QronikaPlus
„ოცნების“ ჩიხი - რა გამოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს?

„ოცნების“ ჩიხი - რა გამოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს?

2019-12-08 11:57:19

ჩიხი _ ერთი სიტყვით ასე შეიძლება დაახასიათო ქვეყანაში დღეს შექმნილი მდგომარეობა. მაჟორიტარების „ბუნტის“ მერე ქვეყნის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ოპოზიცია გაერთიანდა და ხელისუფლებას, ამჯერად, ე. წ. გერმანულ მოდელს სთავაზობს. „ოცნება“ კიდევ უფრო გაჯიუტდა და ქუჩაში მყოფ აქციის მონაწილეებს სპეცდანიშნულების რაზმის, წყლის ჭავლის მანქანებისა და რეზინის ხელკეტების ენაზე ელაპარაკება.
ბიძინა ივანიშვილმა წესით, კარგად იცის, რომ ბიზნესსაც და პოლიტიკაშიც მთავარი სწორედ პირობის დაცვა და მისი შესრულებაა.

„გავრილოვის ღამისა“ და სასტიკი დარბევის შემდეგ პროპორციული სისტემით არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარება, სწორედ, პარტიის თავმჯდომარის დაპირება იყო, მთავარ მოტივად კი ახალგაზრდების სურვილი დაასახელა. შესაბამისად, უარიც ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობაა და არა კახი კალაძის ან _ „ოცნების“ რომელიმე ჩინოვნიკის.
ზაფხული გავიდა, ოპოზიციამ გარანტირებული პირობით კარგად დაისვენა, „ოცნება“ კი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ითვლიდა, _ ითვლიდა შიდა და გარე კვლევებით. შიდა კვლევამ უჩვენა, რომ ხელისუფლების რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა და მხარდაჭერის ქვედა შკალაც 28%-ზე ჩამოვიდა, IღI-ის კვლევამ კი მხარდაჭერის ნიშნულად 22%, ანუ ზუსტად ადმინისტრაციული რესურსი დაასახელა, ხოლო ოპოზიციის საერთო ჯამური მაჩვენებელი 44% გახდა. გასაგებ ენაზე ეს ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ ხელისუფლებას 2020-ის არჩევნებში გარანტირებულად დაკარგავდა და, შესაბამისად, კოალიციური მთავრობა უნდა შექმნილიყო.
ბიძინა ივანიშვილს კი ვაჭრობა და გაყოფა არ უყვარს. მას მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა მისი პირადი საკუთრებაა და, შესაბამისად, არც არავისთან არაფერი აქვს გასაყოფი. სწორედ ამიტომ წამოიწყო მაჟორიტარების „ბუნტი“. ამისთვის კარგად ნაცნობი ძველი სახე, კახა ოქრიაშვილი გამოიყენა. ოქრიაშვილი, ისევე როგორც სხვა „მეამბოხე“ დეპუტატები, პორტირებული „ნაცები“ არიან. კახა ოქრიაშვილის პოლიტიკაში დამკვიდრება კუდის უფროსის ყოფილ მოადგილე ვაჟა ლელუაშვილს უკავშირდება, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. ოქრიაშვილი წინა ხელისუფლების დროს ლელუაშვილის ხელისბიჭი იყო და ხელისბიჭია ახლაც, როცა გაბრაზებული ფეოდალის იმიჯს ირგებს, არადა, რეალურად, ოქრიაშვილი მძევალია _ მას არც არაფერი ეკითხება, რადგან „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მასზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და პროკურატურის თაროზე დევს. ბოლო დროს ივანიშვილი დეპუტატებს აღარ ყიდულობს, მათ, უბრალოდ, აშანტაჟებენ და ისე მართავენ.
გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა დაპირებაზე უარი თქვა, _ გენერალურ მდივან კახი კალაძის ენით გვითხრა, რომ თემა დახურულია და „ოცნება“ საარჩევნო ცვლილებებს აღარ დაუბრუნდება, რიგ უბნებში კი, სადაც „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები მაჟორიტარებს არ დააყენებენ, ჩვენ კონსტრუქციულ ოპოზიციას დავუთმობთ მანდატებსო.
„ოცნების“ უარი დედაქალაქის მერის ენით გახმაურდა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, კახი კალაძის დამოუკიდებლობა და რეიტინგი ყველაზე მეტად სწორედ ბიძინა ივანიშვილს უშლის ნერვებს. არჩეულ მერსა და პარტიის გენერალურ მდივანს დაჭერით ვერ დაიჭერს, რადგან ეს მის რეიტინგსაც დაარტყამს. არადა, ბოლო კვლევებით კალაძეს ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს. სწორედ ამიტომ ყველა არაპოპულარული გადაწყვეტილების გახმაურება კალაძეს ევალება, ყველაზე მეტი გინებაც მისი მისამართით ისმის ხოლმე.
დღეს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს, ხოლო ხელისუფლება _ ისევ სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით აქციის დარბევას. ყოველკვირეული დარბევები „ოცნებას“ კომიკურ მდგომარეობაში აყენებს, _ ეს ხომ ის ხელისუფლებაა, რომელიც მუდმივად თავს იწონებდა: ხალხს სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით ტყვიებს არ ვესვრით და ქუჩაში არ ვხოცავთო.
სიტუაცია უკეთესი არც საგარეო ფრონტზეა, _ ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოს განცხადებებში ყველაზე ხშირად ისმის სიტყვები იმედგაცრუება და უნდობლობა, ეს კი დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი, როგორც ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი, უცხოელი პარტნიორებისთვის სანდო აღარაა, მან ნდობის რესურსი ამოწურა და თუ აქამდე დასავლეთსა და რუსეთს შორის ლავირებას ახერხებდა, ახლა უკვე მკვეთრად რუსეთისაკენ შეტრიალდა. რუსეთსა და ამერიკის ინტერესებს შორის ლავირება კი ედუარდ შევარდნაძემაც ვერ მოახერხა, რომელიც, ივანიშვილისგან განსხვავებით, პოლიტიკოსიც იყო, სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრიც და ბერლინის კედლის დამანგრეველიც… მაგრამ როცა ყავლი გაუვიდა, რევოლუცია მოუწყვეს.
წარუმატებელი იყო აშშ-ში თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტიც. რამდენიმე დღის განმავლობაში ის ამაოდ ელოდა, რომ თავდაცვის მდივანი მიიღებდა და შეხვედრებს ჯორჯიის შტატში მართავდა. პენტაგონში ღარიბაშვილი ვიზიტის ბოლო დღეს დაიბარეს და მის პატრონთან საინტერესო მესიჯები გამოატანეს. „ოცნების“ პროპაგანდისტული მანქანა იმ ზომამდე მივიდა, „იმედის“ სიუჟეტით გვამცნო, რომ ღარიბაშვილმა ამერიკაში სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. გასაგებია, რომ საკუთარი ამომრჩეველი „ქოცებს“ ბრიყვი ჰგონიათ, რადგან საკმარისია დაგუგლო და გაიგებ, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია ორ ქვეყანას შორის 2009 წელს გაფორმდა და მას გრიგოლ ვაშაძე და კონდოლიზა რაისი აწერდნენ ხელს.
