უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ბიზნესი აქვს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, საქართველოში. სანამ „როშენის“ საქართველოში არსებულ ქსელზე გადავიდოდეთ, მანამდე „ქრონიკა+“-ის მკითხველს ამ იმპერიის სტრუქტურასა და ჩრდილოვან მხარეს გავაცნობთ, რომლის გასაიდუმლოებული ანგარიშები სწორედ ჟურნალისტებმა გახეთქეს და დღეს უკრაინის პრეზიდენტის კონსორციუმი ჩამოშლის პირას თუ არის, ეს სწორედ მედიის დამსახურებაა. დავაკონკრეტებთ _ უკრაინული და ევროპული მედიის.
ჯერ ჩამოვთვალოთ:
2006 წელს პოროშენკომ ჩამოაყალიბა მრავალდარგობრივი ჰოლდინგი, რომლის 100% თავად მას ეკუთვნოდა. ჰოლდინგის სრული სახელწოდება ასე ჟღერდა: „დახურული არადივერსიფიცირებული კორპორაციული საინვესტიციო ფონდი _ პრაიმ ესეთს კაპიტალ“.
ამ ჰოლდინგში შევიდა პეტრე პოროშენკოს შემდეგი კომპანიები: საკონდიტრო კორპორაცია ROSHEN, კიევის საკონდიტრო ფაბრიკა, მარიოპოლის საკონდიტრო ფაბრიკა, ვინიცის საკონდიტრო ფაბრიკა, კრემენჩუტის საკონდიტრო ფაბრიკა, ლიპეცკის საკონდიტრო ფაბრიკა, კლაოპედის საკონდიტრო ფაბრიკა, Bonbonetti Choco Kft (უნგრეთი);
შემდეგი მასმედიის საშუალებები: ფირმა „ეკრანი“, მეხუთე არხი, ტრტ, „შენი რადიო“, „პილოტ უკრაინა“, რადიო Next, რადიო ნიკო FM; რადიო 5;
გემთმშენებლობა: სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა და „ლენინსკაია კუზნიცა“;
აგრარული სექტორი: უკრპრომინვესტ-აგრო, „კრახმალპროდუქტი“, „ინტერკორნ კორნ პროსესინგ ინდასტრი“, დნეპროვსკის კრახმალშესაფუთი კომბინატი, კომპანია „პოდილა“;
მანქანათმშენებლობა: ავტოპრომი, კორპორაცია „ბოგდანი“
(ეს ის „ბოგდანი“ გახლავთ, რომლის ავტობუსები სერიულად შეისყიდა საქართველოს წინა მთავრობამ და რომელმაც პოროშენკოს კიდევ ერთი ბიზნესის განშტოება წამოიყვანა საქართველოსკენ);
ასევე შემდეგი კომპანიები: ფსკოვის მინათწარმოების ქარხანა, სადაზღვევო კომპანია „კრაინა“, აკუმულატორების დამამზადებელი „ენერგოავტომატიკა“, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „მონიტორი“, სპორტული კლუბი „5 ელემენტი“.
უკრაინის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ პეტრე პოროშენკოს თავისი ბიზნეს-იმპერიის ლობირება არ შეუწყვეტია. შედეგსაც არ დაუყოვნებია _ ბოლო სამი წლის განმავლობაში Roshen-ის წილი საკონდიტრო ბაზარზე 40%-ით გაიზარდა. მეტიც: მან უკრაინაში ორი მთავარი კონკურენტი ABK და КОНТИ ჩააჩოჩა. დღემდე პოროშენკოს კომპანია საშუალებას არ აძლევს ამ ორ მწარმოებელს, აღადგინონ თავიანთი წარმოება (რომლებიც მათ „ატოს“ ზონაში კონფლიქტის დროს დაკარგეს). Roshen-ი უკრაინის საკონდიტრო ბაზარზე სისტემატური დემპინგით არის დაკავებული და თავის პროდუქციას თავს ახვევს საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სავაჭრო ქსელებს. კომპანია ბორისპოლში 1,5 მილარდი გრივნის ღირებულების საბისკვიტე საამქროს აშენებს, ხოლო ქარხნის ტერიტორია პრეზიდენტმა „აჩუქა“ კომპანიას. უფრო კონკრეტულად, ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა პოროშენკოს 20 ჰა მიწის ნაკვეთი აუქციონის გარეშე გამოუყვეს.
სამწუხაროდ, საქართველო არ არის მიბმული გლობალური ჟურნალისტური გამოძიების ქსელთან და, აქედან გამომდინარე, არც იმის საქმის კურსშია, რომ 67 ქვეყნის 400-მდე ჟურნალისტმა გამოაქვეყნა მასალები უკრაინის მაღალჩინოსანთა ფინანსური მაქინაციების შესახებ. ჩვენ ამჯერად პოროშენკო გვაინტერესებს.
