სამშაბათი, 29 აპრილი, 2025
2020-01-27 06:14:05
„ქართული ოცნება“ მესამე ვადით გეგმავს ხელისუფლებაში მოსვლას, ოპოზიცია კი ამუშავებს სტრატეგიას, რომლითაც შემოდგომიდან ქვეყანა უნდა მართონ. მათ ეჭვიც კი არ ეპარებათ, რომ ივანიშვილის პარტია დამარცხდება. მარცხი იმ შემთხვევაშიც იქნება, თუ არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდება. სამომავლო გეგმებზე ოპოზიციის ნაწილი ევროპაში წავიდა მიხეილ სააკაშვილთან სასაუბროდ. მათ შორის იყო მურმან დუმბაძეც.
„ქრონიკა+“-სთან საუბარში დუმბაძე ამბობს, რომ სააკაშვილს მომავალშიც შეხვდება, _ მის გარეშე საქართველოში ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია. მისივე თქმით, ქვეყნიდან გადახვეწილმა მესამე პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი უკვე დაამარცხა. დუმბაძე დარწმუნებულია, რომ ეს მარცხი ოფიციალურად შემოდგომაზე გაფორმდება. ხოლო თუ ივანიშვილი მარცხის აღიარებაზე უარს იტყვის, მას ასლან აბაშიძის ბედის გაზიარება მოუწევს.
რა აკავშირებს ივანიშვილს აბაშიძესთან? რას სთხოვს დასავლეთი „ქართულ ოცნებას“? რატომ არის მათთვის უფრო მომგებიანი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება? რა გეგმები შეიმუშავეს მიხეილ სააკაშვილთან ერთად? რა ახსოვს ხალხს წარსულიდან? რის დავიწყება არ შეიძლება? _ ამ თემებზე „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძე გვესაუბრება:
_ თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეხვდით მიხეილ სააკაშვილს. თუ საიდუმლო არ არის, რაზე ესაუბრეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს?
_ იმ შეხვედრას მხოლოდ „ნაციონალები“ არ დასწრებიან. იქ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იყვნენ. ეს ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამებადა აზრი, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მიხეილ სააკაშვილის გარეშე შეუძლებელი იყო, რადგანაც საქართველოში ყველაზე მეტი მხარდამჭერი მის პარტიას ჰყავს. ივანიშვილის გაშვებაში ეს ადამიანები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მიხეილ სააკაშვილს შევხვდი. ჩვენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვნების წინაც შევხვედრივართ ერთმანეთს. მაშინ მე გაერთიანებულ ოპოზიციაში ვიყავი უკვე.
_ როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა? არ გაგიჭირდათ იმ ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა, რომელმაც 26 მაისის აქციის დარბევის გადაწყვეტილება მიიღო? 2011 წლის 26 მაისს თქვენ სასტიკად გაგისწორდნენ სააკაშვილის ზონდერები.
_ არ გამჭირვებია. სხვა თუ არაფერი, სააკაშვილამდე ბევრად ადრე ჩამოვართვი ხელი ბიძინა ივანიშვილს, რადგან მიმაჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა წასულიყო, ამას კი ივანიშვილის გარეშე ვერ გავაკეთებდით.
_ ივანიშვილი 26 მაისის დარბევასთან რა შუაშია?
_ ბიძინა ივანიშვილი დარბევის მხარდამჭერი იყო. ის მხარს უჭერდა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასაც. 2011 წლის 26 მაისს, როცა მე აქციაზე ვიდექი, ის სააკაშვილს უკრავდა ტაშს. როცა „ქართული ოცნების“ შექმნა გადაწყდა, ჩემს თავთან დიდი ბრძოლა არ დამჭირვებია, რომ ივანიშვილს შევხვედროდი. ასევე იყო სააკაშვილთან შეხვედრაც. მიმაჩნია, რომ ცვლილებებია საჭირო, რაც მესამე პრეზიდენტის გარეშე არ გამოვა.
_ და ამიტომ აპატიეთ მას 26 მაისი? დაივიწყეთ ის დარბევა?
