თბილისის ზღვიდან აყრილი მოსახლეობა, გასართობ ცენტრებად გადაქცეული სასაფლაოები და გახარჯული მილიონები
კომისიას, რომელსაც თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული უნდა გამოევლინა, თბილისის ვიცე-მერი _ ლაშა აბესაძე ხელმძღვანელობდა. აბესაძე დღეს სასჯელს იხდის თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ქრთამის აღებისა და ერთ-ერთ კომპანიასთან კორუფციული გარიგების მუხლით. ოღონდ არა დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებასთან მიმართებით. სწორედ აქ იმარხება ძაღლის თავი, _ რატომ არ გამოიძიეს იმ კომისიის მუშაობა, რომელმაც დედაქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული კონკურსი გამოაცხადა, ჩაატარა, გამარჯვებულები გამოავლინა და დააფინანსა?
ამ კომისიას ლაშა აბესაძე კურირებდა.
კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოცხადდა და 11 მონაწილიდან საფინალო ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო, ექვსიდან კი კომისიამ, განხილვის შედეგად, სამი გამარჯვებული გამოავლინა.
კონკურსში შემდეგმა კომპანიებმა გაიმარჯვეს: პირველი ადგილი „თბილისი ჯგუფის“, „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და „Aლბერტ შპეერ & Pარტნერ GმბH“-დან ნიკოლოზ ჭეიშვილისა და მამუკა სალუქვაძის მიერ წარმოდგენილმა ერთობლივმა პროექტმა დაიკავა; მეორე ადგილი _ „არტსტუდიო პროექტის“, „Mეტროგრამმა Mობილიტყ ინ ჩჰაინ“-ის, „Aეცომ“-ისა და გიორგი სულაბერიძის ერთობლივმა ნამუშევარმა, ხოლო მესამეზე შპს „გეოგრაფიკის“, „KჩAP“-ის, „Bუროჰაპპოლდ Eნგინეერინგ“-ის, „შტუდიო 21“-ისა და გიორგი გოცირიძის კოლექტიური პროექტი გავიდა
(„ქრონიკა+“ თავის მომდევნო პუბლიკაციებში თითოეულ კომპანიაზე მოგაწვდით ინფორმაციას: ვინ არიან, ვინ დგას მათ უკან და რა დამსახურებისთვის ანდეს მათ თბილისის გენგეგმის შემუშავება?).
პირველ ადგილზე გასულ კომპანიას მერიამ ხელშეკრულება იმ პირობით გაუფორმა, რომ კომპანია 18 თვეში მიწათსარგებლობის სრულყოფილ გენერალურ გეგმას წარადგენდა
(თუ რა სრულყოფილია, ამას ქვემოთ ვიხილავთ). აქვე დავძენთ, რომ კონკურსის გამოცხადება „ცარიელ“ ადგილას არ მომხდარა. მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში დადო და სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა ახალი გენგეგმის პროექტის შემუშავების აუცილებლობა. ლაკონიურები ვიქნებით და პირდაპირ ფინანსებზე გადავალთ: თავდაპირველად პროექტის ღირებულება მომსახურების სეგმენტში 400 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. წინასაპროექტო მოსაზრების შესყიდვის ღირებულება პირველი ადგილისთვის განისაზღვრა 50 000 ლარით, მეორე ადგილისთვის _ 30 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილისთვის _ 20 000 ლარით.
გენგეგმის შემუშავება-განახლების პროცესში ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Pჭჩ (Pრიცეწატერჰოუსეჩოოპერს), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ-ორლეანისა და რიჰარდის გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, ამ დროისთვის Pჭჩ ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს.
იმდენად, რამდენადაც „ქრონიკა+“ ამჯერად ესკლუზიურ მასალას და თბილისის გენგეგმის გაუხმაურებელ დეტალებს გთავაზობთ, ჯერ გადავხედოთ, რა იყო ცნობილი, კერძოდ, რა გამოფინეს საჯაროდ გენგეგმის დამტკიცებამდე დედაქალაქის მესვეურებმა მედიით (ასე უფრო ადვილად შევადარებთ, თუ რას უმალავენ მოსახლეობას).
მაშ, ასე! გენგეგმის მიხედვით, 2030 წლამდე, თბილისის ისტორიულ უბნებში აიკრძალება მაღალსართულიანი მშენებლობები (ეს ისედაც აკრძალულია, უფრო სწორად, ზღვრული კოეფიციენტია დაწესებული, რომელსაც, პირველ რიგში, ისევ მერია არღვევს და უკანონო ლიცენზიებს გასცემს). რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადავა და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები მოეწყობა (და რა არის ამაში ახალი, 2007 წლის უგულავას პროექტი, რომელიც, თავის მხრივ, ზოდელავას მერობის დროს შემუშავებული მიწათსარგებლობის პროექტის მონახაზს იმეორებს. რეკრეაციული ზონების მოწყობას რაც შეეხება, ამაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ). ახალი გენგეგმის მეშვეობით იგეგმება საცობების პრობლემის მოგვარება, გამწვანების ერთიანი სისტემის შემუშავება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, თბილისის პოლიცენტრულ ქალაქად გადაქცევა...