2017 წლის გაზაფხულზე და მანამდეც, გამომძიებელ-ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის წევრებმა, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების ცენტრმა (OCCRP), გამოაქვეყნეს მასალები პროექტ „პანამა ფეიფერზის“ შესახებ.
ახალ გლობალურ ჟურნალისტურ გამოძიებას უწოდეს „ფერედაიზ ფეიფერზ“, ანუ „დოკუმენტები სამოთხის კუნძულებიდან“. ამჯერად, ჟურნალისტებმა მონაცემები შეკრიბეს ოფშორული კომპანიების მფლობელებზე, რომლებიც ოცზე მეტ იურისდიქციას მოიცავდა და რომლებიც განთავსებულნი არიან პატარა ეგზოტიკურ კუნძულებზე.
ამ გვარებში პეტრე პოროშენკოს სახელი ფიგურირებდა და უკრაინის პრეზიდენტი იმწამსვე აღმოჩნდა მსოფლიოს წამყვანი მედიის ყურადღების ცენტრში. მას იხსენიებდნენ „პანამური სკანდალის“ ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად. უკრაინის პრეზიდენტი იძულებული გახდა აეხსნა, თუ რატომ გახსნა და დაარეგისტრირა კომპანია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მაშინ, როდესაც უკვე უკრაინის მთავრობის სათავეში იმყოფებოდა და სახალხოდ პირობაც ჰქონდა დადებული, რომ თავის ყველა ბიზნესს გაყიდდა.
2014 წლის შემდეგ... არც ერთი არ გაუყიდია, მეტიც _ გააფართოვა!
დავუბრუნდეთ „დოკუმენტებს სამოთხის კუნძულებიდან“. როგორც წესი, ოფშორებში საუკეთესო პირობებია შექმნილი მათთვის, ვისაც სურს, მცირე ოდენობის გადასახადები იხადოს. ამის საპირისპიროდ პოროშენკომ განაცხადა, რომ ოფშორული ფირმა იმ მიზეზით დაარეგისტრირა, რომ თავისი საკონდიტრო ბიზნესი ე. წ. ბრმა ტრასტში გადაეყვანა (ნიშნავს კომპანიის მომზადებას გასაყიდად), თუმცა, როგორც „სამოთხის კუნძულის დოკუმენტებიდან“ ირკვევა, საპრეზიდენტო ოფშორების შექმნის მიზეზი არანაირი გაყიდვა, არამედ გადასახადების მინიმალიზაცია გახლდათ.
ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში, როგორც კი პეტრე პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს, მისმა იურისტებმა ოფშორული კუნძულის ძებნა დაიწყეს „როშენისთვის“. წერილებში, რომლებიც იურისტებმა თავიანთ კოლეგებს კუნძულ მენზე დაუგზავნეს, გამოყენებულია ტერმინი „tax purposes“, რაც ნიშნავს „საგადასახადო მიზნებს“. ახალი მტკიცებულებები საპრეზიდენტო ოფშორზე კიდევ ერთხელ ამყარებს აზრზს გადასახადების ოპტიმიზაციის შესახებ და არა „როშენის“ ვითომდა „ბრმა ტრასტში“ გადაცემაზე.
უკანასკნელი გამოთვლების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მისი გამდიდრების მთავარი წყარო არის უკრაინული კორპორაცია „როშენი“. კორპორაციის საქმიანობას გამჭვირვალეს ნამდვილად ვერ უწოდებ _ ის არ აქვეყნებს ფინანსურ ანგარიშებს, სულ ახლახან კი აკრძალა გამოექვეყნებინა ოფიციალური ინფორმაცია გადახდილი გადასახადების შესახებ. არადა, მანამდე პეტრე პოროშენკო ხალხს შეჰპირდა, რომ იგი კომპანიას გაყიდიდა, ახლა კი მაქსიმალურად ცდილობს მის გასაიდუმლოებას. თუმცა, ჟურნალისტებმა მისი გეგმები დაამსხვრიეს „პანამა ფეიფერზის“ პუბლიკაციების შემდეგ.
