სამშაბათი, 29 აპრილი, 2025
2020-01-18 06:06:16
ქართული პოლიტიკისთვის 2019 წელი საკმაოდ საინტერესო და მძიმე მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესიდან გამოსავალი თავად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პროპორციული საარჩევნო სისტემის სახით შემოგვთავაზა, რასაც საზოგადოება და სრულიად ოპოზიციური სპექტრი დასთანხმდა, თუმცა რამდენიმე თვეში ივანიშვილმა ჩვეულ სტილს არ უღალატა და ქართველი მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააცურა. ოპოზიციური სპექტრი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით შეიკრიბა და დღემდე აქტიურად ცდილობს მიზნის მიღწევას.
რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას? განიხილავენ თუ არა რევოლუციურ სცენარს და რა არის დღეს ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერსა და პოლიტიკური საბჭოს წევრ ანზორ ბიწაძეს ესაუბრა:
_ საუბარი დავიწყოთ, 2019 წლის შეჯამებით: თქვენ, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, რა პოლიტიკური გამოცდილება მიიღეთ და, პოლიტიკური თვალსაზრისით, რით იყო მნიშვნელოვანი 2019 წელი?
_ პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით, რომ 2 ნომრის წინ გამოვიდა „ქრონიკა+“-ის მე-300 ნომერი. მინდა, მოგილოცოთ ასეთი თანმიმდევრული ბრძოლა, რომელსაც თქვენ აწარმოებთ თავისუფალი სიტყვისთვის. თავისუფალი სიტყვა უნდა იყოს ხმამაღალი და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ნათელი მომავალი გვქონდეს. მინდა, „ქრონიკა+“ წარმატებები გისურვოთ! რაც შეეხება 2019 წელს, ეს გახლდათ ის დაანონსებული „კარგი“ წელიწადი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის შეგვპირდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც თქვა, რომ ყველანაირად გამოსწორდებოდნენ და ერთ წელიწადში ყველაფერი დალაგდებოდა. აი, ეს იყო 2019 წელი, რომელმაც საქართველოს რამდენიმე უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი მოუტანა, ქვეყანა უკან დახია და, ფაქტობრივად, პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა, საიდანაც გამოსავლის ძებნა უწევს მთელ პოლიტიკურ სპექტრს, არა გაერთიანებულ ოპოზიციას, არამედ გაერთიანებულ პოლიტიკურ სპექტრს. მე ამას არ ვეძახი გაერთიანებულ ოპოზიციას, რადგან „ქართული ოცნების“ გარდა მთლიანი პოლიტიკური სპექტრი არის ერთიანი და ერთად ეძებს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. ამიტომ ამას ვუწოდებ ერთიან პოლიტიკურ სპექტრს. სწორედ ამ პოლიტიკოსების ხელშია თავმოყრილი მთელი ის პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. ახლა ეს უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის სასიკეთოდ და როგორმე უნდა მოვახერხოთ მისი ჩიხიდან გამოყვანა.
_ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ოპოზიციიდან მუდმივად გვესმის, რომ ამისთვის „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. რა ბერკეტები გაქვთ ოპოზიციურ სპექტრს?
_ იმ ფაქტსაც მივაქციოთ ყურადღება, რომ პოლიტიკურ სპექტრს ზურგს უმაგრებს საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო მხარდაჭერა. ყველამ დაინახა, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ცინიკური გადაგდების მთავარი ამოცანა იყო ხელისუფლების სრული უზურპაცია ძალიან დიდი ხნით, რასაც საქართველოში, რა თქმა უნდა, არავინ არ დაუშვებს. ოპოზიციას ბევრი პერკეტები აქვს და ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტიანადაც ვიყენებთ მას. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პოლიტიკური გამოცდილება არ ჰყოფნით იმის მისახვედრად, თუ რა მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია ქვეყანა. ამის მიუხედავად, რეგიონშიც და დასავლეთის დედაქალაქებშიც, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ჩვენს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია და ოპოზიცია აუცილებლად გამოიყენებს ყველა პოლიტიკურ ბერკეტს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის. კიდევ უფრო გამყარდება ოპოზიციური გაერთიანება და ამას უზრუნველყოფს ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურად არაადეკვატური პოზიცია, თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება. თუ „ქართული ოცნება“ გონს მოეგება და მაჟორიტარულ სისტემას დათმობს, ისინი ხელისუფლებიდან წავლენ, _ ეს იქნება პოლიტიკური ფასი, რისი გადახდაც მოუწევთ მათ. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გონს ვერ მოეგება და ისევ ასე ჯიუტად გააგრძელებს მოქმედებას და სირაქლემის პოზაში ყოფნას, „ქართული ოცნების“ გადასახდელი პოლიტიკური ფასი სულ სხვა იქნება, „ქართული ოცნება“, უბრალოდ, გაქრება „ქართული პოლიტიკიდან“ ისევე, როგორც ერთ დროს გაქრა „მოქალაქეთა კავშირი“.
