QronikaPlus
პოლიტიკური ტყუილი

პოლიტიკური ტყუილი

2018-02-09 07:47:40

ცნობილია, რომ ყველაზე ხშირად სინოპტიკოსები და პოლიტიკოსები იტყუებიან, თუმცა ადამიანები სწორედ მათგან მოითხოვენ ყველაზე მეტ სიზუსტეს, მაგრამ რად გინდა? სად არის სიმართლე და ტყუილი? რა ზღვარი გადის მათ შორის, როცა საქმე პოლიტიკას ეხება? რამდენად მეტი ქულის მოტანა შეუძლია პოლიტიკურ ტყუილს? ამის ნათელი მაგალითია 2012 წლის საარჩევნო დაპირებები და დარჩენილი ოცნებები ქართულად. თუმცა ეს არ ყოფილა მხოლოდ ბოლო ტყუილი, _ ტყუილს ხომ ტყუილი მოსდევს და, შესაბამისად, ტყუილების სერიალიც გრძელი და ამოუწურავია. მაშ, ასე! 2017 წლის ხელისუფლების ტყუილის შემდეგი სერია ქართულად: რა ჯდება პოლიტიკური თანამდებობის პირის შენახვა პრემიისა და დანამატის გარეშე 2018 წლიდან? ბლეფი... 2017 წლის 25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის ჩათვლით პოლიტიკური თანამდებობის პირებს ხელფასების მატება შეეზღუდათ. უფრო ადრე კი პრემიერის ინიციატივით კანონით აიკრძალა პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის პრემია-დანამატების გაცემა. ერთობ მისასალმებელი ფაქტია, როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს ხელფასების, პრემიებისა და დანამატების მომატებაზე. ფაქტია და დღეს ამაზე არავინ დაობს, რომ ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. რამდენიც არ უნდა გაკეთდეს, აპელირება იმ ფაქტზე, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანაა და გასულ წლებში ტურისტთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, მოსახლეობას მაინც უჭირს და ქვეყანა ინდოეთს ემსგავსება. იმ ინდოეთს, სადაც მილიონობით ტურისტი ჩადის, თუმცა ყველაზე მეტი ღარიბი ბავშვი ცხოვრობს. ხელფასებისა და დანამატების თემას დავუბრუნდეთ: კარგი იქნება, თუ ხელისუფლების ორივე ინიცირებულ კანონს გავაანალიზებთ და გავიგებთ, რა არის სიმართლე და რა _ ბლეფი? როგორც იურისტები განმარტავენ, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს ფულადი ჯილდო არ ეძლევათ. ეს არის საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 და 21-ე მუხლები. ხელფასი და არა _ ჯილდო ახალი კანონმდებლობა მოსახლეობას, თითქოს, აბრმავებდა და ეუბნებოდა, რომ ხელფასებს ვეღარ გაიზრდიდნენ. თუმცა რეალურად სხვა რამ აღმოჩნდა: კერძოდ კი 2017 წელს რა ფარგლებშიც ჰქონდათ აღებული პრემია-დანამატი და თანამდებობრივი სარგო, ჯამურად, კონკრეტულად იმ თანამდებობის პირისთვის რაც იყო გაცემული არაუმეტეს მაგ ოდენობისა. ანუ ვიღაცას თუ ჰქონდა 1000 ლარი ხელფასი და ყოველ თვე, ან ყოველ კვარტალში პრემიას იღებდა 200 ლარს და დანამატს იღებდა 100 ლარს, ისე რომ პროპორციაში გამოდიოდა ყოველთვიურად ხელფასის ზევით 300 ლარი, 2018 წლიდან მას 1300 ლარზე მეტი არ უნდა განესაზღვროს. ე. ი. მათ, ვინც 1 იანვრიდან პრემიებს ვეღარ აიღებენ, კანონი აძლევს შესაძლებლობას, რა პრემია და დანამატიც აქვთ აღებული 2017 წელს, ის 2018 წლის 12 თვის ხელფასზე გადანაწილდეს. შესაბამისად, თუ გასულ წელს რომელიმე ჩინოვნიკმა პრემია, ჯილდო და დანამატი ხელფასზე 4-ჯერ მეტი აიღო, იგივე თანამდებობის პირებს 1 იანვრიდან შეუძლიათ, საერთო ჯამში, იმდენივე თანხა მიიღოს, რამდენიც გასულ წელს ჰქონდა აღებული. უბრალოდ, მას ერქმევა ხელფასი და არა _ ჯილდო. ვინ დაზარალდა? ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, პრემიისგან, დანამატისგან და ჯილდოსგან. ახლა კი ამბობენ, რომ ამ ხელფასში მხოლოდ თანამდებობრივი სარგო განმისაზღვრონ და ნუღარ დაარქმევთ ფულს პრემიას ან ჯილდოსო. სინამდვილეში, ეს უსამართლო დამოკიდებულებაა. თუ ვიღაცა 2 წლის განმავლობაში ყოველ თვე იღებდა პრემიას, მას კანონი შესაძლებლობას აძლევს, რომ კვლავ მაღალი ხელფასი აიღოს და თუ ვინმე მოკრძალებულად არ იღებდა პრემიას და, მაგალითად, ფიქრობდა, რომ ჯერ მოეძლიერებინა უწყება და მერე გადაწყვეტდა, ღირდა თუ არა ფულადი ჯილდოს მიღება, ასევე თუ ვიღაცა გასამმაგებული რაოდენობით იშრომებს 2018 წლიდან და მისი წინამორბედი არ შრომობდა, ის, უბრალოდ, ვეღარ აიღებს ვერანაირ ფულად ჯილდოს. უფრო რომ გავამარტივოთ მაგალითი: დავუშვათ და 2017 წელს რომელიმე მენეჯერმა მიიჩნია, რომ სახელმწიფო უწყებაში ერთი წლის მანძილზე საკუთარ თანამშრომლებს უნდა დაკვირვებოდა, როგორ იმუშავებდნენ, რას მიაღწევდნენ და ყველაფერი განესაზღვრა მათი ნაყოფიერი შრომით, 2018 წლიდან მენეჯერს გადაწყვეტილი ჰქონდა, ფულადი ჯილდოებით განესაზღვრა, ამის უფლებას კანონი ზღუდავს. მაგრამ თუ 2017 წელს მენეჯერი საქმიანსა და უსაქმურს თანაბრად დაურიგებდა პრემიებს, 2018 წელს იგივე სურათი გველის. მართალია, პარლამენტმა კანონი მიიღო, რომ 2018 წლიდან ხელფასების ზრდა დაუშვებელი იყო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფმა თანამდებობის პირებმა უაპელაციოდ მოიმატეს. ანუ მათ თეორიულად ახალ წლამდე რომ მოემატათ ყველა ხელფასი, კანონიერად ჩაითვლებოდა, მაგრამ ახალი წლის შემდეგ მომატებული ხელფასები უკანონოა. „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“ ამიტომ არის, რომ წელს ხელფასები მინისტრებმა რამდენიმე ათასი ლარით გაიზარდეს; მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა _ ასობით; რიგითმა მუშაკებმა კი _ ათობით... ჯამურად, ბიუჯეტი მაინც მეწველ ძროხად რჩება და რამდენსაც შარშან ართმევდნენ რძეს, წელსაც იმდენივეს ითხოვენ.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება