შაბათი, 26 აპრილი, 2025
2020-02-01 06:09:39
ევროპარლამენტის წევრებისა და აშშ-ის კანონმდებლების მიერ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ მწვავე განცხადებებზე „ქრონიკა+“ დიპლომატს, პოლიტიკური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელ ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა:
_ საკითხი, რომელზედაც ქვემოთ მოგვიწევს საუბარი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. რესპონდენტად თქვენი შერჩევა კი იმან გადამაწყვეტინა, რომ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მიუხედავად, ქართულ საზოგადოებაში თქვენ მაქსიმალურად ობიექტური პერსონის იმიჯი გაქვთ. მაშ, ასე: გასული კვირა საქართველოს ხელისუფლებისთვის უმძიმესი იყო საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ზოგადი შეფასებით დავიწყოთ: რა მოხდა ევროპარლამენტში და რა გზავნილები მოვისმინეთ აშშ-დან?
_ ამაზე ბევრი შეიძლება საუბარი, მაგრამ ძირითადი გამოვყოთ. ნეგატიური ინფორმაცია საქართველოზე მრავალი წელია, გროვდება. ყველასთვის ნათელია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა მომწიფდა. ამ ვითარებაში დასავლეთის მიდგომა ის გახლავთ, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მიეცეს მისი ბუნებრივი და კონსტიტუციური უფლების _ ხელისუფლების დემოკრატიული არჩევის საშუალება. მაშინ, როცა შარშანდელი ზაფხულის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის შედეგად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების დაპირება გასცა, დასავლეთში ჩათვალეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თვალი გაუსწორა რეალობას და გადაწყვიტა, ასე თუ ისე, ხალხისთვის არჩევანის რეალური საშუალება მიეცა. შესაბამისად, კრიტიკა, მართალია, გარკვეული დოზით კი გაისმოდა, მაგრამ მაინც ერთგვარად მოთოკილი იყო, რადგან პროპორციულ არჩევნებზე თანხმობა ბიძინა ივანიშვილს მნიშვნელოვან პოზიტიურ ნაბიჯში ჩაუთვალეს. სწორედ ამიტომ დაპირების უკან წაღებამ შოკის ეფექტი გამოიწვია და დაგროვილმა ნეგატივმაც და დამუხრუჭებულმა კრიტიკამ ერთბაშად ამოხეთქა, მით უმეტეს, რომ ამ მოვლენების ფონზე ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული, უკანონო და რეპრესიული ნაბიჯების ინტენსივობამაც საგრძნობლად იმატა. ერთი სიტყვით, დასავლეთმა, ანუ აშშ-მ და ევროკავშირმაც, ცალსახა სიგნალი მისცეს თბილისს _ დასავლეთი ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნებას მანიპულაციებისა და ძალადობის მეშვეობით საერთაშორისო ლეგიტიმაციას არ მისცემს.
_ ვერ ვიტყვი, რომ არ მახსენდება მძიმე განცხადებები ევროპიდან, მაგრამ ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ერთგვარად ხელისუფლების „განკითხვის დღეც“ იყო. გეკითხებით, როგორც დიპლომატს: რას მიიჩნევთ უმნიშვნელოვანეს გზავნილებად, რაზედაც ღირს ყურადღების განსაკუთრებით გამახვილება და იყო თუ არა ისეთი საკითხები და გზავნილები, სადაც ევროპარლამენტარებმა გადაამლაშეს?
_ გადამლაშება ვერსად ვნახე. სიმართლე ითქვა. მთავარი მესიჯი, რაზედაც ეს ყველაფერი დადის, არის შემდეგი: 1. საქართველოში ვითარება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ სერიოზულად გაუარესებულია; 2. დასავლეთი უსამართლო არჩევნებს ბიძინას არ გაუტარებს.
_ გასაგებია. მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე. აღვნიშნე, რომ ჩვენ ადრეც მოგვისმენია მძიმე განცხადებები ევროპარლამენტარებისგან, მაგრამ იყო პასუხებიც. ამ პასუხებს ქართველი ობივატელი ძალიან იშვიათად ისმენს ხოლმე, მაგრამ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ეს პასუხები და მათი ავტორები ქართული პოლიტიკისა და დიპლომატიურ იმიჯს განსაზღვრავენ. ანუ მნიშვნელოვანია, როცა კრიტიკა ისმის, რას ვპასუხობთ და როგორ, ისევე როგორც უმთავრესია, _ ვინ პასუხობს… ანუ რისი კითხვა მინდა, _ რამდენად ადეკვატური და წელში გამართული იყო უმრავლესობის წარმომადგენელთა პასუხები „იქ“?
_ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოზიციებს ევროპარლამენტში თავად ციცერონიც ვერ დაიცავდა. კახაბერ კუჭავას რიტორიკული შესაძლებლობები, რბილად რომ ვთქვათ, ციცერონისას საგრძნობლად ჩამოუვარდება. რეჟიმის იმიჯი ობიექტური რეალობის გამო იმდენად წამხდარია, რომ დაცვას არ ექვემდებარება.
_ ახლა ოთხი კონგრესმენის წერილზე გადავიდეთ. ჩემთვის წერილზე შემაშფოთებელი უფრო მეტად ის გახლავთ, რაც გავიაზრე, ანუ სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ხელისუფლებასთან კულუარული დიპლომატიის რესურსი ამოწურული აქვს და პოლიტიკურ-ეპისტოლარულ ჟანრში გვიწევს ურთიერთობა? რამდენად მეთანხმებით და იზიარებთ ამ შეშფოთებას?
_ ჩვენ ხომ „ქართული ოცნების“ ე. წ. მოლაპარაკე თავების რიტორიკასა და „არგუმენტაციას“ ყოველდღე ვისმენთ ტელევიზიით. დაახლოებით იგივეს ეუბნებიან ისინი ამერიკელ პარტნიორებსაც. და როგორ ფიქრობთ, რა შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს ამ სამარცხვინო საუბრებმა ამერიკელ პოლიტიკოსებზე? მაგალითად, სულ ახლახან ოპოზიციის წარმომადგენელს ქალაქის საკრებულოში მისივე კოლეგები უმრავლესობიდან ფიზიკურად გაუსწორდნენ კოლექტიურად. შემდგომ ჩვენ მოვისმინეთ „ოცნების“ წარმომადგენელთა განმარტებები ამ ფაქტთან დაკავშირებით. ითქვა, რომ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს „მოთმინების ფიალა აევსოთ“, რომ ისინი აქამდე მიიყვანეს და ა. შ. პრაქტიკულად, ეს ამაზრზენი ქმედება გაამართლეს. ახლა წარმოიდგინეთ, როცა ამ თემაზე ამერიკელ პოლიტიკოსებთან იქნება საუბარი და ისინი ასეთ რამეებს მოისმენენ, რა განწყობა დაეუფლებათ?! ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ასევე უმრავლესობიდან, პრაქტიკულად, ოპოზიციაში გადასვლა გუნდის ისეთი წევრებისა, რომელთაგანაც ისინი ინფორმაციას იღებდნენ საქართველოდან და რომლებიც ტრადიციულად იყვნენ გამწესებულები მათთან საურთიერთოდ. ნათელი გახდა, რომ ვითარება ძალზე მძიმეა.
_ მოვისმინეთ საქართველოს ოფიციალური პირების კომენტარები ამ წერილზე, რომლის შინაარსი ასე ჟღერდა, _ როგორც ქუხს, ისე არ წვიმს და ჩვენ ამას ავუხსნით ამერიკელ პარტნიორებს. რეალურად, შედეგით ვიწყებ საკითხში ჩაღრმავებას, _ რამდენად დიპლომატიური იყო ეს პასუხები?
_ გახსოვთ ივანიშვილის ადრინდელი გამონათქვამები: „მე დავარწმუნე ევროპა“, „მე დავარწმუნე ამერიკელები“ და ა. შ.? ამ ტიპის მესიჯები მისგან უნდა მოდიოდეს. მათ, ვისაც დიპლომატიაზე ანბანის დონეზე მაინც რაღაც წარმოდგენა ჰქონდა ან მინიმალურ პოლიტიკურ მეობას ინარჩუნებდა, უკვე დატოვეს სახელისუფლებო გუნდი. დარჩა პირწმინდად მონური მენტალიტეტის მატარებელი ხალხი, რომელთათვისაც მთავარი ის კი არაა, თუ როგორ აღიქვამს აშშ და ევროპა მათ ნათქვამს, არამედ როგორ მოეწონება ეს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს. შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს მართლა სჯერა ივანიშვილის ექსტრაორდინალური სიბრძნისა და მართლა ჰგონია, რომ საკმარისია, „კარგად აუხსნან“ ვითარება ამერიკელ კოლეგებს და ყველაფერი დალაგდება. სწორედ ამ განწყობით გაემართა კობახიძის ჯგუფი აშშ-ში და მერე კი ვიხილეთ ტელეეკრანებიდან მისი აჭარხლებული და დაბნეული სახე შეხვედრებიდან გამოსვლისას.
