QronikaPlus
„ძლიერი სანათესაო _ ძლიერი დეპუტატისთვის“

„ძლიერი სანათესაო _ ძლიერი დეპუტატისთვის“

2017-12-04 07:07:53

გინდა, გახდე კაპიტალიზმის ფეოდალი? არა? მაშ, გინდა, გახდე პარლამენტარი? რას გააკეთებდი მაშინ, როცა მაჟორიტარი გახდებოდი? ფიქრობთ? აი, გელამ, ჩვენმა გელამ, სამხარაულმა, ეს მანამდე იფიქრა, სანამდე დეპუტატი გახდებოდა! აბა, მღვდელმთავარი მარტოსული გაგიგიათ? არა? იმიტომ, რომ მას იერარქიით მასზე ქვემოთ მყოფი სულიერი ძმები ჰყავს და რადგან საერო სამსახური სულიერ ძმებს არ ითვალისწინებს, ამიტომ გელამ, ხო, ჩვენმა გელა სამხარაულმა, გადაწყვიტა, რომ იერარქიით მასზე დაბლა თავისი მორჩილები დაეყენებინა... როგორი მორჩილები? რიგითი მორჩილები რიგით ადგილებზე... და თითქმის სულიერი ძმისა და დის ტოლნი და საკრებულოს დეპუტატებად და თავმჯდომარეებად... კიდევ გინდა, გახდე დეპუტატი? მაშინ დაემსგავსე გელას! გელა არასდროს ჩხუბობს, სულ იღიმის და აი, ასე, როგორც ბატონმა ბიძინამ ასწავლა, სულ ღიმილით გუდავს ხალხს. მაშ, ასე! სამხარაული და მისი რჩეული მორჩილი დანი და ძმანი... თამარ ყეინიშვილი 20 ნოემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომა ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. მინდია იუკურიძემ 2017 წლის 1-ლ ნოემბრის შემაჯამებელი ოქმი წარუდგინა საკრებულოს და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლად არჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს, თამაზ ბორჩაშვილს გადასცა. უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ყეინიშვილი დასახელდა, რის შემდეგაც, ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს. 2017 წლის 6 მარტს ახმეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მას საკრებულოს 26-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 1 ბიულეტენი ბათილად ჩაითვალა. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე თამარ ყეინიშვილი იმავე საკრებულოში სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე იყო. იგი პარლამენტის ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის დაა, ამავე დროს, ახმეტა-თელავის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის დეიდაშვილია. შეგახსენებთ, რომ ახმეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა თანამდებობა 2 მარტს საკუთარი განცხადებით დატოვა. მისი გადადგომის მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან მიღებული მითითება გახდა. გასულ წელს საკრებულოს წევრთა ნაწილმა ორჯერ დააყენა მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი _ 3 მაისსა და 5 დეკემბერს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 16 ხმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოგროვდა. არჩილ თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე აირჩიეს. თხლაშიძე 2014 წლიდან 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებამდე ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2010-2013 წლებში საკრებულოს წევრი პარტიიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, 2013-2014 წლებში ჯერ ფრაქციის თავმჯდომარე, ხოლო ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ის ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ცოლისძმაა. გელა სამხარაული გელა სამხარაული 2012 წლიდან თელავის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია. ის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა და, ამავე დროს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრიც იყო. 2014 წლიდან გახდა თელავი-ახმეტის გაერთიანებული ოლქის პარლამენტის მაჟორიტარი. საპარლამენტო საქმიანობის გარდა მას დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთი აქვს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს იღებს. გელა სამხარაული რამდენიმე ორგანიზაციის პარტნიორიც არის: „დია ალავერდი“, „დია გრუპი“, „დუტა & F“ და „ვერა-2011“, მაგრამ ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მას აღნიშნული კომპანიებიდან რამდენიმე წელია, შემოსავალი არ მიუღია. თუმცა გელა სამხარაული პარლამენტში მილიონერთა სიას იკავებს. შნო და მარიფათი, თურმე, ადამიანის თანდაყოლილი შესაძლებლობაა, უნარი მხოლოდ შესაძლებლობის, მხოლოდ პოტენციის სახითაა მოცემული, ხოლო უნარის შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიეცემა ადამიანს ამ უნარის განვითარების შესაძლებლობა. ჰოდა, გელას ერთი, რაც ღმერთმა შნო უნარად უქცია და მეორე მარიფათიც ზედ მიაყოლა _ ლაზათიანი, უნარიანი, ზრდილობიანი დეპუტატია. „თუ იმდენად გაიწვრთნები და იმდენ მარიფათს გამოიჩენ, რომ არავინ გაიგოს, აუცილებლად აიღე ქრთამი“. პრინციპში, საკრებულოს თავმჯდომარეებად წამოსმული ცოლისძმა და დეიდაშვილი სუვენირი არ არის, რომ მილიონერმა დეპუტატმა როიალის თავზე დადოს, ხელი ხელსა ჰბანს და ორივე კი პირსაო. სამხარაულმა ნოტარიუსის გარეშე ხალხის ხელით „გაიპრავა“ და ჩაიბარა თელავიც და ახმეტაც. ეს კვირა მძიმე და შრომატევადია! სამხარაულის მორჩილებმა ისე უნდა დააწყონ მერია, რომ სამხარაულს შეეფერებოდეს. სამხარაული კახეთის ჩვეულებრივი ჩრდილოვანი მმართველია, რომელიც 2 მუნიციპალიტეტს უსისხლოდ, უეკლოდ და ღიმილით მართავს. მთავარი კითხვა მაინც ის არის, _ ვინ მოიგუდება ბოლოში? P. s. გინდა, ისევ იყო მაჟორიტარი? როგორი? როგორიც სამხარაულია? მაშინ, დამახსოვრე _ მდგომარეობა მხოლოდ დროებითია, სახელი და საქმე კი _ უკვდავი! თელავში საკრებულოს თავმჯდომარედ სამხარაულის ცოლისძმა „აირჩიეს“, ახმეტაში _ სამხარაულის დეიდაშვილი. არჩევნებამდე: „ძლიერი თვითმმართველობა _ ძლიერი საქართველოსთვის“. არჩევნების შემდეგ: „ძლიერი სანათესაო _ ძლიერი დეპუტატისთვის“.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება