რა ხდებოდა არჩევნების დღეს ალეკო ელისაშვილისა და კახა კალაძის საარჩევნო შტაბებში?
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები თითქმის უკვე ცნობილია, თუმცა უშუალოდ არჩევნების პროცესი და შედეგების მოლოდინი განსაკუთრებულად საინტერესო გახლდათ იმ კანდიდატების შტაბ-ბინაში, სადაც მათი გუნდის წევრები და მომხრეები იყვნენ შეკრებილები.
21 ოქტომბერი _ არჩევნების დღე
საარჩევნო უბნებზე ხალხის აქტივობა დილის 08:00 საათიდან დაიწყო. საკუთარ პოზიციებს საჯაროდ აფიქსირებდნენ ქვეყნის პირველი და მნიშვნელოვანი პირები, პარტიის ლიდერები და მოქალაქეები. დღის 12 საათისთვის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის ოფისს მივადექი, საბურთალოზე სულხან ცინცაძის 45 ნომერში.
ღია მწვანესა და თეთრ ფერში გადაწყვეტილ ოფისში სასწრაფოდ შევირბინე და როგორც კი ვიწრო ჰოლი გავიარე, ერთ ოთახში აღმოვჩნდი, სადაც სამიოდე მამაკაცი და ორი ქალბატონი იდგა, თავიანთ საქმეს აკეთებდნენ. გზა კიდევ ერთ ოთახამდე გრძელდებოდა, საიდანაც ტელევიზორის დიდი ეკრანიდან ირმა ინაშვილის სახეს მოვკარი თვალი და შევედი. საინფორმაციო გამოშვება იყო ჩართული და მოვლენებს თვალს ადევნებდნენ. აქ უკვე გრძელ მაგიდასთან ოთხი მამაკაცი იჯდა, სამიც ფეხზე იდგა, რამდენიმეს ლეპტოპი ჰქონდა გადაშლილი და ცესკოს მონაცემებს ელოდა. მაგიდაზე ქაოსურად განლაგებულ ქაღალდებს შორის საქმიან გეგმებს მოვკარი თვალი. ინაშვილი კი უკვე სხვა პოლიტიკოსს ჩაენაცვლებინა და ახლა ის საუბრობდა ცისფერი ეკრანიდან. უცებ ადგილი მოვნახე და დავჯექი. გამიკვირდა, რომ ჟურნალისტები არ იყვნენ, რამდენიმე წამში ქერა ფეხმძიმე ახალგზარდა მომიახლოვდა. სწორედ ეს გახლდათ მაიკო, ელისაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გავესაუბრე, ვუთხარი, რომ „ქრონიკა+“-დან ვარ და არჩევნების დღის რეპორტაჟზე უნდა მემუშავა. მანაც იმ ოთახში გამიყვანა, სადაც, თურმე, ყველა ჟურნალისტი დამოუკიდებელი კანდიდატის ბრიფინგს ელოდა.
აქ კედლებზე დაინახავდით თბილისის სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმის მქონე რუკას, ერთ სკამს და კუთხეში მილაგებულ მწვანე დროშებს თეთრი გამოსახულებით, კედლის სიღრმეში კი დაფა იდგა, რომლის მარჯვენა კუთხეშიც ხმის მიმცემი პუნქტის სქემა იყო გამოსახული, მარცენა მხარეს კი ის შესაძლო „დამხმარე საშუალებები“ ჩამოეწერათ, რომელიც, ზოგადად, არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენება:
1) კარუსელი;
2) ბეჭედი/მარკირება;
3) გადასატანი ყუთი;
4) ხმების დათვლა;
5) ოქმები.
ამ ნაწილის წაკითხვის შემდეგ იაზრებ, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი ამ შტაბში უკვე გათვლილი ჰქონდეთ და მათი დამკვირვებლები სწორედ ამ კუთხით მუშაობენ.
