პარასკევი, 25 აპრილი, 2025
2020-06-12 09:29:19
საქართველოში ექსპერტებს ყოველთვის ალმაცერად უყურებდნენ, „ტვ პირველზე“ გასული სიუჟეტის შემდეგ კი ეს გრძნობა კიდევ უფრო გამძაფრდა. ცნობილი გახდა, რომ ექსპერტების ნაწილს ხელისუფლება, ხელფასის სახით, საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოს უხდიდა. ამის შემდეგ რამდენიმე ექსპერტმა ითხოვა, _ თუ შეიძლება, აწი „საპოჟნიკები“ დაგვიძახეთო. როგორც ამბობენ, ხელისუფლების მაქებარი ექსპერტების დაფინანსება წლებია, გრძელდება. „ოცნების“ შიდა სამზარეულო კარგად იცის ამ პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ. იქიდან გამომდინარე, რომ ის ძალიან მალე გარიცხეს ორგანიზაციიდან, მას არ აქვს ინფორმაცია, რა ნიშნით არჩევენ დასაფინანსებელ ექსპერტებს. სამაგიეროდ, კარგად იცის, რომ პარლამენტის წევრებს მინისტრების კრიტიკა ეკრძალებათ.
რატომ არ აქვს საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის გაკრიტიკების უფლება? რა ნიშნით არჩევს ივანიშვილი გარემოცვას? როგორ ემუქრება ის ოპონენტებს? გაიზიარებს თუ არა „ქართული ოცნება“ კომუნისტური პარტიის ბედს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“ მურმან დუმბაძეს ესაუბრება:
_ ბატონო მურმან, სერიოზული სკანდალი აგორდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ოცნება“ მის მადიდებელ ექსპერტებს გასამრჯელოს უხდის. თქვენ თუ იცით რამე ამის შესახებ? ივანიშვილმა თავისი მაქებ-მადიდებლების დაფინანსება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო, თუ შემდეგ დაამკვიდრა ეს პრაქტიკა?
_ მაქებელთა დაფინანსება როდის დაიწყო, ვერ გეტყვით. ხელისუფლებაში დიდი ხანი არ ვყოფილვარ, არჩევნების მოგებიდან მალევე ჩამოვცილდი „ოცნებას“. სულ რაღაც 3 თვე ვიყავი მმართველ პარტიაში. 2013 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მე და ბიძინა ივანიშვილმა სერიოზულად ვიკამათეთ მთავრობის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებით, რომელიც უგუნურ განცხადებებს აკეთებდა. მერე ის კი გააგდო, მაგრამ რაღაც პერიოდი გვერდით ჰყავდა. აკრძალული გვქონდა, რომ „ოცნების“ ლიდერისთვის მთავრობის წევრებზე აუგი გვეთქვა.
_ ვინ გიკრძალავდათ ამას?
_ თავად ივანიშვილი. მარტო კრიტიკასა და აუგის თქმას კი არ გვიკრძალავდა, საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის გაკონტროლებაც ეკრძალებოდა. გაკონტროლებას ვინ ჩივის, მინისტრებზე არაფერი უნდა გვეთქვა. მაგალითად, მთავრობის რომელიმე წევრზე რამეს თუ ვიტყოდი, ბიძინა ივანიშვილი დამირეკავდა და სიტყვასიტყვით ასე მეტყოდა, _ შენ ჩემ დანიშნულ კაცს რატომ ეხები?!
_ თქვენ რას ეუბნებოდით?
_ მე არ ვარ იმ კლასის პოლიტიკოსი, რომ ასე ადვილად გავჩერდე. საქართველოს პარლამენტში იმიტომ არ შევსულვარ, რომ ივანიშვილს დავმორჩილებოდი. იქ იმიტომ ვიყავი, რომ დეპუტატის უფლებამოსილება განმეხორციელებინა იმ ფარგლებში, რაც მე მეხებოდა. ეს „ოცნების“ ლიდერს არ მოსწონდა. მასთან ურთიერთობა 2013 წლის თებერვალში გამიფუჭდა. ამ უთანხმოებამ თვეები გასტანა. მერე ის თავად ეცადა ჩემთან შერიგებას, მაგრამ ვერ მოხერხდა.
_ რატომ ვერ მოხერხდა?