კონკრეტიკას აქ ნუ ეძებთ, ვერ იპოვით!
ახლა კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებულის, მამუკა სალუქვაძის კომენტარი გვინდა შემოგთავაზოთ:
„ჩვენ არც ერთ პროექტზე არ გვითქვამს, რომ ეს აუცილებლად ასე გაკეთდება და ჩვენი თვალსაზრისი გადამწყვეტი იქნება. ყველა საკითხი და პროექტი იქნება მხოლოდ ექსპერტიზის, შეფასების, ანალიზის, ექსპერტებთან შეთანხმებისა და საჯარო განხილვის შედეგი. ამიტომ ვაპირებთ, ყველაფერი საჯაროდ განვიხილოთ“.
ანუ, თბილისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა, გამარჯვებულები გამოავლინა, სოლიდური ფულადი პრემიებით დააჯილდოვა, დაიწყო გენგეგმის პროექტის შემუშავება, ამისთვის გამოიყო 400 ათასი დოლარი, ჩაერთო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია (ამაზეც ქვემოთ), რომლის პრაისი იწყება 50 000 ამერიკული დოლარიდან და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ „ჩვენ არც ერთ პროექტზე არ გვითქვამს, რომ ეს აუცილებლად ასე გაკეთდება და ჩვენი თვალსაზრისი გადამწყვეტი იქნება. ყველა საკითხი და პროექტი იქნება მხოლოდ ექსპერტიზის, შეფასების, ანალიზის შედეგი...“
ეს კიდევ არაფერი! ახალი გენგეგმის მიხედვით სასაფლაოები პარკებად და სკვერებად უნდა გადაკეთდეს, სადაც ისევე ისეირნებთ, როგორც მუშტაიდის ბაღში. არ გჯერათ?! სულ ტყუილად _ გენგეგმის ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს დახურული და ღია სასაფლაოების გამწვანებისა და მისი პარკად ქცევის საკითხს. ის არ უნდა იყოს ქალაქისგან მოწყვეტილი და ჩაკეტილი სივრცე. იმის მიუხედავად, რომ სასაფლაო განსაკუთრებული ფუნქციის მატარებელია, უნდა დაემატოს რეკრეაციული ფუნქცია და აღიჭურვოს საქანელებით, შადრევნებით, კაფე-ბარებით და ა. შ. მაგალითიც მოჰყავს გენგეგმის ჯგუფს, რომ ვერის პარკი 1898 წლამდე სასაფლაო იყო, ხოლო კანონი ბერლინის სასაფლაოების შესახებ სწორედ ამას ითვალისწინებს. ამას ხსენებული ჯგუფი „თბილისის სასაფლაოს განვითარების გეგმის“ პროექტს უწოდებს და ასე აპირებს სასაფლაოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
თავად ამ ტერმინს დაუკვირდით _ სასაფლაოების ინფრასტრუქტურა. როგორც ჩანს, მერიას ამასთან დაკავშირებით ჯერ ეკლესიის აზრი არ მოუსმენია. არც საპატრიარქოს სმენია „სასაფლაოების განვითარების გეგმის“ შესახებ, ჯერჯერობით. ასე რომ, სანახაობა წინ გველის!
გენგეგმის შემუშავების პროექტზე საუბრისას ცალკე თემაა მერიის მიერ არჩეული აუდიტორული კომპანია, რომელსაც „ქრონიკა+“ ცალკე წერილს მიუძღვნის, კერძოდ, იმ საერთაშორისო სკანდალებსა და სასამართლო პროცესებს, რაშიც ეს კომპანია გახლავთ გახვეული. საუბარია „ფრაის ვოთერ კუპერზე“.
გენგეგმის შემუშავების პროცესში სწორედ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Pრიცეწატერჰოუსეჩოოპერს-ია ჩართული. როგორც მერიის პრესრელიზში ვკითხულობთ, ის მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ-ორლეანისა და რიჰარდის გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, ამ დროისთვის Pჭჩ ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს.
რა საინტერესოა! როგორც ჩანს, იგივე ევროპაში გაჩაღებულ სასამართლო პროცესებზე Pრიცეწატერჰოუსეჩოოპერს-თან დაკავშირებით მერიას არაფერი სმენია. სულ ახალი სკანდალი, 2017 წლის, აგერ ყურის ძირში _ უკრაინაში მოხდა. ერთ-ერთმა უმსხვილესმა საბანკო ქსელმა შეცვალა აუდიტორი Pრიცეწატერჰოუსეჩოოპერს, ვინაიდან, მათი თქმით, მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები არ ასახავდა რეალობას.
შორს აღარ წავალთ. უფრო დიდ სკანდალებს „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.
და მაინც, Pრიცეწატერჰოუსეჩოოპერს-ის სკანდალებზე მთავარი სკანდალი არის მერიის მიერ უცხოური კომპანიის არჩევა მთავარ აუდიტორად ამ ეროვნულ პროექტში და არა ქართული.
