QronikaPlus
მეტროთავშიმორტყმულები ფერადი ჯიპების ხანაში

მეტროთავშიმორტყმულები ფერადი ჯიპების ხანაში

2018-02-09 07:51:51

მეძინა, გაბმულმა ზარმა რომ გამაღვიძა. დედაჩემი რეკავდა, _ როგორ ხარ, შვილო, მეტრო ხომ არ დაგეცაო? მეგონა, მეხის თქმა უნდოდა, მაგრამ ახალგაღვიძებულმა ისიც ვერ გავიგე, ან მეხი რატომ უნდა დამცემოდა, მაგრამ ვარკეთილის მეტროს ჭერის ჩამოქცევამდე ვერც კარგად გამოფხიზლებული წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ვინმეს მეტრო დაეცემოდა თავში. იმ ჩამოქცევის შემდეგ კი „მეხი დაგეცას“ ახალმა ვარიანტმაც მოიპოვა არსებობის უფლება: „დაგეცა მეტრო“. დიახ, მეტრო დაგვექცა და ადამიანებს თავში დაეცა. ახალმა მერმა ძველისკენ გაიშვირა ხელი, ძველმა _ სხვისკენ, იმ სხვამ _ სხვისკენ და კრება დარჩა მხიარული, მეტროთავში მონახვედრი ხალხი კი _ თავგატეხილი. ორიოდე თვის წინათ ზარზეიმით გახსნეს ვარკეთილის მეტრო. ორი თვის თავზე ხალხს თავში დაეცა და თავს იმართლებს ახალი მერიც, იმის წინაც და თქვენ წარმოიდგინეთ, წინის წინის წინაც _ უგულავაც „აპრავებს“, ყველა მერის გაკეთებული შეიძლება გაფუჭდესო. შეიძლება კი არა, აუცილებლად გაფუჭდება, როდესაც საქმეს მას მიანდობ, ვისაც არათუ გამოცდილება არ აქვს, წინა სამუშაოების უხარისხო შესრულების გამო დაბრაკულიც კი იყო და შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში ჰყავდა შეყვანილი. შეიძლება კი არა, აუცილებლად ჩამოწვება და თავზე დაგემხობა, როდესაც მეტროში ჭერს შეჰკიდებ. რა უნდოდა მეტროში შეკიდულ ჭერს, _ ბებიამათის „კუხნა“ იყო თუ მათი მაღალზნეობრივი მამიდის აბაზანა? მაინც, რა გამოცდილება ჰქონდა „ყვარელმშენს“, რამდენი მეტროსადგური ჰქონდა გარემონტებული ყვარლის მიწაში? მაგრამ რა გინდა, მეტროს თავზე ჩამომხობას „აპრავებს“ ხელისუფლებაც, მათი მხარდამჭერი საზოგადოებაც და „დაჟე“ _ ოპოზიციაც. რა უნდა უთხრა ხალხს, რომელიც ამ ყველაფერს _ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტის ყველაზე სახიფათოდ ქცევას _ „აპრავებს“ და მიიჩნევს, რომ ეს არაფერია და ხდება ხოლმე? რა უნდა უთხრა? მართლა ხომ ვერ დაწყევლი, _ შენ დაგეცეს მეტროო? მაგრამ, ვგონებ, წინ არაფერი უდგას იმას, რომ ალალად უსურვო, _ მთლად მეტრო თუ არა, შინ ლოკალურად დაემხოთ შეკიდული ჭერი. არა მგონია, ეს წყევლა იყოს, თუ ეს არაფერია და ხდება ხოლმე, ბარეღამ მათთანაც მოხდეს ეს „არაფერი“. და კიდევ: რა უნდა ვუთხრათ, თუ არა, ის რომ უმორჩილესად ვთხოვოთ, ისე ჭამონ ბიუჯეტი, ნუღარაფერს გააკეთებენ და ნუღარაფერს განაახლებენ, იყოს რაცაა და სადამდეც გაძლებს. დიახ, იყოს, ნურაფერს გააკეთებენ, უბრალოდ, არ გვინდა თავში მეტროს მოხვედრით სიკვდილი. თუ ამ ტიპის სიკვდილია ჩვენი ბედისწერა, აგურიც გვეყოფა. ესაა ქვეყანა, სადაც ყველაფერი „პრავდება“, არადა, ეს იყო ქვეყანა, რომელიც ზანზარებდა და ხმალს წრიულად ატრიალებდა, როდესაც იგივე აეროპორტს გრიგალმა სახურავი