_ ახლა თავად წერილის ავტორებს დავუბრუნდეთ, რომელთაგან ზოგი „მიშას მეგობრად“, ზოგი კი საქმეში ჩაუხედავ ადამიანად მოინათლა. არადა, ისინი კონგრესსა და სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეფები არიან. რამე ხომ არ მეშლება? მეტიც: სენატს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. და თან აქვე, საინტერესოა, პრემიერებს თუნდაც ზესახელმწიფოს კანონმდებლები „ისე რა“ მოუნდათ და წერილებს სწერენ? ანუ „ისე რას“ პრეცედენტები არსებობს? თუ სისტემა ითხოვს ასეთ დროს თუნდაც სახდეპისა და პალატათა ხელმძღვანელების საქმის კურსში ჩაყენებას?
_ საქმე ის არის, რომ აშშ-ში კონგრესმენი და სენატორი, ისევე როგორც მთლიანად ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები, სულაც არ არის ფიქცია. კონგრესმენები და სენატორები ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები არიან და სწორედ ასეთებად აღიქვამენ თავს და შესაბამისად იქცევიან. პარლამენტარი ნამდვილი დემოკრატიის პირობებში უმაღლესი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირია და მისი რეალური სტატუსი სავსებით შეესაბამება ფორმალურს. ცალკეული კონგრესმენი და სენატორი ძალიან დამოუკიდებელი ფიგურაა და ის სწორედ ამ სულისკვეთებით მოქმედებს.
თქვენ სავსებით სწორად აღნიშნეთ, რომ წერილის ავტორები საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საქართველოს შესახებ მუდმივ რეჟიმში იღებენ ადეკვატურ ინფორმაციას. მათზე მუშაობს შესაბამისი აპარატი და ისინი რეგულარულად მარაგდებიან ამ ინფორმაციით სახელმწიფო დეპარტამენტიდან, აშშ-ის საელჩოდან და სხვა რელევანტური წყაროებიდან. ამდენად, ჩვენს ვაიპოლიტიკოსებს ისიც უნდა ესმოდეთ, რომ როცა ისინი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებს „ჩაუხედავობაში“ სდებენ ბრალს, ამით სახელმწიფო დეპარტამენტსაც და საელჩოსაც ადანაშაულებენ არაკომპეტენტურობასა და იმაში, რომ ისინი თავის საქმეს არ აკეთებენ.
„ისე რას“ რაც შეეხება, კიდევ ვიმეორებ, კონგრესმენი და სენატორი _ ეს უმაღლესი სტატუსია და ეს ხალხი, როცა საჭიროდ მიიჩნევს, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებსაც, პრეზიდენტის ჩათვლით, უწყობენ განკითხვის დღეს. მათ რეალურად და სრულად აქვთ შეგნებული და გათავისებული ის, რომ წარმოადგენენ ამერიკელ ხალხს და მისი სახელით შეუძლიათ მიმართონ უცხო ქვეყნის ლიდერებსაც ვინმესთან შეუთანხმებლად.
ყველაფერთან ერთად, მხედველობაში უნდა გვქონდეს ამერიკული პოლიტიკური ფილოსოფიის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც გულისხმობს აშშ-ის მისიას, გაავრცელოს და განამტკიცოს დემოკრატიული ფასეულობები მსოფლიო მასშტაბით. ამ კონტექსტში მათთვის აბსოლუტურად ბუნებრივია, შეშფოთებით მიმართონ აშშ-ის ისეთი მეგობარი სახელმწიფოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომლის დემოკრატიის განვითარებაში მათი ამომრჩევლის არცთუ ცოტა რაოდენობით ფულია დახარჯული, მაშინ, როცა ეს ქვეყანა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებიდან უხვევს. თუ დააკვირდებით, წერილები სწორედ ამ პათოსითაა განმსჭვალული.
_ ახლა კი ვრცლად ვისაუბროთ ოთხი კონგრესმენის გზავნილებზე. რამ შეგაშფოთათ ყველაზე უფრო და რა გაძლევთ იმედს, რომ არსებული ვითარება გამწვავების ფაზაში არ შევა?
