გასულ კვირას, 2 თებერვალს, ხმაური იყო თბილისის საკრებულოს სხდომაზე. საქმე კი ის გახლდათ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ მიზანშეწონილად არ მიიჩნია რიგგარეშე სხდომის დანიშვნა ვარკეთილის მეტროში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ეს მაშინ, როდესაც ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს რეგლამენტით, 55-ე მუხლზე დაყრდნობით მოითხოვა იგი. პროტესტის ნიშნად ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, თავმჯდომარის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი დახია და სხდომაც დატოვა!
რატომ არის აუცილებელი რიგგარეშე სხდომის მოწვევა? რა მნიშვნელობისაა და რა სარგებლის მომტანია იგი მოსახლეობისთვის? თემაზე „ქრონიკა+“-ს ლევან ხაბეიშვილი ესაუბრა:
_ ბატონო ლევან, დეტალურად მოგვიყევით ამ კონკრეტულ შემთხვევაში რიგგარეშე სხდომის მნიშვნელობასა და დაპირისპირების მიზეზზე.
_ რამდენიმე დღის წინათ, ფაქტობრივად, უპრეცედენტო რამ მოხდა: ისტორიას არ ახსოვს, რომ მეტროში ჭერი ჩამონგრეულიყოს და ისიც პირდაპირ ვთქვათ, ბეწვის ხიდზე გავიარეთ, რომ სერიოზული მსხვერპლი არ მოჰყვა ამას, 20-30-მა წამმა გადაგვარჩინა ძალიან დიდ ტრაგედიას. როცა ეს ამბავი მოხდა, საკრებულოს იმ დღესვე მივწერეთ, რიგგარეშე სხდომა ჩანიშნულიყო, რაც იმისთვისაა საჭირო, რომ იქ ყველა მხარე იყოს წარმოდგენილი და ადეკვატური პასუხები მივიღოთ კითხვებზე. სხდომაზე უნდა იყვნენ „ქართული ოცნების“, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები, საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის უფროსი, ასევე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი. უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ვითხოვდით, საკრებულოს სხდომას დასწრებოდა დედაქალაქის მოქმედი და ყოფილი მერი, იმიტომ რომ თბილისელებს მომხდართან დაკავშირებით უპასუხონ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, რომელმაც ნარმანიასკენ გაიშვირა ხელი, მე რა შუაში ვარ, მეტროსადგური მის დროს გაკეთდაო, პასუხისმგებლობა აიღოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოების ხარისხზე, მათ შორის, როგორც მიწისწვეშა, ისე მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ქალაქში გადაადგილდება ყვითელი ავტობუსები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა გაუვიდათ _ მილიონზე მეტი კმ გაიარეს, როდის სად გაფუჭდება, არავინ იცის. გადაბრალება რომ მოიშალონ, პასუხისმგებლობა აიღონ ამის მოგვარებაზე!
ჩვენი ფრაქცია ყოველ წელიწადს ითხოვდა სატრანსპორტო და არასატრანსპორტო მიმართულებით, მათ შორის, მეტროს შიგნით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, მეტროს ვაგონების შეკეთებას, თუმცა, ალბათ, გახსოვთ, რომ ვაგონშემკეთებელი ქარხანა დედაქალაქის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ წელიწადნახევრის განმავლობაში საერთოდ გააჩერა, არადა, იქ დასაქმებულ ადამიანთა გადასამზადებლად 100 000-ობით ლარი იყო გადახდილი. ეს ვაგონშემკეთებელი ქარხანა მარტო მეტროპოლიტენს კი არ ემსახურებოდა, არამედ ბაქოდანაც კი ჩამოდიოდა შეკვეთები. აი, ასეთი ქარხანა გააჩერა და 100-ზე მეტი პროფესიონალი უსამსახუროდ დატოვა ყოფილმა მერმა.
