QronikaPlus
როგორ დაიხარჯება სამინისტროების გაერთიანებით „გამოთავისუფლებული“ ფული?

როგორ დაიხარჯება სამინისტროების გაერთიანებით „გამოთავისუფლებული“ ფული?

2017-12-04 07:03:14

მოულოდნელად გამოცხადებული სამთავრობო ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე, სამინისტროების გაუქმებისა და გაერთიანების სისწორესა და აუცილებლობა-არააუცილებლობაზე უკვე ვისაუბრეთ, აზრი გამოთქვეს და თავიანთი შეხედულებები დააფიქსირეს მთავრობის წევრებმაც, ოპოზიციის წარმომადგენლებმაც, ექსპერტებმა და მოქალაქეებმა, თუმცა დავედით საბოლოო და ყველაზე საინტერესო კითხვაზე, _ რამდენს მოიგებს სახელმწიფო ამ ცვლილებების შედეგად და რა თანხის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი? საით მიემართება ეს თანხები და რომელ ინსტიტუციას დაემატება წლიურად გამოყოფილი თანხა? 2018 წლის, ჯერ კიდევ, დასამტკიცებელ ბიუჯეტს რომ გადავხედოთ, სამთავრობო ცვლილების დაუგეგმავობა აქაც კარგად ჩანს, რადგან სამინისტროები და მათი ხარჯები ზუსტად ისეა გაწერილი, როგორც აქამდე გვქონდა. სწორედ ამ ბიუჯეტის მიხედვით, მომავალ წელს ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც უკვე ეკონომიკის სამინისტროს მიუერთდა, 131,000 მლნ ლარით ფინანსდებოდა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო _ 165,700 მლნ ლარით, გარემოს დაცვის სამინისტრო _ 42,975 მლნ ლარით, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2,950 მლნ ლარს მიიღებდა. ცვლილების შემდეგ არავინ იცის, თუ რა რაოდენობის თანხა გადაჰყვება მიერთებულ სამინისტროს და რა რაოდენობის თანხა გამოთავისუფლდება. საბოლოო პასუხს 2017 წლის ბოლო თვეს, ბიუჯეტის დამტკიცებისას უნდა ველოდოთ, მანამდე კი მოსალოდნელ შედეგებზე სფეროს ექსპერტები საუბრობენ. რომან გოცირიძე _ ეკონომიკის ექსპერტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი: _ იდეა იყო ის, რომ ამ რესტრუქტურიზაციით კეთდებოდა კარგი საქმე და რომ ეს იქნებოდა პირველი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფო გეგმის შესრულებისა და დებიუროკრატიისკენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ შერწყმით აბსოლუტურად არაფერი იცვლება და ეკონომია იქნება ნულის ტოლფასი. ერთი ან ორი მინისტრის შემცირებით, არსებითად, არაფერი იცვლება. უფრო მეტად ეს აღმოჩნდა პოლიტიკური მანევრი იმისთვის, რომ ამ შერწყმებით მოეხსნათ ამ ეტაპისთვის არასასურველი მინისტრები (უფრო სწორად, არასასურველი მინისტრები არ არსებობს, რადგან გუნდურ-კლანური პრინციპით, ყოველთვის არის განთავისუფლებული მინისტრების ადგილი, რომელიღაც მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე საბჭოში. იქმნება „მკვდარი მინისტრების საზოგადოება“, რომლებიც ხელფასს მაინც იღებენ). აშკარაა, რომ გაიწირა ფინანსთა მინისტრი და იგი ჩანაცვლდა კიდევ უფრო სანდო და საოჯახო კადრით. ეკონომიკის სამინისტროს დაუმატეს მართლაც რომ „მკვდარი“, უფუნქციო ენერგეტიკის სამინისტრო. ხალხს ჰგონია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო რაღაცას აეთებდა. არადა, სამინისტროს არ აქვს ფუნქცია _ ენერგეტიკული ობიექტები არის კერძო საკუთრებაში, რომელსაც არეგულირებს დამოუკიდებელი მარეგულირებელი, ასევე