ისევ ბრიფინგს რომ დავუბრუნდეთ, ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი ალეკო ელისაშვილი თავის ტრიბუნასთან იდგა, ფონზე კი თეთრი კედელი, მწვანე ფარდები და მწვანე ფერისვე გამოსახულება _ ალეკო მერად, _ ჩანდა.
ბრიფინგის დაწყებისთანავე ადმინისტრაციულ მანქანაზე ისაუბრა, რომლის საშუალებითაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალით მოიყვანა საზოგადოების ნაწილი არჩევნებზე: „რა თქმა უნდა, ამის ორგანიზატორი არის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“. სწორედ ეს არ მოგვწონდა თითოეულ ჩვენგანს წინა ხელისუფლებაში. მოგვდის ინფორმაცია, რომ კარუსელებია დაფიქსირებული და ახლა ჯგუფები მიდიან ამის გადასამოწმებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს გული უსკდება მეორე ტურის პერსპექტივაზე და ეს პერსპექტივა სავსებით რეალურია. ამის წამალი არის ამომრჩევლის აქტივობა“, _ აცხადებდა ელისაშვილი.
ბრიფინგის დასრულების შემდეგ „ჩადგმული“ და მომსვლელი ჟურნალისტების კითხვებს ცალკე უპასუხა და მთელი დღე თავგადადებით მორბენალი თუ ერთ ადგილზე მიმაგრებული ჟურნალისტებისთვის მცირე კუთხე მოაწყო.
ცალსახად შესამჩნევი იყო გუნდის წევრებისა და თავად დამოუკიდებელი კანდიდატის საქმიანი და დაძაბული მიმოსვლა ოთახებს შორის. ერთჯერ მობილურითაც შემოვიდა და ხმამაღლა გამოთქვა გაკვირვება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისე აქტიურად უსმენს მის სატელეფონო ზარებს, რომ საკუთარი მობილურიდან დარეკვაც კი რთული გახდა უკვე. ამაზე რამდენიმე ჟურნალისტმა კვერიც დაუკრა და რადგან მომდევნო ბრიფინგი უკვე დღის 17:00 საათისთვის დაგეგმეს, იქ გაჩერებას „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში წასვლა ვარჩიე.
შუადღე გადაცილებული იქნებოდა, რომ უკვე ერეკლე მეორის მოედანზე „ქართული ოცნების“ სათავო ოფისთან ვიდექი. ოფისის სრული ტერიტორია ლენტით იყო შემოსაზღვრული და მიუხედავად იმისა, რომ რიგით გამვლელებს შეეძლოთ ამ ტერიტორიაზე გასვლა, მაინც ქმნიდა გარკვეულ შემოსაზღვრულ არეალს, რომელიც გაფიქრებინებდათ, რომ აქ რაღაც სერიოზული ხდება. ერთმანეთის წინ მდებარე ორ შენობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, შტაბის წევრები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები. მარჯვენა მხარეს მმართველი პარტიის ღია სპილოსძვლისფერი შენობიდან წარწერა „ქართული ოცნება“ და პარტიის შესაბამისი ლურჯი ფერის აბრები იყო გადმოფენილი და იქვე იყო პარტიის დროშებიც. ამ შენობის წინ შეკრებილ ადამიანებთაგან თვალში ვინც მოგხვდებოდათ, ვარდისფერთმიანი გოგონა იყო, რომელიც ერთ-ერთ შესასვლელ კართან იდგა და ან მერობის კანდიდატს გულშემატკივრობდა, ან რაიმე სხვა „მისია“ ებარა. იმ კართან, სადაც ეს გოგონა იდგა, სხვებიც იყვნენ მობილიზებულები, გვერდით კი სწორედ ის კარი იყო, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს მათთვის განკუთვნილ ოთახში შეეძლოთ შესვლა, ოღონდ ეს მას შემდეგ, რაც სპეციალური აპარატით შემოწმებას გაივლიდით, შესვლის ნებართვას მოგცემდნენ, დაბალ სამკბილიან კარზე მწვანე აინთებოდა და მედიისთვის განკუთვნილ ოთახში მალევე ხვდებოდით.