_ მე 26 მაისის დარბევა არ დამვიწყებია, მაგრამ, ამასთან, ვაცნობიერებ, _ ოპოზიციის კონსოლიდაცია აუცილებელია და ისიც კარგად ვიცი, რომ სააკაშვილის გარეშე არსებული ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ჩემი პირადი გრძნობები მეორეხარისხოვანია. მთავარია, ქვეყანა როგორი გზით წავა. თუ ის განვითარდება, სხვებთან ერთად მეც კარგად ვიქნები, განვითარება თუ არ იქნება, ვერც მე ვიქნები კარგად და ვერც _ სხვა. ასე რომ, სააკაშვილთან შეხვედრის დროს წარსულზე არ მიფიქრია. სხვა სტრატეგია და სხვა გეგმები მქონდა.
_ რა სტრატეგიაზე საუბრობთ?
_ რომლითაც ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს. ჩვენთან ხელისუფლების დამარცხება მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ოპოზიცია გაერთიანებას ახერხებს. ასე მოხდა შევარდნაძის დროს, ასე იყო, სააკაშვილი როცა გავუშვით და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ივანიშვილსაც ერთიანი ძალებით გავისტუმრებთ. 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციამ, პრაქტიკულად, მოუგო „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მეორე ტურში მივიღეთ ის პრეზიდენტი, რომელიც გვყავს.
მიხეილ სააკაშვილთან შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი. არაა გამორიცხული, რომ უახლოეს ხანებში კიდევ შევხვდეთ მას. მიმაჩნია, სწორედ მას უნდა შევუთანხმოთ ყველა დეტალი, რადგანაც ის ქართული პოლიტიკის ფაქტორია. განსაკუთრებით მის ამომრჩეველს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელიც რამდენიმე ასეული ათასია.
_ თქვით, ყველა ნიუანსი და დეტალი განვიხილეთო და შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებით გვითხარით, რაზე საუბრობდით?
_ აქ დასამალი არაფერია. შეხვედრა რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ჩვენი მთავარი სალაპარაკო თემა „ქართული ოცნების“ დამარცხება არ ყოფილა. უფრო იმაზე ვსაუბრობდით, რა იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
_ უკვე დარწმუნებული ხართ, რომ ხელისუფლებას შეცვლით?
_ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება!“ უკვე დასრულებულია. ეს შემოდგომაზე ოფიციალურად გაფორმდება, თუ მანამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ გახდა საჭირო. აქედან გამომდინარე, სწორად ვიქცევით, იმაზე რომ ვსაუბრობთ, რა უნდა გავაკეთოთ, როცა ხელისუფლება შეიცვლება. ჩვენი აზრით, პირველ რიგში, საქართველოს იმ მოქალაქეებს უნდა გავუჩინოთ სამშობლოში დაბრუნების სურვილი, რომლებიც საზღვარგარეთ არიან გადახვეწილი ლუკმაპურის საშოვნელად. ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ამის მაშინაც მჯეროდა, როცა სააკაშვილის ოპონენტი ვიყავი და ამის ახლაც მჯერა, როცა მასთან ერთად ოპოზიციაში ვარ. საქართველო იმსახურებს, იყოს ნამდვილი ევროპული ქვეყანა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის.
თუ ბიძინა ივანიშვილი 2019 წლის 24 ივნისის დანაპირებს შეასრულებს და ის გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ეს, პირველ რიგში, მისთვის იქნება კარგი. თუ არჩევნები არსებული, შერეული სისტემით ჩატარდება, მაშინ ის ყველაფერს დაკარგავს. ამას, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, ისე ვეუბნები „ოცნების“ ლიდერს. მისგან განსხვავებით ძალიან დიდი ხანია, რაც პოლიტიკაში ვარ. „ოცნების“ ლიდერმა არც თავად იცის და, ალბათ, არც სხვები ეუბნებიან, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მას შერეული სისტემით არჩევნების ჩატარებამ.