მთავარ პოლიტიკასაც განსაზღვრავენ მარეგულირებლები. მათი ერთადერთი ფუნქცია იყო ხელოვნურად საქმის გამოგონება მოლაპარაკებების გზით, ძირითადად, ეს იყო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების სახით, დანარჩენს აკეთებს იგივე ფინანსთა სამინისტრო, სუბსიდიები და მარეგულირებლები, თუ ტარიფებზეა საუბარი. რეალურად, სამინისტროების ოპტიმიზაციის ილუზია შეიქმნა. ფინანსთა მინისტრი ლამაზად დააბრუნეს უკან, ლამაზად ჩამოალაბორანტეს, ხოლო მის ადგილზე დანიშნეს კადრი, რომლის ხელშიც განადგურდა რკინიგზა, რომლის ტვირთბრუნვაც შემცირდა 1/3-ით და არნახული ზარალი განიცადა შარშანწინ _ 180 მლნ ლარის ოდენობით. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ძალიან უცნაურად აღმოჩნდა ყოფილი ეკონომიკის მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრად. საერთოდ, ეს შინაარსი და შერწყმა კარგია, მაგრამ მთავარია, რა ხდება ამ გაერთიანების შემდეგ? როგორც გავიგე, ყველაფერი იგივენაირად რჩება! რაც მთავარია, სამინისტროების გაუქმება ნიშნავს ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამი ათეული სხვადასხვა სტრუქტურის გაუქმებას. მარტო 20 ახალი უწყება შეიქმნა ამ ხელისუფლების დროს. ესენია შესამცირებელი და გასაუქმებელი, მინისტრს ჰყავს 6 მოადგილე და ყველას ამდენივე თოყოტა Lანდ ჩრუისერ. დეპარტამენტის უფროსებს 3-3 მოადგილე ჰყავთ და ამ დროს მხოლოდ ერთი სპეციალისტი აკეთებს ყველაფერს. დანარჩენი ხელმძღვანელები არიან, რომლებიც აკონტროლებენ და პრემია-დანამატები სწორედ ზემდგომებს ეძლევათ. როცა მინისტრის მოადგილე პრემიას, ვთქვათ, 41-ჯერ იღებს, მაშინ ამდენჯერვე მისცეს პატრულის, ან შსს-ს თანამშრომლებს. დღევანდელი პრემიის ეს სისტემა იწვევს იმას, რომ უფროსობას შეუძლია აიღოს პრემია და არა უშუალოდ საქმის მკეთებლებს. ესაა მახინჯი სისტემა. თუ ჩვენ ვიხილავთ ბიუჯეტს და იმ განცხადებებს, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს, ყველა გამოთავისუფლებული თანხა, ალბათ, იმაზე ნაკლები იქნება, რამდენსაც ერთი წლის განმავლობაში ღებულობს რომელიმე მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე. გაერთიანების კონფიგურაცია იყო სწორი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ არ გაგრძელდა რეალური ცვლილებები სამინისტროს შიგნით, თორემ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი ხერხი სასურველი მინისტრების დასანიშნად და არასასურველი, ან მოსახლეობაში ნაკლებად პოპულარული მინისტრების გასაშვებად. დემურ გიორხელიძე _ ექსპერტი: _ ეს გამოთავისუფლებული თანხები უნდა წავიდეს იმ სოციალურ პროგრამაზე, რომელიც გაჭირვებული ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი. თავისთავად, რომ გაერთიანდა ეს სამინისტროები, კარგი ფაქტია, მაგრამ ვფიქრობ, 4-5 სამინისტრო კიდევ ზედმეტია. 