QronikaPlus
„არასოდეს ტყუიან ისე, როგორც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ“

„არასოდეს ტყუიან ისე, როგორც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ“

2017-10-27 08:57:52

ბისმარკის ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ახლანდელი არჩევნების წინაც დავრწმუნდი და მის შემდგომაც, მგონი, არ შეგვეცვლება აზრი არც მე და არც „ქრონიკა+“-ის მკითხველებს.   საქმე ისაა, რომ საარჩევნო სუბიექტები ისეთ დაპირებებს იძლეოდნენ, ჩვენი ყოფა საცოდაობა რომ არ იყოს, სიცილით მოკვდებოდა კაცი. დამთავრდა არჩევნები, გაირკვა გამარჯვებული და დამარცხებული, გარდა იმ 6 მუნიციპალიტეტის გამგებლისა, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს. ოღონდ ეს არ ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებს. აქ ყველგან პირველივე ტურში გაირკვა გამარჯვებული მერების ვინაობა. ყველა მმართველი პარტიის წარმომადგენელია. არჩევნები დამთავრდა, ვნებათაღელვა რამდენადმე ჩაცხრა.   „ქრონიკა+“ შეეცადა, არჩევნების მეორე დღეს ბათუმის მერობის იმ კანდიდატების საარჩევნო შეფასებები ჩაეწერა, რომლებიც ბათუმელებში პოპულარობით სარგებლობენ, მაგრამ ზღვისპირა ქალაქის მერის სავარძელს ამჯერად ვერ შესწვდნენ.   პეტრე ზამბახიძე _ ბათუმის მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“: _ გასული არჩევნები იმით ხასიათდებოდა, რომ მმართველმა პარტიამ ტოტალურად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი და კომისიები მისთვის სასურველი წევრებით დააკომპლექტა. ბოლო პერიოდში კი ამას დაემატა პლაკატების ომი, რომელიც, აგრეთვე, მმართველი პარტიის სასარგებლოდ წარიმართა. ყველაფერმა ამან კი, საბოლოო ჯამში, გავლენა იქონია შედეგებზე. თუმცა შედეგი რაც დადგა, ბევრად განსხვავებული მაინც არ იქნებოდა, რადგან „ევროპული საქართველო“, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, პირველად წარდგა არჩევნებზე. ჩვენ მივიღეთ იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე იმ პარტიებს აქვთ, რომლებიც წლებია, პოლიტიკურ ველზე არიან და საარჩევნო გამოცდილებაც ჩვენზე ბევრად მეტი აქვთ. მომავალში მოგვიწევს ამომრჩევლებთან მეტი მუშაობა, რათა ელექტორატი ჩვენს პრინციპში დავარწმუნოთ: რომ არეულობის, ნგრევისა და რევოლუციების გარეშე შევცვალოთ ხელისუფლება და მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქის, თუ ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. _ ბატონო პეტრე, როგორ ფიქრობთ, „ნაცმოძრაობის“ ორ პოლიტიკურ სუბიექტად გაყოფამ რა შედეგი მოგინატათ _ მეტი დადებითი, თუ უარყოფითი? _ დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ „ევროპული საქართველო“ ყალიბდება, როგორც შემდგარი ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც რიგ ოლქებში არის მეორე და მესამე პოზიციებზე. რამდენიმე ოლქში მაჟორიტარული არჩევნები მოვიგეთ. გაყოფის შემდეგ 6 თვეში პარტიამ შეძლო, ყველგან გადაელახა საარჩევნო ბარიერი. მიუხედავად სახელისუფლებო ქმედებისა, სხვა უფრო ხანდაზმულ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონკურენციისა, ხმების ის რაოდენობა მივიღეთ, რაც ბევრგან გვაძლევს საშუალებას, საკრებულოებში ფრაქციები შევქმნათ და მაჟორიტარი წარმომადგენლები გვყავდეს. