QronikaPlus
ანაკლია _ თანამედროვე „ოქროს საწმისი“, ანუ „ვეფხისტყაოსნიდან“ „დამპლურ თამაშებამდე“

ანაკლია _ თანამედროვე „ოქროს საწმისი“, ანუ „ვეფხისტყაოსნიდან“ „დამპლურ თამაშებამდე“

2019-03-22 05:06:25

ანაკლია გეოპოლიტიკური მნიშვნელობით თანამედროვე და ხვალინდელი საქართველოსთვის „ოქროს საწმისის“ სამშობლოში დაბრუნების ტოლფასი ფასეულობაა. მისი მშენებლობა და, ზოგადად, ანაკლიის იდეის განხორციელება კი უმნიშვნელოვანესი ეროვნული აქტი გახლავთ. ანაკლია, როგორც სიმბოლო, „ვეფხისტყაოსნის“ კოდის გახსნაც არის, როდესაც უამრავი უცხო ტომელი ერთი იდეისთვის ერთიანდება. ყურადღება მიაქციეთ უცხო ტომელი _ არაბიდან დაწყებული, ხვარაზმელით დასრულებული. ანაკლია _ „შინ და გარეთ“ ქაჯეთის დანგრევისა და გამარჯვების უდიდებულესი სიმბოლოც არის. სწორედ ამიტომ, თუ გვინდა ანაკლია, ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ზოგადეროვნული, უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის პირობებში განხორციელდება არა ურაპატრიოტული სულისკვეთებით _ „ანაკლია ქართველმა უნდა ააშენოს“, არამედ სწორედ რომ „ვეფხისტყაოსნის“ სიმბოლიზმზე დაყრდნობით _ როგორც ტრანსნაციონალური ინტერესების შეკრების ცენტრი და გნებავთ, ზოგადსაკაცობრიო (მესმის, რომ ხმამაღალი ნათქვამია) კონტექსტის მქონე იდეა. იდეა „ანაკლია“ დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ანაკლია _ ლაზიკა მიხეილ სააკაშვილის პროექტია, თუმცა თუ ისტორიასთან სამართლიანები ვიქნებით და თავად მესამე პრეზიდენტიც აღიარებს, ანაკლიაში პორტის მშენებლობა მისი ექსკლუზივი არ გახლავთ. ანაკლიის მიდამოში პორტის მშენებლობის იდეა, ჯერ კიდევ, 1976 წელს გაჟღერდა, რის მიზეზადაც ენგურჰესის მშენებლობის შედეგად საქართველოს სანაპირო ზოლში მოსალოდნელი ცვლილებები სახელდებოდა. პორტის მშენებლობა, გარდა პირდაპირი დატვირთვისა, ნაპირდაცვითი პრობლემის გადაწყვეტისა და რესურსის გონივრულად გამოყენების გზადაც იყო მიჩნეული. ანაკლიის მახლობლად ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი 1980-იანი წლების დასაწყისში მომზადებული ჰქონდათ გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ არჩილ კიკნაძეს და არქიტექტორ გიორგი მეტრეველს. მათი წინადადება ენგურის შესართავთან, ანაკლიის ჩრდილოეთით, ენგურის ზღვაში ჩადინების შედეგად, სანაპიროს სიახლოვეს წარმოქმნილ კანიონთან პორტის მშენებლობას ითვალისწინებდა. ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებშიც იყო და მისით აქტიურად ინტერესდებოდა იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. ამავე პერიოდში მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის კვლევა ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განაცხადი ამ მიმართულებით. პროექტი უფრო გლობალურად იქნა დანახული და მას ენიჭებოდა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კონტექსტი. პროექტის მნიშვნელოვან გააზრებაზე მეტყველებს „ლაზიკის“ შესახებ კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერი. თუმცა აღიარებას მოითხოვს ის გარემოებაც, რომ რეალური საპროექტო მონახაზი იმ პერიოდში ჯერაც არ არსებობდა _ იყო მხოლოდ კონცეფცია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უარი თქვა „ლაზიკაზე“ და საკუთარ პროექტს ანაკლია დაარქვა. ცხადია, რომ მათთვისაც გასაგები გახდა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროექტს სახელმწიფოს განვითარებისთვის. ...დაიწყო... 