QronikaPlus
ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა შიდა ქართლში?!

ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა შიდა ქართლში?!

2017-10-08 06:55:15

„სკამები ვერ გეინაწილენ...“   „შენების მოძრაობის“ წარმომადგენლის, სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, კახა და დიტო სამხარაძეები, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელზე ზეწოლას ახორციელებდნენ და დავით ონიაშვილისგან გადადგომას მოითხოვდნენ.   კახა სამხარაძე მხარის გუბერნატორად 2017 წლის თებერვალში დაინიშნა, დიტო სამხარაძე კი საქართველოს პარლამენტის წევრია. „კახა სამხარაძე, ჯერ კიდევ, არ იყო გუბერნატორი, ონიაშვილისგან გადადგომას რომ ითხოვდა. პროცესებში „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც იყვნენ ჩართული. ისინი შუა ღამისას მივიდნენ ონიაშვილის ოჯახში და სახლში მარტო მყოფი ქალბატონები დააშანტაჟეს, რათა ონიაშვილს თანამდებობა დაეტოვებინა“, _ აღნიშნა ვახტანგაშვილმა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოსო ვახტანგაშვილის ნათქვამს ადასტურებს და აცხადებს, რომ სამხარაძეების მხრიდან ზეწოლა ნამდვილად იყო. „სამხარაძეები ჩემგან გადადგომას მოითხოვდნენ, თუმცა არგუმენტები არ ჰქონდათ, რატომ უნდა დამეტოვებინა თანამდებობა“, _ ამბობს ონიაშვილი და დასძენს, რომ დავალება „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან მოდიოდა. „სახლში არაერთი ვიზიტი იყო. კახა სამხარაძე მოდიოდა და უპირობოდ გადადგომას მთხოვდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კახა სამხარაძე იყო შიდა ქართლის პარტიული კოორდინატორი და ამ სტატუსს იყენებდა. ბუნებრივია, ეს არ იყო მხოლოდ კახა სამხარაძის იდეა, მასაც ავალებდნენ. ეს ყველაფერი ხდებოდა იმიტომ, რომ შიდა ქართლში საკუთარი კადრები მოეყვანათ, რათა ადგილობრივ დონეზე „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება ემართა, როგორც მათ სურდათ“, _ აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა. მისი თქმით, სამხარაძეებს დავით ონიაშვილის პირველ მოადგილედ ლევან ჟღენტის დანიშვნა სურდათ, რომელიც გადადგომის შემთხვევაში ონიაშვილს ჩაანაცვლებდა. „მეთოდები, რომელსაც სამხარაძეები იყენებდნენ, შეიძლება ითქვას, რომ არის ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა შიდა ქართლში“, _ ამბობს ვახტანგაშვილი. „ქრონიკა+“-თან საუბარში შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ონიაშვილისა და ვახტანგაშვილის ბრალდებები უარყო და პროცესებში დიტო სამხარაძის მონაწილეობა საერთოდ გამორიცხა. „ეს ყველაფერი სიცრუეა. მე ვერ მივიღებ მონაწილეობას, რომ ონიაშვილმა დაჩაგრულისა და ტანჯულის მანტია მოისხას“. თავად დიტო სამხარაძის თქმით, ის დავით ონიაშვილს იცნობს, მას არაადეკვატურ პიროვნებად მიიჩნევს, ხოლო მის საუბარს ბოდიალს უწოდებს. „მაგ კაცთან დაკავშირებით, ძალიან გთხოვთ, ნუ მელაპარაკებით. როცა ვინმეს რამეს ვაიძულებ, რაღაც შესაბამისი სტატუსი უნდა მქონდეს. არასერიოზულია ონიაშვილის ბჟუტურსა და ნაბოდვარზე საუბარი“, _ დასძინა მან. დიტო სამხარაძემ დაადასტურა, რომ ჟღენტი გუბერნიის აპარატში მუშაობს. „ჯერ გადადგომას ვაძალებდი, შემდეგ ლევან ჟღენტის დანიშვნას ვაძალებდი, კიდევ რას ვაძალებდი? იმასაც ხომ არ ვაძალებდი, კანდიდატურა დაეყენებინა და „ქართული ოცნება“ მტრად გამოეცხადებინა?“ _ კითხულობს დიტო სამხარაძე. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, დავით ონიაშვილი პირდაპირი წესით გორის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებმა გამგებლად 2014 წელს აირჩიეს. მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ონიაშვილისა და გუბერნატორ სამხარაძის დაპირისპირების შესახებ, რომელიც გამგებელმა დაადასტურა, თუმცა კახა სამხარაძემ უარყო. დავით ონიაშვილი მოქმედი გამგებელი და „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატია.   მალხაზ მიქელაძე  

გაზიარება