QronikaPlus
„მე სამშობლოს, ჩემს გმირ ვაჟკაცებს ვჭირდები, თუნდაც იმიტომ, რომ მათი სისხლით დაწერილი ისტორია დავიცვა~

„მე სამშობლოს, ჩემს გმირ ვაჟკაცებს ვჭირდები, თუნდაც იმიტომ, რომ მათი სისხლით დაწერილი ისტორია დავიცვა~

2017-10-27 08:47:06

„ქრონიკა+“ დღეს ქართველ სამხედრო მოსამსახურე ქალზე, უფროს ლეიტენანტზე, საინჟინრო ბრიგადის, საბრძოლო მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ბატალიონის, უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ოცეულის მეთაურზე, ღირსეულ დაზე, საამაყო დედასა და სამაგალითო შვილზე _ სოფო სოფრომაძეზე მოგიყვებათ. თუ რატომ არის სოფოს ისტორია განსაკუთრებულად საინტერესო, ამას თავად მიხვდებით.   _ სოფო, საკმაოდ საინტერესო ისტორია გაქვს. მინდა, რომ ჩვენს მკითხველს მოუყვე, თუ როდის და რატომ გადაწყვიტე, სამხედრო გამხდარიყავი? _ 2008 წლის აგვისტოს ომში ერთადერთი და უსაყვარლესი ძმა დავკარგე. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვედგინა. მისი დაკარგვა ჩემთვის სამყაროს დასასრულის ტოლფასი იყო. 2 წლის განმავლობაში საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. მეგონა, ამ რეალობას ვერ გავუმკლავდებოდი. მსურდა, მეც ის ცხოვრება გამევლო, რაც მან გაიარა, თან ვფიქრობდი, რომ ეს არც ისე ადვილი იქნებოდა. როდესაც გავიაზრე, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია, ამ თემაზე მშობლებს დაველაპარაკე. მათ პირდაპირ ვუთხარი, თუ გინდათ, მეორე შვილიც არ დაკარგოთ, წინააღმდეგობა არ გამიწიოთ, ჯარში უნდა წავიდე, ჩემი ძმის გზა გავიარო და მისი დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო-მეთქი. 2010 წელს მათი და ყველას ნების წინააღმდეგ ჯარში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. ქუთაისში მესამე ქვეით ბრიგადაში დავიწყე მსახური, ლაზარეთში ვმუშაობდი. 2012 წელს თბილისში სამხედრო საინჟინრო ბრიგადაში გადავედი. ამავე წელს პირველად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, საერთაშორისო მისიაში ჩავერთე და ჰელმანდის პროვინციაში გავემგზავრე. მეორე მისია კი 2014 წელს ასევე ავღანეთში, ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე შევასრულე. 2015 წელს ოფიცერი გავხდი. დღემდე სამხედრო საინჟინრო ბრიგადაში სამედიცინო ოცეულის მეთაურის მოვალეობას ვასრულებ. _ ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს ამ გადაწყვეტილებას? _ ოჯახისთვის, განსაკუთრებით დედისთვის, ბუნებრივია, ამ ყველაფერთან შეგუება რთული იყო. მას ხშირად ჩემი ძმის სიტყვებს ვახსენებდი და ვეუბნებოდი, რომ ბედისწერა გარდაუვალია; თუმცა სამშობლოსთვის თავდადებას სიკვდილს ვერ ვუწოდებ. ჩემი აზრით, ეს გამარჯვებაა. ახლა მშობლები ჩემს საქმიანობას საოცარი ემოციით აღიქვამენ. მამასაც კი ცრემლნარევ ხმას ვამჩნევ, ხშირად მეუბნება, შენში ჩემს ორივე შვილს ვხედავო. მშობლებს მოსწონთ და ეამაყებათ, სამხედრო ფორმით რომ მხედავენ. ადრე დედა მეუბნებოდა, რამე რომ შეგემთხვეს, შენი შვილი რომ გაიზრდება, რა პასუხი გავცეო? მე კი მას ავუხსენი, რომ მან ორივე შვილი ქვეყანას გაუზარდა, რითაც