კითხვები, მათ შორის, მეტროსთან დაკავშირებით, ყოველთვის იდგა ჩვენი ფრაქციის დღის წესრიგში. საერთოდ, მეტროსადგურ „გურამიშვილზე“ წყალიც კი ჩამოდის და თვითონ კალაძეც იყო იქ ჩასული, თავადაც ნახა, რა ხდება.
სწორედ ამ საკითხებზე სამსჯელოდ რიგგარეშე სხდომა მოვიწვიეთ, რისი მოთხოვნის უფლებაც კანონით გვენიჭება: საკრებულოს რეგლამენტით 55-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ საკრებულოს მოწვევის უფლება აქვს:
1) საკრებულოს თავმჯდომარეს;
2) თბილისის მერის მოწვევით;
3) საკრებულოს წევრთა 1/3-ს;
4) ფრაქციას;
5) თუ დედაქალაქის ამომრჩევლებიდან 10 000 ხელმოწერა შეგროვდება.
ეს ის 5 დათქმაა, რომელსაც რიგგარეშედ შეუძლია სხდომის მოწვევა და ჩვენ რეგლამენტის მიხედვით ვთხოვეთ ამ ადამიანების დაბარება, თუმცა ეს არ გააკეთეს და კომისიის სხდომა ჩანიშნეს, რომელზეც კომისიურ ფორმატში ვაპირებდით საკითხის განხილვას, ოღონდ იმის იმედად, რომ შემდეგ სხდომა ჩაინიშნებოდა, თუმცა კომისიის სხდომის დაწყებამდე 2 საათით ადრე გიორგი ტყემალაძემ ოფიციალურად წერილი გამოგვიგზავნა, სადაც გვწერდა, რომ ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას(!). თუმცა ჩვენ ის კი არ მივწერეთ, თავად მიიჩნევს თუ არა მიზანშეწონილად სხდომის ჩანიშვნას, არამედ რეგლამენტის შესაბამისად მოვითხოვეთ იგი და მას მხოლოდ რიცხვის ჩანიშვნა უნდა უზრუნველეყო, მეტი არაფერი!
როცა საკრებულოს სხდომაზე შევედით, თბილისის მერის მოადგილე ხმალაძეს მოვუსმინე, რომელიც იგივე წრეზე წავიდა. ეს წრე კი ასეთია: ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევაზე კალაძემ თქვა, რომ მე რა შუაში ვარ, ნარმანიას დროს გაკეთდაო. ნარმანიამ თქვა, _ მე რა შუაში ვარ, მუშა ხომ არ ვარ, რა ვიცი, რა გაკეთდაო?!. კომპანიამ თქვა, _ მე რაც დამავალეს, ის გავაკეთეო. ექსპერტმა თქვა, _ ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ იმის ექპერტიზა ჩავატარეთ, რაც გვითხრესო. ტრანსპორტის სამსახურმა, _ ჩვენ სატენდერო დოკუმენტაცია გავაკეთეთო! ბოლოს, ან ოპოზიციას დააბრალებენ ამ ამბავს, ან იმ 14 ადამიანს, რომელსაც თავზე ჩამოემხო ეგ ჭერი!
ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები, მინიმუმ, უხერხულია. ამდენი ხნის განმავლობაში ყველა ერთმანეთს აბრალებს ამ ამბავს. იმის ნაცვლად, რომ პასუხები გასცენ, დედაქალაქის მერი ოპოზიციას ემალება.
კომისიის სხდომაზე იგივე პათოსი მოვისმინეთ ხმალაძისგან და ბექა დავითულიანისგან (თავმჯდომარის მოადგილე), რომელმაც თქვა, დაველოდოთ გამოძიებასო. ეს უკანასკნელი გამოთქმა კი უკვე მუდმივად დამკვიდრდა ამ ქვეყანაში, _ დაველოდოთ გამოძიებას(!) და გამოძიებული საქმეები მე არ მახსოვს.