_ როგორ მოხერხდებოდა?! _ მე იმ წესით ცხოვრება გავაგრძელე, როგორც ივანიშვილის გაცნობამდე ვცხოვრობდი. ეს „ოცნების“ ლიდერისთვის მიუღებელი იყო. პარტიიდან მალევე გამრიცხეს, ამიტომ შიდა დინებებზე არაფერი ვიცი. არც ის ვიცი, უხდიდა თუ არა ის ექსპერტებს ხელფასებს. ეს ინფორმაცია, უბრალოდ, ვეღარ მექნებოდა. სამაგიეროდ, შემიძლია გითხრათ, თუ რა ხდებოდა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, ვინ რას აკეთებდა, ვინ რას ფიქრობდა. იმ პერიოდში მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი და ყველაფერი ჩემ თვალწინ ვითარდებოდა.
_ სხვა თემაზე დავიწყეთ საუბარი, მაგრამ საინტერესო რამე თქვით, _ ივანიშვილი მინისტრების კრიტიკას გვიკრძალავდაო. თქვენი აზრით, ეს აკრძალვები ახლაც ვრცელდება? აშკარაა, რომ „ოცნების“ დეპუტატები მთავრობის წევრებზე ენის მოჩლექით საუბრობენ.
_ ივანიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გარიყა ის ადამიანები, რომლებსაც ჩემნაირი წარმოდგენა ჰქონდათ პარლამენტარის უფლებამოსილების განხორციელებაზე. ამის მიუხედავად, ზოგიერთმა მათგანმა მთელი პირველი ვადა (2012-2016 წლები) გაძლო „ოცნებაში“, მათ შორის, რესპუბლიკელებმა და გუბაზ სანიკიძემ. მე მხოლოდ რამდენიმე თვე გავძელი. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების განაწილების პრინციპი არის სწორი გზა. სხვანაირად ქვეყნის მართვა შეუძლებელია. რაც შეეხება ივანიშვილს, ის საქართველოს მთავრობის წევრების კრიტიკას კი არა, იმასაც ვერ იტანდა, რომ აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარისთვის დამერეკა. მაშინ მე ბათუმის მაჟორიტარი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვიყავი. საქართველოს პარლამენტში არის ასეთი დეპუტატი, სვეტლანა კუდბა. წლების წინათ ის არჩილ ხაბაძესთან შეხვედრაზე მივიდა, რომელიც აჭარის მთავრობის მეთაური იყო. ხაბაძემ ამ ქალს ორი საათი აცდევინა მისაღებში, მაგრამ არ მიიღო.
_ კუდბას მაშინ რამე პოსტი ეკავა?
_ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. იქიდან წამოსულმა დამირეკა და მითხრა, ასე და ასეა საქმეო. ძალიან ნაწყენი იყო. ამბობდა, _ დეპუტატი ხომ უნდა მიიღოს მთავრობის თავმჯდომარემ, იქნებ, პირადად მაქვს კითხვა დასასმელი, სულ წერილობით ხომ არ გავაგზავნიო?! ეს ამბავი არც მე მომეწონა. მაშინვე დავურეკე ხაბაძეს და ყველაფერი ამოვუტრიალე. ვუსაყვედურე, _ რას აკეთებ, მთავრობის თავმჯდომარე იმიტომ კი არ ხარ, რომ მოქალაქე არ მიიღო-მეთქი! წარმოიდგინეთ, რას უზამდა რიგით მოქალაქეებს, როცა უმაღლესი საბჭოს წევრი 2 საათი ალოდინა და გარეთ გამოუშვა. ამ საუბრიდან არ გასულა 15 წუთი და მირეკავს ბიძინა ივანიშვილი. მისაყვედურა, _ რატომ აკეთებ ამასო?!
_ ივანიშვილმა საიდან გაიგო? ხაბაძემ უთხრა, რომ ეჩხუბეთ?
_ არ ვიცი, ვინ უთხრა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი საუბრის თაობაზე იცოდა და ძალიან გაბრაზდა. ივანიშვილს ვუპასუხე, _ რას ჰქვია, რატომ ვაკეთებ ამას, ჩვენ ხელისუფლების სათავეში იმიტომ არ მოვსულვართ, რომ მოქალაქეები არ მივიღოთ-მეთქი. ასეთი ჩხუბი კიდევ ბევრი გვქონდა. მერე, როგორც გითხარით, შემორიგებას ეცადა, მაგრამ არ გამოვიდა.
