შაბათი, 26 აპრილი, 2025
2020-02-01 06:13:33
ბოლო თვეებში აქტიურად მიდის საუბარი „ქართული ოცნების“ მიმართ გაძლიერებულ საერთაშორისო ზეწოლაზე, რომელიც, საბოლოოდ, ხელისუფლებას აიძულებს დათმობებზე წასვლას.
ხშირად გავიგონებთ ზედმეტად ოპტიმისტურ განცხადებებს, რომ „ბიძინა დამთავრებულია“, რომ უახლოეს პერიოდში მის წინააღმდეგ მკაცრი საერთაშორისო სანქციები ამოქმედდება და მას მოუწევს ქვეყნიდან სასწრაფოდ გაქცევა.
ოპტიმიზმის საბაბი შეიძლება გახდეს ნებისმიერი უმნიშვნელო ან ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა _ კრიტიკული პუბლიკაცია გავლენიან საერთაშორისო გამოცემაში, ცალკე აღებული ამერიკელი კონგრესმენის ან ევროდეპუტატის განცხადება და ა. შ.
როგორც წესი, ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ ხელისუფლების რადიკალურ მოწინააღმდეგეთა ბანაკში შეიმჩნევა მხიარული გამოცოცხლება, _ აი, ნახეთ, რას ამბობს დასავლეთი, სულ მალე, სულ ცოტა ხანში ბიძინა დამთავრდება.
ზოგჯერ საქმე გვაქვს სრულიად გაუგებარ და ირაციონალურ იმედებთან _ მაგალითად, ბოლო პერიოდში რადიკალ-ანტიქოცებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია თავისი ქვეყნიდან გაძევებული ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკი _ ის არის ქართველი ანტიბიძინისტების განსაკუთრებული შთაგონების წყარო.
პლახოტნიუკი გააძევეს მოლდოვიდან _ ანუ სულ მალე ბიძინას დროც მოვა, _ აღფრთოვანებით ამბობენ ისინი.
პლახოტნიუკის წინააღმდეგ ამერიკას სანქციები შემოაქვს _ ეს ძლიერი სიგნალია ბიძინასთვის…
ალბათ მშობლიურ მოლდოვაში არ ახსენებენ მას ისე ხშირად და არ ადევნებენ თვალს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ისეთი ყურადღებით და გაფაციცებით, როგორც შორეულ საქართველოში.
მოკლედ, ნებისმიერი, თუნდაც, უმნიშვნელო მოძრაობა საერთაშორისო არენაზე რადიკალ-ანტიბიძინისტებს შორის აღიქმება, როგორც გარდაუვალი და მოახლოებული ცვლილებების სიგნალი…
თუმცა ნამდვილი რეალობა ძალიან განსხვავდება გამოგონილისგან _ სინამდვილეში არავითარი საერთაშორისო ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ არ არსებობს. მეტიც: ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დიდი ხანია, საერთაშორისო საზოგადოებრიობა არ ყოფილა ისეთი ინერტული და პასიური საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი, როგორც _ დღეს.
ბიძინა ივანიშვილი ძალიან იღბლიანი პოლიტიკოსია. მას გაუგონრად უმართლებს _ არავინ არ სთხოვს პასუხს ისეთ რაღაცებზე, რაზედაც სააკაშვილს ფეხებით ჩამოკიდებდნენ. ის, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს, ქვეყანამ ტყუილად დაკარგა 8 წელი და კვლავ აგრძელებს დროის კარგვას, თუმცა, ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უპრობლემოდ, განსაკუთრებული ძალადობისა და გაყალბების გარეშე, იგებს ყველა არჩევნებს.
ამასთან ერთად, ის, ფაქტობრივად, თავისუფალია დასავლური ზეწოლისგან და მას აქვს სრული კარტბლანში _ ის აკეთებს ყველაფერს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს და დასავლეთს ამაზე არავითარი რეაქცია არ გააჩნია.
სად არის „სერიოზული წნეხი“ ან „მკვეთრი სიგნალი“, რომელზედაც საუბრობენ რადიკალი-ანტიბიძინისტები? რას ზეიმობენ ისინი და რისი იმედი აქვთ?
ცალკეული კონგრესმენების კრიტიკული განცხადებები, რომლებსაც არ გააჩნიათ არავითარი განვითარება, ევროპარლამენტის „სახალხო პარტიის“ ფრაქციის დეპუტატების ზეპირი განცხადებები, უფლებადამცველი ორგანიზაციების რამდენიმე კრიტიკული დასკვნა და ერთი-ორი ნეგატიური პუბლიკაცია საერთაშორისო პრესაში _ სულ ესაა.