9-11 სამინისტრო, ეს არის მაქსიმუმი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ამ ეტპზე. ვფირობ, ეს არის ნახევარი ნაბიჯი, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გვჭირდება წინ, იმიტომ რომ აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ უნდა იყოს ცალკე, მაგალითად, სასჯელაღსრულების სამინისტრო. ჩვენ კარგად არ გვესმის დასავლური ქვეყნების მოდელები, სადაც ორი ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა ფუნქციურად: ეს არის ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები. იუსტიციის სამინისტროსაც სჭირდება გაძლიერება და ფუნქციურად შედეგზე ორიენტირებული პასუხისმგებლობის დაკისრება. პაატა შეშელიძე _ „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორი: _ გარანტირებულად, რომ კადრები შემცირდება, ამას ვვერავინ გეტყვით. მე ასეთი ახსნა მაქვს: შარშან ამ დროს მათ ვალდებულება აიღეს, რომ სამთავრობო ხარჯები 10%-ით შეემცირებინათ, 10-პუნქტიანი შეთანხმებიდან პირველი პუნქტი იყო. მაშინ არ შეასრულეს ეს მოვალეობა, ამიტომ ის ტალღაა, უნდათ, რომ ის დაპირება შეასრულონ და რადგან თანხას და ვადებს არ ასახელებენ, ზუსტად არავინ იცის, რა მიმართულებით წაიღებენ მას. რეალურად რა უნდა გამოათავისუფლონ? უბრალოდ, სესხებს იღებდნენ და ახლა ეკონომია გააკეთეს, რომ არსებული თანხები ეყოთ. ნახევარი ხალხი ერთ მხარეს გაუშვეს, ნახევარი _ მეორე მხარეს, სად უნდა დაზოგონ? ფუნქციები, პროექტები ხომ იგივე დარჩა? საბოლოოდ, მაინც სანამ რამეს გადაჭრით ვიტყვით, ზუსტი ინფორმაცია გვჭირდება. აკაკი ცომაია _ ეკონომისტი: _ არ უთქვამთ, რა თანხა თავისუფლდება და საით მიდის. თუ რაიმეს ეკონომია ხდება, უამრავი გზა არსებობს მის გასანაწილებლად, დაწყებული საზოგადოებრივი ვალის შემცირებით, დამთავრებული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებით. უამრავი თემა შეიძლება წამოვწიოთ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ხარჯები მცირდება. ეს სამინისტროები ხომ გადავლენ სხვებთან, ოპტიმიზაცია განხორციელდება, რაღაც დეპარტამენტები გადავლენ, რაღაც სტრუქტურები შენარჩუნდება. რა ეკონომიაზეა საუბარი და რა სტრუქტურაზე, ეს არავინ იცის. გივი ადეიშვილი _ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი: _ ზოგადად, კარგია თუ ბიუროკრატიის ხარჯები მცირდება. სამწუხაროდ, ეკონომიკური ეფექტი ჯერ დათვლილი არ არის, თუ რამდენად შემცირდება ბიუროკრატია, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად, ამ მიმართულებით თუ ბიუჯეტის ხარჯები შემცირდება, მთავრობას საშუალება მიეცემა, რომ სხვა პროექტები განახორციელოს და, ამ მხრივ, მე გამოვყოფდი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვინაიდან ეს არის მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ინვესტიციისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანი. შესაბამისად, ვნახოთ, რა ეკონომიკური ეფექტი იქნება და რას მოხმარდება დაზოგილი თანხა. თუ თანხა არ დაიზოგება, მაშინ ბევრი არაფერი შეიცვლება. როდესაც საბოლოო შედეგები გამოცხადდება, მაშინ უფრო ნათლად ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიული ლაპარაკი შეგვიძლია, თუ როგორ შეიძლება დაიზოგოს, ან დანაზოგი გადანაწილდეს სხვა ხარჯებზე. საბოლოოდ, ზემოთ ჩამოთვლილი და აღნიშნული სამინისტროებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა რა მიმართულებით წავა, რომელ სამინისტროს რა რაოდენობის ფულადი რესურსი გადაჰყვება და რა დაიზოგება, ამ ყველაფერს მთავრობის შემაჯამებელი განცხადებებიდან უნდა ველოდოთ.

ნინო ტაბაღუა

გაზიარება