ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეს „ოცნების“ 9 წევრმა ხმა არ მისცა!!!
ეს დიდი სკანდალია _ „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ოფისის მოქმედი ხელმძღვანელი, გოგი ხელაძე, ალაპარაკდა. მეტად ფრთხილი ჩინოსანი მისგან რომ არ ველოდით _ ხმაურიან, მწვავე და სკანდალურ განცხადებებს აკეთებს!
„როცა სიებზე მიმდინარეობდა მსჯელობა, ითქვა, რომ ესა თუ ის პირი სიას ადგენდა. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი. სია შევადგინეთ მე და მერობის კანდიდატმა, ალეკო სარიშვილმა. ბუნებრივია, დეპუტატი ნინო წილოსანიც იყო ჩართული. მეც მიკვირს, რა შეიცვალა 10 დღეში. როცა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა იყო თბილისში _ მე, ალეკო და ქალბატონი ნინო წილოსანი გახლდით. იქ განიხილეს სიის ათეული. ყველამ ვიცოდით, რომ პირველი ნომერი მე ვიქნებოდი. არავის უთქვამს, რატომ ვიყავი სიაში, ან არ უნდა ვყოფილიყავი. ჩამოდის სია, შედის საოლქო კომისიაში და აღმოჩნდა, რომ მე არათუ სიის პირველი ნომერი ვარ, არამედ სიაში საერთოდ არ ვიმყოფები. ცოტა უცნაურად ჩანს. თან ერთი საინტერესო დეტალიც: როცა ოლქში სია მიიტანეს, ჩემი პირადი საქმეც იყო, იმის ამოღებაც ვერ მოასწრეს. გოგი ხელაძე არ არის ის კაცი, ვინმემ ადვილად მართოს და ამაზე დაიწყეს მსჯელობა. ეს უფრო ოზურგეთში გადაწყდა, გვარებს რა მნიშვნელობა აქვს, ყველა მიხვდებით. დამარცხდა კიდეც არჩევნებზე მისი ფავორიტი კანდიდატი. მე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ვარ ლანჩხუთში და ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ, სიის მიღმა რომ დამტოვეს? იმასაც ვფიქრობ, რომ დეპუტატმა ნინო წილოსანმა იცოდა ამის შესახებ, მაგრამ... არავის არაფერს ვაბრალებ. რაღაც რომ მოხდა, ფაქტია. ძალიან გამიკვირდა. ბოლო 10 დღეში ასეთი რა დავაშავე, რომ სიიდან ამომიღეს? არ ვამბობ, რომ, მაინცდამაინც, საკრებულოს თავმჯდომარეობა მინდოდა, მაგრამ რიგით წევრობაზეც უარი მითხრეს. ეს ყველას უკვირდა. როცა შეხვედრები დაიწყო, ნინო წილოსანსაც დაუსვეს ეს კითხვა, მეც მაინტერესებდა დეპუტატის პასუხი. მან თქვა, რომ ახალ სახეებზე კეთდებოდა აქცენტი და ისიც განაცხადა, რომ ბატონი გოგი არსად მიდის, ჩვენი გუნდის წევრად რჩებაო“, _ ამბობს გოგი ხელაძე.
მისივე განცხადებით, იგი გუნდშია და დღესაც „ოცნების“ თავმჯდომარეა. რაც შეეხება სამუშაო ადგილს, მისთვის ჯერ არაფერი შეუთავაზებიათ.
„ერთი კაცი იყო მხოლოდ, რომ ჩემზე რაღაცებს ამბობდა. ის კაცი შემოვიდა, როდესაც სია დგებოდა და ხუთეულში ჩასმა მოითხოვა. უარის შემდეგ რაღაც-რაღაცების წერა დაიწყო. ვერავინ ვერაფერს გამომიქვეყნებს, რადგან არ ვყოფილვარ და არც ვარ ისეთი პიროვნება, ცუდ საქმეებზე ხელი მომეკიდებინოს. „აღორძინების“ სიით ვიყავი პარლამენტში. იცით, იმ პერიოდში რამდენი რამ გავაკეთე: 100-ზე მეტი ოპერაცია დავუფინანსე ადამიანებს, კიდევ სხვა სიკეთეებიც იყო. ჩამოთვლას არ ვაპირებ. უბრალოდ, ვიცი, რომ მუდამ თავაწეული ვივლი და არავისთვის შეხედვა არ შემრცხვება. როცა ალეკოს კანდიდატურა დააყენეს და შეხვედრები დაიწყო, აცანაში ერთმა ადამიანმა მითხრა, _ თქვენ მიერ გაწეულ სიკეთეს რა დამავიწყებსო? არც მახსოვდა, წამლები გამიგზავნია თავის დროზე. ეს არის ჩემთვის მთავარი, რომ ხალხს ჩემი გაწეული სიკეთე ახსოვს და არა ის, რომ გინდა თუ არა, საკრებულოს პირველი პირი ვყოფილიყავი. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება კი ნამდვილად მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მომავალ საკრებულოს გამოვადგებოდი“, _ აცხადებს „ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარე.
