„ქრონიკა+“-თან საუბარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, არჩევნები შეაფასა:
_ ის, რაც ამ არჩევნებზე ვიხილეთ, ეს არ იყო არჩევნები _ ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, რომელიც ხელისუფლებამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაატარა იმიტომ, რომ აქ ვნახეთ უპრეცედენტო ზეწოლა მოსახლეობაზე; სადაც ვამბობ სპეცოპერაციაზე, არ ვგულისხმობ, რომ ავტომატებით იდგნენ, მაგრამ რა სპექტაკლიც ჩაატარეს და რა მექანიზმებიც გამოიყენეს, ეს იყო უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტები. მაყურებლები პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ეყენათ, რომლებიც პირადად აკონტროლებდნენ ყველა შემსვლელისა და გამომსვლელის პირად მონაცემებს, ანუ ვინ ვის აძლევდა ხმას. მასობრივად მოიყვანეს ასეთი კონტინგენტი და უკანონო ხმის მიცემის ფაქტი ფაქტზე ფიქსირდებოდა. ჩვენს ამომრჩეველს აშინებდნენ, რომ საერთოდ არ გამოსულიყვნენ არჩევნებზე და აი, ამ ვითარებაში ჩაატარეს არჩევნები. ბუნებრივია, ჩვენ ამ ვითარებაში ამ არჩევნების შედეგებს ვერანაირად შევეგუებით. შემიძლია, კონკრეტულად გითხრათ, თბილისში მთავარი ამოცანა ჰქონდათ დასახული, რომ როგორმე მეორე ტური არ დამჯდარიყო და მეორე ტური არ გაემეორებინა კალაძეს. ამისთვის იყო მომართული მთელი სახელმწიფო მანქანა. საბოლოო ჯამში, პირდაპირ 51% დაუსვეს.
_ ამას რეალურად ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ელოდა და სწორედ ამან განაპირობა მათი ნაკლები აქტივობა. ეს კი ძალიან საშიში სინდრომია.
_ არჩევნებზე არგამოცხადება?
_ ამაზე მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ. გარკვეული გეგმა გვაქვს, ვინაიდან ნამდვილად არ ვაპირებთ, ხელისუფლებას ამ თამაშში წავყვეთ და ამ სქემებს ველოდოთ მომავალი არჩევნების დროს. ჩვენი კონკრეტული დღის წესრიგი გვექნება და ამით ვიმუშავებთ. არ შევეგუებით ამ შედეგებს და არც იმას დაველოდებით, რომ 2020 წელს ხელისფლებამ იგივე ჩაატაროს. ამ ხელისუფლებამ ისე შეცვალა საარჩევნო კოდექსი და კონსტიტუცია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე შთამომავლობით ხელისუფებაში უნდა იყვნენ. სწორედ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.
_ და როგორ აპირებთ ამ უფლების „არმიცემას“?
_ როგორ და ძალიან აქტიური კამპანიით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება ჩვეულებრივი ბრძოლა იმისთვის, რომ სამართლიანი არჩევნების უფლება დავიბრუნოთ. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, შემდეგ _ საპარლამენტო... არჩევნების გარდა თვითონ არის აუცილებელი, რომ ყველა ფრონტზე მეტი აქტიურობა დაფიქსირდეს.
_ თუ აპირებთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად რაიმე სახის კონსოლიდაციას?
_ გააჩნია, რა იგულისხმება კონსოლიდაციაში. თუ ვიბრძვით იმისთვის, რომ ხელისუფლებას არჩევნები არ დავუთმოთ, ამ თემაზე ოპოზიციურ პარტიებთან კარგიც იქნება კონსულტაციები, ჩვენ საერთო სტრატეგია გვექნება ჩამოყალიბებული. რაც უფრო მეტი ოპოზიციური პარტია არის გაერთიანებული ბრძოლის სქემაში, მით უფრო ეფექტიანი შედეგი დადგება. ახლა ყველამ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობას პერსპექტივას უკლავს, რომ როდესმე არჩევნებით შეიცვალოს ხელისუფლება. ამას ყველა დონეზე უნდა ვებრძოლოთ _ როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე საკრებულოსა და ქუჩაში... რომ ყველა ფრონტის ხაზი უნდა გამოვიყენოთ, რათა ქართველ ხალხს იმედი დავუბრუნოთ.
თამარ როსტიაშვილი