საქმე ისაა, რომ არც დედაქალაქის მერი და არც დეპუტატების 40-50%-ზე მეტი კომისიის სხდომას არ ესწრებოდა, დარბაზი, ფაქტობრივად, ცარიელი იყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ, როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვარკეთილის მეტროა. მე არ მგონია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყოს, მაგალითად, ივანიშვილისთვის მიწის გადაცემა, ან პრემიებისა და ხელფასების გაორმაგება. ასეთი შეხვედრებისთვის ხომ უცებ ნიშნავენ ხოლმე სხდომას.
ჩვენ განცხადება გავაკეთეთ, მზაობა გამოვთქვით სხდომისთვის და რიგგარეშეს დანიშვნაც იმიტომ გვინდოდა, რომ იქ ლეგიტიმაცია ჰქონოდა ამ შეხვედრას, თუმცა ისინი ამ მიმართულებით არ მიდიან! არადა, ტყემალაძე ვერ იქნება კანონი. ამიტომ 6 თებერვალს, სამშაბათს, განცხადებას გავაკეთბთ, სადაც საკრებულოს დავავალებთ სხდომის ჩანიშვნას მარტივი მიზეზით, რომ დედაქალაქის ყოფილი და ახლანდელი მერი მოვიდნენ, გაგვცენ ადეკვატური პასუხები, რისი ან ვისი ბრალია, ვინ გამოასწორებს ამ შემთხვევას და არის თუ არა უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი?! _ ამ საკითხებზე დღეს პასუხისმგებლობას არავინ იღებს! დღემდე განცხადება არავის გაუკეთებია, რომ ხალხო, უსაფრთხოა და შეგიძლიათ, მეტროთი იმგზავროთო. არადა, მეტროთი, ყოველდღიურად, 300-დან 500 000-მდე ადამიანი გადაადგილდება და ავტობუსებით, მინიმუმ, 100 000-მდე ადამიანი მაინც გადაადგილდება!
_ რაც შეეხება დედაქალაქის მერის Facebook რეკლამებსა და პიარში დახარჯულ თანხებს, რამდენად რაციონალურია თანხის ამ მიმართულებით ხარჯვა?
_ ეს საერთოდ ცალკე ამბავია, რომ დედაქალაქის მერი ბიუჯეტიდან
Facebook გვერდის რეკლამებისთვის 60 000 აშშ დოლარს, ანუ 150 000 ლარს ხარჯავს. ჩვენ გვინდა თუ არა, მის ვიდეოებს ვხედავთ, არადა, თბილისის მერიის
Facebook გვერდს ისედაც ჰყავს საკმაო რაოდენობის გამომწერი და მე, როგორც მოქალაქეს, თუ რაიმე დამაინტერესებს, აუცილებლად შევალ მის გვერდზე, ამ დროს კი რეკლამისთვის ამდენ ლარს იხდის კალაძე. რამდენად ადეკვატურია ეს, თავად განსაჯეთ და პლუს, არ დაგავიწყდეთ, რომ კალაძემ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნა ე. წ. სულიკო კედელაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. პირდაპირ ვთქვათ, სწორედ ამ კედელაშვილს აქვს
Facebook გვერდები „მიხეილ უკრაინოლოგი“ და „ბურატინო“, რომელსაც თავად ასპონსორებენ და, ასე ვთქვათ, შავი პიარის მიმართულებით ამუშავებენ. აქ კი ისეთ ჩანაწერებს აქვეყნებენ, რომელიც მხოლოდ დედაქალაქის მერიისა და მთავრობისთვისაა ხელმისაწვდომი. მერე ეს ე. წ. სულიკო მასალებს ავრცელებს, ამ 60 000 $-ის შემდეგ კი, ალბათ, მათ რეკლამაში ჩვენც გადავიხდით ფულს.