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოს“ არ ჰყავს ალტერნატივა, რომ მომავალში მშვიდად, დაძაბულობის გარეშე გაისტუმროს ეს ხელისუფლება და თავად ჩაიბაროს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ბედი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რასაც მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დავამტკიცებთ. ამჯერად ბათუმის საკრებულოში ერთი დეპუტატი გვეყოლება, ხულოში ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი თითო დეპუტატი ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოშია.   ლევან ანთაძე _ ბათუმის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“: _ არჩევნები იწყება წინასაარჩევნო პერიოდიდან. დავიწყოთ იმით, რომ არ ყოფილა კანონდარღვევის სახეობა, მმართველ პარტიას რომ არ გამოეყენებინოს ჩვენ წინააღმდეგ. რაც მთავარია, „ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა. დაფინანსების თანაბრობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საარჩევნო დღეს მმართველი პარტიის მხრიდან ასზე მეტი დარღვევა დავაფიქსირეთ. ახლა ამ ფაქტებზე შესაბამისი საარჩევნო კომისიები იმსჯელებს, შემდგომ კი მასალები სასამართლოებს გადაეგზავნება. ასე რომ, საარჩევნო გარემოს ჩემეული შეფასება უარყოფითია. _ ბატონო ლევან, თქვენს პარტიას ბათუმის საკრებულოში რამდენი დეპუტატი ეყოლება? _ ჯერჯერობით, ძნელია იმის თქმა, რამდენ ადგილას მოვიპოვებთ. ცესკოს მიერ საბოლოოდ არ არის დაზუსტებული ყველა უბნის მონაცემი, შედეგზე კი მეათედიც იმოქმედებს. ასე რომ, საბოლოოდ შედეგს ველოდებით. _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორ პოლიტიკურ სუბიექტად გაყოფამ, თქვენი აზრით, როგორ იმოქმედა შედეგებზე? _ პარტიაში კრისტალიზაცია მოხდა. იგი ორად გაიყო. ჩემი აზრით, „ევროპული საქართველო“ ოლიგარქთან გარიგდა, რაც ჩვენთვის სულაც არაა ცუდი, რადგან ბათუმში ამომრჩეველმა იმდენი ხმა მოგვცა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მომავალში საქმე უკეთ წაგვივა. _ ბათუმში ამომრჩეველთა გამოცხადების დონე დაბალი იყო. მან 36%-ზე ოდნავ მეტი შეადგინა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? _ ადგილობრივ არჩევნებზე ელექტორატის აქტიურობა, ტრადიციულად, მაღალი არაა. თუ მთლიანად აჭარის მაჩვენებელს ავიღებთ, გუშინდელი გამოცხადების დონე იგივეა, რაც 2014 წლის არჩევნების დროს იყო. რაც შეეხება ბათუმს, 2014 წელს აქ აქტივობა ცოტა მეტი იყო, ვიდრე ახლა.   თენგიზ თავდგირიძე _ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ბათუმის მერობის კანდიდატად: _ მივესალმები „ქრონიკა+“-ის მკითხველებს. მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა მოვახსენო „პატრიოტთა ალიანსს“ იმ ნდობის გამო, რაც მათ ჩემ მიმართ გამოიჩენს. პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ ეს საპარლამენტო პარტია მე მენდო და ბათუმის მერობის კანდიდატად წარმომადგინა. