შაბათი, 26 აპრილი, 2025
2020-01-31 09:59:29
ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, სადაც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის, არჩევნებს, ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას.
კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ პირველი წერილის შემდეგ გახარიასგან პირობა მიიღეს არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების შესახებ, თუმცა, მათი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ფეისბუქმა წაშალა ანგარიშები, რომელსაც მმართველი გუნდი აფინანსებდა. კონგრესმენებს მიუღებლად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ამ გვერდებზე ვრცელდებოდა ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური განცხადებები.
მმართველი გუნდის წევრებმა კონგრესმენების კრიტიკა მიკერძოებულობას დააბრალეს.
რაზე მეტყველებს კონგრესმენების განცხადებები? რა შემთხვევაში დათმობს „ქართული ოცნება“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემას და რამდენად ადეკვატურად მოქმედებს ოპოზიცია?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:
_ ბატონო ნიკა, ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ განცხადებას რა დატვირთვა აქვს და რა კუთხით შეიძლება აისახოს ეს ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე?
_ პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ცალკეული კონგრესმენების განცხადებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქამდე დასავლეთი და კონკრეტული ოფიციალური პირები ერიდებოდნენ ღია და პირდაპირი განცხადებების გაკეთებას საქართველოს ხელისუფლებს მიმართ, თუმცა იყო მითითებები, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალია. შედარებით რბილი პოზიცია დააფიქსირა დასავლეთმა კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა Human Rights Watch -ის ანგარიშში ეს მოვლენა მოხვდა. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, 2 კვირის თავზე, ბათუმში გაიმართა კონფერენცია „საქართველოს ევროპული არჩევანი“, სადაც ევროკომისის ყოფილმა თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ როცა საქართველოში ჩამოდის, აქ ხედავს დემოკრატიას. თუმცა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას მისცა დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით ჩაატარებდა და ეს პირობა დაარღვია, პირადად მოტყუებულები აღმოჩნდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებაც სულ უფრო მეტად ხდება კრიტიკის ობიექტი. ალბათ, დასავლეთში იმასაც აცნობიერებენ, რომ გარკვეული ბერკეტი აქვთ, რომ ზემოქმედება მოახდინონ პირადად ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც ანგარიშების უდიდესი ნაწილი აქვს დასავლეთის წამყვან ბანკებში.
_ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონკრეტული განცხადებები არ არის მნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციით უნდა იხელმძღვანელონ. რამდენად ადეკვატურია მმართველი გუნდი განცხადებების შეფასებაში?
_ „ქართული ოცნება“ არ აღიქვამს სწორად კონგრესმენების განცხადებების სიმწვავეს. ის 4 კონგრესმენი, რომელმაც წერილები გამოაგზავნა, გახლავთ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი. მათ დააფიქსირეს კონკრეტული მოსაზრებები, გარდა ამისა, ისინი თავიანთ შთაბეჭდილებას უზიარებენ თავის კოლეგებს. რაც შეეხება სხვა კონგრესმენებს, მათ რომ თავიანთი მოსაზრება ჯერ არ დაუფიქსირებიათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დადებითად არიან განწყობილი იმ სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიასა და ადამიანების უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ყოველთვის ხვდება საქართველო, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში ასახული იყო კრიტიკული შენიშვნები, მაგალითად, საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებით. კრიტიკული შენიშვნები ასევე აისახება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშშიც, თუნდაც 20 ივნისს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადონ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იმ მონაცემებს ეყრდნობა, რომელსაც მას საქართველოში არსებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია აწვდის, რომლებიც ამერიკულ გრანტებს ღებულობენ. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა კიდეც, რომ აშშ-ს უნდა მივწერო წერილი, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ამერიკულ გრანტებს ღებულობენ, ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევიანო. რეალობა კი არის ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მის დაქვემდებარებაში მყოფ დიპლომატიურ უწყებებს ეყრდნობა, ანუ საელჩოებსა და საკონსულოებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებენ და ინფორმაციას აწვდიან სახელმწიფო დეპარტამენტს. ბუნებრივია, აშშ-ის საელჩო საქართველოში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აკვირდება და მაქსიმალურ ინფორმაციას აგროვებს ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, _ ეს მათი ფუნქციაა.