ბევრ რამეს დაჰპირდა კალაძე დედაქალაქის ამომრჩევლებს, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდა! რაც ყველაზე მთავარია, როცა მერს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს და ამ დროს ის ამბობს, _ აბა, მე რა შუაში ვარ, დედაქალაქის წინა მერის დროს მოხდაო, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მერიის 80% დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით, რომლებიც ნარმანიას დროს იყო _ დაწყებული სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის უფროსით და დამთავრებული კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსით, ასევეა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსიც და ა. შ. მოკლედ, დედაქალაქის მთავრობის 80% ერთი და იგივეა. ერთადერთი, ვინც კალაძემ შეცვალა, მოიყვანა სულიკო კედელაშვილი და პიარის მიმართულებით სხვადასხვა ადამიანი, რომლებსაც 100 000-ობით ლარი უნდა გადაუხადოს წლის განმავლობაში, რომ კარგი პიარი ჰქონდეს მერიასა და თავად კალაძეს.
_ რაც შეეხება ნათესავებისა და მეგობრების არსებობას საჯარო სამსახურში, ამ მიმართულებით რა ინფორმაციას ფლობთ?
_ ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მასშტაბურ კვლევას ვამზადებთ. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრისას კახაბერ გვანცელაძეს სწორედ ამ თემაზე დავუსვი შეკითხვა. ამ სააგენტოში, ჩვენი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები და თან არა ერთი, არამედ ორი და ზოგჯერ სამიც კი.
მასალებს ვაგროვებთ, რომელსაც საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით. ასევე გამახსენდა ერთი მნიშვნელოვანი, კონკრეტული მაგალითი ბენდელიანის შესახებ, რომელიც კახი კალაძის მოადგილეა. სწორედ ამ მოადგილის მამა საკრებულოში სამეურნეო სამსახურის უფროსად მუშაობს. მსგავსი შემთხვევები ძალიან ბევრია. თქვენ ნახეთ, რომ ენერგეტიკის სამინისტროდან თავისი სამეგობრო, რომელსაც თვითმმართველობასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, კალაძემ დედაქალაქის მერიაში გადმოიყვანა. კიდევ სხვა უამრავ შემთხვევაზე საზოგადოებას აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში.
_ დაბოლოს, პრემიერის ინიციატივაზე რას იტყვით შავი ჯიპების „გაქრობის“ პერსპექტივასთან დაკავშირებით?
_ პრემიერის ინიციატივა უკვე სასაცილო და სახალისოც კი გახდა, თქვენ შეგიძლიათ, მოიძიოთ და ნახოთ, რომ წელიწადნახევრის წინათაც ის იგივე განცხადებას აკეთებდა. მე მახსოვს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შესახვედრად ჯიპით არ მივიდა. ალბათ, დაავიწყდა ის ორი წლის წინანდელი განცხადება და ხელახლა გაიმეორა. არადა, მაშინ რომ თქვა, შეასრულა? იმის შემდეგ ასობით ათასი ლარი დაიხარჯა ხელისუფლებაში ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ავტომობილებზე, შესყიდვებზე. ბიუჯეტში კი ვხედავთ, რომ არც შრომის ანაზღაურების მხრივ იკლებენ რამეს, შესაბამისად, „ფიცი წამს, ბოლო მაკვირვებს!“
ქამრების გადაჭერას აანონსებენ და მერე მოსახლეობაზე იწყებენ გადაჭერას. თბილისელებისთვის კიდევ ახალი გადასახადი შემოაქვს კალაძეს ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით, რომ ევროპული სტანდარტი დაინერგოს, არადა, ამისთვის ჯერ ევროპული სტანდარტის გზა და ცხოვრება უნდა გვქონდეს. სავალდებულო ტექდათვალიერებასთან ერთად ამ რეგულაციის შემოტანა დამატებით ახალი გადასახადია და ტაქსის მძღოლებისთვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა. ნაცვლად იმისა, რომ „ოცნება“ თავის დანაპირებს ასრულებდეს, რომელიც გაიაფებულ ცხოვრებას ეხება, ჩვენ ვნახეთ, რომ ელენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასი იზრდება, დამატებით გადასახადია პენსიაზე, ტაქსიზე და ა. შ.
ნინო ტაბაღუა