როგორც იტყვიან, ნავსი გატეხილია _ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ რუსეთს პირველი სასამართლო მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი _ „ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2-დან 15 ათას ევრომდე უნდა გადაუხადოს.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დეპორტაციის პერიოდში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია.
ცნობისთვის: ინდივიდუალური სარჩელი საქართველოს 19-მა მოქალაქემ შეიტანა. მათგან 18 უშუალოდ დეპორტაციის მსხვერპლია, ერთი კი იმ ადამიანის შვილია, რომელიც სასამართლოს დასრულებამდე გარდაიცვალა.
გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლომ კომპენსაციის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება გადადო და დაელოდა დიდ პალატაში ამავე საკითხზე შესულ სხვა საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას. საუბარია 2019 წლის იანვარში დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
ევროსასამართლოს განმარტებით, 2006 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეები გახდნენ დაკავების, დაპატიმრებისა და გამოძევების ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლნი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რა დროსაც შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების მიმართ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია შემდეგი მუხლები: კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-4 ოქმის მე-4 მუხლის (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება).
საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც, სულ მცირე, 48 საათით დააკავეს, კომპენსაციის სახით 10 ათასი ევრო უნდა მიიღონ. 12,500 ევროს მიიღებენ ის მომჩივნები, რომლებმაც პატიმრობაში 2-დან 10 დღემდე გაატარეს, ხოლო მათ, ვინც 10 დღეზე მეტ ხანს დააკავეს, 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, რომელიც ევროსასამართლოში აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა უფლებებს იცავს, „ქრონიკა+“-თან საუბრისას ამბობს, რომ სტრასბურგის ზემოხსენებული გადაწყვეტილება პრეცედენტულია, რადგან აქამდე არ ყოფილა, რომ აგრესიულ რუსეთს პატარა სახელმწიფოსთან დავა წაეგოს. სწორედ ეს გარემოება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მსოფლიომ და, ამ შემთხვევაში, ევროპამ რუსეთის ოკუპანტური პოლიტიკის წინააღმდეგ ახალი ძალით დაიწყო გალაშქრება. ამ დროს რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება? _ ლია მუხაშავრიას თქმით, ჩვენი ხელისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან ცხოვრობენ, ყურადღებას არ აქცევს, არადა, თითოეული მათგანი, როგორც უფლებადამცველი განმარტავს, გმირია.
„ქრონიკა+“ უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ესაუბრება:
_ ევროსასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ კომპენსაციის (10 მილიონზე მეტი) გადახდა დააკისრა. ქალბატონო ლია, თქვენი აზრით, ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში წინგადადგმული ნაბიჯია, ანუ ოდესმე ჩვენი ქვეყანა შეძლებს, მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ რუსეთი მის წინაშე დამნაშავეა?
_ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი დავა პირველად მოვუგეთ. სხვათა შორის, ეს რუსეთის მიმართ სერიოზული გაფრთხილებაა, რადგან მან საქმე მხოლოდ კონკრეტული პირების მიმართ ჩადენილი დარღვევისთვის კი არა, იმ პრაქტიკისა და კანონმდებლობის გამოც წააგო, რომელიც თავად რუსეთში მოქმედებს.
_ ეს რას ნიშნავს?
_ რუსეთს კომპენსაციის გადახდა მხოლოდ ინდივიდუალური პირებისთვის კი არ მოეთხოვება, არამედ, ვალდებულია, რომ საკუთარი პრაქტიკა და კანონმდებლობაც შეცვალოს. ასევე შეცვალოს ადმინისტრაციული და, საერთოდ, დაჯარიმების სისტემა, ანუ რუსეთის მთავრობისთვის ძალიან სერიოზული დარტყმაა, როცა ასეთი მაღალი რანგის სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს.
სხვათა შორის, რუსეთის ისტორიისთვის უჩვეულოა, რომ ასეთმა უზარმაზარმა და აგრესიულმა სახელმწიფომ ისეთი მცირე სახელმწიფოსგან, როგორიც საქართველოა, ალიყური მიიღოს.