რატომ დუმდა იგი აქამდე? „კი, შემეძლო, ინტერვიუებიც მომეცა და ასე შემდეგ. დუმილი ვამჯობინე. ალეკო სარიშვილის გვერდით ვიდექი და ვიფიქრე, ჩემი ხმაურით არ დავაზარალო-მეთქი. გადავდე ყველა წყენა და ამ მართლაც გამორჩეულ ადამიანს დავყვებოდი შეხვედრებზე. შედეგიც სახეზეა, ლანჩხუთში „ოცნებამ“ ყველა მაჟორიტარი გაიყვანა, ალეკომ დიდი უპირატესობით მოიგო და პარტიამ საკმაოდ მაღალი პროცენტი მიიღო ქვეყნის მასშტაბით. ალეკოსთან მიმართებით ასეთი რამ იყო: სხვებსაც უნდოდათ მერობა, მაგრამ ალეკო დასახელდა. გაიგეს, რომ მას ვერ დაიმორჩილებდნენ, თუნდაც ოზურგეთიდან და ფიქრი დაიწყეს, მერი თუ ვერ ვაკონტროლეთ, საკრებულო დაგვრჩაო. ორივეს დაკარგვა არ სურდათ. „შედეგი“ კი მიიღეს ოზურგეთში. ბევრი საინტერესო რამის თქმა შეიძლება, მაგრამ არ ვაპირებ. ყველამ ყველაფერი იცის, ხალხმა, _ მით უფრო. როცა ოზურგეთში ვიყავით წარდგენაზე და იქ ხალხი ვნახე, მაშინ ვთქვი, რომ ბეგი სიორიძე არჩევნებს წააგებდა. მე შარაშენიძეს პირადად არც ვიცნობ, მაგრამ მან სწორი ტაქტიკით შეძლო გამარჯვება. ოზურგეთში „ოცნება“ არ დამარცხებულა, მავანის მიერ შეთავაზებული კანდიდატი დამარცხდა“, _ დასძენს გიორგი ხელაძე.
ამ დროს კი ლანჩხუთში უკვე მისი შემცვლელი აირჩიეს. და ეს ის შემთხვევა იყო, როცა გამარჯვებული შეგეცოდებოდა _ ბესიკ ტაბიძემ ბეწვის ხიდზე გაიარა, სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდა! მას, ჯერ კიდევ, მაშინ დაჰპირდნენ ამ თანამდებობას, რაც კომისიის თავმჯდომარეობიდან გოგი ხელაძის მოადგილედ აინაცვლა... მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, დანაპირებს აღარ უსრულებდნენ... არადა, ადგილობრივ არჩევნებზე, თავის სოფელ ნიგვზიანში, კვლავ საუკეთესო შედეგი დადო...
თუმცა პირდაპირ ვთქვათ, დღევანდელი საკრებულოსთვის თავმჯდომარეობის ფავორიტი ის არ ყოფილა _ უმრავლესობა რომ ტაბიძის მომხრე არ იყო, იქიდანაც გამოჩნდა, უალტერნატივო და უკონკურენტო კენჭისყრაში 27-დან ოდენ 18 ხმა რომ მიიღო. კიდევ ორი რომ დაკლებოდა, მისი კანდიდატურა ჩავარდნილი იყო.
როგორც ჩანს, საკრებულოს უმრავლესობამ, რომელიც ბოლო წუთამდე უარს იყო, ტაბიძისთვის დაეჭირა მხარი, მთლად ბოლომდე გარისკვა ვერ გაბედა, თორემ თუ კულუარულ ინფორმაციებს დავუჯერებთ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე (რაც თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა) მეტი, მაგალითად, ლადო ნანაძის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს.
მხოლოდ ტაბიძეს არ „დაარტყეს“ ამით საკრებულოს წევრებმა _ თავად საკრებულოს რეპუტაციაც შეილახა ამ გადაწყვეტილებით: როგორი საქმეა, თავმჯდომარედ ბოლოს შემორჩენილი ორი კანდიდატიდან ერთს (ტაბიძე) 18 ხმას აძლევ, ხოლო მეორეს (ნანაძე) _ 26-ს? ამ დროს კი თავმჯდომარე ხდება ის, ვინც 8 ხმით ნაკლები მიიღო!
აკი, ბესიკ ტაბიძემაც ჩაილაპარაკა, როცა მისი მოადგილის შედეგებს ითვლიდნენ, _ ბარემ, ლადო აგერჩიათ, ხმა ყველამ მიეცითო!