2014 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მართალია, პროექტი ერთი-ერთში არ იმეორებდა სააკაშვილისეულ იდეას, მაგრამ ეს იყო ნამდვილი გარღვევა თავისი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობით. ღონისძიებას მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. „მე მჯერა, რომ ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის და ეს პროექტი ისტორიულ მნიშვნელობას შეიძენს. ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და პორტის აშენების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც კვლევები ჩატარდა და კვალიფიციური დასკვნა დაიდო. იგი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და პერსპექტიული პროექტია“, _ განაცხადა იმჟამად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და ეკონომიკურ სარგებელზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების იმჟამიდელმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა: „ანაკლიის პორტი გახდება საქართველოს მთავარი საზღვაო კარიბჭე, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება ასობით მილიონი დოლარის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია, პორტის მიმდებარედ ამოქმედდება ლოჯისტიკური ცენტრები, განვითარდება ეკონომიკური კლასტერი და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებას. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით“. პოტენციური ინვესტორებისგან ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და სატრანსპორტო კვანძის განვითარებისადმი ინტერესთა გამოხატვის ვადა 2014 წლის პირველ ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კანდიდატების შერჩევა მოხდებოდა გამჭვირვალე პროცედურებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდებოდა გამოცდილებაზე ანალოგიური სირთულის, მასშტაბისა და ტიპის პროექტების განვითარების, მართვისა და დაფინანსების კუთხით (ეს ადგილი კარგად დაიმახსოვრეთ, მოვლენების შემდგომი განვითარებისა და ანალიზისთვის დაგვჭირდება). ამავე დღეს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღად 2015 წლის შემოდგომა დაასახელა. „საქართველოს მთავრობის სურვილია, ეს პორტი კერძო კაპიტალით აშენდეს“, _ ეს სიტყვებიც გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის და ურიგო არ იქნება, თუ ამ ფრაზასაც დავიმახსოვრებთ მის შემდგომ კომენტართან ერთად: „წინასწარი გათვლებით, პორტის ღირებულება 700 მილიონიდან 800-900 მილიონ დოლარამდე იქნება, მთლიანად ლოჯისტიკური და საწარმოო ზონის განვითარება კი რამდენიმე მილიარდიანი პროექტია, რომელიც საქართველოს შემდეგ 10 წელიწადში ძლიერ ეკონომიკურ ზრდას მოუტანს“. ამავე დღეს აღინიშნა, რომ „ანაკლიის პორტი იქნება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. მაგალითად, ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერის გადაზიდვას მხოლოდ 17 დღე დასჭირდება. ვფიქრობთ, ამ პროექტის განხორციელების შედეგად ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდება. დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა“. ანაკლიის პორტის პროექტი გულისხმობდა საქართველოს გადაქცევას ისეთი ტიპის რეგიონულ ჰაბად, როგორიც არის, მაგალითად, დუბაი ან სინგაპური. პროექტის ჩაშვების დღიდან საექსპერტო წრეებში გაჩნდა კითხვები და უმთავრესი მაინც ასეთი სახის იყო, _ ვისი ფულით აშენდება ანაკლია: რამდენიმე ინვესტორის მონაწილეობით, სახელმწიფოს დაკვეთით, თუ ერთ კომპანიას მიჰყიდიან და ის პორტს აიშენებს?.. ექსპერტი პაატა შეშელიძე, რომელსაც ნამდვილად ვერავინ დასწამებს პოლიტიკურ მიკერძოებულობას, ასეთ კითხვას სვამდა: „მხოლოდ პორტი ხომ არ იქნება? ალბათ, ინფრასტრუქტურაც არის გასათვალისწინებელი... თუ ამისთვის