიკულად, ხელისუფლების ნაბიჯები იყო: გარკვეული შეზღუდვები, სოციალური დისტანცირება, ყველაფრის ჩაკეტვა, ამ შემთხვევაში ეს ნაბიჯები პოპულარული იყო. საზოგადოებისთვის მისაღები იმიტომ, რომ რეალურად ვირუსის გავრცელების შიში გახლდათ და სოციუმის დიდმა ნაწილმა მიიღო ეს ნაბიჯები. ხელისუფლების დამსახურება ამ შემთხვევაში არის ის, რომ მან ეს ნაბიჯები საკმაოდ დროულად გადადგა. როგორც კი პირველი ინფიცირებულები დაფიქსირდა საქართველოში, მაშინვე მიიღეს ზომები, რომელიც თანდათანობით გამკაცრდა. ჩემი აზრით, დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს გადაჭარბებული სიმკაცრე გახლდათ, ამდენიც არ იყო საჭირო, მაგრამ ახლა ამის მკაცრად განსაზღვრა წარმოუდგენელია. ხელისუფლებას შეუძლია იმის თქმა, მას ეს ნაბიჯები რომ არ გადედგა, მაშინ იმ მდგომარეობას მივიღებდით, რაც იტალიასა და ესპანეთში იყო. ასე რომ, ამ შემთხვევაში რამის დასაბუთება შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, რამდენადაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტი იყო ვირუსის შეკავება, იმდენად ხელისუფლების ნაბიჯები წარმატებულად ჩაითვალა.
_ პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ პრემიერი გახარია პარლამენტის წინაშე ორჯერ გამოვიდა. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და საზოგადოება აცხადებდა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია სათანადოდ მომზადებული ვერ დახვდა პრემიერს, რომ მას მწვავე კითხვები ვერ დაუსვეს. თქვენ როგორ შეაფასებთ პრემიერის პარლამენტში ვიზიტს?
_ მე არ ვიცი, რას ნიშნავს „მწვავე კითხვები ვერ დაუსვეს“. გააჩნია, ვინ ამბობს ამას. ვიღაც ამბობს, რომ საერთოდ რატომ ეჩხუბებიან ამ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაფერი სწორად გააკეთა? ვიღაც კი _ ზედმეტად ლოიალური იყო და არასაკმარისად მწვავე. არ მგონია, ოპოზიციის რეაქციები არასაკმარისად მწვავე იყო, არა მარტო პარლამენტში გახარიას ვიზიტისას, არამედ ზოგადად. ოპოზიცია ცდილობდა, რომ მაქსიმალურად კონკრეტული და საქმიანი ყოფილიყო. სწორი იყო თუ არა მათი პოზიცია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ კონკრეტულ, ალტერნატიულ ხედვებს სთავაზობდა ოპოზიცია. ჩვენ მაინც შეჩვეული ვართ იმას, რომ ოპოზიცია განსაკუთრებული სიმწვავით ფასდება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ, ამ ეტაპზე, იმ ნაწილში, რაც ვირუსთან ბრძოლას ეხება, ხელისუფლების ნაბიჯები, ძირითადად, პოპულარული იყო. ასე რომ, ამ ფონზე ოპოზიციას ხელისუფლების მისამართით საშინელი ბრალდებებით რომ გაეგიჟებინა თავი, ეს არ მგონია, ჭკვიანური ყოფილიყო.
_ ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაციები, რომ გახარია შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს. ზოგადად, პრემიერების მოულოდნელი შეცვლა ქართული პოლიტიკისთვის არახალია. რამდენად ხედავთ პოლიტიკურ ლოგიკას გახარიას გადადგომაში? ფიქრობთ თუ არა, რომ გახარიას რეიტინგის მატება თანამდებობიდან მისი გადაყენების საფუძველი შეიძლება გახდეს?