რა მოხდა? რატომ დაიხია საკრებულომ უკან და რატომ წავიდა მისი წევრების ნაწილი თავისი ნების წინააღმდეგ? წინა დღეებში ხომ ყველანაირი გათვლებით თუ კულუარული ინფორმაციით, ისინი ტაბიძისთვის ხმის მიმცემები არ ჩანდნენ?! საჭირო გახდა გურიის მთავარი ქალაქიდან „მძიმე არტილერიის“ გადმოსროლა.
ასეთი კი გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე აღმოჩნდა, ვინც „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ოფისს დილიდანვე ესტუმრა და საკრებულოს წევრებთან დახურული შეხვედრა გამართა. როგორც „ქრონიკა+“-მა შეიტყო, საუბარი საკმაოდ დაძაბული გამომდგარა, რადგან საკრებულოს წევრებიდან რამდენიმეს გუბერნატორისგან განსხვავებული პოზიცია გამოუხატავს. ყოფილა ხმამაღალი საუბრები...
ამით დადასტურდა ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ხელაძის გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის ბედი ოზურგეთში წყდება. ახლაც უკვე ღია გახდა გურიის გუბერნატორის ინტერესები. ასევე ღიად საუბრობენ ილა კეჭახმაძეზეც, რომელსაც გურიის არაოფიციალურ მმართველად და მეტად გავლენიან ფიგურად მიიჩნევენ. პრინციპში, გავლენებისთვის გადანაწილება _ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. ეს რაუნდი კვლავ ოზურგეთმა მოიგო... როგორც ჩანს, თავის დროზე, ხელაძის მოტეხვაც ამ გეგმისთვის იყო საჭირო.
„მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც მხარი დამიჭირა და ვინც _ არ დამიჭირა. დაგიმტკიცებთ, რომ მხარდაჭერას ვიმსახურებ _ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ლანჩხუთის საკეთილდღეოდ, 4 წლის შემდეგ კიდევ დამჭირდება თქვენი მხარდაჭერა და მჯერა, რომ მხარს დამიჭერთ“, _ ასე მიმართა თავმჯდომარემ კოლეგებს და აშკარად ეტყობოდა, რომ ნაწყენი იყო იმ 9 კოლეგის გადაწყვეტილებით, მხარი რომ არ დაუჭირეს...
ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში საკმაოდ ხმაურიანი პოსტები დადო ლანჩხუთის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მაგული კუნჭულიამ, რომელსაც ბრალდებოდა, თითქოს პარტიულ სიას თავად ადგენდა: „დღეიდან არ გავიგონო ჩემი სახელის ხსენება, თორემ იმას მიიღებთ, რაც გეკუთვნით და არაფრით დავიხევ უკან, თქვენი ბიოგრაფიით დაგდებთ შარაგზაზე და იმართლეთ მერე თავი! იცოდეთ, წინაპრებსაც არ დაგიტოვებთ! იმ საზოგადოებაში, სადაც „ვინმე ილა“ გადამწყვეტია და სკამებს არიგებს, ჩემი ადგილი არ არის. და მე ვამბობ, რომ ესეც გაივლის. გამოვა ეს ქვეყანა ამ გაურკვევლობიდან და სულ მალე სამართალი სამართალს დაემსგავსება და პატიოსნება, ჭკუა-გონება დაფასდება“, _ წერს მაგული კუნჭულია.
აი, კიდევ ერთი სკანდალური და ხმაურიანი პოსტი: „საერთოდ, როგორ გავუძელი ამ ქვეყანას შიშველი ხელებით და საკუთარი მხრებით, მე თვითონ მიკვირს. ახლა ხომ ყველა თანამდებობის პირის უკან ძლიერი პატრონი დგას, მაგრამ ამიტომაც მათი ბოლო მოკლეა, ეს დაიმახსოვრეთ. მე კი იმიტომაც გავძელი არენაზე 46 წელი, რომ უპატრონო ვიყავი. თქვენ კი თქვენს პატრონებს გაჰყვებით უკან, მე კი არავინ მყავდა გასაყოლი. ასე რომ, ამაშიც გაჯობეთ. 46 წელიწადი სხვადასხვა თანამდებობაზე მუდმივად ყურადღების ცენტრში?... მოახერხეთ თქვენც და მერე ილაპარაკეთ, რამდენიც გინდათ, მაგრამ ამას ვერ შეძლებთ, რადგან საკუთარი თავით, საკუთარი ნიჭით, თუნდაც საკუთარი მოხერხებით ვერაფერს აკეთებთ. ახლა ძველ ბიჭებს მიადექით და აწყვეთ საქმეები. დანარჩენი შემდეგში“, _ წერს მაგული კუნჭულია.
მათე გურული