არც ამერიკის კონგრესი, არც ევროპარლამენტი, არც სხვა რომელიმე სერიოზული საერთაშორისო გაერთიანება არ ამჟღავნებს „ქართული ოცნების“ თავნებობის აღკვეთის მინიმალურ სურვილსაც კი.
არც 20 ივნისის მოვლენებს, არც საყოველთაო გადაგდებას საარჩევნო სისტემის საკითხებში, არც მრავალრიცხოვან დაპატიმრებებს, არც ქოცზონდერების აქტიურობას არ მოჰყოლია არავითარი, მეტ-ნაკლებად, მწვავე რეაქცია.
2007 წლის 7 ნოემბერს საერთაშორისო საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილი აიძულა, გადამდგარიყო, ხოლო 20 ივნისის მოვლენებს არ გამოუწვევია არათუ ვინმეს გადადგომა, არამედ მეტ-ნაკლებად მკვეთრი კრიტიკა ხელისუფლებისადმი.
დაუკვირდით საერთაშორისო ორგანიზაციების ან დასავლეთის გავლენიანი სახელმწიფოების განცხადებებს საქართველოს მიმართ, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად _ იქ ხელისუფლების იმდენი ქება-დიდებაა, იმდენჯერაა ნახსენები „მთავრობის მიერ ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები“, რომ ძნელია გაერკვე _ ეს კრიტიკული განცხადებაა თუ საქებარი?
შესაძლოა, კონგრესმენებისა და სენატორების პირადი ინიციატივები გულის მოფხანის კარგი საშუალებაა, თუმცა, ოფიციალური ორგანოების სრული დუმილისა და პასიურობის ფონზე, მათ არ აქვთ არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა.
ძნელი სათქმელია, რით არის გამოწვეული ასეთი გულგრილობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან _ შესაძლოა იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღასრულა მათი საიდუმლო სურვილი და თავისი ნებით მოხსნა საქართველოს პრობლემა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების დღის წესრიგიდან.
შესაძლოა იმით, რომ თავისთავად მაჟორიტარული სისტემა არაა არც უჩვეულო, არც უკანონო და არც არალეგიტიმური _ მეტიც, ყველაზე განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგალითად, შტატებსა და ბრიტანეთში _ არჩევნები ტარდება სწორედ მაჟორიტარული სისტემით.
შესაძლოა იმით, რომ საქართველოსთვის არ სცალიათ _ ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად, სტაბილური სიტუაციაა, სახელისუფლებო ძალადობა ზომიერების ფარგლებშია და არ გადაზრდილა სრულმასშტაბიან ავტორიტარიზმში, ამიტომაც _ იყოს, რაც არის.
ასეა თუ ისე, ბიძინას არ აწუხებს, არც ფრთხილი კრიტიკული განცხადებები ოფიციალური ორგანოებისგან, არც ნეგატიური პუბლიკაციები, არც ცალკე აღებული სენატორებისა და ევროდეპუტატების თავდასხმები და, თქვენ წარმოდგინეთ, არც ვლადიმირ პლახოტნიუკის თავგადასავლები.
მას აშინებს მხოლოდ 2 შესაძლო პრობლემა _ სანქციები მისი დასავლური აქტივების წინააღმდეგ და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება. პირველი ეხება მის პირად ინტერესებს, მეორე კი _ მთავარ მიღწევას, რომელთანაც ასოცირდება „ქართული ოცნების“ ხანა. თანაც, საქართველოს მოსახლეობა უკვე მიეჩვია უპრობლემოდ მოგზაურობას ევროპაში და ამ პრაქტიკის მოშლა დიდი დარტყმა იქნებოდა ხელისუფლებისთვის.
თუმცა დღეს არავითარი მოძრაობა ამ ორი მიმართულებით არ ჩანს, ყველაფერი დანარჩენი კი ივანიშვილს არ ადარდებს.
შესაბამისად, არავითარი საერთაშორისო ზეწოლა დღევანდელ ხელისუფლებაზე არ არსებობს და არ იარსებებს მანამ, სანამ ქუჩაში პროტესტის ნიშნად არ გამოვა არა 10-15, არამედ 50-60 ათასი ადამიანი.
სხვა შემთხვევაში ბიძინა ადვილად იგებს 2020 წელს _ ამას კი მოყვება რამდენიმე კონგრესმენის მკვახე განცხადება და იდეური ანტიქოცების სიხარული _ აი, მოვიდა ბიძინას დასასრულიც.
თენგიზ აბლოთია