20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ საპირწონედ „ოცნების“ მომხრეები 2007 წლის სისხლიან 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისის უსასტიკეს დარბევას იხსენებენ. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის არაადეკვატური ძალის გამოყენებით დაშლა, ბუნებრივია, არავის ეპატიება, მაგრამ იგივე 26 მაისის მოვლენების მონაწილე მურმან დუმბაძე, რომელიც მაშინ მძიმედ დაშავდა, „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ 20 ივნისისა და 26 მაისის შედარება არ შეიძლება. მეტიც, დუმბაძე, რომელიც, თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე იყო და დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრია, სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს. კერძოდ, მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეები კანონისმიღმა მოქმედებდნენ!
რას ნიშნავს მომიტინგეების „კანონისმიღმა მოქმედება“? რა მიზნით უნდოდა 20 ივნისს ხალხს პარლამენტში შესვლა? როგორ უნდა განიმუხტოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს მურმან დუმბაძესთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნება დაიწყოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს:
_ ბატონო მურმან, 2011 წლის 26 მაისის აქციაში არათუ მონაწილეობდით, არამედ უსასტიკესადაც გაგისწორდნენ. ზოგი მაშინდელ და წლევანდელ 20 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევას შორის ტოლობის ნიშანს სვამს. ამ პარალელის გავლება თქვენც შეგიძლიათ?
_ იცით, რა ხდება? _ წარსული, ბუნებრივია, უნდა გვახსოვდეს, რათა მომავალი წესიერად დავგეგმოთ, მაგრამ წარსულის ყოველდღე გახსენება მაინცდამაინც არ მხიბლავს. ერთი რამ ვიცი: 20 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ახალგაზრდობის წინაშე საშინელი დანაშაული ჩაიდინა. არადა, ეს ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იმას აპროტესტებდნენ, რაც ამ ქვეყანაში ყველაზე მთავარია _ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფა! ამის გაპროტესტება ნებისმიერს შეუძლია, მათ შორის, პოლიციელსაც. დიახ, მარტო პოლიციელები კი არა, მთელი მთავრობა უნდა გამოსულიყო და ამ ახალგაზრდების გვერდით დამდგარიყო და ის გაეპროტესტებინა, რაც საქართველოს ცენტრალური დარბაზის ცენტრალურ სკამზე მოხდა!
რაც შეეხება პარალელებს, სწორი არ იქნება, რომ იმის გამო, რადგან 26 მაისი იყო, 20 ივნისი გავამართლოთ. თუ ასეა, მაშინ 2011 წლის 26 მაისამდე საქართველოში ბევრი 26 მაისი მოხდა. მაგალითად, 1993 წლის 2 თებერვალს ყველას ახსოვს, შევარდნაძემ მოძრავი მიტინგი დახვრიტა; 1956 წლის 9 მარტს ხალხი მიტინგზე კომუნისტებმაც დახვრიტეს; მანამდე, 30-იან წლებში, ადამიანებს უმიზეზოდ ხვრეტდნენ. შუა საუკუნეებში კი ხალხს კოცონზე წვავდნენ. ამიტომ რა გამოდის? _ ის, რაც დღეს ხდება, იმით უნდა გავამართლოთ, რომ წინა მთავრობები უარესს სჩადიოდნენ? ე. ი., სააკაშვილი ძალიან მაგარი კაცი იმიტომ არის, რომ შევარდნაძესავით სულ რამდენიმე ადამიანი დახვრიტა და არა _ რამდენიმე ასეული? შევარდნაძე კი ძალიან მაგარი იმიტომ იყო, რომ მასზე მეტი კომუნისტებმა დახვრიტეს?
მოკლედ, ასეთი შედარებები უნდა დავამთავროთ და წერტილი დავუსვათ!