_ ანუ საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის გამტყუნების ეს პირველი შემთხვევაა?
_ დიახ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა სახელმწიფოთაშორისი დავა წააგო.
_ სხვა თუ არა, რუსეთის ბუნებას ჩვენ ზედმიწევნით კარგად ვიცნობთ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მან დაკისრებული ვალდებულების იგნორირება მოახდინოს. ქალბატონო ლია, არსებობს ბერკეტი, რაც კრემლს აიძულებს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს?
_ იცით, რა ხდება? _ როცა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები გამოჰქონდა, მაგალითად, ჩეჩნეთის საქმესთან დაკავშირებით, რუსეთი არ ასრულებდა და ეს არა მარტო ევროსაბჭოში აღიქმებოდა ცუდად, არამედ, ევროსასამართლოს რეპუტაციასაც გარკვეულ დარტყმას აყენებდა. ამიტომ ახლა ასეთი სახელმწიფოთაშორისი დავის გადაწყვეტილება რომ არ აღსრულდეს, ეს, გადაუჭარბებლად ვიტყვი, ევროსასამართლოს რეპუტაციას ძირს გამოუთხრის! შესაბამისად, აღსრულებით თავად ევროპის საბჭო იქნება დაინტერესებული. საერთოდ, ევროსასამართლოდან აღსრულების საკითხი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე გადადის, ანუ გადაწყვეტილების აღსრულებაზე ისაა პასუხისმგებელი. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, რათა რუსეთმა ეს გადაწყვეტილება ჯეროვნად და სათანადოდ აღასრულოს!
_ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს რუსეთის წინააღმდეგ რა სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტები აქვს, ახალ სანქციებს დაუწესებს?
_ არა, ეს სანქციები არ არის.
_ აბა?
_ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან. კომიტეტი თვეში ან ორ თვეში ერთხელ იკრიბება. ამ შეკრებაზე ლავროვისთვის საყვედურის გამოცხადება, რომ რუსეთი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და განსაკუთრებით, ისეთი კატეგორიის საქმეზე, რომელიც სახელმწიფოთაშორის დავას ეხება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ძალიან სერიოზული სილა იქნება. ამ სილის გაწნას, მართალია, ევროპული ფორმა ექნება, მაგრამ თავისი შინაარსით, მერწმუნეთ, ძალიან შეურაცხმყოფელი და იგივე დიპლომატიური თვალსაზრისით, სერიოზული ბერკეტია!
გასაგებია, რომ რუსები მთლად ევროპულად არ იქცევიან. ამიტომ მინისტრთა კომიტეტსა და, საერთოდ, ევროსაბჭოს მოუწევს, სერიოზულად იჭყლიტოს ტვინი და მოიფიქროს, თუ როგორ აიძულოს რუსეთი, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ევროსასამართლომ რუსეთსა და საქართველოს დამატებითი დრო მისცა, რათა კომპენსაციის თანხაზე ერთმანეთთან შეთანხმებისთვის მიეღწიათ, მაგრამ რუსეთმა ეს პროცესი ჩააგდო. შესაბამისად, სასამართლოზე ის მოთხოვნა სრულად გავიდა, რაც საქართველოს მთავრობამ დააყენა. რუსეთმა უარყოფითი და ნეგატიური პოზიციის დაკავება მაშინვე დაიწყო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რუსეთს იმ საკომპენსაციო თანხის გადახდა აუცილებლად მოუწევს, რომელიც ევროსასამართლომ დააკისრა!
_ ყველაფერ ამის მიუხედავად, ოფიციალური კრემლი საქართველოს მისამართით აგრესიულ რიტორიკას განაგრძობს და ამის ნათელი მაგალითია კარასინის რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადება, როცა, პრაქტიკულად, დაგვემუქრა. ამავე კონტექსტში ჰააგის ტრიბუნალის ფაქტორიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, კერძოდ, იმას ვგულისხმობ, რომ ჰააგაში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მიმდინარეობს და რუსეთმა ევროსასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლოა, ამ გამოძიების დასრულებამდე იმ იმედით გაწელოს, რომ ჰააგაში გამართლდება.