_ თქვენი თქმით, დასავლეთი აცნობიერებს, რომ ივანიშვილზე ზემოქმედების ბერკეტი აქვს. ოპოზიცია ამ კონტექსტში ხშირად იხსენებს მოლდოვის პრეცედენტს, როდესაც იქ ოლიგარქი სახელმწიფო მიტაცებაში ამხილეს და აშშ-მ ის შავ სიაში შეიყვანა. არის თუ არა იმის ალბათობა, რომ ივანიშვილმა გაიზიაროს მისი ბედი და რა პარალელებს გაავლებთ მოლდოვაში პლახატნიუკის მმართველობასა და საქართველოში ახლა არსებულ ვითარებას შორის?
_ დიახ, არსებობს იმის ალბათობა, რომ ივანიშვილმა პლახატნიუკის ბედი გაიზიაროს. მოლდოვაში ოპოზიციას პლახატნიუკთან დაკავშირებით უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდა, მას არ გააჩნდა ისეთი მონოპოლიური მდგომარეობა მოლდოვის პოლიტიკურ სივრცეში, როგორიც ივანიშვილს საქართველოში. პლახატნიუკი ზეგავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა მოლდოვაში ცოტა განსხვავებული, არატიპური, არაფორმალური ვითარება იყო. ასევე მოლდოვაში სხვა გავლენიანი პოლიტიკური პარტიები მოღვაწეობდნენ და მათ ბერკეტი ჰქონდათ, რომ მთავრობა გადაეყენებინათ და შემდგომში პროდასავლური მთავრობა მოსულიყო. მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოში ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა უკავია, ამიტომაც ივანიშვილს სამართავად უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე პლახატნიუკს ჰქონდა მოლდოვის შემთხვევაში, _ ეს არის განსხვავება. ყოველ შემთხვევაში, პრეცედენტი შეიქმნა პლახატნიუკის წინააღმდეგ და ეს ყურადსაღები უნდა იყოს ბატონი ივანიშვილისთვის.
_ იმ რეალობის ფონზე, რაც დღეს არის ქვეყანაში, რამდენად სწორად მოქმედებს ოპოზიციური სპექტრი და რა ბერკეტებს ფლობს დღეს ოპოზიცია?
_ ოპოზიციური სპექტრი ნაწილობრივ ადეკვატურია, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ მხრივ კოორდინებული მოქმედება არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, სტრატეგიის დონეზე, ოპოზიცია ერთმანეთთან თანამშრომლობს. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში, ერთობლივად მონაწილეობენ _ ეს არის ოპოზიციის ძლიერი მხარე. რაც შეხება ოპოზიციის სისუსტეს, შესაძლოა, ეს დასავლელი პარტნიორების ინიციატივაა, მაგრამ პროდასავლური ძალები არ უნდა თანამშრომლობდნენ პრორუსულ ძალებთან.
_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, რაზე მოქმედებს ეს უარყოფითად?