შესვლისას აუცილებლად შენიშნავდით მარცხენა მხარეს დაბლა ჩამავალ კიბეებსა და კიბის თავზე ლურჯ ფონზე ჰალოგენური სანათით ყვითლად განათებულ ნომერ 41-ს.
როგორც იქნა, მივაღწიე ამ ოთახს, რომელიც, სულ ცოტა, 7-ჯერ დიდი იყო ელისაშვილის შტაბში პრესისთვის განკუთვნილ ოთახზე და ჟურნალისტების, შტაბის წევრებისა და სხვა დაინტერესებული პირების ოდენობაც, მინიმუმ, 3-ჯერ აღემატებოდა აღნიშნული დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბ-ბინაში მყოფ ადამიანებს.
აქტივობა ძალიან დაბალი იყო, თუმცა ყველა კანდიდატს საკუთარი ამომრჩევლის იმედი ჰქონდა. იქ ყოფნაში დღის 16:00 საათიც შესრულდა.
_ მოდის, მოდისო! _ დაიყვირა ვიღაცამ და ფოტოგრაფები სასწრაფოდ აღმოჩნდნენ ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში სასურველი კადრის მოსაპოვებლად. ამ დროისთვის უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბნებზე შავებში ჩაცმული ადამიანები დადიოდნენ და რაღაც სიების მიხედვით აღრიცხავდნენ ხალხის მისვლა-მოსვლას საარჩევნო უბნებზე. ცხადია, მედიას კითხვები ჰქონდა არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით და მის დასასმელადაც მოემზადა.
კახი კალაძეც ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი შემოვიდა ოთახში. მოღიმარი, მაგრამ დაღლილი სახე ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პოზიტიურად მიესალმა მედიის წარმომადგენლებს, მადლობა გადაუხადა არჩევნებზე მისულ მხარდამჭერებს და თქვა, რომ ამინდიც მშვენიერი დაემთხვა:
„არჩევნები, რაც მთავარია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩემს ამომრჩევლებს, გააქტიურდით, მობრძანდით, დააფიქსირეთ თქვენი საზოგადოებრივი ვალი, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და დავიწყებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის შენებას... ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რაც მთავარია, თბილისი გაიმარჯვებს. გმადლობთ“, _ თქვა და მაშინვე დატოვა ოთახი. რამდენიმე ჟურნალისტმა დარღვევებთან დაკავშირებით კითხვა დააწია, მაგრამ უშედეგოდ, უკანაც არ მოუხედავს.
_ ეს რა იყო?! დაგვხედა და გავიდა?! არადა, რა ხანია, ველოდებით!“ _ გადაუარა დარბაზს გაოცების ტალღამ. გულდაწყვეტილი ჟურნალისტები წამოიშალნენ.
გუნდის წევრები განცხადებისგან თავს იკავებდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ იმ ორ შენობას შორის, რომელიც უკვე აღვნიშნე, ჯერ კიდევ, არჩევნების დასრულებამდე 4 საათით ადრე საზეიმო სცენას ამონტაჟებდნენ. კვლავ ელისაშვილის შტაბ-ბინისკენ ავიღე გეზი, 17:00 საათისთვის დაანონსებულ ბრიფინგზე ელისაშვილის გუნდის წევრი, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტიც გამოვიდა. აღინიშნა, რომ საარჩევნო პროცესში დარღვევები მოხდა და ამომრჩეველთა ნების კონტროლი ხორციელდებოდა, შედეგად, დგებოდა შესაბამისი ოქმები და გასაჩივრებასაც აპირებდნენ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებდა, რომ იმ დროის მონაცემებით, ყველა საარჩევნო უბანზე, აქტივობამ 36.71% შეადგინა (1 262 809). ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, კერძოდ _ 53.4%, ხოლო ყველაზე დაბალი შიდა ქართლში _ 31.5%. დედაქალაქში 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 34.7% იყო, რაც საკმაოდ ცუდი შედეგია.