_ ჩვენ ახლა აგვისტოს მოვლენებზე კი არა, 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციაზე ვსაუბრობთ.
_ დიახ, ვიცი, მაგრამ ორივე ეს მოვლენა, ჩემი აზრით, ერთმანეთთან კავშირშია. ვცდები?
_ კარასინის მუქარა და, საერთოდ, ის მწყრალი დამოკიდებულება, რასაც ბოლო დროს აგრესიული ფორმით გამოხატავს ჩვენ მიმართ, არაა გამორიცხული, რომ სწორედ ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებით იყოს განპირობებული. წეღანდელი თქმისა არ იყოს, რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან გამაღიზიანებელია, რომ პატარა და ყოფილმა დაქვემდებარებულმა სახელმწიფომ ევროსასამართლოში დავა ისეთ საკითხზე მოუგო, როგორიც დეპორტაციაა. სხვათა შორის, ეს მაშინ მოხდა, როცა რუსეთი მთელ მსოფლიოში ოკუპაციას ვითომ საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეგიდით ახდენს. ამ დროს კი გამოვიდა, რომ უზარმაზარი დარღვევის ავტორი თავადაა. დიახ, დადგენილია, რომ 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების უფლებები რუსეთმა მასობრივად დაარღვია.
ერთი სიტყვით, ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ რიტორიკას აუხეშებს. ამას ემატება ნატოსკენ ჩვენი სწრაფვა და ნატოსა და საქართველოს ერთობლივი სწავლება. ყველაფერი ეს რუსეთს, რა თქმა უნდა, ძალიან აღიზიანებს, მაგრამ სამყარო და განსაკუთრებით ევროპა ვერ დადგება და ვერ დაუწყებს ყურებას, თუ როგორ აგრძელებს რუსეთი თავის აგრესიულ პოლიტიკას.
დღეს მთელი მსოფლიო უპირატესობას ანიჭებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. ამიტომ საკითხის სასამართლო გზით გადაწყვეტა, ყველა სხვა მეთოდთან შედარებით, უპირატესია. ერთი სიტყვით, გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია რუსეთის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკის ცვლილების თვალსაზრისით! _ აქამდე თავად ევროპასაც არ ჰქონია შემთხვევა, რუსეთს ასეთი ფორმით დაპირისპირებოდა! მხოლოდ ჩვენ კი არა, ცხადია, რუსეთიც აღიქვამს, რომ ევროსასამართლომ აშკარად საქართველოს მხარე დაიჭირა. ჩვენ გვქონდა საფუძველი, გვეფიქრა, რომ ჩვენი მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, მაგრამ ევროსასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება რომ არ გამოეტანა, ვერაფერს ვიზამდით!
საბოლოოდ, გადაწყვეტილება გამოვიდა და კომპენსაციაც ძალიან სოლიდურია. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც ვრცელი და იმ თვალსაზრისითაც არის საინტერესო, რომ ევროსასამართლომ გადაწყვეტილება ერთეულ შემთხვევებზე კი არ გამოიტანა, არამედ გარკვევით აცხადებს, რომ ამ საქმეში მასობრივი და ძალიან მძიმე სახის დარღვევებია.
_ ქალბატონო ლია, ევროსასამართლოში, როგორც ვიცი, აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა ინტერესებს იცავთ. ზემოხსენებული გადაწყვეტილება თქვენ, როგორც იურისტს, გაძლევთ იმედს, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც სტრასბურგი ჩვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს?
_ რაკი ეს პირველი საქმე ასეთი დიდი წარმატებით მოვიგეთ, შეიძლება ითქვას, რომ ნავსი გატყდა.