როგორც დედას, შეეძლო მხოლოდ ეამაყა. მახსოვს, დედას ცრემლები წამოუვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, არანორმალური ხარო... _ რამდენად რთული იყო ახალი გარემო შენთვის? _ ახალ გარემოსთან ადაპტირება ნამდვილად არ იყო ადვილი. ზოგჯერ რთული მომენტები დღემდე მაქვს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებისა და არჩევანის სისწორეში დარწმუნებული ვარ. მე ჩემი ძმის გზა იმიტომ ავირჩიე, ვიცოდი, მისთვის რას ნიშნავდა სამშობლო, ქვეყნის სიყვარული. დედის იავნანაზე გაზრდილი ბავშვებისთვის წინაპართა ხსოვნის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამას არ ჰქონდა მოჩვენებითი ხასიათი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველაფერს დიდი სიყვარულით, გულისხმიერებით, თავდადებით ვაკეთებდით. მახოვს, როდესაც ჩემი ძმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, იმდენად კარგ გარემოცვაში იყო, სულ მასთან ყოფნის სურვილი მიჩნდებოდა. თუმცა არ დაგიმალავთ, როდესაც ჯარში მსახური დავიწყე, სხვა რეალობა აღმოვაჩინე. ბევრჯერ გული მეტკინა, არაერთხელ მიტირია კიდეც, მაგრამ ამ ყველაფერმა, ვფიქრობ, კიდევ უფრო გამაძლიერა. ტკივილმა საკუთარი თავი მაპოვნინა. ყოველდღიურად უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მე სამშობლოს ვჭირდები, ჩემს გმირ ვაჟკაცებს ვჭირდები, თუნდაც იმიტომ, რომ მათი სისხლით დაწერილი ისტორია დავიცვა. ქალისთვის რთულია ჯარში მსახური, მაგრამ ეს ხომ ჩემი არჩევანია, რომელსაც არ ვუღალატებ. მთავარია, ძალიან გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ, სწორი მიზნები დაისახო, შემდეგ დაბრკოლებასაც ადვილად გადალახავ. ცხადია, არის რაღაცები, რაც მაღიზიანებს, რაც სამართლიანად არ მიმაჩნია, მაგრამ ამასაც ცივი გონებით ვუდგები. ვცდილობ, ყველაფერს დავაკვირდე. ზოგჯერ ადამიანებს სიჩქარე და გაუაზრებელი ქმედება გვღუპავს. _ ერთი შვილი გყავს, როგორ ათავსებ სამხედრო სამსახურსა და დედობას? _ ერთი ქალიშვილი მყავს, 11 წლის ელენე. დედის როლისა და ჩემი სამსახურის შეთავსება მარტივი არ არის. ზოგჯერ მიკვირს, ამას როგორ ვახერხებ. უკვე 8 წელია, შვილს მარტო, დამოუკიდებლად ვზრდი. მე და ელენიკო, ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებით. ელენე საოცრად თბილი ბავშვია. მას უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. წარმომიდგენია, ჩემს ასაკში რამდენი რამე ეცოდინება. ჩემს შვილს კარგად ახსოვს და იცის, რა არის განგაში. ღამით, როდესაც სამსახურში გამომიძახებდნენ, მე, ელენიკო და მისი თოჯინები იქ ერთადაც წავსულვართ. ბავშვმა კარგად იცოდა, რას ნიშნავდა მოწყობა, რა დატვირთვა ჰქონდა ფორმას, იარაღს, განგაშს. ელენეს გაცნობიერებული ჰქონდა ჩემი პროფესია, რაც მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. უთქვამს კიდეც, _ მეუბნებიან, შენ ყველაზე მაგარი დედა გყავსო. ვიცი, ცხოვრებაში რთული მისია მაკისრია, თუმცა ეს ყველაფერი სიყვარულითაა განპირობებული. მიმაჩნია, რომ ქალი ან კარგი დედა უნდა იყოს, ან სამშობლოს ემსახუროს. ვფიქრობ და მეამაყება, რომ ორივე შევძელი. ჩემი