_ თეა წულუკიანის რეიტინგი არასდროს იზრდება და ის დღემდე თანამდებობაზეა. ცხადია, მსგავსი ვარაუდი არსებობს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ეს მოლოდინი, რომ მასთან პრემიერ-მინისტრები დიდხანს ვერ ძლებენ. გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით ჭორები გავრცელდა, ჯერ კიდევ, კორონავირუსამდე. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პერიოდში ჩაცხრა, რადგან ასეთ დროს არ ცვლიან ხოლმე პრემიერებს. მაგრამ ახლა რაკი ჩაითვალა, რომ კრიზისმა, ძირითადად, ჩაიარა, ეს ჭორები კვლავ გავრცელდა. რეალურად, რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის, მაგრამ აქვს თუ არა ამ ჭორებს რეალური საფუძველი ან ბიძინა ივანიშვილმა ვიწრო წრეში გამოავლინა თუ არა რაღაც, რაც მოასწავებს გახარიას წასვლას, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება პოლიტიკურ ლოგიკას, ვერანაირი პოლიტიკური ლოგიკა ვერც ერთი წინა პრემიერ-მინისტრის შეცვლაში, სიმართლე გითხრათ, ვერ დავინახე. ალბათ, ივანიშვილისთვის ეს ცვლილებები ლოგიკურია. გარედან დაკვირვებით რომ ვთქვათ, რომელიმე პრემიერს სხვანაირი პოლიტიკა აქვს ან რაღაც ვერ გააკეთა ერთმა და ის, რაც წინამ ვერ გააკეთა, მომდევნომ შეძლო, ეს ვერ შევამჩნიე.
_ თუ პოლიტიკურ ლოგიკას ვერ ხედავთ, მაშინ როგორია, თქვენი დაკვირვებით, ბიძინას ლოგიკა პრემიერების შეცვლის ნაწილში?
_ ბიძინას ლოგიკით: მთავარია ერთგულება, ალბათ, მართვადობა და რაღაც კიდევ სხვა, რასაც ჩვენ ვერ გავიგებთ. რაღაც ამოუცნობი მომენტი ყოველთვის არსებობს, რატომ მოსწონს რომელიმე პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი მეტად ან ნაკლებად, ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნა, ჯერჯერობით, არ გამომიტანია.
_ რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, გარდა იმისა, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური ერთობის საზრუნავი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო, ახლა ისინი საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე ცდილობენ შეთანხმებას. რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვს ამ საკითხს?
_ ოპოზიციის შედარებითი ერთიანობა კონკრეტული საკითხის გარშემო აკუმულირდა, ეს არის საარჩევნო სისტემა. ჯერჯერობით, ეს საკითხი არ დასრულებულა, მაგრამ რაკი არჩევნები მოახლოვდა, ახლა უკვე სხვა საკითხებმა წამოიწია წინა პლანზე. მართალია, საარჩევნო სისტემის თემა გადასაწყვეტია და ამ თვალსაზრისით კვლავ არსებობს ერთიანობა, მაგრამ უშუალოდ არჩევნებზე როგორ წარდგება ოპოზიცია, ამაზე, ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა იქნება, _ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის კონკურენტებიც არიან. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ოპოზიციის სრული გაერთიანება ერთიან ბლოკად არ განიხილებოდა და ამის პერსპექტივა არ არსებობდა, თუმცა მაჟორიტარულ ოლქებში რაღაც ფორმის თანამშრომლობაზე საუბარი იყო. გასაგებია, რომ საკმაოდ რთულია კონკრეტული ფორმულის შემუშავება, რადგან ვის რამდენი და ვის უფრო მეტი ოლქი ეკუთვნის, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსი“ თუ სხვა პარტიის წევრი წარდგება ოპოზიციის საერთო კანდიდატად, ეს პროცესი ბუნებრივია და გარდუვალია, რომ წინააღმდეგობებს გამოიწვევს. რა თქმა უნდა, არის „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა, რადგან ის რეიტინგით აშკარად აღემატება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, შესაბამისად, მეტი მაჟორიტარული ოლქი ეკუთვნის, სადაც მისი წარმომადგენლები უნდა იყვნენ საერთო კანდიდატები. მაგალითად, „ლელოს“ არ აქვს, მაინცდამაინც, რეიტინგი და რამდენი ოლქი ეკუთვნის თავისი კანდიდატის წარსადგენად, ეს ყველაფერი თუ რა კრიტერიუმებით უნდა გადაწყდეს, ძალიან რთული შესათანხმებელია, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ამაზე შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს გაუჭირდებათ. პრაქტიკულად, „ლელო“ უკვე გამოეთიშა ამ თანამშრომლობას.
_ როგორც ჩანს, „ლელო“ მესამე ძალის სტატუსის მორგებას ცდილობს, რა რესურსი აქვს მას ამ კუთხით?
_ გასაგებია, რომ „ლელო“ ამ სტატუსის მორგებას ცდილობს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა ყველა მესამე ძალაა. „ლელო“ რატომ არის უფრო მეტად მესამე ძალა, ვიდრე, თუნდაც, ლეიბორისტული პარტია? შესაძლოა, მათ აქვთ ამის პრეტენზია, მაგრამ რამდენად დასაბუთებულია ეს პრეტენზია, სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, „ლელოს“ განცხადებებში ჩანს, რომ მათ აქვთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრეტენზია, რომ მესამე ძალაა, თუმცა, მეორე მხრივ, მათ რეიტინგი არ გააჩნიათ. ამიტომ, როგორც ჩანს, მათ პრეტენზია ჰქონდათ, მეტ მაჟორიტარულ ოლქში ჰყოლოდათ საკუთარი კანდიდატი და საერთო ოპოზიციური შეთანხმების პირობებში ამდენ ოლქს ვერ მიიღებდნენ, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატები. ალბათ ეს არის მათი გადაწყვეტილების მიზეზი. შესაძლოა, ისიც არის, რომ რაკი ასე უსვამენ ხაზს მესამე ძალობას, სურთ უფრო მეტად გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა პარტიებს. ჰგონიათ, ასე უფრო მეტს მოიგებენ.
_ ის ფაქტი, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური ერთობის ნაწილი იკრიბება, ხომ არ გამოიწვევს ამომრჩეველში განცდას, რომ ეს პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ თამაშობენ?
_ ამიტომაც ისინი იბრძვიან, არ შეიქმნას ეს შთაბეჭდილება, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ერთიანდება ვინმე. გასაგებია, რომ არსებობდა „ძალა ერთობაშია“, სადაც პარტიები, მართლაც, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იყვნენ გაერთიანებულები და იქ არავის ჰქონდა ილუზია, რომ სხვანაირად არის. მაგრამ თუ უფრო ფართო გაერთიანებაზეა საუბარი (მე ვამბობ მხოლოდ მაჟორიტარულ ოლქებში), ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანება, მაგრამ გეთანხმებით, ზოგიერთი პარტია მაინც უფრთხის იმას, ამომრჩეველმა არ მიიჩნიოს, რომ ისინი მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ.
_ ეს ფაქტორი რამდენად იმუშავებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ?
_ ცხადია, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ეცდება ამ ფაქტორის გამოყენებას თავის სასარგებლოდ. ისინი იტყვიან, რომ ამ ერთობაში შემავალი სხვა პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხი არიან, მაგრამ მთავარია, დაიჯერებს თუ არა ამას ამომრჩეველი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამას ნებისმიერ კანდიდატზე იტყვიან, ვინც ოპოზიციონერია. ეს სალაპარაკო „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ჰქონდა, რაც გინდა გამიჯნოდა ვინმე ოპოზიციონერი ან თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც გინდა ეკრიტიკებინა მთელი ცხოვრება „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ მაინც დააბრალებს, რომ სინამდვილეში თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ. ბოლოს და ბოლოს, ეკა ბესელიას დააბრალეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლობირება და ვიღას არ დააბრალებენ.
_ თქვენ რამდენჯერმე აღნიშნეთ პოლარიზება: 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებზე ბიძინა თუ მიშა, _ ასე დგება საკითხი. მიხეილ სააკაშვილმა BBჩ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკისთვის არ სცალია. რამდენად დადებითად აისახება ეს წინასაარჩევნო პროცესზე?
_ ჩემი აზრით, ოპოზიციის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების შანსებს გაზრდის. შესაძლოა, ეს შეთანხმება მაინც ვერ შედგეს, მაგრამ თავისთავად სააკაშვილის ჩრდილში ყოფნა ამცირებს შეთანხმების შანსებს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო რეიტინგს, თუ მიხეილ სააკაშვილი აქტიურად არ იქნება ჩართული, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი იქნება დამოკიდებული იმ ლიდერებზე, რომლებიც აქ არიან. მაინც ამომრჩევლისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის პარტიად დარჩება. არ გამიკვირდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილი, რაღაც ფორმით, მაინც გამოჩნდეს. შესაძლოა, მოიცალოს ნახევარი საათით მაინც და შეახსენოს ხალხს, რომ ის არსებობს და მისი პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს ხმას, ის, პირველ რიგში, სააკაშვილს მისცემს ხმას, მაგრამ ამომრჩეველთა მობილიზაციის საკითხში, თუ ვინ წავა არჩევნებზე და რამდენად შეძლებენ თავიანთი მომხრეების არჩევნებზე გამოყვანას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინც აქ არის, მათ შორის, ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე და ა. შ.
_ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი არ იაქტიურებს, წინასაარჩევნოდ მისი მტრის ხატად გამოყვანის ხრიკი ეცლება თუ არა ხელიდან „ქართულ ოცნებას“?
_ ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენებენ ამას, რადგან სხვა გზა არ აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი არ იაქტიურებს, იტყვიან, რომ ახლა კი გაჩუმებულია, მაგრამ მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძვით, რადგან „სისხლიანი 9 წელი“ არ უნდა დაბრუნდესო, ანუ რიტორიკა მაინც იგივე ექნება მმართველ გუნდს. შეიძლება, სააკაშვილის გვარი ცოტა იშვიათად გამოიყენონ, თუმცა ზოგადი რიტორიკის არსებითად შეცვლა ძნელი წარმოსადგენია.
_ ჩვენ კი ვსაუბრობთ ამ თემებზე, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი, ჯერ კიდევ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ ცვლილებების განხილვა დაიწყო, თუმცა ოპოზიცია პროცესებში არ მონაწილეობს, რადგან გიორგი რურუა კვლავ საპატიმროშია. ამ ვითარებაში ოპოზიციას რჩება თუ არა ალტერნატიული სამოქმედო სივრცე?
_ საკონსტიტუციო ცვლილებები, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, პრინციპულობა შეინარჩუნოს. გასაგებია, რომ გიორგი რურუა საერთოდ არ არის პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ აქ პრინციპის საკითხია, რომ თუ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილზე ოპოზიციას პრინციპული პოზიცია ეკავა, გიორგი რურუა რატომ უნდა დაივიწყონ და, ამ შემთხვევაში, უკან რატომ უნდა დაიხიონ? ასე რომ, ოპოზიციისთვის უკან დახევა ძალიან წამგებიანი იქნება. ე. ი. ადამიანი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გაყიდეს? ამიტომ ოპოზიციას არ აქვს მორალური სივრცე, რომ უკან დაიხიონ. ცხადია, ხელისუფლება ამას იყენებს.
_ ოპოზიცია არც აპირებს უკან დახევას, თან ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისზე მეტი ხმა აქვს. გარისკავს თუ არა ივანიშვილი და მისი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორედ ჩაგდებას?
_ არ გამოვრიცხავ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება გარისკონ, რადგან ახლა აქვთ სათქმელი, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა და ეს ჩვენი ბრალი არ არისო. ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ მათ ასე გააკეთონ. ივანიშვილისთვის მთავარია არჩევნების მოგება, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ამ შემთხვევაში ჩათვლის, რომ ოპოზიციაზე გადაბრალება პოლიტიკურ ფასს, რისი გადახდაც ჩაგდების შემთხვევაში მოუწევთ, შეამცირებს.
_ რეალურად, ოპოზიციაზე გადაბრალება შეამცირებს კი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ფასს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში?
_ ცხადია, რომ კრიტიკული დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ შენარჩუნდება, მაგრამ მათ იმედი აქვთ, რომ თუ ახლა არჩევნებს მოიგებენ, შემდეგ სხვა რა გზა ექნება დასავლეთს, უნდა ითანამშრომლოს იმ მთავრობასთან, რომელიც იქნება, _ ასეთია „ქართული ოცნების“ გათვლა.
_ ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ახალი სახეების შესახებ „ქართული ოცნების“ სიაში. რამდენად საინტერესოა ახლა მმართველი გუნდი?
_ ცხადია, ახალი სახეები იქნება. ელემენტარულად ბევრი ძველი სახე „ქართულ ოცნებაში“ აღარ არის. რამდენიმე დღის წინ ვნახე, რომ წინა არჩევნების პირველი ათეულიდან 6 აღარ არის „ქართულ ოცნებაში“, მხოლოდ 4 დარჩა. აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ აქვთ, ახალი სახეები სჭირდებათ, მაგრამ რამდენად მომხიბლავი და საზოგადოებისთვის მისაღები იქნებიან ეს ახალი სახეები, _ სხვა საკითხია. რაღაც სკეპტიკურად ვარ განწყობილი. დღეს, თუნდაც, 2016 წელთან შედარებით, „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირება სოციალურად არაპრესტიჟულია, ამიტომ საზოგადოებისთვის მისაღები და პოპულარული სახეები ნაკლებად იქნებიან „ქართულ ოცნებაში“.
_ თქვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ მიაღწევს თუ არა პანდემიის შემდგომ გაზრდილი რეიტინგით „ქართული ოცნება“ ოქტომბრის არჩევნებამდე, ამის პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელია, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ვის მხარეს უფრო მეტია გამარჯვების შანსი, _ „ქართული ოცნების“ თუ ოპოზიციის?
_ ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მომგებიანი იყო კორონავირუსის პერიოდი, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ უკეთეს მდგომარეობაშია.

ნენე ინჯგია

გაზიარება