აქვე ერთ მნიშვნელოვან დეტალზეც გავამახვილებ ყურადღებას: ამ პროცესზე რუსეთის მხარეს ერთი „დუჟინი“ ყველაზე კვალიფიციური ბრიტანელი ადვოკატები ჰყავდა დაქირავებული! მართალია, ბრიტანელი ადვოკატები ჩვენც გყავდა, მაგრამ სულ ორი. მოკლედ, ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, როცა პროცესის წინ რუსეთის დელეგაცია მოვიდა, „მარშრუტკიდან“ ბრიტანელი ადვოკატების მთელი „დუჟინი“ გადმოვიდა, რომელსაც კიდევ ერთი „დუჟინი“ ადამიანები გადმოყვნენ და ამ მეორე „დუჟინს“ საქმის მასალები მოჰქონდაო, ანუ აქედანაც ჩანს, რომ რუსეთმა საკუთარი სამართლებრივი პოზიციის გამყარება მაქსიმალურად სცადა, რისთვისაც არც ფულადი რესურსი დაზოგა და არც _ დრო და შესაძლებლობა, რათა სასამართლოს წინაშე რაც შეიძლება საუკეთესოდ წარმდგარიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, პროცესი აბსოლუტურად წააგო.
რაც შეეხება აგვისტოს ომს, ამ საქმეზე ჩვენ გაცილებით უკეთესი პოზიცია გვაქვს, რადგან ის ფაქტები, რაც აგვისტოს ომის დღეებში ხდებოდა, ე. წ. ტალიავინის კომისიას აქვს დადგენილი. ეს ანგარიში, თავის დროზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოისმინა და დაამტკიცა, ანუ ტალიავინის დასკვნა უტყუარი მტკიცებულებაა და მასში მოყვანილი ფაქტებიც აგრესიისა და საომარ ვითარებაში ჩადენილი დანაშაულის დასამტკიცებლად უდავოა.
გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ჰააგის ტრიბუნალის გამოძიება საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოძიების თვალსაზრისით. ყველაფერი ეს რუსეთის თავზე ძალიან სერიოზული საავდრო ღრუბლების ნიშანია. ამას თუ საერთაშორისო ფინანსურ და პოლიტიკურ სანქციებსაც დავამატებთ, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ლამის მთელი მსოფლიო იყენებს, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ რუსეთის აგრესიის შეჩერებასა და თავგასულობის ალაგმვას უკვე მთელი მსოფლიო ცდილობს.
_ ქალბატონო ლია, რაკი ჰააგის ტრიბუნალს შევეხეთ, გვინდა თუ არა, აწ უკვე საქართველოს პრეზიდენტის წიგნი უნდა გავიხსენოთ, სადაც სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მძინარე ცხინვალი დაბომბა. სხვათა შორის, ქალბატონმა პრეზიდენტმა საქართველო ომის დაწყებაში, რამდენიმე დღის წინ, ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. შესაბამისად, ეს განცხადება ევროსასამართლოსა და ჰააგაში ჩვენ წინააღმდეგ ხომ არ იმუშავებს?
_ ჩვენი პრეზიდენტის ეს გამონათქვამები რუსეთმა, შესაძლოა, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ ეს მისი კომენტარი, მოსაზრებაა და არა _ ფაქტის კონსტატაცია ან ფაქტის დადასტურება.
_ ზურაბიშვილი რიგითი მოქალაქე არ არის, ის ქვეყნის მთავარსარდალია და ამ რანგში აცხადებს, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.
_ კი ბატონო, მთავარსარდალია, მაგრამ აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ არსებობს ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც უკვე აღიარებული და მიღებულია.
ამას გარდა, არსებობს გამოძიებისა და სხვადასხვა კვლევითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული კონკრეტული მტკიცებულებები. რუსეთის მხარე ზურაბიშვილის კომენტარსა და გამონათქვამს, რა თქმა უნდა, გამოიყენებს, მაგრამ არ მგონია, მას ისეთი წონა ჰქონდეს, როგორიც იმ სხვა ფაქტებსა და არგუმენტებს აქვს, რომელიც ამ საქმეზე დიდი ხანია, არსებობს!