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, მან არათანაბარ პირობებში ჩაიარა. ვგულისხმობ მმართველ და სხვა პარტიებთან შედარებით დაფინანსების საკითხს. აქედან კი იწყება წინასაარჩევნო სააგიტაციო მუშაობა, სარეკლამო საქმიანობა, ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტი, ბანერებისა და სხვათა დამზადება და მათი ამომრჩევლებამდე მიტანა. თქვენ კარგად იცით, რომ დაფინანსების მხრივ ორი პარტია იყო გამორჩეული, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია. მაგალითად, მთელი ქალაქი ამა თუ იმ პარტიისა და კანდიდატის საარჩევნო მასალებით ისეა გავსებული, როგორც ერთფეროვანი შპალერგაკრული კედელი. ბათუმში ქალაქის მერიამ სარეკლამო ფარები დაამზადა, რომლებზეც არჩევნებში მონაწილე სუბიექტების სარეკლამო მასალები უნდა გაკრულიყო, მაგრამ როცა ჩემი სარეკლამო მასალები დამზადდა, ამ ფარებზე მათ განსათავსებლად ადგილები აღარ დარჩა. _ გაკვრა მოსწრებაზე იყო? _ სწორედაც რომ მასე იყო. მინდა, ქალაქის მესვეურებს მოვუწოდო, რომ მომავალ არჩევნებზე თანაბარი რაოდენობის ადგილები გამოუყოს ქალაქში ყველა საარჩევნო სუბიექტს. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, მართალი გითხრათ, ასეთ შედეგს არ მოველოდი, თუმცა რაიმე ზეწოლა, ან ხელშეშლა წინასაარჩევნო პერიოდში არ ყოფილა. ჩემთვის ხელი არავის შეუშლია. არჩევნებმა უექსცესოდ ჩაიარა, თუმცა ბათუმის მოსახლეობა, როგორც ჩანს, ნიჰილისტურადაა განწყობილი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ. ეს ამომრჩეველთა დამოკიდებულებაში გამოჩნდა არჩევნების მიმართ. 36%-იანი გამოცხადება კატასტროფაა. ეს ნიშნავს, რომ თითოეულმა საარჩევნო სუბიექტმა მოახერხა და მხოლოდ მისი მხარდამჭერი მიიყვანა საარჩევნო უბანში. ძალიან ცუდია მოსახლეობის ასეთი პასიურობა. ეს მომავალში გამოიღებს შედეგს მერიის მუშაობისას. თუ შენ, როგორც ამომრჩეველი, ყულაბაში არაფერს ჩადებ, ანუ შენს ხმას არ მისცემ, ნურც იმის პრეტენზია გექნება, რომ იმ ყულაბიდან რაიმე მიიღო _ ანუ ქალაქის სიკეთით ისარგებლო. _ თენგიზ, თქვენ თქვით, რომ ასეთ შედეგს არ მოველოდიო. ეს რას ნიშნავს, იმედი გაგიცრუათ ამომრჩეველმა? _ არ ვარ კმაყოფილი იმ შედეგით, რაც მივიღე. 3 (სამი) ათასი ხმა მოვიპოვე იმ ქალაქში, სადაც 139 ათასი ამომრჩეველია. მარტო იმ დასახლებაში, სადაც მე ვცხოვრობ, ეს ბარცხანის დასახლებაა, 4 ათასი ამომრჩეველია, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, მე-17 სკოლაში, სადაც 1400 კაცს უნდა მიეცა ხმა, 400 ამომრჩეველი მოვიდა. აქ 250 ხმა მიიღო ხელისუფლების წარმომადგენელმა, 100 ხმა _ „ნაცმოძრაობამ“, მე კი _ 63 ხმა. ეს ნიშნავს, რომ მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებო, ჩემს დაშვებულ შეცდომებში. სხვას ვერაფერს დავაბრალებ. როგორც ჩანს, ჩემს ქალაქს, ან ჩემს უბანს ვერ გავუკეთე იმდენი, რამდენიც საჭირო იყო. არადა, მთელი ჩემი სიცოცხლე ჩემს უბანსა და ბათუმს ვემსახურები. ახლა არ ჩამოვთვლი იმ საქმეებს, რაც ყოვლად უანგაროდ მიკეთებია, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც დავუშვი სადღაც შეცდომა, ამაზე მომავალში უნდა ვიფიქრო. ვნახოთ, რა იქნება. თუ ღვთის ნებაა, მემუარებს მაინც დავწერ და იქ ყველაფერს აღვნუსხავ, რაც ჩემი ქალაქისთვის დღემდე გამიკეთებია, ან რასაც მომავალში გავაკეთებთ. მადლობა ღმერთს, ცხოვრება გრძელდება. ამირან კიღურაძე

გაზიარება