შვილი იზრდება და ხედავს, რასაც მისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის ვაკეთებ. მიხარია, რომ მას ანალიზის სწორად გაკეთების, სწორად შეფასების უნარი აქვს. გასულ წელს ღამის სწავლებაში ვმონაწილეობდი, ის კი  ტელეფონით სამშობლოზე მიმღეროდა სიმღერას. ელენე ჩემი ძალა და სტიმულია. _ შენს პირველ მისიაზე რომ ისაუბრო, რამდენად რთული იყო და როგორ გაართვი თავი? _ პირველი საერთაშორისო მისია რთული იყო. მართალია, გააზრებული მქონდა, სად მივდიოდი, მაგრამ მაინც გამიჭირდა. პირველად ლეზერნეკიდან შუკვანის ბაზაზე ღამე რომ ჩავფრინდით, შიში დამეუფლა, ნაბიჯს ვერ ვდგამდი, თითქოს ირგვლივ ყველაფერი დანაღმული იყო. ნელ-ნელა შიში და დაძაბულობა გაქრა. საქმეზე ორიენტირებული გავხდი, ვცდილობდი, სამხედრო მოსამსახურეების გვერდით ამაყად დავმდგარიყავი, ყურადღება არ მომედუნებინა. ყველაფერი მაინტერესებდა. ბიჭები ძალიან მიფრთხილდებოდნენ და არც ეს მომწონდა. მინდოდა, დაბრუნებამდე ყველაფერი მენახა და ის სირთულეები განმეცადა, რასაც ჯარისკაცები გრძნობდნენ. არც ისე კარგ პირობებში ვცხოვრობდით, მაგრამ ეს დისკომფორტს არ მიქმნიდა. მე იქ ერთგული და გაუტეხელი ადამიანები გავიცანი. 8-წლიანი მსახურის პერიოდში 12 ბატალიონთან მუშაობა ჩემთვის ყველაზე რთულ გამოწვევასა და ჭეშმარიტ ადამიანებთან შეხვედრასთან ასოცირდებოდა. ყველგან მათ გვერდით ვიყავი. ამ თემაზე შემიძლია, უსასრულოდ ვისაუბრო და იქ გატარებული ყოველი დღე და საათი დეტალურად გავიხსენო. როდესაც ჯარისკაცების სახეს ვიხსენებ, ცრემლი მომდის. _ რას ნიშნავს შენთვის სამშობლო? _ სამშობლო ჩემთვის ყველაფერია. ის ჩემშია და მე მასში. სამშობლო ჩემი ტკივილია. მახსოვს, მე-5 კლასის მოსწავლე ვიყავი, სამშობლოს შესახებ თავისუფალი თემა დავწერეთ. მასწავლებელმა ჩემი ნაწერის წაკითხვისას ცრემლები ვერ შეიკავა და ნიშანი ერთდროულად ორ გრაფაში დამიწერა. სამშობლო ყველაფერია, თუმცა ამას ბევრი ვერ ითავისებს. ბევრ ღალატს ვხვდებით ირგვლივ. ზოგჯერ შეგრძნება მაქვს, ყველაფერი მხოლოდ ზედაპირული სიტყვები და სიყალბეა. მეორე მხრივ, ისიც მესმის, რომ სამშობლოს მეც წარმოვადგენ. მინდა, სამაგალითო მოქალაქე  ვიყო, პირველ რიგში, ჩემს ერსა და ქვეყანას გამოვადგე, იმ ქვეყანას ვემსახურო, სადაც ჩემი შვილი იზრდება და  მისი შთამომავალი გაიზრდება. თუ ადამიანი საკუთარი ქვეყნის ისტორიას იცნობს, მაშინ ისიც იცის, როგორ შეიძლება ემსახუროს და უყვარდეს იგი. _ რაზე ოცნებობ? _ ერთადერთი, რაზეც ვოცნებობ, არის ის, რომ ადამიანებმა ერთმანეთის სიყვარული შევძლოთ. ამის გარეშე არაფერი გამოგვივა. ვერც იმ სანუკვარ ოცნებას ავისრულებთ, რასაც ერთიანი, დამოუკიდებელი, გაბრწყინებული საქართველოს ხილვა ჰქვია. სწორედ ამას მინდა სიკვდილამდე მოვესწრო. თუ ჩემს სიცოცხლეში ეს არ განხორციელდება, ვიტყვი, რომ რეალურად არც მიცხოვრია. ჩემი მეორე ოცნება შვილს უკავშირდება, მინდა, მას მუდამ ღიმილიანს ვხედავდე და, შეძლებისდაგვარად, ყველაფერი გავუკეთო, შევუნარჩუნო ბავშვობა. მე თუ კარგი დედა ვერ ვიქნები, მაშინ სათანადოდ ვერც სამშობლოს გამოვადგები.   მარიამ ბაშარული

გაზიარება