_ მაშინ, როცა ოპოზიცია პროტესტის დროს პარლამენტის პიკეტრებას ცდილობდა, ხელისუფლება ამას სათავისოდ იყენებდა და აცხადებდა, რომ ეს ძალადობრივი მეთოდი იყო და ვინც ქუჩაში იდგა, ყველას „ნაციონალად“ იხსენიებდნენ. „ნაციონალების“ ფაქტორი უშლის თუ არა ხელს ერთიან პოლიტიკურ სპექტრს, თუნდაც იმ ნაწილში, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა?
_ არავის არ ჰქონია არც მოლოდინი და არც სურვილი, რომ უცებ 500 ათასი კაცი გამოვიდოდა ქუჩაში და აგურ-აგურ დაშლიდა პარლამენტის შენობას. ეს არავის უნდა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მხრიდან განუწყვეტლივ პროპაგანდისტულ ხრიკს, რომ „ყველა ნაციონალია, ვინც ქუჩაში დგას“, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ზუსტად ასეა მაგათი საქმე. მათი თქმით, ბურჯანაძე, ნათელაშვილი, უსუფაშვილი, ინაშვილი ყველანი „ნაციონალები“ არიან?! – „ქართულ ოცნებას“ მეთოდები მოუძველდა, ეს გზავნილი ეფექტიანი აღარ იქნება, აღარ იმუშავებს. რაც შეეხება პიკეტირებას, ამ დროს ჩვენ უკანონო არაფერი ჩაგვიდენია, მეც ვმონაწილეობდი პიკეტირებაში, არანაირი ზღვარგადასული ქმედებები არ ყოფილა. ყველაზე სამარცხვინო, რაც ამ დროს მოხდა, იყო ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 3-გრადუსიან ყინვაში საკუთარ მოქალაქეებს თავზე ცივი წყალი გადაგვასხა, ეს იყო ნამდვილად დაუშვებელი. პიკეტირების პროცესში კი ადამიანები აბსოლუტურად უმიზეზოდ დააკავეს. ბოლოს კი ეს მურუსიძის სასამართლოს გასარჩევი გახდა და ბუნებრივია, ამ პირობებში სიმართლე ვერ დავამტკიცეთ. საერთოდ, მურუსიძე-ჩინჩალაძის ლობისტი „ქართული ოცნების“ მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ვიღაც „ნაციონალია“, ძალიან სასაცილოა.
_ მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიები პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით გაერთიანდნენ, „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, მოსკოვში გაემგზავრა, რაზედაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმაოდ ცინიკური განცხადებები გააკეთეს. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ვიზიტი იმ დროისთვის შეუფერებელი იყო?
_ პირიქით, ეს ძალიან დროული და საჭირო იყო. პირველ რიგში ის განცხადება, რაც ქალბატონმა ნინომ გააკეთა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, რომ რუსმა პოლიტიკოსებმა მასთან შეხვედრაზე ნათლად დააფიქსირეს, ისინი ხედავენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ კრიზისს, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ამის მიუხედავად, რუსეთი ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არ ჩაერევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თუნდაც მხოლოდ ამად ღირდა ამ პერიოდში მოსკოვში ვიზიტის განხორციელება. ძალიან უსუსური, საკუთარი ამომრჩევლისთვის დამაბნეველი და დაბალი დონის პროპაგანდა აწარმოა „ქართულმა ოცნებამ“ ამ ვიზიტთან დაკავშირებით. თქვენ ნახეთ, რომ ამან არანაირად არ დააზარალა ოპოზიციური ერთობა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ვიზიტთან დაკავშირებით თავისი ფეისბუქ ზონდერების მეშვეობით ბინძური პროვოკაციაც მოაწყო, მაგრამ ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლები ივლიან მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან დედაქალაქში იმისთვის, რომ ქართული ხმა და სიტყვა ყველგან ისმოდეს, ამასთან ყვლგან შეგვეძლოს ჩვენი ინტერესების დაცვა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის საერთოდ კონტექსტიდან ამოვარდნილი, დაბნეული და სამწუხაროდ, გაბოროტებულია. ეს გაბოროტება იწვევს, მნიშვნელოვანწილად, მათ ასეთ არაადეკვატურობას.