_ „ნაციონალებს“ შეურიგდით და რა გახდა ბიძინასთან შერიგება?
_ მე ნებისმიერ ადამიანთან აღვადგენ ურთიერთობას, თუ ის ისეთს მიმიღებს, როგორიც ვარ. ჩემი პრინციპები მაქვს და ამ პრინციპებით ვარ პოლიტიკაში 30 წელიწადია. მას შემდეგ, რაც ჩეენი ურთიერთობა ვეღარ აღდგა, დამირეკა და პირდაპირ მითხრა, _ შენ ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო. ამის შემდეგ რაღა უნდა ვილაპარაკო?! _ ბიძინა ივანიშვილი არის კრიმინალური აზროვნების კაცი.
_ თქვენ რა უპასუხეთ ამ მუქარაზე?
_ ისე შევშინდი, რომ მას შემდეგ გავჩუმდი და ხმა აღარ ამომიღია, _ ამ ზარის შემდეგ კიდევ უფრო რადიკალური გავხდი. წარმოგიდგენიათ, რა აზროვნების კაცია „ოცნების“ ლიდერი? მე რომ ამის თქმას გამიბედავს, _ ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო, _ რიგით მოქალაქესა და ბიზნესმენს რას უზამს! ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც თავისუფლების მოსპობა უნდა. ერთგულება და მის მიმართ მონური მორჩილება ყველაზე დიდი იარაღია იმისთვის, რომ ივანიშვილის გუნდის წევრი გახდე. ამ ნიშნით შეარჩია 2016 წლის საპარლამენტო გუნდი. ამიტომაც აქვს ასეთი სავალალო შედეგი 2020 წელს! ამიტომ დაამთავრა 2018 წელი ხვეწნა-მუდარით.
_ რა ხვეწნა-მუდარაზე საუბრობთ?
_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაუბედურებული სახით რომ გვევედრებოდა, ჩემს კანდიდატს მიეცით ხმაო. ერთმა მილიონმა ადამიანმა ხმა არ მისცა მათ კანდიდატს. ვერ გაიგო ამ კაცმა, რომ იგი აღარ არის ხალხისთვის საინტერესო. ყველაფერს ეწურება ვადა და ხელისუფლებაში ყოფნის მისი ვადაც ამოიწურა. ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში, „ოცნება“ ჩამოსცილდება ხელისუფლებას.
_ მმართველ პარტიაში დიდი იმედით არიან განწყობილი და სჯერათ, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების შემდეგ ისევ ხელისუფლებაში დარჩებიან.
_ ასე ფიქრობდნენ კომუნისტებიც, ეგონათ, რომ სულ ისინი იქნებოდნენ. საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში 18 მილიონი ადამიანი იყო გაწევრიანებული. ერთ დღეს ეს 18-მილიონიანი პარტია და იმხელა იმპერია ხუხულასავით დაიშალა. ბიძინა ივანიშვილის შეკოწიწებული „ოცნება“ რატომ ვერ ჩამოიშლება, ვითომ? ამასთან, გათვალისწინეთ, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც „ქართული ოცნება დემოკრატიული მოძრაობა“ დააფუძნა, იქ აღარ ვართ.
_ ახლა ხომ არ ნანობთ, რომ ოდესაღაც ამ პარტიის დაფუძნებაში მიიღეთ მონაწილეობა?
_ არ ვნანობ და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. სააკაშვილის მაშინდელ ხელისუფლებას სხვანაირად ვერ მოვუგებდით და „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა შეცვლილიყო. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები რომ მოიგო, ეს საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვისაც კარგი იყო. ის არჩევნები „ნაციონალებს“ რომ არ წაეგოთ, ახლა მიხეილ სააკაშვილი იმაზე ცუდი იქნებოდა, ვიდრე ის 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე იყო.
_ ამ არჩევნების წაგებამ სააკაშვილი გამოასწორა?