შერეული სისტემა ისეთია, სადაც გამარჯვებული ძალა ყველასა და ყველაფერს შეისრუტავს. „ქართულმა ოცნებამ“ ისე გააფუჭა საქმე, რომ მათ არავინ მისცემს ხმას. ხალხი ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. შესაბამისად, ოპოზიცია შეისრუტავს ყველაფერს. ის დააკომპლექტებს პარლამენტს, მთავრობას, გადაინაცვლებს მუნიციპალიტეტებში. ბიძინას „ოცნება“ მწარედ დამარცხდება! შეიძლება, საერთოდაც გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან. არჩევნები პროპორციული სისტემით თუ ჩატარდა, „ოცნებას“ შანსი აქვს, რაღაც ხმები აიღოს და პოლიტიკაში დარჩეს.
ივანიშვილს ეს არ ესმის, რაც მისი პრობლემაა. მთავარია, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ოპოზიციის ტაქტიკური მონახაზი და გეგმა არ იცვლება. აქციები და პიკეტები გაგრძელდება. ჩვენ ისევ დავდგებით ქუჩაში და მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ დანაპირები შეასრულოს. გავაგრძელებთ ურთიერთობას და კონსულტაციებს დასავლეთთან. განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, ვისაც სურს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.
_ პიკეტები და აქციები გაგრძელდებაო და ცოტა ხომ არ დაგაგვიანდათ ოპოზიციას პროტესტის განახლება?. არდადეგები რაღაც ძალიან გაგიგრძელდათ. ამან საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია და ეჭვებიც გააჩინა.
_ არდადეგები გაგრძელდა, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ არის. საზოგადოებას საეჭვიანო არაფერი აქვს. საქართველოში ამ პერიოდში არც საპარლამენტო ცხოვრება არის აქტიური და ჩვენი აქციები ეფექტიანი არ იქნებოდა. იანვრის მესამე დეკადაში რეგიონებში რამდენიმე აქცია გაიმართება. დიდი აქციის თარიღიც გამოცხადდება, რომელიც დედაქალქში ჩატარდება. იცოდეს „ოცნებამ“, რომ აქციების ფონზე მოუწევს მუშაობა. მათ პასუხი უნდა აგონ ხალხის გადაგდებისთვის. ქართველი კაცი ბევრ რამეს აიტანს, მაგრამ სიტყვის გატეხას არავის აპატიებს, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენთან ერთად დანაპირების შესრულებას ითხოვს დასავლეთიც. მათთვის სულერთი აღარ არის, როგორ ჩატარდება საქართველოში არჩევნები. ამ დღეებში დადო ფიცი საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, რომელმაც პირველი ის თქვა, რომ საქართველო ნორმალური და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად უნდა იყოს მზადო. ეს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული ძალიან სერიოზული მესიჯია, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გასაყალბებლად ხელი არ წაუცდეს.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ ხალხში დიდი მხარდაჭერა აქვთ. მაშინ ყველაზე მეტად მათ უნდა აწყობდეთ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, დაე გაიმარჯვოს იმან, ვისაც ხალხი უჭერს მხარს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ასეთ შემთხვევაში ხალხი „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერს მხარს?
_ ეჭვიც არ მეპარება. „ოცნებამ“ არც ერთი დანაპირები არ შეასრულა. მათი მოსვლის შემდეგ სიღარიბემ და კრიმინალმა მოიმატა. იმის მაგივრად, პრობლემები მოაგვაროს, ხელისუფლება აბდაუბდობს. ყოველ სამ-ოთხ თვეში ახალ პრემიერს გვინიშნავენ. ეს ქვეყნის სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამას დასავლეთში ძალიან ცუდად აღიქვამენ.
ხალხს მობეზრდა ასეთი ყოფა. ხალხი ამბობს, გვირჩევნია, მოვიდეს სტაბილური ხელისუფლება, რომელიც 4 წლის მანძილზე სტაბილურად შეძლებს ქვეყნის მართვას. 4 წლის თავზე კონკურენტული წესით ან დარჩეს ხელისუფლებაში, ან იმ ძალით შეიცვალოს, რომელიც მასზე უეთესი იქნება.