პარალელურად მოწმდებოდა მდგომარეობა ახალციხეში წინა წლის მოვლენებიდან გამომდინარე. საბედნიეროდ, წელს არჩევნები შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
ამასობაში 20 საათი მოახლოვდა, ურნების დალუქვის დრო. გამოქვეყნდა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის მონაცემები, სადაც კახი კალაძის 54%-იანი გამარჯვება დაანონსდა.
საარჩევნო უბნების დახურვიდან ნახევარ საათში „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებას ზეიმობდა. იმ სცენაზე, რომელსაც, ჯერ კიდევ, 16:00 საათზე ამონტაჟებდნენ, პრემიერ-მინისტრს გვერდს უმშვენებდნენ მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და უკვე თბილისის მერი ოჯახთან ერთად.
შედეგებით მეორე ადგილზე ალეკო ელისაშვილი გავიდა.
- შ. ამავე რუბრიკაში იგეგმებოდა ინტერვიუ ალექსანდრე ელისაშვილთან, თუმცა არჩევნების დასრულებისთანავე მან ქალაქი დატოვა და, ჯერჯერობით, კავშირზე არ გამოსულა.
სრული სიმშვიდე და ნირვანა „ევროპული საქართველოს“ ორთაჭალის ოფისში
ნინო ტაბაღუა
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლის 21 ოქტომბერი, მერისა და თვითმმართველობის არჩევნები თბილისში _ ქვეყნისთვის ერთი ჩვეულებრივი შაბათი დღე იყო.
დიასახლისთა უმეტესობა სახლიდან არ გასულა და საზამთრო მარაგის დაკონსერვება-დამარინადებას არ მოსწყვეტია; შუა ხნის მამრობითი სქესი დილიდანვე ავტოფარეხების დალაგებას შეუდგა, ნაწილი კი ძმაკაცებთან ერთად საქეიფოდ გავიდა; ღამის ჩათაობით გასავათებული ახალგაზრდობა (მეორე დღეს შაბათია და არსად გასასვლელი არ ვარ იმედით) შუადღემდე ძილისა და სამზარეულოს დალაშქვრის შემდეგ უბანში გავიდა... და ერთადერთი და ყველაზე დიდი პროცენტი პენსიონერებისა, „დაპადრუჩკებული“ ბებია-ბაბუებისა და უბნის ასინეთა უსაქმურებისა წავიდნენ არჩევნებზე ხმის მისაცემად, რათა გვიან საღამოს ტელეეკრანებთან მიმსხდრებს, სეირისა და „იქნებ ხმაური“ ატყდეს ამბის მოლოდინში, არჩევნებისგან რაღაც სიამოვნება მაინც მიეღოთ.
ასეთი იყო 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები. ყველამ კარგად უწყოდა, რომ „ქართული ოცნება“ თავის კანდიდატს გაიყვანდა (მეორე და მესამე ადგილები კი არავის აინტერესებს).
„ევროპული საქართველოს“ ორთაჭალაში განთავსებულ საარჩევნო ოფისში მისულ „ქრონიკა+“-ს ორგანიზატორები, ამ შემთხვევაში, პრესსამსახურის წარმომადგენლები _ ირაკლი და თორნიკე გულითადად შეგვხვდნენ. არ მოგვკლებია ყურადღება, დროულად ჩატარებული ბრიფინგები, პიცა და ხაჭაპური... მაგრამ საარჩევნო სკანდალებისა და ინფორმაციული მოსავლის აღების მომლოდინე ჟურნალისტები როგორც ჩავეშვით კომფორტულ სავარძლებში „ნოუთბუქებით“, ასევე დავრჩით (პერიოდულ ბრიფინგებს თუ არ ჩავთვლით). იყო სრული სიმშვიდე და ნირვანა. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, გარეთ, ანუ საარჩევნო უბნებზე იგივე სიტუაცია იყო. საღამოს რვა საათისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გადავინაცვლეთ, სადაც წინასწარი შედეგების გამოცხადებისთვის მეტ ადრენალინს ველოდით. აღმოჩნდა, სულ ტყუილად. სულ არ ცხელოდა ერს ხმის მისაცემად.