ბიუჯეტის ფული უნდა დაიხარჯოს, მაშინ არ მგონია ეს კარგი იდეა. თუ კერძო პირი დახარჯავს ამაში ფულს, ის პერსპექტივასაც დაინახავს და ააშენებს კიდეც პორტს“. მოკლედ, სახელმწიფოს მიერ ვადების გამუდმებით ცვლის, პარალელურად მუშა პროცესის საჯარო დემონსტრირების, უამრავი კომენტარის კეთების, ინტერესთა გამოხატვის პროცესში ათზე მეტი კომპანიის ჩართვისა და მათი გაცხრილვის შემდგომ სახელმწიფო შემდეგი რეალობის წინაშე დადგა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების უფლების საბოლოო მოპოვებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და „ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის კონსორციუმი“ ცდილობდნენ. პირველი კონსორციუმი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ დააარსა ამერიკულ კომპანია „კონტი ჯგუფთან“ ერთად, ხოლო კონკურენტ კონსორციუმში გაერთიანებული იყვნენ „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი“ და ჩინური სახელმწიფო კომპანია „ფაუერ ჩაინა“. თავიდან რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება უფრო ჩინური კომპანიისკენ იხრებოდა. ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების ფარგლებში არაერთი განცხადება გაკეთდა გარკვეული მინიშნებებით, ეკონომიკის ექსმინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც ჩანაწერი გაკეთდა, არის ანაკლიის პორტი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩინეთის მხარე მიესალმება და ინტერესი აქვს ანაკლიის პორტის მიმართ“. დააკვირდით, რაზეა საუბარი: ქუმსიშვილი საუბრობს ჩინეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების კონტექსტში ანაკლიის მიმართ გამოთქმულ ინტერესზე. გაიხსენეთ ისიც, რომ „ფაუერ ჩაინა“ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა. „ფაუერ ჩაინა“ ინტერესთა გამოხატვის პროცეში „ფაუერ ჩაინამ“ დელეგირებული უფლებით მისი შვილობილი კომპანია Power Construction Corporation of China შემოიყვანა და პროექტს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პოლიტიკური დატვირთვა მისცა. ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის ჩართვა პროექტში იმთავითვე გულისხმობდა ჩინეთის ხელისუფლების კეთილგანწყობასა და დაინტერესებას. ამავდროულად, ჩინური კომპანია პარტნიორად პროექტში ამერიკულ მხარესაც იწვევდა. რა პოლიტიკური, უფრო სწორად, გეოპოლიტიკური დატვირთვა ეძლეოდა პროექტს იმ პირობებში, როდესაც ანაკლიიდან სულ რამდენიმე კილომეტშია განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები, ხოლო ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებიც დგას, ვგონებ, გასაგებია. ისევე როგორც ის საფრთხეები, რაც პროექტის სარგებელთან ერთად დგებოდა ქართული სახელმწიფოს წინაშე. ანაკლიის პროექტში ჩინეთის ჩართვა ხდებოდა უსაფრთხოების ბუფერი და გარანტიაც ქართული სახელმწიფოსთვის, პორტის პერსპექტივისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის უსაფრთხოებისა და მისი რეგიონული განვითარებისთვის. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გადასაზიდი ტვირთვის მოცულობის ნახევარზე მეტი სწორედ ჩინეთზე მოდიოდა. აქვე გავიხსენოთ კვირიკაშვილის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომლის დამახსოვრებაც გთხოვეთ: „ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერის გადაზიდვას მხოლოდ 17 დღე დასჭირდება“. უმნიშვნელოვანესია სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობაც და აქაც პირდაპირ უნდა ვთქვათ, _ ჩვენი „ერთმორწმუნე მეზობელი“ რასაც გაუბედავს საქართველოს და გნებავთ, ევროპას, გაუბედავს აშშ-საც (სირიაც საკმარისი მაგალითია), ვერ გაუბედავს ჩინეთს. პროექტის ფარგლებში ჩინური მხარე აპირებდა მასში არაბული კომპანიების ჩართვასაც, რაც ასევე, ერთგვარი უსაფრთხოების გარანტი იყო და ვისაც ამის გააზრება უჭირს გლობალური პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, იმათ ნამდვილად არც ქვეყნის ეროვნული ინტერესები აინტერესებთ და არც პატრიოტიზმის გაგება აქვთ. 2016 წლის 15 იანვარს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ დაახლოებით 12 დღეში დაასახელებდა ანაკლიის პორტის პროექტის განმახორციელებელ კომპანიას. მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პირობების შესათანხმებლად სამინისტრო პოტენციურ ინვესტორებთან „ვაჭრობდა“. „იმისთვის, რომ ინვესტორს შეუთანხმდე, პირველ რიგში, აკეთებ იმას, რომ გარკვეულ ნაწილზე უთანხმდები წინასწარ და რაღაც ნაწილზე მოგვიანებით ან მას შემდეგ, რაც გამარჯვებულად გამოაცხადებ. ჩვენ ამ წუთში კარგი გაგებით ვვაჭრობთ, რა ნაწილზე შევთანხმდეთ დღეს და რა ნაწილი იქნება გამოცხადების შემდეგ შესათანხმებელი გამარჯვებულ კომპანიასთან იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული“, _ აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ ინვესტორი კომპანიის გამოსაცხადებლად მის კალენდარში 12 დღე იყო განსაზღვრული. აღნიშნული 12-დღიანი ვადა 27 იანვარს ამოიწურა და საკითხი ისევ გადაიდო. ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ „ფაუერ ჩაინა“ ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სახის მომსახურებას, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით _ ანუ გამოცდილება არსებობდა, რაზედაც ხელისუფლება, ჯერ კიდევ, 2014 წელს აკეთებდა მინიშნებებს კი არა, მოთხოვნებს აყენებდა. „ფაუერ ჩაინას“ საზღვარგარეთის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი დუ ჩუნგუო აცხადებდა, რომ კომპანიის წარმომადგენლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს ბაზარს. გარდა ამისა, „ფაუერ ჩაინა“ თანახმა იყო, რომ ანაკლიის პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიცია განეხორციელებინა: „ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ პარტნიორთან, შპს „ანაკლია ინდუსტრიულ ეკო პარკ და პორტთან“ და გვჯერა, რომ ნაყოფიერ მუშაობას გავწევთ. ანაკლიის პროექტი საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. გვჯერა, რომ ტენდერში წარმატებას მივაღწევთ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ „ფაუერ ჩაინას“ საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს უცხოეთის ბაზარზე მუშაობისა. ასობით ადამიანი გვყავს, რომელიც მზად არის პორტის ასაშენებლად“. და ამ დროს, დააკვირდით, რა ხდება: ქუმსიშვილის მიერ გაკეთებული, ზემოთ ნახსენები განცხადების შემდეგ ნათელი ხდება, თუ რას „ვაჭრობენ“ საქართველოს ხელისუფლება და კერძოდ ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. 2016 წლის 5 თებერვალს მედიაში ქვეყნდება ინტერვიუ „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი“ დამფუძნებელ თემურ ქარჩავასთან, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ხელისუფლება ვერ რიგდება ჩინურ კომპანიასთან. პარალელურად ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფიდენციალურობის მოტივით დეტალებზე საუბარს არ აპირებენ, თუმცა ქარჩავა, თავის მხრივ, არაფერს მალავს. თემურ ქარჩავა: „საუბარია საინვესტიციო ხელშეკრულების დეტალებზე სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის. ინტერესთა გამოხატვაში ორი კონსორციუმი მონაწილეობს. ერთმა შესთავაზა მთავრობას, რომ გარკვეული პუნქტები საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან მიმართებით მოწესრიგდეს. ამ შემთხვევაში ჩინური კომპანია, ანაკლიის პორტის კონსორციუმთან ერთად, მზად არის დააფინანსოს, ააშენოს და ექსპლოატაცია გაუწიოს ამ დიდ პროექტს, რასაც ანაკლიის პორტი ჰქვია. განსახილველია რამდენიმე საკითხი საინვესტიციო ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. შეიძლება შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ. ინვესტორთა ერთ ჯგუფს ეს პირობები ხელს არ აძლევს, შეიძლება აწყობდეს მეორე ჯგუფს, ხაზარაძის კონსორციუმს _ „თიბისის“ და „კონტი ჯგუფს“. აბა, კარგად დააკვირდით, ჩინური მხარე ითხოვს ხელშეკრულების პუნქტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ახლა კი მოვლენებს წინ გავუსწრებ და აქვე ვიტყვი, რა ავანტიურაზე წავიდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, როდესაც იმ ხელშეკრულებას დასთანხმდა, რომელსაც ჩინური მხარე არ თანხმდებოდა და ახლა აცხადებს, რომ ხელშეკრულება კაბალურია. ყურადღებით დააკვირდით, დღეს ლევან ახვლედიანი, კონსორციუმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შემდეგს აცხადებს: „ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, აბსოლუტურად კაბალური პირობებით იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს შეგნებულად გავაკეთეთ. ჩვენ ვიცოდით, რაზეც ვაწერდით ხელს იმიტომ, რომ იმ დროს მთავრობას ისეთი პოზიცია ჰქონდა, რომ უნდოდა, რაც შეიძლება მინიმიზაცია გაეკეთებინათ მთავრობის ვალდებულებებისა ამ ხელშეკრულებაში. რომ არ მოგვეწერა ხელი, ეს პროექტი არ შედგებოდა. ყველას დაავიწყდებოდა და იტყოდნენ, რომ არ არის ამაზე ინტერესი და ა. შ. ჩვენ ამას შეგნებულად მოვაწრეთ ხელი და მივყევით პროცესებს, რომ მერე პროცესში გამოჩნდებოდა დაბრკოლებები, რაც ამ კაბალურობას მოჰყვებოდა. ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულებას 2016 წლის ბოლოს მოვაწერეთ ხელი“. განა, ადვილი მისახვედრი არ არის, რომ ჩინური კომპანია იმთავითვე ითხოვდა ამ „კაბალური“ ხელშეკრულების პირობების საერთაშორისო სტანდარტებისთვის მორგებას, ხოლო ეს გაჭიანურებული პროცესი იყო თვალში ნაცრის შეყრა. საბოლოოდ კი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი იღებს გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს „კაბალურ“ ხელშეკრულებას და აქაც ცხადია _ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების გარანტიით, რომ ისინი გზადაგზა „მოუვლიან“ ამ ტექსტს და მოარგებენ კონსორციუმის ინტერესებს (იმისთვის, რომ ინვესტორს შეუთანხმდე, პირველ რიგში, აკეთებ იმას, რომ გარკვეულ ნაწილზე უთანხმდები წინასწარ და რაღაც ნაწილზე მოგვიანებით ან მას შემდეგ, რაც გამარჯვებულად გამოაცხადებ, _ დიმიტრი ქუმსიშვილი). ესეც არ იყოს, რა უფლებით ითხოვდა და ითხოვს ბატონი ხაზარაძე და მისი გუნდი მთავრობის, რეალურად კი საქართველოს მოსახლეობის მიერ ინვესტიციების განხორციელებას ამ პროექტში იმ პირობებში, როდესაც მთავრობას იმთავითვე ჰქონდა დეკლარირებული: „საქართველოს მთავრობის სურვილია, ეს პორტი კერძო კაპიტალით აშენდეს“. ანუ აქ მოვლენების შემდგომი განვითარების გათვალისწინებით ცხადი ხდება, თუ რა ავანტიურაზე წავიდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მისი მხარდამჭერი პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი (ამ ორი პერსონის როლი ცალკე საგამოძიებო უწყების შესწავლის კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამდენჯერ ჩაუსწორა კონსორციუმს ხელშეკრულება მთავრობამ სწორედ მათი ინიციატივითა და მხარდაჭერით). ისევ ამონარიდი იმავე ინტერვიუდან: „დავაკვირდებით, რა პირობებს მისცემენ მეორე კონსორციუმს. ჩინეთის გიგანტი კომპანია „ფაუერ ჩაინა“ მიიჩნევს, რომ ტენდერის პირობები გადასახედია. თუ მას შევასწორებთ და საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანთ, იგი მზად არის, ქართულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად დააფინანსოს ეს პროექტი. ...