_ 14 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თაოსნობით, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად, თბილისში „კონცერტი“ გაიმართა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ აქცია-კონცერტის მთავარი გზავნილი?
_ ეს იყო „ქართული ოცნების“ პარტაქტივის გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი: შეხედეთ, ბატონო ბიძინა, ყველაფერი კარგად არის და სიტუაციას ვაკონტროლებთო. სიტუაციას რამდენად კარგად აკონტროლებენ, ეს მშვენივრად ჩანს ფოტოზე, სადაც ნაჩვენებია ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე მიტინგზე ხალხის რაოდენობა და სიტყვით გამოსვლის დროს როგორ ხალვათდება ხალხი მოედანზე. ეს იყო საჯარო მოხელეებისგან შემდგარი მიტინგი და გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, რომ იმ ხალხის 70% ვინც იმ დღეს თავისუფლების მოედანზე იყო, საერთოდ არ მისცემს მას ხმას. რაც შეეხება იმას, რომ ეს აქცია-კონცერტი თითქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწყობილი იყო, რამდენიმე ახალგაზრდა დავინახე ტრიბუნაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსს ავრცელებდა. ასე რომ, ამით ნუ მოტყუვდება „ქართული ოცნება“, თავიანთთვის იქნება უკეთესი. ნუ ჰგონიათ, რომ თავისი ფეისბუქ ზონდერებით გავლენ ფონს და მოიგებენ არჩევნებს. თუ კანონს არ მიიღებენ ისეთს, რომ თითო ფეისბუქ ტროლს 5 ხმის უფლება ჰქონდეს, ისე ნამდვილად ვერ მოიგებენ არჩევნებს.
_ კვლევების თანახმად, მათ შორის, IღI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობას არც მმართველი ძალა მოსწონს და _ არც ოპოზიციური სპექტრი. როგორ ფიქრობთ, რა არის ამომრჩევლის ამ ნაწილის დაკვეთა, რა სჭირდება მას?
_ ჩვენს ამომრჩეველს სჭირდება, პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაინახოს, რომ ისინი რეალურად დემოკრატიული არჩევნებისა და პროცესებისთვის იბრძვიან, _ ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ხალხი დაინახავს, რომ ყველა სათავისოდ ექაჩება საკუთარი პარტიებისთვის დივიდენდების მისაღებად, მაშინ, რა თქმა უნდა, ამომრჩეველი ბოლომდე იმედგაცრუებული დარჩება ოპოზიციისგან. „ქართულ ოცნებაში“ რომ ამომრჩეველი იმედგაცრუებულია, ეს თუნდაც იმ კონტრაქციამ გვანახა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა, ამიტომ ოპოზიციამ ამომრჩეველს უნდა დაანახოს, რომ ჩვენ გაერთიანებული ვართ ერთი კონკრეტული მიზნისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს ნორმალური და დემოკრატიული არჩევნებით და ქვეყანაში ისეთი სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელიც არ მისცემს არც ერთ პოლიტიკურ ძალას საშუალებას, მიიღოს აბსოლუტური ძალაუფლება, რადგან ეს დამანგრეველია საქართველოსთვის. თუკი რამემ დაანგრია ჩვენი ქვეყნის ბევრი მონაპოვარი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, არის ის, რომ ყოველთვის მოდიოდა ხელისუფლებაში ძალა, რომელსაც თითქმის 100%-იანი ძალაუფლება ედო ჯიბეში. შემდეგ ეს ხელისუფლებები შიგნიდან ჭამდნენ ერთმანეთს და აზარალებდნენ ქვეყანას. დღეს საზოგადოებისა და ყველა იმ პოლიტიკოსის, რომელიც საკუთარ და თავისი შვილების მომავალს უკავშირებს ამ ქვეყანას, ამოცანა უნდა იყოს ერთი, რომ ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვერც ერთმა ძალამ ვერ მოახერხოს ხელისუფლების უზურპაცია. ამას მოპოვება სჭირდება და მის მოსაპოვებლად ბრძოლაში გავატარებთ ჩვენ 2020 წელს.