„როგორც წესი, ოფშორულ ანგარიშს ფარულად იყენებენ, რათა გადასახადების გადახდის მინიმალიზაცია უზრუნველყონ. ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. როგორც კი პრეზიდენტი გავხდი, განვაცხადე, რომ ჩემს ბიზნესს აბსოლუტურად გამჭვირვალე „ბრმა ტრასტს“ გადავცემ“, _ ასე ახსნა პოროშენკომ 2014 წელს მის მიერ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე შექმნილი კომპანიის თაობაზე დასმული კითხვები. ანუ ვყიდიო და შემეშვითო. სინამდვილეში, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში სასტიკი ომი მძვინვარებდა, უკრაინის პრეზიდენტის იურისტები რთულ სქემას აგებდნენ ნიდერლანდებსა და კვიპროსზე განლაგებული პოროშენკოს ფილიალებიდან. 2015 წელს პეტრე პოროშენკო უფრო შორს წავიდა და, პრეზიდენტი ვინმეს რომ არ დაედანაშაულებინა ოფშორებით ბოროტად სარგებლობაში, ე. წ. დეოფშორიზაცია გამოაცხადა. მიზეზად ის მოიდო, რომ 1991 წლიდან მოყოლებული უკრაინიდან ოფშორებში გატანილია 148 მილიარდი დოლარი (შედარებისთვის: 2017 წლის უკრაინის ბიუჯეტი შეადგენს 30 მილიარდ დოლარს).
პოროშენკოს მიერ გამოცხადებული დეოფშორიზაცია შეეხო ყველას, პეტრე პროშენკოს გარდა. მიუხედავად მისსავე მიერ უკრაინაში გამოცხადებული დეოფშორიზაციისა, რეალური და მოქმედი მექანიზმები მის აღსაკვეთად არ შექმნილა. მეტიც: ვერც საკუთარმა დაპირებამ, რომ ოფშორებს გადაკეტავდა, ვერც „პანამა ფეიფერზის“ პუბლიკაციებმა პოროშენკოს უარი ვერ ათქმევინა ოფშორებით სარგებლობაზე. დღეს უკრაინულ „როშენს“ ფლობს ნიდერლანდური კომპანია, ხოლო პოროშენკო აცხადებს, რომ ასეა საჭირო კორპორაციის „ბრმა ტრასტში“ გადასაცემად. ეს გადაცემა სამი წელიწადია მიმდინარეობს. 2018 წელს მეოთხე წელიწადი დაიწყება.
დოკუმენტების თანახმად, რომელიც გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა მიიღო და გადასცა საგამოძიებო ჟურნალისტებს ICIJ-დან და OCCRP-დან, ირკვევა, რომ 2014 წლის ივნისში, მალევე პროშენკოს ინაუგურაციიდან, უკრაინულ ფირმა Avellum-ის იურისტებმა (ეს ფირმა პრეზიდენტ პროშენკოს ინტერესებს წარმოადგენს) ფირმა Appleby-ის იურისტებს კუნძულ მენიდან შემდეგი წერილი მისწერეს:
„საქმე გახლავთ უკიდურესად დელიკატური. კლიენტის სახელია პეტრე პოროშენკო. ჩვენ ვმუშაობთ მისი საკონდიტრო ბიზნესის („როშენი“) რესტრუქტურიზაციაზე. იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებთან მისაწვდომობა გვქონდეს, ვაპირებთ ავაშენოთ ახალი ჰოლდინგური კომპანია ლუქსემბურგში. მის ქვეშ იქნება ჰოლანდიური სუბჰოლდინგი, რომლის მფლობელობაშიც გადავა ყველა მაოპერირებელი კომპანია. საგადასახადო მიზნით ლუქსემბურგის კომპანიას მიხედავს კვიპროსის ფირმა. სწორდ ის იქნება ოფშორული კომპანიის მფლობელი _ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს, მაგრამ კუნძული მენი ასევე შეიძლება გამოდგეს... ის დაიწყებს სწორედ აქტივების ფლობას და დივიდენდების მიღებას. აქციების გაყიდვაც არის შესაძლებელი, თუ კლიენტი კარგ თანხას შემოგვთავაზებს“ (ციტატის დასასრული).
არ დაგავიწყდეთ, პეტრე პოროშენკო ამ დროს „გაგანია“ პრეზიდენტია.
ამ წერილზე კუნძულ მენის იურისტმა შონ დოულინგმა უპასუხა, რომ აღნიშნული საკითხი უნდა განეხილათ. საქმე ის არის, რომ პოროშენკომ საკუთარი ინიციატივით შექმნა კომპანია ნიდერლანდებში თავისი ინვესტიციების დასაცავად. ანუ თუ ხვალ ვინმე მას უკანონო ბიზნესის ჩამორთმევას დაუპირებდა, ეს კომპანია შეძლებდა თავის დაცვას, მიმართავდა რა სასამართლოს. მანამდე პოროშენკომ ხელი შეუწყო ნიდერლანდებსა და უკრაინას შორის სპეციალური შეთანხმების გაფორმებას უცხოური ინვესტიციების დაცვასთან დაკავშირებით. ასე და ამგვარად, ნიდერლანდური კომპანიის მიზანი იყო პოროშენკოს ინვესტიციების დაცვა. კიდევ უფრო დავკონკრეტდებით _ თუ ბენეფიციარი ხვალ აღარ იქნება ხელისუფლების სათავეში და ახალი ხელისუფლება ძველი ხელისუფალის ბიზნესის წართმევას მოინდომებს, სასამართლო მას დაიცავს. რეალურად, კომპანიის ჩამოყალიბება ნიდერლანდებში მის ტრანზაქციას ნიშნავდა. სხვათა შორის, „როშენის“ გაყიდვა, რომლის თაობაზეც პოროშენკომ პირობა დადო, ხსენებულ წერილში მხოლოდ სასხვათაშორისო ოპციის სახით არის მოცემული.