რამდენიმე პუნქტია, რომელიც მისაღები არ არის ინვესტორისთვის. ამის შესახებ მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც გამარჯვებულს გამოაცხადებენ ან მანამდე, თუკი საჭიროდ მივიჩნევთ. ჩვენთვის მთავარია ის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს... ჩინეთის გიგანტური კომპანია „ფაუერ ჩაინა“, ამერიკული კომპანია და ქართული „ანაკლია პორტი და ინდუსტრიული ეკო პარკი“, რომელსაც ერთმანეთთან პარტნიორული ხელშეკრულება აკავშირებთ, მზად არიან მისაღები პირობებით დაიწყონ პორტის მშენებლობა. არსებული პირობებით ეს პროექტი თავშივე განწირულია და დიდი რისკის ქვეშ დგას. ...ამ პორტის მშენებლობა ითვალისწინებს ახალი მარშრუტის გაჭრას _ ჩინეთი-საქართველო-ევროპა. ახალ მარშრუტს ვერ გაჭრის „თიბისი“ და „კონტი ჯგუფი“ დიდი ჩინური კომპანიის გარეშე. მოკლედ, ჩინური კომპანია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ავანტიურისა (ეს არ გახლდათ რისკი) და მისი ლობისტების წყალობით (ლობისტების სავარაუდო ინტერესებზე არაფერს ვამბობ) პროცესებს მიღმა დარჩა. ხაზარაძე და კონსორციუმი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს: TBC Holding, Conti International, SSA Marine, British Wondernet Express, G-star ltd კონსორციუმში მონაწილე კომპანიები: Maritime & Transport Business Solutions (MTBS), Van Oord-I, Royal HaskoningDHV, Moffatt & Nichol ბარემ აქვე ვიტყვი: „ანაკლიის განვითარების კონსრციუმის“ მიერ მიერ ამ დრომდე შესრულებული სამუშაოები ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი და ცალკეული მიმართულებებით შთამბეჭდავიც კი გახლავთ. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა არის უამრავი პრობლემა. ვაღიაროთ, მამუკა ხაზარაძე კარგი მენეჯერია. თუმცა მისი ხუთასი დოლარით დაწყებული ბიზნესი, ამერიკული ოცნების ანალოგიით, სუფთა ბლეფია. თბილისი პატარა ქალაქია და ვინ რა და როგორ დაიწყო, გადასარევად ვიცით. მაგრამ ეს თემა არ განვავრცოთ. სხვასაც ბევრსაც ჰქონია ხელშეწყობა, მაგრამ იმის ნახევარი წარმატებისთვის ვერ მიუღწევია, რასაც ხაზარაძემ მიაღწია, არა მხოლოდ საბანკო ბიზნესში, არამედ ბორჯომის „წარმოების“ თუ სხვა ფრიად მომგებიან მიმართულებებში. მაგრამ... მაგრამ... მას შემდეგ, რაც როგორც ლევან ახლვედიანმა აღნიშნა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი „კაბალურ“ ხელშეკრულებას დასთანხმდა, რეალურად არა სახელმწიფო, არამედ პირადი და კომერციული ინტერესების გათვალსწინებით, ბევრი რამ უცებვე ამოტრიალდა მათ სასიკეთოდ. რატომ ვამბობ არა სახელმწიფოს ინტერესების-მეთქი? _ სწორედ იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ხაზარაძე და მისი ჯგუფი იმასაც გაითვალსწინებდა, თუ რა პოლიტიკური რისკები (საგარეო რისკებზე ვსაუბრობ) ახლდა პროექტს და იმასაც მიხვდებოდა, რომ პროექტიდან ჩინური კომპანიის გათიშვა, როდესაც დეკლარირებული იყო ჩინეთის სახელმწიფოს ინტერესები ამ მიმართულებით, პირდაპირ ნიშნავდა გადასაზიდი ტვირთების სიმცირეს. თუნდაც ამ ეტაპზე, ტვირთნაკადის ასპექტში, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებშიც კი, ხელშეკრულების მოშლას პორტის დასრულების შემდეგ და ქართული მხარის ისევე