აქამდე ივანიშვილი ცდილობდა, რომ შიდაკონკურენციის პირობებში შეენარჩუნებია ბალანსი, _ ალასანიას ღარიბაშვილით აბალანსებდა, ღარიბაშვილს _ კალაძით, კალაძეს _ გახარიათი, გახარიას _ ჩუბინიძით და ჩუბინიძეს _ გომელაურით, მაგრამ ბოლო დროს მოვლენები ისე განვითარდა, ის ე. წ. ახლების გუნდის პოლიტიკური მძევალი გახდა და მთლიანად თალაკვაძე-მდინარაძის გუნდის ამარაა დარჩენილი. პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ „ოცნება“ ჩუგოშვილმა და ყველა იმ ადამიანმა დატოვა, რომელთაც დასავლეთთან ჰქონდათ ურთიერთობა. მათ გასაგებად თქვეს, _ ჩვენ უცხოელ პარტნიორებს ვერ ავუხსნით, რაც მოხდაო. „ოცნება“ დატოვა ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმაც, რომელსაც, მისი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე კარგი ალღო აქვს და ზუსტად იცის, რომ „ოცნების“ ხელისუფლება სრულდება.
აქვს თუ არა გაცნობიერებული ბიძინა ივანიშვილს, რა შეიძლება მოყვეს მის მორიგ ტრიუკს?
სავარაუდოდ, _ არა, რადგან მისი გარემოცვა მას მხოლოდ იმ რეალობას უყვება, რისი მოსმენაც თავად სურს. მან შესაძლოა იცის, რომ არანაირი ჭარბი ნდობა მას აღარ გააჩნია, მაგრამ იმედი აქვს, რომ ოპოზიციას დაშლის და იყიდის, მედიას გააჩუმებს და საქართველო 2020-ის არჩევნების მერეც მისი კომფორტის ზონა იქნება.
თუ საპროტესტო აქციები შედეგს არ გამოიღებს, „ოცნება“ უკან არ დაიხევს და პროპორციული სისტემის თემა დღის წესრიგში არ დაბრუნდება. არსებული სისტემით ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ აპირებს და არჩევნების ჩაშლაზე ღიად ლაპარაკობს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, დღეს პირდაპირ თქვა, _ ყველა საარჩევნო უბანთან დავაყენებთ ას კაცს და არჩევნებს, უბრალოდ, ჩავშლითო.
თემა დახურულიაო, _ კალაძემ კი თქვა, მაგრამ თემას ხელისუფლება კი არა, ხალხი ხურავს. ან არჩევნებზე, ან _ ქუჩაში.
სპეცდანიშნულების რაზმის იმედად დარჩენილი „ქართული ოცნება“ კი არჩევნებამდეც მუდმივი პრესის რეჟიმში იცხოვრებს, მათ მიაკითხავენ ყველგან: პარლამენტში, ქუჩაში, რესტორანში, სახლში და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა ივანიშვილი არ მიხვდება, რომ ის საკუთარმა გარემოცვამ დაღუპა.
აქციების პარალელურად „ოცნების“ ე. წ. გუნდში ყველა ყველას აშანტაჟებს და არც ერთმანეთს ენდობა. მაგალითად, „იმედიც“ კი საკუთარ ეთერს მეუფე იაკობს უთმობს, რომელიც, ერთი მხრივ, ამბობს, რომ მეუფე პეტრეს სცემა, მეორე მხრივ კი კიდევ ერთხელ ადასტურებს პატრიარქის გადაყენებაში ხელისუფლების როლს და მინიშნებით ამბობს, რომ საპატრიარქოც იგივე პოზიციაზეა, რადგან შენიშვნები მხოლოდ გამოსვლის ფორმაზე მისცეს და არა შინაარსზე.
ვინ აკონტროლებს „იმედს“? _ ნიკა ლალიაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი. მათ გარეშე ეთერში მეუფე იაკობის ინტერვიუ ვერ გავიდოდა. ვის უპირისპირდება მეუფე იაკობი? _ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც, ინიციატივიანი და კრიზისების მომგვარებელი ლიდერიდან, „ოცნების“ უსახურ ჩინოვნიკად გადაიქცა.
საქართველოს პარლამენტმა დაკარგა პოლიტიკური ფუნქცია, პოლიტიკური პროცესები ამიერიდან ქუჩაში გადაინაცვლებს და მანამ გაგრძელდება, სანამ ივანიშვილს ჩვენი დასავლელი პარტნიორები მკაფიოდ არ აუხსნიან, რომ საქართველო მისი პირადი ბოსტანი არ არის.
არადა, აუცილებლად აუხსნიან!

ელისო კილაძე

გაზიარება