_ ე. ი., ჰააგის ტრიბუნალსა და ევროსასამართლოში საქართველოს ხელისუფლებამ დაცვა რომც არ გაააქტიუროს, ყველა ფაქტი და მტკიცებულება ჩვენ სასარგებლოდ მეტყველებს, არა?
_ დიახ, ფაქტები უდავო და დაფიქსირებულია. ამიტომ მხოლოდ პრეზიდენტმა კი არა, საქართველოს მთელმა ხელისუფლებამ რა კომენტარიც უნდა გააკეთოს, ამ ფაქტებს ვეღარაფერი შეცვლის და გააქარწყლებს!
საერთოდ, საერთაშორისო სასამართლო განსხვავებული არენაა, სადაც მნიშვნელოვანია არა პოლიტიკური გამონათქვამები და კომენტარები, არამედ მტკიცებულებები. მტკიცებულებები კი, მერწმუნეთ, საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ეს დავა რუსეთს მოვუგოთ!
_ ერთი ვერსიით, რუსეთს მტკიცებულების სახით ზურაბიშვილის ზემოხსენებული წიგნი აქვს წარდგენილი, სადაც ის წერს, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. რეალობას ესეც არ შეცვლის?
_ არა, არ შეცვლის იმიტომ, რომ არსებობს სამედიცინო მტკიცებულებები, ასევე არსებობს ანგარიშები და თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, რაც უტყუარად ადასტურებს, ვინ რა და როგორ დაბომბა.
ზურაბიშვილისა და მისი კომენტარების მიმართ დიდი სიმპათია არ მაქვს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ცხინვალის მიმართულებით იარაღი ჩვენმა მხარემაც გამოიყენა. კასეტური ბომბები ორივე მხარემ გამოიყენა. კასეტური ბომბები, მოგეხსენებათ, დაუშვებელ იარაღად არის ცნობილი, რადგან აფეთქების შემდეგ ასეულობით მცირე ფეთქებად დეტალად იშლება და ძალიან დიდ ფართობზე ყველასა და ყველაფერს განურჩევლად ანადგურებს! სამწუხაროდ, ანგარიშებით დასტურდება, რომ კასეტური ბომბები ჩვენც ისევე გამოვიყენეთ, როგორც _ რუსებმა!
_ დაზუსტების მიზნით ჩაგეკითხებით: ამის მიუხედავად, ჩვენი პოზიციები მაინც მყარია, არა?
_ დიახ, ჩვენი პოზიციები უფრო მყარია იმიტომ, რომ ეს საბრძოლო მოქმედებები ჩვენს ტერიტორიაზე ხდებოდა. ჩვენ არც ერთი სახელმწიფოს საზღვარი არ გადაგვიკვეთავს. რუსული საჯარისო ფორმირებები ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ. ამას გარდა, რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ მოქმედებდნენ ოსების ბანდიტური, არაოფიციალური, არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფები. მათ ყველაზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა მათი ქმედებები სწორედ რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჯარისო ნაწილებს მიეწერება, რომელიც ამ ტერიტორიაზე დე ფაქტო კონტროლს ახორციელებდნენ. ამიტომ პასუხისმგებლობაც იმ დანაშაულებებზე, რომელიც მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდებოდა, სწორედ რუსეთის საჯარისო ნაწილებზეა!
_ თუ აგვისტოს ომის საერთაშორისო დავასაც საქართველო მოიგებს, ამით რუსეთი ჩვენთან მიმართებით კაპიტულაციას ხომ არ გამოაცხადებს, თუ კრემლი კიდევ უფრო აგრესიული გახდება?
_ ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენს ხელში ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი იქნება, რათა ჩვენმა მთავრობამ საერთაშორისო დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით რუსული ოკუპაციის ალაგმვისთვის ბრძოლა გააგრძელოს და აიძულოს რუსეთის სამხედრო ნაწილები, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გავიდნენ!