აყირავებას, როგორც კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ააყირავეს ჩინეთი, დიდი ჭკუა და მოხერხება არ სჭირდება. საგარეო რისკების კონტექსტში არც ის გაითვალისწინეს, რომ აშშ ვერ გახდებოდა ვერც ერთი საინვესტიციო ჯგუფისა თუ აქციონერის ინტერესების დამცველი პოლიტიკური გარანტორი. ეს გარანტია ერთადერთხელ ამუშავდება, თუ ქართული მხარე ამ ჯგუფის გადაგდებას მოისურვებს. ანუ ამ მოცემულობის _ ანაკლიის გამო აშშ-სა და რუსეთს შორის კულუარებშიც კი არ გაიმართება არასოდეს მსჯელობა. ამის მიზეზია პოლიტიკური პრაგმატიზმი _ აშშ არასოდეს ეტყვის და არც აჩვენებს ღიად რუსეთს, რომ მისი გავლენის სფეროს ორი კილომეტრით მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ბიზნესინტერესებს გაუწევს ლობირებას და ექნება დაინტერესება, მაგრამ პოლიტიკური ვაჭრობის საგნად არ გახდის. ამიტომ კვირიკაშვილის პოლიტიკური მავნებლობა, პროექტის პრაგმატულად შეუფასებლობისა და რისკების გაუთვლელობის თვალსაზრისით, აბსოლუტურად ნათელია, ხოლო ხაზარაძის აგდება და პროექტის მისთვის შეტენვა, ამ უკანასკნელის მიამიტობას მივაწეროთ და უფრო შორს არ წავიდეთ. *** მაგრამ ახლა სახელშეკრულებო ავანტიურას დავუბრუნდეთ. ხელშეკრულებით ნაკისრ პირობებში სახელმწიფოს ვალდებულება განისაზღვრებოდა 60 მილიონით, რითაც უნდა მომხდარიყო კერძო მფლობელებისგან მიწების გამოსყიდვა. თუმცა კონსორციუმმა უმალ დააყენა საკითხი იმის თაობაზე, რომ პორტის მშენებლობისთვის სახსრების მოძიება გაჭირდებოდა და სახელმწიფო „იძულებული გახადა“, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით პროექტში 100 მილიონის  ჩადების შესახებ გაეფორმებინა ხელშეკრულება. ეს იმთავითვე არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობას იმის თაობაზე, რომ პორტი უნდა იყოს კერძო და ააშენოს კერძო კომპანიამ. უნდა ჰყავდეს გამოცდილი პარტნიორები, რაც არის ამ პორტის წარმატების პირობა. კერძო კომპანიას უნდა უზრუნველეყო მისი სრულად მუშაობაც და ინვესტიციების მოზიდვაც. პარალელულად კონსორციუმს თავად უნდა მოეზიდა 120 მილიონი (ამჟამად მოზიდულია მხოლოდ 70 მილიონი) და მოსაზიდი აქვს 400 მილიონი ევროს ოდენობის სესხი (ისე, რა უცნაურია, რომ ამდენ ინვესტორს სახელმწიფოს მონაწილეობისა და გარანტიების გარეშე საკუთარი სარგებლის მისაღებად 500 მილიონის მოზიდვა უჭირს. მაგრამ ეს რიტორიკულ კითხვად დავტოვოთ). ხელშეკრულების შესაბამისად იყო დაგეგმილი, რომ დაფინანსება უნდა მოზიდულიყო 2018 წლის პირველი იანვრიდან. 2017 წელს, როცა ცხადი გახდა, რომ კონსორციუმი ვერ ასრულებდა ამ პირობას, ვადა კვლავ შეიცვალა _ 2019 წლის პირველი იანვრიდან კონსორციუმს სრულად უნდა მოეზიდა თავისი კაპიტალი, 400 მილიონის სესხი. ჩანართი: ბატონ ხაზარაძეს, როდესაც პერიოდულად ხელშეკრულებების ვადების ცვლას მოითხოვდა, ნუთუ არ უჩნდებოდა უცნაური განცდები? ის ხომ ბანკირია და, სავარაუდოდ, იცის კიდეც, მაგალითად, საკრედიტო ვალდებულების დარღვევისთვის რა სანქციები ეკისრება მსესხებელს. თუ არაფერს ნიშნავს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება და ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება უფრო წონიანია? თუ მომხმარებელი ვალდებულია ხაზარაძეს და მის ბანკს პირუთვნელად შეუსრულოს ყველა ვალდებულება და კონსორციუმი _ არა? მით უფრო, როცა წინასწარ იციან, რომ ხელშეკრულება „კაბალურია“, რეალურად ვერ შეასრულებენ, მაგრამ მერე რა _ პროექტი მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს დაშანტაჟებაც მოსულა, მით უფრო თუ მთავრობაში ლობისტები გყავს? ან ისიც გააზრებული გაქვს _ სახელმწიფო (ხელისუფლება) თუ არ დაემორჩილება შანტაჟს, ძალიან ადვილია, მას პრორუსობა მიაწერო, რუსული ინტერესების პრიზმაში დაანახო ობივატელს ის, რასაც შენ იმთავითვე ვერ აკეთებდი და იმის გამო, რომ მთავრობას ჩირქი არ მოეცხოს, ყველაფერზე უნდა გამოგყვეს, ხომ? ახლა ციტატა ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ სამთავრობო საათის ფარგლებში გაკეთებული განცხადებიდან: „პორტის ოპერატორის ნაწილში შემოთავაზება არ შეესაბამება იმას, რაც ინვესტიციის ხელშეკრულებაში იყო გაწერილი. 