_ ახლა ის ბევრად უკეთესია, ვიდრე 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე იყო. პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს გამარჯვებაც და დამარცხებასთან შეგუებაც უნდა შეძლოს. ეს თანამედროვე, ცივილიზებული პოლიტიკის წესია. ჩვენი პოლიტიკოსები ამ წესს თუ მიიღებენ, ქვეყანა განვითარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს არაფერი ეშველება. ახლა ვალდებული ვართ, ერთიანი ფრონტი შევქმნათ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ. ამასთან, ქვეყნის სათავეში ისეთი ხელისუფლება უნდა მოვიყვანოთ, სადაც არავის ეცოდინება, ვინ არის პირველი პირი. აქამდე სულ ერთ კაცზე ვიყავით მიბმულები: „მოქკავშირი“ მოვიდა ხელისუფლებაში და ედუარდ შევარდნაძეზე ვიყავით მიბმულები, „ნაციონალების“ მმართველობის დროს _ მიხეილ სააკაშვილზე, ახლა კი ბიძინა ივანიშვილზეა ყველა და ყველაფერი მიბმული.
ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რათა დაგანახოთ, თუ როგორაა ჩვენი საქმე: საქართველოში 2000 სკოლაა. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე 2000-ვე სკოლის დირექტორი ხაზავდა ხუთიანს. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ სკოლის დირექტორები არჩევნებზე მხოლოდ 41 ნომერს ხაზავენ. როგორ შეიძლება, 2000 ადამიანს სააკაშვილიც მოსწონდეს და _ ივანიშვილიც? ეს მიუთითებს იმაზე, რომ სკოლის დირექტორები გულწრფელები არ არიან. ისინი იძულებული ხდებიან, იმას მისცენ ხმა, ვინც სათავეშია. ასე სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ჩვენ გვჭირდება, რომ თავისუფალმა მოქალაქეებმა არჩევნებზე თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. პოლიტიკურ წნეხს თავს თუ არ დავანებებთ, კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს არანაირი აზრი არ ექნება. საქართველოში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და ის იმსახურებს საუკეთესო ქვეყანას.
საქართველოში რომ კარგი ხალხი ცხოვრობს, ამის დასამტკიცებლად უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია: მაგალითად, რატომ არ ვრცელდება საქართველოში კორონავირუსი ისე, როგორც სხვა ქვეყნებში? იმიტომ, რომ მოწესრიგებულები აღმოვჩნდით. ეს ექსტრემალურ სიტუაციაში კარგად გამოჩნდა. შედით ნებისმიერი ქართველი გლეხის ოჯახში. შეიძლება, ის ღარიბულად ცხოვრობდეს, მაგრამ სახლი აუცილებლად მოწესრიგებული აქვს. მოკლედ, მოწესრიგებული ხალხი ვართ და არჩევნებში თავისუფლება თუ გვექნა, ქვეყანაც მოწესრიგებული გვექნება. ხალხს თავისუფლება უნდა მისცე და არა ვიღაც ექსპერტებს უხადო ფული, რომ მან შემდეგ სხვადასხვა ტელეეთერში გაქოს _ თურმე, რა კარგია „ქართული ოცნება“.
2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მჯეროდა, რომ ივანიშვილი ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემდა. მეგონა, მას მართლაც სურდა, საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად გადაექცია. სამწუხაროდ, სხვა გზა აირჩია და ქონების მოხვეჭის მიმართულებით წავიდა. ამ გზაზე დაიწყო დემოკრატიის ჩახშობა, სხვების დაჩაგვრა. რაც ყველაზე ცუდია, მან ზურგი აქცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და საგარეო კურსის შეცვლა დაიწყო. მას ღიად მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ. ჩვენ ბევრი მიზეზის გამო რუსეთი არ გვინდა. რუსეთი არ გვინდა იმიტომაც, რომ იქ თავისუფლება არ არის. რაც არ უნდა ილაპარაკონ ქართველ ხალხზე, ჩვენ თავისუფლება გვიყვარს და ჩვენი ადგილი რუსეთში ამიტომ ვერ იქნება.
ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი და სერიოზული შეცდომა დაუშვა. ამ შეცდომების გამოსწორება მხოლოდ ხალხს შეუძლია. ეს შეცდომები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გამოსწორდეს. უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავამთავროთ ეს ყველაფერი, დავსვათ წერტილი.
_ წერტილის დასმაზე საუბარი ქართველ პოლიტიკოსებს ცუდად აქვთ დაცდილი და ამ სიტყვასთან ფრთხილად იყავით.
_ ცუდად გახარიას აქვს დაცდილი, რადგან მან ძალიან ბევრი წერტილი დასვა. მე მხოლოდ ერთი წერტილის დასმაზე ვსაუბრობ. ეს წერტილი არჩევნებზე უნდა დაისვას! ყოველდღე წერტილის დასმა ვის გაუგია?!