_ კი ბატონო, მე და თქვენ კი დავუსვამთ წერტილს, მაგრამ მართლმორწმუნე „ქოცები“ არ ჩერდებიან, _ „ნაცები“ 20 ივნისზე ხმას როგორ იღებენ, როცა 7 ნოემბერსაც დაგვხვრიტეს და 26 მაისსაცო. ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ეს არგუმენტი მთლად ულოგიკო არ არის.
_ გასაგებია, მაგრამ „ნაციონალებმა“ 7 ნოემბერს რომ გვესროლეს, ამის გამო 8 ნოემბერს პოლიტიკური ფასი გადაიხადეს _ მიხეილ სააკაშვილი გადადგა!
_ პარლამენტის თავმჯდომარე ახლაც გადადგა.
_ ქართველი ხალხი ირაკლი კობახიძის გადადგომას არ ითხოვს!
_ თავიდან ქუჩაში გამოსულთა ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ კობახიძის გადადგომა იყო.
_ დიახ, კობახიძის გადადგომა მოვითხოვეთ და გადადგა, მაგრამ ახლა გახარიას გადადგომას ვითხოვთ. მარტო საკუთარზე კი არა, სხვის შეცდომებზეც უნდა ისწავლო, ანუ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე „ქართულ ოცნებას“ პროგრამებში ღიად ეწერა, ამიერიდან საქართველოში მთავრობის მიერ ხალხის დარბევა დანაშაული იქნება. იმის გამო, რომ სააკაშვილმა 7 ნოემბერი და 26 მაისი ჩაიდინა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა.
სხვათა შორის, 1991 წლიდან მოყოლებული, 2004 წლამდე, 13 წლის განმავლობაში, ასლან აბაშიძე მარტო აჭარას კი არა, ჩემს ოჯახსაც არბევდა, მაგრამ 2004 წლის 7 მაისის შემდეგ აბაშიძე საერთოდ აღარ მიხსენებია _ აი, ერთი მაგალითი მაინც მომიყვანეთ, როცა 2004 წლის 7 მაისის შემდეგ აბაშიძეს ვლანძღავ. მოკლედ, 6 მაისს მას პოლიტიკური ფასი გადავახდევინეთ _ საქართველოს სახელმწიფო დატოვა და მას შემდეგ თავის მშობლიურ რუსეთშია გადახვეწილი. სააკაშვილმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს, საღამოს, დამარცხება აღიარა. ამიტომ უკვე არსებულ ხელისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ _ 20-21 ივნისს საქართველოს დევანდელმა ხელისუფლებამ გაუგონარი დანაშაული ჩაიდინა.
_ ეს ოპოზიციის შეფასებაა, ხელისუფლება კი ასე არ ფიქრობს და ამბობს, რომ თავიდან სახელმწიფო გადატრიალება აიცილა. სხვათა შორის, 20-21 ივნისის მოვლენებს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაცია ორი კვირის შემდეგ მისცა...
_ პროკურატურის ეს განცხადება გამაოგნებელია. საერთოდ, პროკურატურისგან ასეთი განცხადება პირველად არ გვესმის. თემირლან მაჩალიკაშვილზეც ასე თქვეს.
_ გეშლებათ, ბატონო მურმან, მაჩალიკაშვილის შემთხვევაში საუბარი ტერორიზმზე იყო...
_ რა, ტერორიზმი სახელმწიფო გადატრიალებაზე ნაკლები დანაშაულია? თუ ასე იყო, მაჩალიკაშვილი გარეთ რატომ არის და რუსთაველზე თავისუფლად რატომ დადის? 2012 წლის ორი ოქტომბრიდან ამ ხელისუფლებას უნიათო უწოდეს _ ქვეყნის მართვა არ შეუძლია და დააკვირდით, ჯანყი და ცვლილება როდის ხდება.
_ როდის?
_ ლენინი ამბობდა, რევოლუცია მაშინ ხდება, როცა ხელისუფლებას ძველებურად მართვა აღარ შეუძლია, ხალხს კი _ ძველებურად ცხოვრებაო. დღეს ზუსტად ასეა: ხალხს ძველებურად ცხოვრება აღარ უნდა და ძველებურად ვეღარც ხელისუფლება მართავს! არაფორმალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყნის მართვა ვერ შეძლეს. ეს წერტილდასმული წინადადებაა! ნახეთ, რუსთაველზე რა ხდება _ ორი კვირაა, ეს გამზირი გადაკეტილია, პარალელურად, მთელი სახელმწიფო პარალიზებულია და ამ ქვეყანაში არაფერი კეთდება: გზები აღარ იგება, ბიუჯეტი აღარ სრულდება. მეტიც, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან პატიმრები სასამართლოში ვერ მიჰყავთ, რადგან ფული არ აქვთ და საწვავს ვერ ყიდულობენ!
_ ანუ საკუთარი უნიათობა რომ დამალოს, ეს არეულობა და ქაოსი თავად „ოცნებას“ აწყობს?
_ არა. პირდაპირ ვამბობ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის მართვა აღარ შეუძლია! 2012-დან 2014 წლამდე მართავდა _ 2014-ში თვითმმართველობის არჩევნები „ოცნებამ“ ნამდვილად მოიგო. ამის შემდეგ პოლიტიკური რეფორმები არ გაატარა, ამიტომ 2016-ის არჩევნებზე კატასტროფული შედეგი მიიღო.
_ 2016-ში „ოცნება“ პარლამენტში ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა და „კატასტროფულ შედეგს“ ამას ეძახით, ბატონო მურმან?
_ კი ბატონო, 115 დეპუტატი გაიყვანა, მაგრამ მახსოვს, მაშინ სწორედ თქვენს გაზეთთან ინტერვიუში ვთქვი, ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია-მეთქი! მოკლედ, „ოცნების“ დასრულება სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებით დაიწყო, რაც 2018-ის საპრეზიდენტო არჩევნებმაც აჩვენა. ახლა კი ღრმა პოლიტიკური კრიზისი მივიღეთ.
თქვენ, რა, მართლა გგონიათ, რომ ყველაფერ იმის საბაბი, რაც ახლა ხდება, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი გახდა? _ „გავრილოვის ღამე“ 20-ში არ იქნებოდა და იქნებოდა _ 23 ან 24 ივნისს, ანუ ხალხს სული ყელში აქვს ამოსული, ხელისუფლების ცვლილება უნდა და ეს ივანიშვილმა უნდა გაიგოს!
საერთოდ, დემოკრატიულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ევროპულ დემოკრატიებში, ასე ხდება: როცა პოლიტიკური კრიზისია, ამის წამალი ერთია ხოლმე _ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები! ჩვენს ქვეყანასაც ჩიხიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოიყვანს და თუ ივანიშვილს ამომრჩევლის რამე წილი კიდევ ერგება, ამას საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო ყუთთან გადაწყვეტენ!
_ ბატონო მურმან, მესმის, რომ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, თუმცა ოპოზიციის დღის წესრიგში მარტო შს მინისტრის გადადგომა დგას. თუ თქვენ, ოპოზიციონერები, ხედავთ, რომ „ოცნება“ ქვეყანას ვეღარ მართავს, პასუხისმგებლობას ერთ მინისტრს რატომ აკისრებთ და მთელი მთავრობის გადადგომას რატომ არ ითხოვთ?
_ გაიძახიან, სახელმწიფო გადატრიალება უნდოდათო, მაგრამ დააკვირდით, ოპოზიცია როგორ ვითარდება: 20-21 ივნისს კონკრეტული დამნაშავე ჰყავს _ ხალხს თვალები შსს-მ დასთხარა და 250-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამ უწყების პირველი პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
მთავრობის გადაყენების მოთხოვნას ჩვენ შეგნებულად არ ვაყენებთ, რადგან შს მინისტრის გადადგომით მთავრობამ საქმიანობა გააგრძელოს, ანუ რევოლუცია კი არა, ის გვინდა, რომ მთავრობის შეცვლა უფლებამონაცვლეობით მოხდეს, მაგრამ თუ ყველაფერი ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება და ივანიშვილი გაჯიუტდება, მაშინ საქართველოს მოქალაქეები და, მათ შორის, პარტიებიც, ბუნებრივია, მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, რისი უფლებაც, სხვათა შორის, გვაქვს!