ახადა. ეს იყო ქვეყანა, სადაც ორი ბუჩქის მოჭრას ზინაიდა კვერენჩხილაძის რიხით და შემართებით აპროტესტებენ და დღეს კი მედეა ჯაფარიძის ნაზი, ლირიკული ინტონაციითაც აღარ იღებენ ხმას. ხმის ამოღებას ვინ ჩივის? უნდა ნახოთ, რა მესიჯბოქსით „აპრავებენ“ ბიძინას ხეგლეჯიობას ამ ხელისუფლების მიერ დატრენინგებული ფეისბუკმომხმარებლები, რომ ვერ გაიგებ, კონკრეტულ გვარ-სახელს მიღმა მართლა ის დგას, თუ ვიღაც ტროლებთან გაქვს საქმე. ფეისბუკის უკიდეგანო სივრცეს რომ არ მოვედო, ერთ კონკრეტულ პოსტსა და იმ პოსტს ქვემოთ მიმდინარე კაკაფონიას შევეხები. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნუგზარ წიკლაურის პოსტს. ვიდრე უშუალოდ ამ პოსტსა და მის ქვემოთ ატეხილ ღრიანცელს შევეხები, ერთი რამ ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება მარტო სახლთან კი არ უსევს ნიღბიან პირებს, ფეისბუკშიც არ აკლებს ყურადღებას. 2 თებერვალს ნუგზარ წიკლაური თავის გვერდზე დებს შემდეგ პოსტს: „გარემოს დაცვის მინისტრმა დავითაშვილმა ხეების თხრა „გააპრავა“. „ეს არ არის აპოკალიფსი“, _ თქვა მინისტრმა და დასტურად შალვას ობიექტური გადაცემა მოიყვანა. რაღა გვაქვს სათქმელი?“ და იქ სახლთან თუ 7-8 ნიღბიანი პირი დაესხა, აქ ამავე რაოდენობის ქოცი ეცა, ერთი შინაარსის მესიჯბოქსით. როგორც ერთი წერს, თურმე, გასაგები ყოფილა, რომ რასაც ივანიშვილი აკეთებს (გლეჯს და დაათრევს ხეებს), საქართველოსთვის უცხოა და ისიც გასაგები ყოფილა, რომ წიკლაური ქულების დაწერას ცდილობს, მაგრამ ამაში საოცარი არაფერი ყოფილა და ხეების გადარგვა, თურმე, ყველგან ხდება მსოფლიოში _ მაგალითად, მათი პოპულარიზაციისთვის, რეზერვაციისთვის და ა. შ. თურმე, ნუ იტყვით და ძალიან სამარცხვინო ყოფილა ბუნების განადგურება კი არა, „ამდენი აბსურდის მოგონება ხეებზე“. მაგრამ დახე, ქოსა? სიკეთესაც ხედავს ამ განგაშში: „კარგია, მეტი რომ არაფერი გაქვთ სალაპარაკო“. ახლა მე თქვენ გეკითხებით, არ უნდა ატარო ასეთი ხალხი ექსკურსიაზე აფეთქებულ საყდრისში, ნამუსში თუ ვერ ახედებ, ქვევრში მაინც ვერ უნდა ჩაახედო, აი, იმ ქვევრში, სადაც ბარბარე რაფალიანცი დაიღუპა? თურმე, ბიძინა ხეებს კი არ გლეჯს და მიათრევს თავის ეზოში და გზად სხვა ხეებს კი არ კაფავს და გარემოს კი არ ანადგურებს, თურმე, ხეების პოპულარიზაციას ეწევა! სხვა კლავიატურას ალესავს და დაწერს, _ რა განგაშს ტეხთ, დენდროლოგიური პარკები მსოფლიო პრაქტიკაა და ამაში გასაოცარი და საგანგაშო არაფერია, პირიქით, საჯარო სიკეთე კეთდებაო. ამ ცნებას, „საჯარო სიკეთე“, სხვაც ბევრი გაიმეორებს სხვადასხვა გარნირით, ვიღაც, ვისაც ქართული შრიფტიც კი ვერ დაუინსტალირებია, ლათინური შრიფტით იმოძღვრება, ზედმეტად გაზვიადებულია ეგ თქვენი რეაქცია, აქ არაფერი კატასტროფული არ ხდება, „მიმდინარე გადარგვის პროცესები ხდება კანონთან შესაბამისობაში, პირიქით, ეს საჯარო სიკეთეა“. ამათ შემხედვარეს ის ანეკდოტი მახსენდება, მარო რომ მიხოს