_ ხალხს უნდა წერტილის დასმა?
_ ვფიქრობ, რომ უნდა. ხალხს ცვლილებები სურს. სურს კი არა, ცვლილებები გარდაუვალია. ამას ვხედავ მე და ამას ხედავს ამომრჩეველი. იმედია, ივანიშვილი ამ ცვლილებების წინააღმდეგ არ წავა.
_ თქვენ მას კარგად იცნობთ და როგორ გგონიათ, შეეწინააღმდეგება ცვლილებებს?
_ დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს, რომ ის ცვლილებებს შეეწინააღმდეგება. ასე გვიშლიდა ხელს ასლან აბაშიძე წლების წინათ აჭარის რეგიონში, მაგრამ ბოლოს მაინც დასრულდა. ივანიშვილს „ვარდების რევოლუციასაც“ გავახსენებ: 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები რომ ეღიარებინა შევარდნაძეს, როგორც ეს ხალხმა გადაწყვიტა, ის თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე დაასრულებდა, მაგრამ გაჯიუტდა და წააგო. ასევე წააგებს ბიძინა ივანიშვილიც. ჩვენს მოსახლეობასთან სიჯიუტე არ გადის.
_ სიჯიუტის გარდა ჩვენს ხელისუფლებებს აგრესიულობაც ახასიათებთ. „ქართული ოცნების“ წევრები, ბოლო პერიოდში, ძალიან აგრესიულები გახდნენ. თქვენი აზრით, ეს რისი ბრალია?
_ ისინი საკუთარი ნებით აგრესიასაც არ გამოხატავდნენ. ივანიშვილმა მოითხოვა და ისინიც გააგრესიულდნენ. აგრესიულობა ერთგვარი ტრენდი გახდა. არც პოლიტიკური ოპონენტების შეურაცხყოფას ერიდებიან, ხან გოიმებს გვეძახიან. ძველი ბიჭებივით იქცევიან.
_ ისე, არც სააკაშვილი აკლებდა ოპოზიციას შეურაცხყოფას. ამათ თუ გოიმები ეძახეს ოპოზიციას, მიშამ თქვა, ოპოზიცია გაფარჩაკდაო.
_ როგორ არ მახსოვს. ეს ცნობილი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს გააკეთა. მაშინდელმა ოპოზიციამ ამაზე ერთი ამბავი ავტეხეთ და სწორადაც მოვიქეცით. ოპონენტის შეურაცხყოფა დაუშვებელია. სხვანაირადაც შეიძლება იმის გადმოცემა, რომ არჩევნები ხელისუფლებამ მოიგო და ოპოზიცია ისევ დამარცხდა. დასავლეთის ქვეყნებში მოგებულები და წაგებულები ერთმანეთს შეურაცხყოფას კი არ აყენებენ, არამედ ხელს ართმევენ. რაც შეეხება „ოცნების“ აგრესიულობას, ეს ერთობლივად არის მოფიქრებული. ვიღაცამ დაარწმუნა ივანიშვილი, რომ ოპოზიცია „ჯიგრულ პონტში“ უნდა გააქილიკონ. ქართველ კაცს იუმორი არ უჭირს, მაგრამ უზრდელობასა და ქილიკს არავის აპატიებს. ცუდი არ იქნება, თუ ივანიშვილი საკუთარ თავსაც მოთოკავს და _ თავის გუნდსაც. სხვა თუ არაფერი, შემოდგომაზე ხელისუფლება იცვლება და ამ ქვეყანაში ხომ უნდათ ცხოვრება? იმის ილუზია ნუ ექნებათ, რომ კიდევ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. ორი ვადა ამოწურეს და მორჩა. რამე რომ გაეკეთებინათ, კიდევ მესმის, მაგრამ 9 წელზე ლაპარაკის გარდა არაფერი უკეთებიათ.
_ ამასობაში კი თვითონ გალიეს უკვე 8 წელი.