მოკლედ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. ისე, ივანიშვილმა ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, როცა არჩევნების შერეული სისტემის პროპორციულით შეცვლაზე დასთანხმდა, ანუ მან ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. ეს მისი მხრიდან იძულებით გადადგმული ნაბიჯია და ხელისუფლების ხელგაშლილობაზე საუბარი არ შეიძლება, თუმცა თავად იბრალებს, აი, როგორი ლოიალური ვარ და ხალხის მოთხოვნას ვასრულებო. სინამდვილეში, ეს პროპორციული არჩევნები ხალხმა გამოტყავა და ჯურღმულიდან გამოაძრო. ახლა ვადამდელი პროპორციული არჩევნები დანიშნონ და ამით ხელისუფლების ცვლილება ევოლუციური გზით მოხდება! ქვეყანას ეს უფრო წაადგება, ვიდრე მთავრობის გადაყენების მოთხოვნა.
სხვათა შორის, როცა ვიკრიბებით, კულუარებში ამაზე საუბარი არის, ანუ პოლიტიკური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ უკვე დროა, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დავაყენოთ და თუ ეს მოთხოვნა დადგება, დამერწმუნეთ, აუცილებლად შესრულდება!
_ ასე დარწმუნებული რატომ ხართ?
_ 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ ყოფილა შემთხვევა, ოპოზიციას რამე მოთხოვნა დაეყენებინოს და არ შესრულებულიყო! ასე მოხდა, მაგალითად, 2003 წლის 2 ნოემბერსაც _ როცა შევარდნაძემ არჩევნები გააყალბა, მივედით და ვთხოვეთ, ეს შედეგი არ დაწეროთო, მაგრამ გაჯიუტდა. შესაბამისად, ის მიიღო, რაც მიიღო! სხვათა შორის, ამას დღეს ბახტაძე სახელმწიფო გადატრიალებას ეძახის. დიახ, საქართველოს პირველი პოლიტიკური პირი ამბობს, რომ 2003 წლის 23 ნოემბერი სახელმწიფო გადატრიალება იყო. წარმოგიდგენიათ, 2012 წელს რა მთავრობა მოვიყვანეთ?
_ ბატონო მურმან, მთავარი, როგორც იტყვიან, მომყვანი თქვენ ხართ და დღეს, როცა „ოცნებას“ უპირისპირდებით, ხელი, ალბათ, ნელ-ნელა „გიხმებათ“!
_ მაშინაც მქონდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი „ვარდების რევოლუციას“ კარგად შეხვდა. „ვარდების რევოლუცია“ 21-ე საუკუნის ქართული სახელმწიფოს შექმნის საფუძველი იყო. სხვათა შორის, იმ მოვლენების რიგითი მონაწილე არ ვარ და უამრავი წვლილი და ენერგია მაქვს ჩადებული, რომ 23 ნოემბერს ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა.
შევარდნაძესთან შედარებით, ივანიშვილმა ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, როცა პროპორციულ სისტემაზე გადავიდა, ანუ ე. წ. საუმრავლესობო ხელისუფლებაზე უარი თქვა და ამით „ქართული ოცნების“ დამარცხება, პრაქტიკულად, აღიარა, მაგრამ ყველაფერ ამას მარილის მოყრა უნდა.
_ და ეს „მარილი“ რა არის?