_ ეს „ქართულ ოცნებას“ გარკვეულ ბერკეტს აძლევს განაცხადოს, რომ პრორუსული ძალების წარმომადგენლები ოპოზიციასთან ერთად არიან. როდესაც ბურჯანაძე გასულ წელს მოსკოვში გაემგაზავრა, ეს მმართველმა გუნდმა სათავისოდ გამოიყენა და შესაბამისი განცხადებებიც გააკეთა. აქედან გამომდინარე, წმინდა პროდასავლური ძალები უნდა იყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი ხედვა აქვთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და შესაძლოა, ამიტომაც სხედან ერთად, თუმცა საკამათოა, რამდენად სწორია ის, რომ პრორუსულ პარტიებთან ერთად არიან. ამის გარდა, ოპოზიცია კიდევ ერთი კუთხით არ არის ადეკვატური: ის კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემა (NDI-ის ახალი კვლევების მიხედვით 20% აქვს), მაგრამ ოპოზიციამ ისიც უნდა გაითვალისწონოს, რომ მათი რეიტინგიც არ არის მაღალი. ჯამურად, ოპოზიცია უფრო მეტს აგროვებს, ვიდრე „ქართული ოცნება“, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგია 13%, „ევროპული საქართველოსი“ _ 8%. ადრეც აღმინიშნავს თქვენთან ინტერვიუში, რომ ოპოზიციის რეიტინგიც დაბალია. ამასთანავე, მოსახლეობის 50%-ს ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ. ამიტომაც ამ შემთხვევაში უნდა შეისწავლონ „შესაბამისი გაკვეთილები“, მაგალითად ის, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში როგორ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ მილიონი ადამიანის გამოყვანა, ასევე გასათვალისწინებელია, ივანიშვილის კონკრეტული ფინანსური ბერკეტები და „ქართული ოცნების“ მიმართ ბიზნესმენების შემოწირულობები. ანუ ხელისუფლება ფინანსურ ბერკეტს ფლობს და მას შეუძლია, ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩევლის მისამართით ეს გამოიყენოს. ასევე გასათვალისწინებელია: მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მეხსიერებაში დაილექა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხალხს „აუპატიურებდნენ ციხეში“ და ა. შ., სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს ეს ჯერ კიდევ სჯერა და ამიტომ ასე ფიქრობს: „ქართული ოცნება“ უუნაროა, მაგრამ ბოროტი არ არის და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტია და რომ მობრუნდნენ, ეს ისევ განახლდება. ამ ადამიანებს არ უჩნდებათ შესაბამისი კითხვები, მაგალითად, გამოვიდა ვინმე და თქვა, რომ გამაუპატიურესო ან სად არის დამადასტურებელი მონაცემები, რომ სააკაშვილმა 19 მილიარდი წაიღო საქართველოდან?! _ ამ ადამიანებს მაინც სჯერათ და აგდებენ ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. რეალობა ასეთია, ჩერჩილს აქვს ნათქვამი: „დემოკრატია არის სახალხო მმართველობის ცუდი ფორმა, ოღონდ უკეთესი კაცობრიობას არ გამოუგონია“. შემდეგ კი თქვა: „დემოკრატიის სისუსტეს ვხვდები მაშინ, როცა ვესაუბრები საშუალო ამომრჩეველს“. ამიტომაც ზემოხსენებული ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმუშაოს ჭორების გაფანტვაზე და აუხსნას მოსახლეობას, რომ სისტემური დანაშაული მათ დროს არ ხდებოდა. თუ რომელიმე ბადრაგის წევრი არღვევდა კანონს, ის უნდა დაისაჯოს, მაგრამ არ არის დამტკიცებული, რომ სისტემური დანაშაული ხდებოდა, მაგალითად, არ არის დამტკიცებული, რომ პრეზიდენტი ურეკავდა ვინმეს ციხეში, რათა იქ ვიღაცები გაეუპატიურებინათ. თავის დროზე, ბედუკაძე იყო შეგზავნილი ციხეში და შემდეგ გამოჩნდა, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურების თამაშს თამაშობდა და ხალხს რუსულ პენსიას ჰპირდებოდა. თუნდაც „ევროპულმა საქართველომ“ შეახსენოს მოსახლეობას, რა რეფორმები განხორციელდა მათი მმართველობის პერიოდში, თუნდაც 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოსახლეობას აუხსნან, რომ იმჟამინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა თანამდებობიდან, 1 წლით შეიმცირა საპრეზიდენტო ვადა, მაშინ, როცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ იმის ნაცვლად, რომ შემსრულებელი და ოფიციალური ბრძანების გამცემი გახარია თანამდებობიდან გადამდგარიყო, დაწინაურდა კიდეც. აღსანიშნავია ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7 ნოემბრის შეცდომა აღიარა, როცა კორცხელის ინციდენტის დროს „ქართული ოცნება“ თავის შეცდომას არ აღიარებდა და პირიქით, აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგად მოხვდა სახეში. 2015 წელს კი „ნაციონალური მოძრაობის“ 19 ოფისს თავს დაესხნენ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმა. ეს აისახა კიდეც Human Rights Watch -ის ანგარიშში. ასეთი რამ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არ ხდებოდა. ეს ყველაფერი მოსახლეობას უნდა აუხსნან, ოღონდ არა თავის მართლების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმეორედება ის, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა, _ მიუხედვად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, საქართველო ბომბავდა საკუთარ ტერიტორიებსო, მაინც მას მისცეს ხმა და არა ვაშაძეს, რადგან ხალხის მეხსიერებაში დალექილია, რომ თითქოს „ნაციონალები“ ხალხს აწამებდნენ. ოპოზიციის გამარჯვება შესაძლებელია თუნდაც დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებშიც.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ოპოზიციას შერეული საარჩევნო სისტემის შემთხვევაშიც აქვს გამარჯვების შანსი?
_ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ვთქვათ, თელავის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, სიღნაღში _ „ევროპული საქართველოსი“, დუშეთში _ „ლეიბორისტული პარტიის“ და ა. შ., ანუ გადანაწილება უნდა მოხდეს, რომ ერთმანეთს ხმები არ წაართვან. ამავდროულად, რეიტინგის გაზრდის მიზნით უნდა გაფანტონ ჭორები და მოსახლეობას უნდა წარუდგინონ პროგრამა, რა ალტერნატივას მიიღებს მოსახლეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასრულების შემთხვევაში. ასეთ დროს შესაძლებელია მაჟორიტარულ ოლქებშიც გამარჯვება. ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია „ქართული ოცნების“ ხელში და ის ფლობს ფინანსურ ბერკეტს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იყიდება.
_ ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. რა შემთხვევაში შეიძლება წავიდეს მმართველი გუნდი კომპრომისზე და დასთანხმდეს 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას?
_ დასავლეთის მხრიდან ზეწოლა უნდა გაიზარდოს, მათ შორის, ივანიშვილზე, რომ თუ ის დათმობაზე არ წავიდა, მის ანგარიშებს დასავლეთში, შეიძლება, პრობლემები შეექმნას. მეორე მხრივ, საქართველოს ოპოზიციამ მოსახლეობას უნდა აუხსნას, რა მნიშვნელობა ენიჭება პროპორციულ არჩევნებს. სავარაუდოდ, მოსახლეობის 90%-ზე მეტმა, ალბათ, არ იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს, 2020 წელს პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარდება არჩევნები თუ _ შერეულით? უმრავლესობა იმაზე ფიქრობს, რომ სახლში საჭმელი ჰქონდეს, რეალობა ასეთია. რომ ვთქვათ: რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, სამი ათასწლოვანი ისტორია გვაქვს და შოთა რუსთაველი, ილია გვყავდა, ამ შემთხვევაში ეს საქმეს ვერ უშველის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია ზეწოლა დასავლეთისა და ქართული საზოგადოების მხრიდან. ამისთვის უფრო მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს ინფორმაცია, რა მნიშვნელობა ენიჭება პროპორციულ არჩევნებს, რატომ არის ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი დემოკრატია, ანუ აუცილებელია შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკის გატარება, რადგან NDI-ის კვლევების მიხედვით #1 პრობლემად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეკონომიკური ხასიათის პრობლემებს ასახელებს და არა დემოკრატიასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
_ გასაგებია, რომ ეს საინფორმაციო პოლიტიკა უნდა გატარდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ პროპორციული ჩაგდების შემდეგ ხალხი მასშტაბურად არ გამოვიდა ქუჩაში, ხელისუფლებაც ამ აქციებს ცინიკურად უყურებდა და აცხადებდა, რომ 20-მა პარტიამ მხოლოდ 5000 ადამიანის გამოყვანა შეძლო. თავის მხრივ, ოპოზიცია ამბობს, რომ ხალხს ძალით ქუჩაში ვერ გამოიყვანს. რა არის აუცილებელი საზოგადოებაში სპროტესტო მუხტის გასაზრდელად?