_ სადაცაა, მეცხრე წელი დაიწყება, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და 9 პროექტი არ განუხორციელებიათ. როდესაც ძველ ხელისუფლებაზე საუბრობენ, ისიც უნდა გაიხსენონ, რომ მათ იუსტიციის სახლები გააკეთეს. საბაჟოზე რომ ქრთამებს აღარ იღებენ და საგადასახადო წესრიგი დამყარდა, ესეც „ნაციონალების“ დროს მოხდა. ძალიან ბევრი გადაცდომაც იყო და ადამიანების უფლებების დარღვევაც. ეს ჩემზე უკეთ ბევრმა არ იცის. კარგი იქნება, თუ ამ თემაზე ის ექსპერტები არ დამელაპარაკებიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან თვეში 1000 ლარიდან 3000 ლარამდე იღებენ. მე, მათგან განსხვავებით, თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ სააკაშვილის დროს ბიზნესმენებს ფულს ახევდნენ. მაგრამ, ამავე დროს, აუცილებლად უნდა დავამატო ოთარ ფარცხალაძის სარდაფის ამბებიც. „ოცნება“ ხელისუფლებაში რომ მოდიოდა, პირობას დებდა, რომ ბიზნესს გაათავისუფლებდა. ბიზნესის განთავისუფლების ნაცვლად ფარცხალაძის „პადვალი“ მივიღეთ.
კატასტროფული ვითარებაა ტენდერებზე. ტენდერს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოიგებ, თუ „ატკატებში“ არ ხარ ანდა „ქართული ოცნებისთვის“ არ გაქვს გარკვეული თანხა შეწირული. ამ ხელისუფლების სასარგებლოდ 10.000-ლარიან ტენდერსაც კი ვერ მოიგებ. ასეთი უსამართლობა რომ არის გამეფებული, მაგიტომ გვაქვს ჩავარდნა ეკონომიკაში, მაგიტომ დაეცა ლარის კურსი. მახსენდება 2016 წელს გიორგი კვირიკაშვილის გაკეთებული განცხადება, რომელიც რამდენიმე წელი „ქართული ოცნების“ პრემიერი იყო: არა მარტო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი გაკეთდება, არამედ სამხრეთ-ჩრდილოეთისაცო. სად არის ეს მაგისტრალები? ამათი გაკეთებული ერთი საქმე მაინც მაჩვენეთ. ხელისუფლების შეცვლამდე, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, სააკაშვილმა დაიწყო 300-კილომეტრიანი გზის პროექტი. ლაგოდეხიდან სარფამდე ავტომაგისტრალით უნდა ჩავსულიყავით და თურქეთის გავლით ევროპაში გავდიოდით. 15 წელია, ეს პროექტი დაიწყო და ამ 15 წლის მანძილზე 15 კილომეტრი ვერ გავაკეთეთ! მაშინ, როცა ჩინელები 300-კილომეტრიან გზას ერთ თვეში აკეთებენ. მესმის, რომ ისინი მილიარდზე მეტნი არიან, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენც შეგვეძლო 300-კილომეტრიანი გზის გაკეთება, მაგრამ ვერ გავაკეთეთ. ამის შემდეგ ამ ხელისუფლებას რა უნდა ველაპარაკო?!
_ მარტო ამ ხელისუფლებას ნუ საყვედურობთ, წინა ხელისუფლებამ რატომ არ დაასრულა?
_ იმან დაიწყო მაინც. ესენი უკვე რვა წელი არიან ხელისუფლებაში და რაღაც მაინც ხომ უნდა გაეკეთებინათ?! „ოცნება“ რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდა, საქართველოს ბიუჯეტი 5 მილიარდი დოლარი იყო. საქართველოს ბიუჯეტი ახლაც 5 მილიარდი დოლარია. რვა წელია, ხელისუფლებაში არიან და ბიუჯეტიც კი ვერ გაზარდეს. ახლა ჩვენი ბიუჯეტი, სულ მცირე, 30 მილიარდი ლარი მაინც უნდა იყოს. ასე რომ ყოფილიყო, გავჩუმდებოდი და ვიტყოდი, ამათაც რაღაც გაუკეთებიათ-მეთქი. სამწუხაროდ, ერთი თეთრიც ვერ წაამატეს. როგორ გაიზრდებოდა ბიუჯეტი, როცა კონკურენცია არ არის და არც ბიზნესია თავისუფალი. სადაც თავისუფლება არაა, იქ შედეგის მიღება შეუძლებელია. ბიზნესი მხოლოდ მაშინ იქნება თავისუფალი, თუ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება. იმედი მაქვს, შემოდგომაზე ასეთი არჩევნების ჩატარებას შევძლებთ.
შორენა მარსაგიშვილი