_ რა ალტერნატივა გრჩებათ იმ შემთხვევაში თუ ამას ვერ მოიპოვებთ?
_ დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვიპოვებთ. ამის იმედს მაძლევს საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი მწვავე პოზიცია. როგორც წესი, მწვავე პოზიცია დახურული არხებიდან მოდის ხოლმე ქვეყანაში. ახლა უკვე ღიად მოდის ეს პოზიციები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი ხედავენ, რამდენად არაადეკვატურია ხელისუფლება, უკვე სანქციების შესახებ საერთაშორისო მედიის დონეზე ალაპარაკდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ჩემი პარტიის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ ისევ დაიწყებს უბნებზე მანიპულირებას და ისევ მოინდომებს არჩევნების გაყალბებას, ვერც ერთი ყუთი უბნიდან ვერ მივა საოლქო-საარჩევნო კომისიამდე.
_ ბოლო დროს პოლიტიკური ლიდერები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ, რა შემთხვევაში განიხილავთ ამ სცენარს?
_ ჩვენ არ გვინდა რევოლუციური სცენარი, პირველ რიგში იმიტომ, რომ არავინ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, მაგრამ „ქართული ოცნების“ ზღვარგადასული არაადეკვატურობა და შეუგნებლობა თუ რევოლუციურ სცენარამდე მიიყვანს ვითარებას, ეს იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. ისევე როგორც, თავის დროზე, შევარდნაძემაც და სააკაშვილმაც იქამდე მიიყვანეს საქმე, სანამ ხალხმა ტოტალურად უარი არ უთხრა მათ ხელისუფლებას. არ ვიცი, რატომ ეჯინებიან საკუთარ ხალხს და რატომ დებენ სასწორზე თავიანთ პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ თუკი ასეთი სცენარით განვითარდება მოვლენები, ამაზე პასუხი ივანიშვილს უნდა მოვკითხოთ. მთელი პოლიტიკური სპექტრი საარჩევნო რეჟიმზე იყო გადასული, ჩვენ უკვე პროგრამაზე გვქონდა მუშაობა დაწყებული და ყველა ემზადებოდა ნორმალური პროპორციული არჩევნებისთვის, ცინიკურად გადააგდეს ხალხი. ახლა კი პროპაგანდისტული ვირეშმაკობით და ფეისბუქ ზონდერებით ცდილობენ ხალხის შეშინებას, თითქოს ვიღაცას რევოლუცია უნდა. რევოლუცია არავის უნდა, ყველას გვინდა დემოკრატიული არჩევნები. ვინც ამ პარტიაში ვართ და ვინც ერთიანი ოპოზიციური სპექტრის მაგიდასთან სხედან, ყველას ყელში გვაქვს ამოსული რევოლუციები და არავის გვეხალისება. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ჩარჩოებით მოგვარდება. მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ფეისბუქ აქტივისტებს, რომლებსაც ახასიათებთ, კაცები იწყევლებიან, ქალები _ იგინებიან. პირიქით უნდა ეს, ბატონებო, ეს ერთი. მეორე: რატომ მიჰყვებით ამ ბინძურ დღის წესრიგს?! ჩაიხედეთ თქვენს გულში და დაფიქრდით, რა არის სიმართლე. რამე ისეთს ითხოვს ოპოზიცია, რაც თვითონ მოიფიქრა ან თავისი ახირებაა? „გავრილოვის ღამის“ შემდეგ გამოვიდა ივანიშვილი და განაცხადა, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, ჩემი იდეა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გამოსავალიაო. 6 თვის მანძილზე მთელმა პოლიტიკურმა პარტიებმა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოიარეს საქართველო, ყველა ერთად უხსნიდა ხალხს, ეს რა კარგი რამ იყო, ამას ტაში დაუკრა ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაეროს ტრიბუნიდან გამოაცხადა ხელისუფლებამ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავდიოდით, _ ახლა ამას ვითხოვთ, ძვირფასო „ქართული ოცნების“ ფეისბუქ აქტივისტებო, თქვენსავე მოფიქრებულ, შემოთავაზებულ და მაგიდაზე დადებულ დანაპირებს ვითხოვთ, რომელიც ცინიკურად გადაგვახიეთ თავზე.
ნენე ინჯგია