_ მე ეს გზავნილები არ მაშფოთებს. პირიქით, მიხარია, როცა ვხედავ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ასეთ მტკიცე და პრინციპულ მხარდაჭერას. შფოთი ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს უნდა ეუფლებოდეს. ერთი სიტყვით, ეს წერილები ძალიან ცუდია ივანიშვილის რეჟიმისთვის და ძალიან კარგია საქართველოსთვის. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ კონტექსტში, მინდა გითხრათ: სრული განცდა მაქვს იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიმართ აშშ-ის უმაღლეს ეშელონებში სერიოზული გარდატეხა მოხდა და აწი ასეთი უსიამოვნო სიურპრიზები მათთვის წვიმასავით წამოვა. ცხადია, ის და მისი გუნდი შეიძლება შეეცადონ „დაარწმუნონ“ ამერიკელები და ა. შ., მაგრამ ამით ისინი მხოლოდ უფრო მეტ გაღიზიანებას გამოიწვევენ.
_ რა შეიძლება მოყვეს ამ წერილს, ანუ რისი სიგნალია ეს და თუ განვიხილავთ ასეთ მომენტს, რომ ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს (პოლიტიკურ გამწვავებას ვგულისხმობ), რა იქნება აშშ-ის შემდგომი სავარაუდო ნაბიჯი?
_ არ მინდა დეტალებში წასვლა. ვფიქრობ, ეს ტრენდი გაძლიერდება და გააქტიურდება როგორც კონგრესის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ხაზით. ამერიკელები, ბევრი სხვისაგან განსხვავებით, შედეგზე ორიენტირებული ხალხია და ეს მოძრაობა ტყუილად არ დაუწყიათ.
_ არ შემიძლია არ შევეხო ანაკლიის თემას, რომელიც წერილშიც არის წამოწეული. ჩემთვის ცნობილია თქვენი მოსაზრება გარანტიებთან დაკავშირებით და გთხოვთ, ეს ფაქტორი უფრო განმარტოთ და აქვე, როგორც დიპლომატს, მინდა გკითხოთ და ველოდები გულწრფელ პასუხს, _ როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ანაკლია მნიშვნელოვანია აშშ-ის სამხედრო ინტერესებისთვის, რატომ უნდა შეგექმნას ილუზია, რომ ამ პროცესს ხელს არ შეუშლის სახელმწიფო, რომელიც ლამის ყოველდღიურად ახდენს შენი ტერიტორიების ოკუპაციას? არ არის ეს მავნებლური განცხადება? ამას ხომ მინიმალური სახლმწიფოებრივი სიბრძნე სჭირდება, რომ მუდმივად მოახდინო აპელირება მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, თუნდაც სხვა მიზნები გქონდეს? თუ დიპლომატია აღარ მუშაობს და არც პოლიტიკური შორსმჭვრეტელობაა აუცილებელი? აქ არაფერს ვიტყვი კონსორციუმის მიერ არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს დაღალატების ჩემეულ არგუმენტებზე…
_ ისეთი საზღვაო პორტის არსებობა საქართველოს სანაპიროზე, რომლითაც ისარგებლებენ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები, უდავოდ მიმზიდველია. რეალურად, ამ პროექტის შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ამ საკითხში აშშ ორმხრივ დონეზე გადაუგრეხს ხელებს რუსეთს. ამ კონტექსტში საქართველოს სახელმწიფოს მიმართ გაჩენილი მოთხოვნა კომერციული რისკების გარანტიებით დაფარვაზე შეშფოთებას იწვევს. ეს პროექტის მაღალ არა მხოლოდ კომერციულ, არამედ პოლიტიკურ რისკებზეც მიუთითებს. თუ საქართველო ამ პირობაზე დათანხმდა, ეს ამ რისკებს კიდევ უფრო გაზრდის. ამდენად, ეს პირობა, ჩემი აზრით, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ამ პირობაზე ჩვენი მხრიდან კატეგორიული უარის შემთხვევაში მის მიმართ ინტერესი არ შენელდა, მაშინ ღირს მუშაობის გაგრძელება.
_ დაბოლოს, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია არსებული ხელისუფლების გაურკვეველ საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ვსაუბრობ მკვეთრად გამოხატულ ნაბიჯებზე, თორემ კონსტიტუციაშიც წერია დასავლური და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებები. ამჯერად რა უმთავრესი გამოწვევების წინაშე დგას ქართული სახელმწიფო?
_ ამაზე ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას და ამ თემას ერთ პასუხში ვერ ჩავტევთ. ამიტომ გამოვყოფ მთავარს: არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველო მკვეთრად კარგავს სუბიექტის როლს საერთაშორისო და რეგიონულ არენაზე და, ძირითადად, სხვათა პოლიტიკის ობიექტად გვევლინება. ეს უამრავ შესაძლებლობას გვაკარგვინებს და, საბოლოო ჯამში, ჩვენს უსაფრთხოებას დიდ პრობლემებს უქმნის.
გეგა სილაგავა