_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. კარგი იქნება, ბარიერსაც თავს თუ დაანებებს და სახელმწიფოებრივად აზროვნებას დაიწყებს. თუ ასე მოიქცევა, მცირეს, მაგრამ ქართველი ამომრჩევლისგან წილს ივანიშვილი ისევ მიიღებს.
_ ბატონო მურმან, საუბრის თემას შევცვლი და პირდაპირ გკითხავთ: ოპოზიციის შიგნით გამყიდველები ხომ არ არიან, რომლებიც „ოცნებასთან“ ფარულად თუ ღიად თანამშრომლობენ?
_ სიტყვების _ „მოღალატე“, „გამყიდველი“ თქმას ვერიდები. პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, ისე იაზროვნონ, როგორც აზროვნებენ. მთავარია, კონსტიტუციისა და სამშობლოს ინტერესების მიღმა არ გავიდნენ. აი, მთავარი ამოცანა ეს არის და ამ მიზანს ვინ როგორ მიაღწევს, მისი გადასაწყვეტია, თუმცა როცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ივანიშვილმა ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანა, ასეთ დროს ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ერთმანეთთან უფრო მეტი დიალოგი აწარმოოს. ოპოზიციის ყველაზე მძლავრი და გამორჩეული ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციაა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მილიონამდე ხმა აიღო. საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს, რომ ოპოზიციას ამდენი ხმა აეღოს.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამბობს, მოდით, დავფიქრდეთ, მივიდეთ თუ არა ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროპორციული სისტემის პრეზენტაციაზეო? უმჯობესი იქნებოდა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ამ პრეზენტაციაზე არ მისულიყვნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც არ ვამბობ, რომ ისინი მოღალატეები და გამყიდველები არიან. ისინი ისეთები არიან, როგორებიც არიან! სხვათა შორის, ყველაფერმა ამან გამოაჩინა, რომ კონკურენცია იქნება. ჩვენი მთავარი საზრუნავი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაა, ამიტომ ორ ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა, არც ივანიშვილი მინდა და არც _ სააკაშვილიო, არ გამოვა!
მე, გრიგოლ ვაშაძემ და სხვა პოლიტიკოსებმა 50 კილომეტრი ფეხდაფეხ შემოვიარეთ და შემიძლია, გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს არჩევნებში დამარცხდა და ეს დამარცხება აღიარა, დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ფაქტორია! ამიტომ, სააკაშვილის გარეშე, ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება, უბრალოდ, შეუძლებელია. ჩვენ პატივი სააკაშვილს კი არა, იმ ადამიანებს უნდა ვცეთ, რომლებიც პატივს სააკაშვილს სცემენ. სააკაშვილს, სულ მცირე, ნახევარი მილიონი ამომრჩეველი აძლევს ხმას და რა ვქნათ, ეს ხალხი დავხოცოთ? აქედან გამომდინარე, ნურავინ ამბობს გაუგონარ პოლიტიკურ სისულელეს, არც ივანიშვილი მინდა და არც _ სააკაშვილიო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის, ვინც ამას ამბობს, ხელისუფლებაში მუდმივად ივანიშვილს ტოვებს! დღეს კი პოლიტიკური ჩიხის ფუნდამენტი ივანიშვილია!
_ ეს პოსტულატი აქამდეც გაგიჟღერებიათ, მაგრამ, ბატონო მურმან, მინდა, ისევ პარალელებზე გადავიდეთ, ანუ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენების შემდეგ მაშინდელ ოპოზიციურ ლიდერებზე სისხლის სამართლის საქმე ოფიციალურად არ აღუძრავთ. დღეს კი პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას შიდაპატიმრობა მიუსაჯეს, ამასთან, დაკითხვაზე ოპოზიციის სხვა ლიდერებიც არიან დაბარებულნი. საითკენ მივდივართ?
_ ოპოზიციის ლიდერებსა და პოლიტიკოსებზე ტერორი კი დაიწყეს, მაგრამ შეუძლებელია, საქართველოში 37 წელი დააბრუნონ!