_ არათუ 5000, ერთი ადამიანიც რომ დადგეს მთავრობის კანცელარიასთან და გააპროტესტოს, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ფაქტი ხელისუფლებისთვის ყურადსაღები იქნება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, რომ ამ ადამიანებს, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ფულს უხდიან და სხვადასხვა ქალაქში დაატარებენ, ანუ თავისივე მოქალაქეებს ზემოდან და დამცინავად უყურებენ. როცა მეტი რაოდენობის ხალხი შეიკრიბება, უფრო მეტ ძალას აჩვენებენ და ამ შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული იქნება, დათმობაზე წავიდეს. როგორც მაგალითად, სომხეთის ხელისუფლება წავიდა კომპრომისზე, თუნდაც იგივე ოკუპირებულ აფხაზეთში ხაჯიმბას მომხრე არ დარჩა. ოპოზიციამ საშუალო ამომრჩეველს უნდა აუხსნას, რომ პროპორციულ სისტემზე გადასვლა, საარჩევნო სისტემის ლიბერალიზაცია და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური პროგრესის გარანტია, ანუ ოპოზიცია ხალხს დემოკრატიისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირზე უნდა ელაპარაკოს. მათ უნდა აუხსნან მოსახლეობას, რომ რაც უფრო მეტი პარტია იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, დამატებითი ბერკეტი გაჩნდება იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს პროცესები არ აინტერესებს, ნაწილობრივ ეს გასაგებიცაა, ასევე მათ უნდა აუხსნან, რომ მათ თავმოყვარეობაზე უნდა მოქმედებდეს, რომ გადააგდეს _ 2012 წელს ივანიშვილი უფასო ფულს და ბევრ სხვა რამეს ჰპირდებოდა მათ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი ვხედავდით, რომ მმართველი ძალა მოსახლეობას 5 კგ. კარტოფილს ურიგებდა. ამით ხელისუფლება საქართველოს იმიჯს შეურაცხყოფს, მათ შორის, საშინაო იმიჯს. აფხაზეთში ასეთი განცხადებები კეთდებოდა, _ ახლა რამდენი კილო კარტოფილი უნდა დავარიგოთ, რომ საქართველომ ცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობაო? აქედან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკის გატარება ოპოზიცის მხრიდან.
_ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ივანიშვილი დაბრუნდეს. ეს ხომ არ გაზრდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შანსებს?
_ არ მგონია, რომ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნებით „ქარული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შანსები გაიზარდოს, რადგან როდესაც ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ეკონომიკური ზრდა 2-ჯერ შემცირდა, 2014 წელს ეკონომიკური ზრდა შეადგენდა 6.4%-ს, 2013 წელს 3.2% იყო. ასევე 53-ე გამგეობაში მოსახლეობა შეიჭრა და გამგებლები და გამგეობის თანამშრომლები გამოაძევა გამგეობებიდან, შემდეგ ივანიშვილმა ევროპის საბჭოში თავი იმართლა, რომ მოსახლეობის ნაწილს ეგონა, რადგან პარლამენტში „ქართული ოცნება“ მოვიდა, გამგეობებშიც „ქართული ოცნება“ უნდა ყოფილიყო. ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ პოლიციას უნდა დაეცვა სახელმწიფო უწყებები, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე?! _ ასეთი სამარცხვინო პროცესები ვითარდებოდა დემოკრატიის მიმართულებით ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. ამიტომაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება არ გაზრდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შანსებს. მოსახლეობა ისედაც ივანიშვილთან აიგივებს „ქართულ ოცნებას“ და თუ ივანიშვილი დაბრუნდა და მდგომარეობა ვერ გამოსწორდა, პირიქით _ მისი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა.
_ მაშინ რა შანსი რჩება ივანიშვილს?
_ ივანიშვილს აქვს ერთი შანსი: გაიღოს საკუთარი ხარჯები, ფონდი „ქართუს“ მეშვეობით დააფინანსოს სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები და დაასაქმოს მოსახლეობა.
ნენე ინჯგია