დიახ, ეს გადაწყვეტილება შესაძლებლობა იქნება, რომელსაც სამომავლოდ ძალიან კარგად გამოყენება უნდა, თუ, რასაკვირველია, ამგვარი პოლიტიკური ნება იარსებებს.
_ ამ პოლიტიკურ ნებას ხედავთ?
_ ყველაზე საწყენი და სამწუხარო ის არის, რომ ამ პოლიტიკურ ნებას მაინცდამაინც ვერ ვხედავ, თუმცა ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, სხვა ადამიანები მოვლენ და ყველაფერ ამას დიდი წარმატებით განახორციელებენ! ამიტომ, თავისთავად, ძალიან კარგი და პოზიტიური მოვლენაა, რომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩნდება. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის არ გვეყოლება გამყიდველი, მხოლოდ საკუთარ ჯიბესა და საქმეზე, ასე ვთქვათ, დაფიქრებულ-დადარდიანებული მთავრობა. საქართველოს ხელისუფლებაში მოვა ადამიანთა გუნდი, რომელსაც ეს საკითხები სტკივა და რომელიც ოკუპაციის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს!
_ ქალბატონო ლია, სიტყვა „გამყიდველი“, ვფიქრობ, შემთხვევით არ ახსენეთ, ანუ ფიქრობთ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ღალატისკენ აქვს მიდრეკილება?
_ როცა სახლში მტერი გყავს და ამ მტერს არ ებრძვი, ყურს უყრუებ და მაინცდამაინც არ გეტყობა, რომ მისგან დისკომფორტს გრძნობ, გაწუხებს და მის წინააღმდეგ ღონისძიებებს ახორციელებ, ეს თითქმის ღალატის ტოლფსია. აბა, რა შეიძლება დაარქვა, როცა ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებიზე ზრუნავ? არადა, ამ საკითხს პრიორიტეტული თემების სამეულში პირველი ადგილი უნდა ეკავოს! ყველაფერი ეს შეიძლება, პირდაპირ ღალატად არ აღვიქვათ, მაგრამ ამ თვალსაზრისით მთავრობა პოლიტიკურ ნებას აშკარად არ ავლენს!
_ ქალბატონო ლია, „ოცნების“ წარმომადგენელი რომ ვიყო, შეგეპასუხებოდით და გეტყოდით, _ ჩვენმა ხელისუფლებამ კარასინ-აბაშიძის ფორმატი შექმნა და ეს ცუდია-მეთქი?
_ იცით, რა ხდება? მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, შედეგი მინდა!
ვინმემ რაც უნდა ბევრი იფაფხუროს, თუ შედეგს ვერ დადებს, ვითარებას ვერ შეცვლის და ხარისხობრივად უკეთესი მდგომარეობა კი არა, განუწყვეტელი მცოცავი ოკუპაცია მექნება, რომელიც ყველას თვალწინ ხდება, ასევე მექნება ისეთი ტრაგიკული შემთხვევები, როცა ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, წამებით კლავენ და მე ამას ვერ ვაჩერებ და წერტილს ვერ ვუსვამ, ყველაფერ ამას კარგი არაფერი ჰქვია!
ამიტომ კეთილი ინებონ და ამ საკითხს უფრო სერიოზულად შეხედონ და იმაზეც მეტი იფიქრონ, საზღვრისპირა მოსახლეობის უსაფრთხოება როგორ უნდა იყოს დაცული, ასევე როგორ უნდა მოხდეს მცოცავი ოკუპაციის შეჩერება. მთავრობა ამას ვერ აკეთებს და მეჩვენება, რომ ეს არასაკმარისი პოლიტიკური ნების გამოვლინებაა, თორემ როცა ადამიანი რაღაცას ცდილობს, შედეგს აუცილებლად მიიღებს!
_ ქალბატონო ლია, აგვისტოს ომის დაზარალებულებთან მჭიდრო კონტაქტი გაქვთ. ევროსასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საუბარი დავიწყეთ, მათი რეაქცია როგორი იყო, ალბათ, იმედი მიეცათ, არა?