400 მილიონის დაფინანსების ნაწილში ვარ მომსწრე იმისა, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა დონეზე საქართველოს მთავრობა უსვამდა ხაზს, რომ ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ განიხილონ სესხის გაცემის საკითხი. თუმცა საერთაშორისო ინსტიტუტებმა შეისწავლეს პროექტი და მოგვაწოდეს ის პირობები, რის შეცვლასაც გვთხოვენ და ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის ის, რომ ისინი ითხოვენ ტვირთების გარანტიას, ამას ითხოვენ მთავრობის მხრიდან“. ეს როგორ, ბატონო მამუკა ხაზარაძევ და ბატონო ექსპრემიერო კვირიკაშვილო? მამუკა ხაზარაძემ, როგორც ბიზნესმენმა, სამომავლო მოგება რომ ნახოს, სახელმწიფო უნდა დაუდგეს გარანტორად?! რატომ?! ა, ეს იმ „კაბალური“ ხელშეკრულების კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის მიერ შეპირებული დეზაუვირების ნაწილია, არა? ახლა ისევ გაგახსენებთ, ამ მიმართულებით რას გვთავაზობდა ჩინური კომპანია და ისიც, თუ ვისი იქნებოდა პორტში მოზიდული ტვირთის უმეტესობა, რომელიც ანაკლიის გავლით 17 დღეში აღმოჩნდებოდა ევროპაში?.. რა ქნას ახლა საქართველოს მთავრობამ (რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში. ისე, მე თქვენ გეტყვით და სააკაშვილის ხელისუფლებას გაუბედავდნენ ამას), ჩინეთს უთხრას, ხაზარაძე ბიზნესავანტიურაზე წავიდა, ახლა ჩვენც გვაშანტაჟებს, კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი მავნებლები იყვნენ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ მოდით, ტვირთი მაინც აქეთ გამოუშვითო? თან სამომავლოდ ჩვენ რომ არ გავიჭყლიტოთ და ხაზარაძეს გარანტორად დავუდგეთ, ჩვენ თქვენ დაგვიდექით გარანტორადო? მოკლედ ესეც მორიგი ცინიზმია, რა თქმა უნდა, კონსორციუმის მხრიდან. ზემოთ მინისტრ ცქიტიშვილის ციტატა მოვიყვანე და გავიმეორებ: „პორტის ოპერატორის ნაწილში შემოთავაზება არ შეესაბამება იმას, რაც ინვესტიციის ხელშეკრულებაში იყო გაწერილი“. აღნიშნულის საპასუხოდ კონსორციუმი აცხადებს, რომ პორტის ოპერირების გამოცდილებასთან დაკავშირებით, მინისტრის განცხადებაში ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჰქონოდა გამოცდილება ან ჰყოლოდა პარტნიორები, ვისაც ჰქონდა გამოცდილება პორტის მართვის მიმართულებით. შესაბამისად, კონსორციუმმა პროექტში შემოიყვანა ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი _ ამერიკული „სსა მარინე“ (SSA Marine), რომელიც პორტის ოპერატორი და ინვესტორია. „სსა მარინე“ მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორია, რომლის ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში მდებარეობს, წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს და მსოფლიოს 250 წერტილში ოპერირებს. სინამდვილეში კი საქმე გვაქვს ფაქტების სასურველ ინტერპრეტირებასთან. არ მინდა უფრო მძაფრი შეფასების გამოყენება. დაინტერესებული პირებისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულებას SSA Marine-სთან მართლაც მოეწერა ხელი პრემიერ კვირიკაშვილის დროს. მაგრამ ახლა ირკვევა, რომ რეალურად პორტის ოპერირებას მ

გაზიარება