ლიდერები, რა თქმა უნდა, ჩავწერეთ. არ გაგვკვირვებია, როდესაც ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ნაწილი გამოდგა.
„ეს იყო ყველაზე უარესი და უსამართლო არჩევნები, რომელიც 2003 წლის შემდეგ ჩატარდა“
თამარ როსტიაშვილი
„ქრონიკა+“-ს ესაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე _ ზაზა ბიბილაშვილი:
_ ეს საკითხი უნდა გავყოთ ორ ნაწილად: ერთი არის, როგორ მივედით არჩევნების დღემდე და მეორე, როგორ ჩატარდა არჩევნები. წინასაარჩევნო გარემო იყო არათანაბარი, არასამართლიანი და არაკონკურენტული. ამასთან დაკავშირებით მოცულობითი ანგარიში შევადგინეთ, სადაც ის მიზეზებია გაწერილი, რატომაც ვფიქრობთ ასე. სამ მთავარ მიზეზს გამოვყოფ: პირველი არის ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები, ჩვენი ლიდერშიპის ორგანიზებული პოლიტიკური დევნა. ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო ორგანოებს _ სასამართლოსა და პროკურატურას, იმისთვის, რომ ხელოვნურად გამოთიშოს პროცესებიდან ჩვენი ყველაზე მძიმეწონოსანი და გავლენიანი პოლიტიკოსები, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მთავარი ხმების მომტანია. მთავარი ორგანიზატორი და გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამჟამად ციხეშია, ასევე სხვა ლიდერები, რომლებიც იმყოფებიან დევნილობაში, ან ციხეში, და სწორედ მათ წინააღმდეგ არის მიმართული რეპრესიული მექანიზმები. მეორე ფაქტორი არის შავი ფული _ ოლიგარქიული კაპიტალი, რომლითაც ივანიშვილმა დააბინძურა ქართული პოლიტიკური სივრცე, იყიდა ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც იყიდებოდა. ამით მან რეალურად მინიმუმამდე დაიყვანა შეჯიბრებითობის ელემენტი, ვინაიდან ის პირდაპირი გაგებით ყიდულობს ქართულ ამომრჩეველს _ ეს იქნება მოსყიდვის თუ კოორდინატორების გადაბირების სახით. როდესაც, მაგალითად, ორი ათას კაციან დასახლებაში სამასი კოორდინატორი ჰყავს გაფორმებული, რომელთაც სხვების მოყვანა ან გადაბირება კი არ ევალებათ, არამედ ის არის ხალხი, ვინც უბრალოდ მიდის და ოჯახის წევრებთან ერთად აძლევს ხმას. ეს გახლავთ სწორედ პირდაპირი მოსყიდვა და ამ თვალსაზრისით ფულის ელემენტმა, პრაქტიკულად, აზრი დაუკარგა არჩევნებს. და მესამე, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, არის ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო მასშტაბით გამოყენება. ჩვენ ამის შესახებ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, კვლევაც დავდეთ, თუ რა მასშტაბებში ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ასევე უნდა აღინიშნოს კანონმდებლობა და საარჩევნო რესურსის ფორმირება. აქ იგულისხმება ის, რომ სპეციალურად შეიცვალა კანონმდებლობა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ისე, რომ რეალურად საარჩევნო ადმინისტრაციები დაკომპლექტებულიყო პარტიული ნიშნით და მმართველ პარტიას შესაძლებლობა ჰქონოდა, რომ მთლიანად ეკონტროლებინა საარჩევნო ადმინისტრაცია. ზუსტად ამაზე მეტყველებს საარჩევნო ადმინისტრაციების ქცევა, გაძევებები, საჩივრის არმიღებები და ა. შ., რაც ვნახეთ კიდეც არჩევნების დღეს.
_ ამას გულისხმობდით, როდესაც არჩევნებს ორგანიზებული სპეცოპერაცია უწოდეთ?