_ დიახ, ადამიანებს იმედი გაუჩნდათ, რომ სამყარო, თურმე, მთლად ჩალით არ არის დახურული და უსამართლობა შესაძლოა, დაისაჯოს. მერე რა, რომ ეს ჩვენს სასამართლოში კი არა, საკმაოდ შორს ხდება, მაგრამ ეს იმედი ამ ადამიანებს ნამდვილად აძლიერებს, რომ ის ტრაგედია, რასაც ყოველდღე უყურებენ, გადაიტანონ.
მართლაც, წარმოუდგენელი ვითარებაა და იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც საკუთარი გადაბუგული სახლის ეზოში, ერთოთახიან პატარა შენობაში ცხოვრობენ, ქედს ვიხრი. ისინი თავიანთ გადამწვარ სახლებს ყოველდღე უყურებენ, მაგრამ საკუთარ ეზო-კარს არ ტოვებენ მიუხედავად იმისა, რომ მცოცავ ოკუპაციასაც ძალიან კარგად ხედავენ და _ ხელისუფლების დამოკიდებულებაც.
საქართველოს მთავრობა ამ ადამიანებს ყველანაირად უნდა უწყობდეს ხელს _ ჯანმრთელობის სრული დაზღვევა და თუ ვინმე მუშაობს, ორმაგი და სამმაგი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომ იმ პირობებში გმირულად ცხოვრობს და იქიდან ფეხს არ იცვლის! მინდა, რომ მედიამ თითოეული მათგანი მთელი ქვეყნისთვის ცნობილი გახადოს! დიახ, მათი სახელები და გვარები, ბიოგრაფია და გარეგნობა უნდა ვიცოდეთ! მათი ყოველდღიური ცხოვრების თითოეული დეტალი უნდა ვიცოდეთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გმირები არიან!
ამის ნაცვლად მთავრობისგან რას ვისმენთ? _ ამ ხალხზე არავინ ზრუნავს და ამ ხალხის ბედით შეწუხებული მაინცდამაინც არავინაა!
_ ბოლოს, ქალბატონო ლია, ოპოზიცია აცხადებს, რომ უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც „ოცნებაა“ ხელისუფლებაში, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს თემა მინავლდა. ევროსასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება აჩენს თუ არა იმედს, რომ მსოფლიოსთვის ჩვენი ქვეყანა ისევ აქტუალურია?
_ ტერიტორიას, გეოგრაფიას, ადამიანთა რაოდენობას ვერაფერს ვუზამთ და გადაყლაპულ ყირიმთან შედარებით პატარა საქართველო მსოფლიოს დიდი ქვეყნების გადმოსახედიდან მცირედ გამოიყურება, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია, კავკასიაში საქართველოს თემა შემობრუნების წერტილად ვაქციოთ.
საერთოდ, ცივილიზაციისა და სამყაროს განვითარებაში ყოველთვის უზარმაზარ როლს ვთამაშობდით. ეს შანსი ახლაც გვაქვს, თუ მას სრულად და, მართლაც, თავგამოდებით გამოვიყენებთ.
ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ, უკრაინის პარალელურად, ჩვენი საკითხიც არანაკლები ყურადღების ქვეშ იყოს! არ უნდა დაგვეზაროს, ყველას თავი უნდა მოვაბეზროთ, თვალში შევეჩხიროთ და ყველას ყურებში უნდა უზუზუნებდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს ოკუპაცია არ ჩერდება!
_ ეს მარტო ხელისუფლების მოვალეობაა თუ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისაც?
_ ყველასი! მე ვინ ვარ _ ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო უფლებამოსილება არ გამაჩნია, მაგრამ ჩვენი ადამიანების სახელით ევროსასამართლოში ვიბრძვი, მინდა, ყველა საქმე მოვიგო და ჩემი ქვეყნისთვის ჩემი წილი გამარჯვება მოვიტანო! თუ თითოეული მოქალაქე ასე მოიქცევა, გარწმუნებთ, გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე გვაქვს!
გიორგი აბაშიძე