სხვათა შორის, არც ის მომწონდა, როცა 7 ნოემბრის შემდეგ, იმდროინდელმა ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერებს ბრალი ზეპირი განცხადებებით წაუყენა, თუმცა ამას ოფიციალური, ანუ დოკუმენტური სახე არ მისცემია. საერთოდ, სააკაშვილის ხელისუფლება პოლიტიკური პარტიის ლიდერების ციხეში გაგზავნას ძალიან ერიდებოდა! ყოველ შემთხვევაში, არ მაგონდება, რომ მოქმედი პოლიტიკოსი დაეჭიროს.
_ მე მოგაგონებთ _ ირაკლი ბათიაშვილი „ნაციონალებმა“ ემზარ კვიციანისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის საბაბით დააპატიმრეს.
_ დიახ, ეს იმ ხელისუფლების ღრმა შეცდომაა. ასევე ღრმა შეცდომა იყო, რაც 7 ნოემბერზე გაცხადდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არც ლევან ბერძენიშვილზე აღძრულა და არც _ სხვაზე.
ივანიშვილის გვერდით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი, ეს ადამიანი შესწავლილი მყავს და მისი ხასიათი ვიცი. საერთოდ, პროფესიით მასწავლებელი და ფსიქოლოგი ვარ და ადამიანებს კარგად ვცნობ. დღეს ივანიშვილი ბორგავს და საღამოს ათ საათზე ვეღარ იძინებს. ეს კაცი მდგომარეობიდან გამოსულია. გარემოცვაც აღარ ჰყავს, რომელიც რჩევას მისცემს.
2012 წლის პირველ ოქტომბერს, სააკაშვილს არჩევნები რომ მოვუგეთ, ამაში ჩვენი წვლილიც იყო. მაშინ ის პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც მის გვერდით ვიყავით, ივანიშვილს ძალიან სერიოზულ რჩევებს ვაძლევდით. დღეს კი მისი მრჩევლები მამუკა მდინარაძე, ბახტაძე და კახი კალაძე არიან. ეს ხომ სამარცხვინოა!
სხვათა შორის, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ კალაძე ამბობდა, ეს ხალხი დასარბევი იყოო. კალაძემ სააკაშვილს ის გადაწყვეტილება მოუწონა, რაც 7 ნოემბერს აქციის დასარბევად მიიღო. 20 ივნისის მოვლენებს კალაძე დღესაც იწონებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ კალაძე ივანიშვილს ვერაფერს ურჩევს!
ივანიშვილს რჩევას ჩემნაირი ადამიანი მისცემს. ამიტომ ვურჩევ და ვეუბნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, ამით ამ პოლიტიკურ ცირკს წერტილი დაესმევა და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნება! ისე, იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, ივანიშვილს ღრმად აქვს თუ არა გააზრებული, რომ პროპორციული არჩევნებით პოლიტიკური რეალობა აბსოლუტურად შეიცვლება.
_ ბატონო მურმან, რადგან არ მიპასუხეთ, ჩაგეკითხებით: ოპოზიციის ლიდერებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და სახელმწიფო გადატრიალებაში მათი ოფიციალურად დადანაშაულება რას ემსახურება?
_ დაშინებას!
_ ამით ლიდერებს დააშინებენ თუ ხალხს?
_ ორივეს დაშინების მცდელობაა, მაგრამ ეს ის საზოგადოება აღარ არის, რომელიც 90-იან ან თუნდაც 2000-იან წლებში იყო. დღეს სულ სხვა თაობა მოვიდა. იგივე პროპორციულ არჩევნებს მე და ჩემი თაობა 90-იანი წლებიდან ვითხოვდით, მაგრამ ვერც ერთ ხელისუფლებას ვერ გამოვტყავეთ.