_ არჩევნების დღეს, პრაქტიკულად, ყველა, ვინც მას აკვირდებოდა, _ წონადი დამკვირვებელი და არასამთავრობო ორგანიზაცია _ ამბობს, რომ არჩევნების პროცესში ფუნდამენტური დარღვევები იყო. ანუ არა პროცედურული და ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომლებიც აქა-იქ შეინიშნება, არამედ სისტემური ფუნდამენტური დარღვევები, რომლებმაც გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგზე. ყოველივე აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე უარესი და უსამართლო არჩევნები, რომელიც საქართველოში 2003 წლის შემდეგ ჩატარდა. შესაბამისად, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგები ხალხის ნებას ასახავს და ლეგიტიმურია.
_ მიუხედავად ყველაფრისა, თქვენი პარტია მეორე ადგილზე გავიდა...
_ მეორე ადგილზეც რომ არ გავეყვანეთ, ეს დიდი ცინიზმი იქნებოდა ივანიშვილის მხრიდან. მეორე ადგილი ჩვენთვის ნამდვილად არ არის კმაყოფილების მიზეზი და არ ასახავს ჩვენს ადგილს. როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა ვინ შეიძლება გასულიყო მეორე ადგილზე? თავისთავად, ის, რომ ჩვენ მეორე ადგილზე გავედით, არაფრის მთქმელია. ეს მინიმალური მოცემულობაა ამ სიტუაციაში და ნამდვილად არ იძლევა კმაყოფილების საფუძველს არც პარტიული და არც ქვეყნის მოქალაქის გადმოსახედიდან, რომლის პრობლემაც ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი და კლანური მმართველობაა, რომელიც მან საქართველოში დაამკვიდრა.
_ ყველაზე ცუდი არ ვიცით, მაგრამ ყველაზე „მკვდარი“ არჩევნები რომ იყო, მმართველმა პარტიამაც დააფიქსირა. მიზეზს სად ხედავთ?
_ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ახალი რეალობა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ეს ივანიშვილის წარმატებაა, რომლის მიზანიც არის ქვეყანაში უიმედობა და ნიჰილიზმი. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, რომ იმ ცხრა წლის განმავლობაში ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ ის, რაც ნამდვილად არ იყო ამ ქვეყანაში, იყო ნიჰილიზმი და უიმედობა. ყველას ჰქონდა მომავლის რწმენა და, მათ შორის, იმის რწმენა, რომ ბრძოლას, თუნდაც ცუდი მიზნისთვის, აქვს აზრი. ეს არჩევნები არის ხალხის, როგორც მოქალაქეების წარუმატებლობა.
_ რას აპირებთ _ არჩევნების შედეგებს შეეგუებით, თუ რაიმე სახის წინააღმდეგობას გეგმავთ?
_ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, კერძოდ, _ ბრძოლის ახალი მეთოდები შევთავაზოთ საზოგადოებას, რათა ეს პრობლემები გადავჭრათ, რის წინაშეც ივანიშვილმა დაგვაყენა.
_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ მომავალში ოპოზიციამ ანდა ოპოზიციის გარკვეულმა ფრთამ ერთად უნდა იმოქმედოთ?
_ აუცილებლად დავიწყებთ კონსულტაციებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან იმ თემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის მომავალს უკავშირდება. ორ თემაზე ჩვენი ერთობლივი პოზიცია დღემდე გამოკვეთილი იყო. ეს შეეხება „რუსთავი 2“-ის საკითხს ადრეულ გაზაფხულზე და კონსტიტუციის თემაზე ოპოზიციური პარტიების ერთიან პლატფორმაზე გაერთიანებას. პრობლემა, რომელიც ამ ე. წ. არჩევნებზე გამოიკვეთა და რომელსაც სპეცოპერაცია ვუწოდეთ, გვაიძულებს, ახალი რეალობა ახლებურად შევაფასოთ და საზოგადოებას ახლებური გადაწყვეტილება შევთავაზოთ.
თამარ როსტიაშვილი