ეუბნება, ჩვენ რომ ასთმა გვეგონა, ორგაზმი ყოფილაო. თურმე, ჩვენ რომ ხეების გლეჯა და ბარბაროსობა გვეგონა, საჯარო სიკეთე არ ყოფილა? იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ, თურმე, ყველგან ასე იქმნება დენდროლოგიური პარკები. დახეთ წინსვლას, გენდერისა არ იყოს, დენდროლოგიაც უსწავლიათ და გაუგიათ. თუმცა ვგონებ, გერონტოფილიაში ერევათ და ამით აიხსნება მოხუცი ხეებისადმი ლტოლვა. აქეთ ერთი დაჰკივის, „გაპრავება“ რას ნიშნავს, რა, მარტო საქართველოში იქმნება დენდროლოგიური პარკიო? სხვაგან არსად არააო? მთავარია, გადარგვის პროცესი მკაცრად იყოს რეგულირებული და ბიოლოგიური საფრის აღდგენაც დროულად და სწორად მოხდესო. იქით სხვა გოდებს, _ რაც კარგი კეთდება, იმის გაკრიტიკება აღარ გამიგიაო, ეგ პარკი გაცილებით მეტ ტურისტსა და ვიზიტორს მოიზიდავსო და არც ერთი ოპერაცია არ ჩატარდება მკაცრი ზედამხედველობის გარეშეო. ახლა მე თქვენ გეკითხებით, ეს ხალხი თუ თვითონ მთავრობამ არ მიუქსია წიკლაურს, რა ეშმაკად იციან, რომ „არც ერთი ოპერაცია არ ჩატარდება მკაცრი ზედამხედველობის გარეშე“?! განა, არ ჟონავს, რომ ამგვარი სტრიქონების მიღმა ისეთი პირები დგანან, რომელთაც ხელი მიუწვდებათ სწორედ „ზედამხედველობაზე“? კიდევ სხვას უაზრო პანიკად და სასაცილოდ ეჩვენება ხმის ამოღებაც კი ხეების გადარგვაზე. თურმე, უამრავი ადამიანისთვის კეთდება ეს დენდროლოგიური პარკი და ხეების გადატანაშიც საოცარი არაფერი ყოფილა. თურმე, ასე ხდება, ზოგადად, ბევრ ქვეყანაში და, თურმე, იმაშიც დარწმუნებული ყოფილა, რომ ეს პროცესი აუცილებლად იქნება „გაკონტროლებადი“. კი, როგორ არა, ყველა ქვეყანაში ასე იქმნებოდა დენდროლოგიური პარკები: საფრანგეთში, მაგალითად, თვითონ დე გოლი თხრიდა და დაათრევდა ხეებს, რადიკულიტიც კი დამართია, თურმე. ბრიტანეთში ლეგენდარული მარგარეტ ტეტჩერი დააპროწიალებდა ხეებს და თან ჩერჩილს წყევლიდა, _ რა იყო, რა ვერ მოთხარა და რა ვერ დაგვიტოვა ერთი კაი დენდროლოგიური პარკიო. ისრაელში გოლდა მეირი თხრიდა და რგავდა, თურმე, პაკისტანში _ ბენაზჰირ ფხუტო და თურქეთში _ თანსუ ჩილერი. დიახ, ყველაგნ ასე ყოფილა და ჩვენში კიდევ აქამდე ყველა ზარმაცობდა. ერთი ისეთ ქოცურ წიაღსვლებში შევიდა, ვგონებ, ბიძინას ზებრასაც შეეფაკლებოდა თეთრი ზოლები. ესაო და ისაო, სრულიად გაუგებარია, იყო იმის წინააღმდეგი, რაც კარგია და „თავში აქამდე რომ არავის მოსვლია ასეთი საჯარო ჯანსაღი იდეა“-ო. გაიგეთ, თქვენა? შუშის კოლბასთან უნდა მივიდეთ, დავუძახოთ იმ ბრძენ კაცს და ერთხმად შვაქოთ, რომ მას თავში მოუვიდა ასეთი ჯანსაღი იდეა, თან საჯარო, რაც აქამდე არავის მოსვლია თავში. აი, თურმე, ხეების გადატანას რაც შეეხება, გარემოს დაცვის დეპარტამენტისგან კონტროლდება ასეთი რაღაცები და პირიქით, ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება ეს პარკიო. ვიღაც ტურისტებით გვახარბებს, ეს „ქვეყნისთვის მომგებიანობით“, ყველა დარწმუნებულია, რომ „აღადგენენ ბიოლოგიურ საფარს“, ოღონდ, როდის და რანაირად _ არავინ გვიმხელს. ცეცხლს იკიდებენ, ეგ არც აპოკალიფსია, არც ვანდალიზმიო. ვანდალიზმი რანაირადაა, თუკი სანაცვლოდ ხეები დაირგვებაო? და ამაზე გარემოს დაცვის დეპარტამენტი აგებს პასუხსო. ეს ჩვენ ვიცით ყველაფერზე გადარევა, თორემ სხვა ქვეყნებშიც ასე აშენებენ დენდროლოგიურ პარკებს, მაგრამ კატასტროფად არავინ მიიჩნევსო. ორასწლოვან ხეს რომ მოთხრიან და ასობით მეტრრადიუსიან ტერიტორიას რომ გააუბედურებენ და იქ მერე სანაცვლოდ ჩურჩხელისხელა ნერგებს ჩაყრიან, დიდი ბედენაა? მაგრამ რა გინდა რომ ქნა, როცა ქოცი მორალს გიკითხავს, _ რაც ხდება არანაირი კანონდარღვევა არაა და მონიტორინგი უტარდებაო, დენდროლოგიური პარკების მშენებლობა საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა და ბიოლოგიურ საფარს აუცილებლად აღადგენენ, რას ხედავთ ამაში ცუდსო? ვიღაც კი გვმოძღვრავს, _ ნუ დამდგარხართ და ნუ ცდილობთ, ისე გამოიყვანოთ, თითქოს ერთი ადამიანის სიამოვნებისთვის კეთდებოდეს ეგ პარკი, ეგ ეზო საჯარო სივრცე იქნება, სადაც ყველას შეეძლება შესვლაო. ახლა მე თქვენ გეკითხებით, თუ ამ ტექსტს ბიძინა არ კარნახობს, რა უფლებით გვაძლევს ბიძინას ეზოში შესვლის უფლებას ყველას? ვინ ჰკითხავს? თავის ეზოში გვეპატიჟება? მოკლედ, ჩამოურიგეს მესიჯბოქსი, რომ ეს არის „საჯარო სიკეთე“, რომ დენდროლოგიური პარკები ყველგანაა, რომ ბიოლოგიურ საფარს აღადგენენ და ა. შ. უფრო სწორად და ასე შემდეგ კი არა, როგორც დიდი ილია იტყოდა, აგანგალა-განგალა. ამ ქვეყანაში ვიღაც რომ გატიტვლდება და ქუჩაში გაიტანტალებს, 200 ლარად აჯარიმებენ, შენი ტანტალით ადამიანურ ღირსებასა და საზოგადოებრივ ზნეობას შეურაცხყოფო. ვიღაცა გატიტვლდა და, თურმე, ეს შეურაცხყოფს ჩვენს ღირსებას და ის კი პირიქით, მტლად ედება ჩვენს ღირსებასა და თავმოყვარეობას, როდესაც ქვეყანას მართავს კაცი, რომელიც ხეების თხრა-გლეჯითა და საკუთარ ეზოში გაქცუნებითაა გართული. თურმე, ჩვენს ღირსებას მალამოდ ედება ის, როდესაც აგერ, შუაგულ თბილისში გვიმეორებენ საყდრისს და ძირს უთხრიან მამადავითს. მაგრამ ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც ყველაფერი „პრავდება“? ხეების გლეჯაც და მეტროს თავზე ჩამომხობაც, სხვის მაგიერ ლოგინში სხვისი კვლაც და ბავშვებისთვის უყველო ხაჭაპურისა და უხორცო გუფთის ჭმევაც? ეს ხომ ის ქვეყანაა, რომელსაც არანაირი სხვა პრობლემა აღარ ჰქონია, გარდა იმისა, რომ, თურმე, შავი ჯიპების ეპოქა უნდა დავასრულოთ. როგორც ირკვევა, პრემიერი კვირიკაშვილი მარტო კეთილებს კი არა, შავ ფერსაც ერჩის და ბეჯითად გადაუწყვეტია, შავი ფერის მანქანების ეპოქა დაასრულოს. აბა, რა, ამ ქვეყანას აი, ემ ნიუანსის დახვეწაღა აკლდა და ესეც იხვეწება. ამ ქვეყანას ერთი ტიტველი კაცი ულახავდა ღირსებას და ისიც დაჯარიმებულია. მეშინია, სუიციდის ეპიდემიამ არ იფეთქოს ამ დავარცხნილ ქვეყანაში...

რეზო შატაკიშვილი

გაზიარება