დღეს კი, ნახეთ, რა მოხდა _ ქუჩაში თანამედროვე, ანუ ის ახალგაზრდობა გამოვიდა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში დაიბადა და გაიზარდა. ეს ახალგაზრდები სხვანაირები არიან. ჩვენ მარტო ახალგაზრდებს კი არა, მათ მშობლებსაც მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან შვილები სწორად გაუზრდიათ. დღეს მამებზე უკეთესი შვილები გვყავს და ვერ გავიგე, ივანიშვილი ამ ახალგაზრდებს რატომ ეჯიუტება?
სხვათა შორის, 26 მაისს სააკაშვილი არასწორად მოიქცა და დაგვარბია, თუმცა მოთხოვნები არასწორი იყო და ჩვენ კანონისმიღმა ვმოქმედებდით!
ეს არასოდეს მითქვამს და ახლა პირველად ვიტყვი: 2011 წლის 25 მაისს, ღამის 12 საათისთვის, აქციაზე მერიიდან წარმომადგენელი მოვიდა, რომელმაც ქალბატონ ნინოს ოფიციალური დოკუმენტი მისცა და უთხრა, აქციის გაგრძელება დარღვევა იქნება, რადგან ხვალ დილისთვის სცენას ვამზადებთ და 26 მაისის აღლუმი უნდა ჩატარდეს, ამიტომ სხვა ადგილას, სადაც მიტინგს ჩაატარებთ, თქვენს გადაყვანას ჩვენი ტრანსპორტით უზრუნველვყოფთო, მაგრამ არ დავიშალეთ _ მართლები არ ვიყავით. მიუხედავად ამისა, სააკაშვილს მძიმე შეცდომა მოუვიდა _ მომიტინგეების ნაწილი, პირდაპირ გეტყვით, გაიპარა, გაიქცა, შეეშინდა, დარჩენილები კი ალყაში არ უნდა მოექცია! იქ დარჩენილი 400-500 ადამიანიდან ნაწილი საავადმყოფოში აღმოვჩნდით, ნაწილი _ ციხეში ან ორივეგან ერთდოულად.
ისე, სააკაშვილმა 2011 წლის 26 მაისის პოლიტიკური ფასიც გადაიხადა _ 2012 წლის პირველი ოქტომბერი დიდწილად სწორედ ამ 26 მაისზე იყო დამოკიდებული.
_ თუ მაშინდელი ოპოზიციის შეცდომაზე საუბრობთ, ისიც მითხარით _ დღევანდელი ოპოზიცია 20 ივნისს პარლამენტში შესვლას, თუნდაც ხელებაწეული რომ ცდილობდა, ეს შეცდომა ხომ არ იყო?
_ არა!
2011 წელს, სანამ მერიიდან გაფრთხილება მოვიდოდა, ქუჩაში დგომა შეგვეძლო და ამის უფლებას კონსტიტუცია გვაძლევდა, მაგრამ ღამის 12 საათის შემდეგ იქ დგომა აღარ შეგვეძლო, რადგან ეს ლეგიტიმური აღარ იყო და ხელისუფლებას სახელმწიფო ღონისძიების ჩატარებაში ვუშლიდით.
დღეს კი იცით, რაზე იყო საუბარი? _ ხალხს პარლამენტში შესვლა იმიტომ უნდოდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოეთხოვა. სხვათა შორის, პარლამენტი ხალხისაა!
_ ბოლოს, ბატონო მურმან, თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, თქვენი აზრით, ეს პოლიტიკური კრიზისი როგორ განიმუხტება?
_ აქციები მარტო რუსთაველზე კი არა, რეგიონებშიც გაგრძელდება. შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან, უკვე რამდენიმე კარავი გვაქვს დაცემული. ეს ლოკაციები გაიზრდება და მიტინგები ბათუმშიც გაიმართება, ქუთაისშიც, თელავშიც და, საერთოდ, ყველგან! ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას მოსვენებას არ მივცემთ!
გიორგი აბაშიძე