საბოლოო ჯამში, პოროშენკოს იურისტებს არ გამოუვიდათ ურთიერთობა კუნძულ მენის იურისტებთან. მიზეზი კი შემდეგია:
Andrew Willins, Appleby, BVI
Andrew Willins, Appleby, BVI:
„მე გამომიგზავნეს კითხვა, მზად ვართ თუ არა, რომ კორპორაციული მომსახურება გავუწიოთ კომპანიას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის კონტროლქვეშ არის?“
Robert Woods, Compliance Appleby-ის დირექტორი:
„დღევანდელი პუბლიკაციების სათაურებით თუ ვიმსჯელებთ, იქ ასე წერია, რომ „უკრიანის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ პირობა დადო, შური იძიოს სეპარატისტებზე, რომლებმაც თვითმფრინავი „ც49“ ჩამოაგდეს“. ასე რომ, თქვენ თავად შეგიძლიათ დაინახოთ სარეპუტაციო რისკი მასთან თანამშრომლობის შედეგად. კაცმა არ იცის, როგორი იქნება პოროშენკოს შურისძიება. ასე რომ, გარისკვად არ ღირს. შეიტანეთ გვერდზე გაწეული საქმეების ნუსხაში“.
ანუ Appleby-ის იურისტებმა გადაწყვიტეს, საქმე არ დაეჭირათ პეტრე პოროშენკოსთან და ეს სარისკოდ მიიჩნიეს. მოგვიანებით, 2014 წლის აგვისტოში, პრეზიდენტის ფირმა Avellum-ის იურისტებმა მიმართეს პანამურ ფირმა Mossack Fonseca-ს, რომლებიც პოროშენკოს დაეხმარნენ, მათ მიერ დაგეგმილი სტრუქტურა შეექმნა. სწორედ ეს სტრუქტურა გაშიფრეს ჟურნალისტებმა პროექტიდან „პანამა ფეიფერზი“.
არადა, ცოტამ თუ იცის, რომ პოროშენკოს ბიზნესი დღეს ბევრად მეტ შემოსავალს იღებს არა საკონდიტრო წარმოებიდან, არამედ იარაღიდან. ექსპერტების აზრით, სწორედ ამიტომ არის უკრაიანის პრეზიდენტი დაინტერესებული ომის გაგრძელებით. ამის დასტურად მედიამ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც კიევის სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებს („ნაბუ“) დროებითი მისაწვდომობის უფლება მისცა ქარხანა „კუზნიცა ნა რიბალსკიზე“, რომელიც პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ეკუთვნის. საქმე ეხება სამხედრო ჯავშანმანქანა „ტრიტონის“ შესყიდვას ბევრად მომატებულ ფასად, _ ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში. გამოძიების თანახმად, სამხედრო ნაწილმა #1498 2015 წლის ნოემბერში ხელი მოაწერა ორ ხელშეკრულებას პოროშენკოს ქარხანასთან 1 861 000 დოლარის ოდენობით, 2016 წლის მარტში კი სამხედროებს გადაეცათ „ტრიტონის“ ოთხი ჯავშანმანქანა. წესით და რიგით, თითო ჯავშანმანქანის ღირებულება უნდა ყოფილიყო 149 ათასი დოლარი, მაგრამ სახელმწიფომ პროშენკოს ქარხანას თითო ასეთ მანქანაში 578 ათასი დოლარი გადაუხადა. საქმე სასამართლოში (მართალია, მოგვიანებით) ამიტომაც აღიძრა. აღარავის დაუმალავს ის ფაქტი, რომ პოროშენკო შოკოლადის ნაცვლად სიკვდილზე აკეთებს ფულს. ანუ რაც უფრო მეტი ადამიანი იღუპება, მით მომგებიანია მისთვის. სწორედ ამით ხსნის ტყვიაწამლის ქარხნის გახსნის აუცილებლობას, რომელიც, საშუალოდ, სახელმწიფოს 1 მილიარდი დოლარი დაუჯდება და რომლის თაობაზეც მოლაპარაკება აქვს გამართული კანადელებთან.
რას იზამ?! _ იარაღის მეფედ ყოფნა ბევრად მომგებიანია, ვიდრე შოკოლადის!
თამარ როსტიაშვილი