ჯერ არჩევნებამდე შორია და სააკაშვილმა უკვე დაამარცხა ივანიშვილი. იმიტომ ბორგავს ეს უკანასკნელი. „ენდიაის“ ბოლო რეიტინგებს თუ დააკვირდებით, „ოცნების“ ლიდერი ბევრად ჩამორჩება მესამე პრეზიდენტს. მას უსწრებს ის კაცი, რომელიც სკაიპით ეკონტაქტება თავის პარტიასა და ხალხს. სიმართლე თუ გინდათ, ეს არ მიხარია. ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის.
_ რატომ არ გიხარიათ?
_ სახელმწიფოსთვის ცუდია, როცა ქვეყნის მმართველს რეიტინგში უგებს ის კაცი, რომელიც 2013 წლის ნიემბრიდან საქართველოში აღარ ყოფილა. მერჩივნა, ივანიშვილს მოეგო, მაგრამ მიშამ აჯობა. სიმაღლით და ნაბიჯებში კი არ აჯობა, არამედ დაამარცხა ტემპში, განვითარებაში, ქვეყნისთვის პერსპექტივის შექმნაში, სიღარიბის დაძლევაში, პოლიტიკურ რეფორმებსა და კიდევ ბევრ რმეში. საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი ახსოვთ და ამიტომაც დამარცხდა ივანიშვილი არჩევნებამდე.
_ საქართველოს მოქალაქეებს 2007 წლის 7 ნოემბერი და 2011 წლის 26 მაისიც ახსოვთ.
_ ძალიან კარგია, რომ ახსოვთ და ეს არც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. ეს თარიღები არც მიხეილ სააკაშვილს უნდა დავავიწყოთ, ყოველთვის უნდა შევახსენოთ. ამავე დროს, არც 2019 წლის 20 ივნისი უნდა დავივიწყოთ. „ქართული ოცნება“ ამ დღეს დამთავრდა. არც გირგვლიანი უნდა დავივიწყოთ, მაგრამ როცა მას გავიხსენებთ, იქვე უნდა ვახსენოთ, როგორ მოიკლა პოლიციის განყოფილებიდან გამოსულმა 15 წლის მოზარდმა თავი. გარდაცვალებებში კი არ უნდა ვეჯიბროთ ერთმანეთს, არამედ იმაში, ქვეყნისთვის ვინ გააკეთა უკეთესი.
ჩვენს ხალხს ახსოვს, როგორ გამოვძვერით წლების წინათ ჩაბნელებული და ჩასვრილი ქვეყნიდან: ქურდული სამყაროდან გამოვედით, კორუფცია დამარცხდა, განვითარების ტემპი ძალიან მაღალი იყო, საერთაშორისო საზოგადოებამ გვცნო, უამრავი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ბრენდები აშენდა საქართველოში, ქართველებს ახსოვთ რაბათი, მესტია, სიღნაღი… კარგი გვახსოვს, მაგრამ მხოლოდ წარსულით არ უნდა ვიცხოვროთ. წინ უნდა გავიხედოთ და მომავალზე ვიფიქროთ. მომავალი ცვლილებებსა და ოპოზიციაშია. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში დიდი პოლიტიკური რეფორმების მომსწრე გავხდებით. ერთი დიდი გარღვევა დაგვჭირდება და 5 წელიწადში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ეკონომიკაში უნდა დავეწიოთ. საქართველოს ამის პერსპექტივა აქვს. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს კარგად ცხოვრებას.
_ თქვენ „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი იყავით. იცით მათი შიდა სამზარეულო და მათზეც გკითხავთ რაღაცებს. უკან რომ აბრუნებენ წასულ ჩინოსნებს, ეს რას ნიშნავს? ხალხი არ ჰყავს ივანიშვილს?
_ ამ მობრუნების სერიას თვალს ვადევნებ და როცა ვხედავ, რომ იგივე სახეები ბრუნდებიან უკან, აჭარის რეგიონის მმართველი ასლან აბაშიძე მახსენდება. მას ჰქონდა მმართველობის ასეთი სტილი. ვიღაცას ჯერ დააწინაურებდა, მერე გააგდებდა, მერე დააბრუნებდა და კიდევ უფრო დააწინაურებდა. ივანიშვილი ასლან აბაშიძის პროტოტიპია. ისინი თითქმის არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან
არ ვარგა ეს სისტემა, არა! ჩვენი ამოცანაა სტაბილურობა და განვითარება. აბა, ასე სად გაგონილა? _ გაყარა ადამიანები და ახლა ზოგი დააბრუნა, ზოგის დაბრუნებას მომავალში აპირებს. ისიც კი არ ვიცით, რატომ გაუშვა წინა პრემიერები. ივანიშვილის მსგავსი ადამიანები პოლიტიკას ვერ შექმნიან. პოლიტიკა იმათ უნდა შექმნან, ვისაც სახელმწიფოზე უფიქრია. არც ის ესმით, რა არის კონკურენცია. ასე რომ, მათგან არაფერი გამოვა. მათი ამბავი ნაკლებად მაინტერესებს, სამწუხარო ისაა, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაზე უარყოფითად აისახება.
_ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა თქვენ ასლან აბაშიძეს შეადარეთ ივანიშვილი. ერთხელ ისიც კი თქვით, რომ ივანიშვილი აბაშიძესავით დაამთავრებსო.
_ ამ მესიჯს მას ყოველი აქციიდან ვუგზავნი. ამ ინტერვიუდანაც ვეუბნები, რომ ასლან აბაშიძესავით დაამთავრებს, თუ გონს არ მოეგება. არ იფიქროთ, რომ ის ტელევიზორს არ უყურებს ან გაზეთებს არ კითხულობს, ან იმას, რაც სოციალურ ქსელში იწერება, კითხულობს, თან ძალიან აქტიურად. ის საკუთარ თავზე რაღაც მითებს იგონებს. ამით უნდა, საზოგადოებას აჩვენოს, რომ რაღაც განსაკუთრებულია. არადა, არ არის განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი ადამიანია. ის ჩვენგან მხოლოდ ერთი რამით განსხვავდება, _ მას აქვს მეტი ფული. სხვა მხრივ არც ცოდნით სჯობს ვინმეს, არც _ გამოცდილებით, არც აწმყოთი და არც წარსულით. სხვათა შორის, არც 10 საათზე იძინებს. ესეც მოგონილი ამბავია, რომ მის განსაკუთრებულობაში დავრწმუნდეთ. პირადად მე მასთან ღამის პირველ საათზე არაერთხელ მისაუბრია და რანაირად იძინებს 10 საათზე, არ ვიცი?
შეუძლია, 9 საათზეც დაიძინოს, ეს მისი საქმეა, მთავარია, ქვეყანა არ დააზარალოს. დღეს მას სამი არჩევანი აქვს და მასზეა დამოკიდებული, რომელ გზას დაადგება: ერთი არის შევარდნაძის გზა, როცა ის არჩევნების გაყალბების გამო რევოლუციური გზით გავაგდეთ; მეორე არის სააკაშვილის გზა, რომელმაც დამარცხება აღიარა. როცა მკითხეთ, რანაირად გაბედეთ საკუთარ თავზე გადაბიჯება და სააკაშვილთან შეხვედრაო, ეს გავაკეთე იმიტომ, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს მან დამარცხება აღიარა და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ეს კარგია საქართველოს განვითარებისთვის და თავად სააკაშვილისთვისაც კარგი აღმოჩნდა. ივანიშვილსაც შეუძლია ასე მოქცევა.
არის მესამე გზა, რომელსაც ასლანის გზა ჰქვია _ როცა ის საერთოდ გავაგდეთ საქართველოდან, ის აქ დღემდე ვერ ჩამოდის და არის მშობლიურ რუსეთში. ბიძინასაც შეიძლება მოუწიოს ასლანთან ერთად რუსეთში წასვლა. მას ასევე შეუძლია, ხელში აიღოს იარაღი და ქართველ მოქალაქეს გამოედევნოს. ეს არავის გასვლია და არც მას გაუვა.
თბილისში რუსთაველის გამზირზე გამოსულ საქართველოს მოქალაქეებს ვერც ერთი ხელისუფალი ვერ უგებს. მნიშვნელობა არ აქვს, რუსთაველზე ერთი კაცი გამოვა, ასი თუ ათასი. ისინი ცვლილებას ითხოვენ. ცვლილებების წინააღმდეგ წასვლა კი ხელისუფლებას არ შეუძლია. ეს ბუნების კანონია. რა გზაც არ უნდა აირჩიოს ივანიშვილმა, ცვლილება გარდაუვალია.
_ თქვენი აზრით, რა გზას აირჩევს ივანიშვილი?
_ მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გზა აირჩიოს. ეს ქვეყნისთვისაც კარგი იქნება და _ მისთვისაც. რასაც ვუყურებ, ეჭვიც კი აღარ მეპარება, რომ ის აბაშიძის გზას უახლოვდება. რაც დრო გადის, ამაში სულ უფრო ვრწმუნდები. ყველაფერში აჭარის ყოფილ ლიდერს ემსგავსება. ისე ემსგავსება, რომ პოლიტიკურ კარიერასაც მისნაირად დაასრულებს.
_ ივანიშვილი და აბაშიძე ერთმანეთს იცნობენ?
_ იცნობენ. უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ 1992-1993 წლებში ივანიშვილი ჩარტერული რეისით რუსეთიდან ორჯერ ჩამოფრინდა ბათუმში და ორჯერ შეხვდა ასლან აბაშიძეს. ეს ასლან აბაშიძის ზეობის ხანა გახლავთ. ჩვენ მაშინ მისი ოპოზიცია ვიყავით და მას ორ რამეს ვედავებოდოთ: ეს იყო დიდძალი ნარკოტიკისა და დიდძალი იარაღის შემოტანა აჭარაში. ერთიც და მეორეც მან რუსეთიდან შემოიტანა. ნარკოტიკები და იარაღი ასლან აბაშიძემ თავის მხარდამჭერებს დაურიგა.
თქვენ მკითხეთ, იცნობენ თუ არა ისინი ერთმანეთსო. ვიმეორებ: რაც მე ვიცი, ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ბუნებრივია, იცნობენ.
_ იმ წლებში რატომ შეხვდა აბაშიძეს ივანიშვილი?
_ თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილი ბათუმში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც მნიშვნელოვან თემებზე იყო საუბარი. იმ დროისთვის ბიძინა უკვე დიდი ფულის პატრონია; ასლან აბაშიძე კი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარის რეგიონში არ უშვებდა. რუსეთიდან შემოტანილი დიდძალი იარაღიც ამიტომ დაურიგა თავის მომხრეებს.
დაზუსტებით არ ვიცი, რაზე ისაუბრეს მაშინ ივანიშვილმა და აბაშიძემ. არაა გამორიცხული, ეს იარაღთან დაკავშირებული გარიგება იყო. შეიძლება, ნარკოტიკების შემოტანასაც უკავშირდებოდა. ამაზე საუბარი ჩემი მხრიდან ჭორაობა იქნება. სიმართლე ივანიშვილმა და აბაშიძემ იციან. სხვებსაც ეცოდინებათ და თუ დაინტერესება იქნება, რაღაცების გარკვევა შეიძლება. ბიძინას ორჯერ ჩამოფრენა ბათუმში და ასლანთან შეხვედრა დოკუმენტურადაც დადასტურებულია.
ივანიშვილისთვის რომ აბაშიძე მისაბაძია, ეს აჭარის ყოფილი ლიდერის კადრების დაწინაურებითაც გამოიხატება. აჭარის რეგიონში თანამდებობებზე, ძირითადად, „აღორძინების“ ყოფილი წევრები ინიშნებიან. ახალგაზრდებში ისეთ კადრებს არჩევენ, რომლებსაც მშობლები ჰყავდათ აღორძინებაში. აშკარად მოსწონს „ოცნების“ ლიდერს აჭარის ყოფილი მმართველი და ასე თუ გააგრძელა, მოუწევს მასთან ერთად მოსკოვში ყოფნა.
ძალიან არ მინდა, რომ ივანიშვილმა აბაშიძის გზა აირჩიოს. ეს ქვეყნის იმიჯს აზარალებს. არაა ლამაზი, როცა ქვეყნიდან ხელისუფალს გააგდებ. საუკეთესო გამოსავალი არჩევნებში დამარცხების აღიარებაა. ეს ქვეყნის იმიჯსაც წაადგება და _ ივანიშვილისასაც.
შორენა მარსაგიშვილი