საქართველოს კანონმდებლობის 360-ე დადგენილებით, მთავრობა ირჩევს რამდენიმე კერძო აუდიტორულ კომპანიას, რომელთანაც აფორმებს ე.წ. მემორანდუმს და ბიუჯეტის სრული დაფინანსებით ავალებს მათ ამა თუ იმ ორგანიზაციის, ანდა უწყების აუდიტორულ შემოწმებას. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილმა ამ ნუსხაში შეიყვანა ჯერ ხუთი, შემდეგ კი ათზე მეტი აუდიტორული კომპანია. ხსენებული სია არ შეცვლილა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ.
2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით ხსენებულ ჩამონათვალს მხოლოდ ერთი კომპანია, ასევე საერთაშორისო სტატუსის მქონე ჰოლდინგი „ფინანსური მართვის ჯგუფი (FMG) ემატება. კომპანია მსოფლიოს ხუთეულში შედის და მისი ამ სიაში მოხვედრა ივანიშვილის ინიციატივით მოხდა. 2017 წლისთვის კომპანიების ჩამონათვალი, რომელსაც უფლება ენიჭება, სახელმწიფო ქონება შეამოწმოს და შეაფასოს, 12-დან 17 გახდა.
ახალი გენგეგმის მიხედვით, თბილისის ზღვის მიმდებარე სახლებისა და კოტეჯების მშენებლობა აიკრძალება. მაგალითად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეკოქალაქის _ „ჯინო გრინ სითის“ მშენებლობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, გასართობი და სავაჭრო ობიექტების განვითარებას და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, სავარაუდოდ, შეჩერდება. ჩამოერთმევა თუ არა იქ მცხოვრებ ხალხს მიწები, სახლები, აგარაკები და ა. შ., ეს უცნობია.
„ქრონიკა+“-ს თბილისის გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძის ჩაწერის საშუალება არ ექნებოდა, რომ არა სამხატვრო აკადემიაში გამართული დახურული სხდომა (არა მედიისთვის), სადაც დავით ნარმანიაც იმყოფებოდა.
მერაბ ბოლქვაძე:
_ მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის ადგილობრივმა მმართველობამ 2009 წელს მიიღო. თუმცა ამ გეგმის განახლების საჭიროება ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების კვალდაკვალ შეიქმნა. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება-შემუშავება მეტად მრავალმხრივი და რთული პროცესია. საპროექტო სამუშაოები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში პროექტში 70-ზე მეტმა სხვადასხვა დარგის ქართველმა თუ უცხოელმა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი პრობლემები, რაც ქალაქს ჰქონდა და დღესაც აქვს. ეს არის, პირველ რიგში, საცხოვრებელი გარემოს გაუარესება, ლანდშაფტის ხელყოფა, საჯარო რეკრეაციული სივრცეების შელახვა, ტრანსპორტის ძალიან დიდი პრობლემები... ყველა ამ საკითხს გადაწყვეტა სჭირდება და როდესაც მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე არის საუბარი, სავსებით მისაღები სათაური გავაკეთეთ, _ ეს არის განახლება და ჩვენი ჯგუფი ეთანხმება, რომ გენერალური გეგმა ისეთი დოკუმენტია, რომელშიც ჩვენი წინამორბედი კოლეგების ნააზრევიც უნდა იყოს გათვალისწინებული. განახლება არის ის, რაც მართებულია მემკვიდრეობის თვალსაზრისთ, რომ ეს არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული პროექტი.
_ რა ხელის შემშლელ წინაპირობებზეა საუბარი?
_ ძალიან მოკლედ გეტყვით იმ წინაპირობებზე, რაც დაგვხვდა. ჩვენ _ ქალაქმშენებლებმა და არქიტექტორებმა დავიწყეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი მასალით, რაც არის ქალაქგეგმარებითი საყრდენი რუკა. ჩვენ სწორედ ასეთი დოკუმენტაცია შევქმენით და ეს გახლავთ საკმაოდ ზუსტი დოკუმენტი. იქ ყველაფერია დატანილი: კავშირგაბმულობები, სკოლები, აფთიაქები, ინსტიტუტები და ა. შ. აქ დატანილია ასევე გამწვანებული ტერიტორიები არსებული მდგომარეობით. იგი აუცილებელია საბაზისო გადაწყვეტილებებისთვის. პერსპექტივაში, როდესაც მიწათსარგებლობის გეგმაზე სხვა ჯგუფები იმუშავებენ, მათ ექნებათ შედარებითი ანალიზისთვის ძალიან კარგი მასალა, რომ ნახონ, რა ცვლილებები მოხდა, რა ტენდენციებია. საყრდენი რუკის დამუშავების პერიოდში ყველა თემატური მიმართულება განიხილება, მაგრამ ის წინაპირობები, რაც ქალაქს დახვდა და რაც ჩვენ გადაწყვეტილებებში უნდა დაგვესახა, ის სამწუხარო გარემოებებია, რაც ქალაქს ჰქონდა გაცემული ნაკვეთების სახით.
_ რა სამწუხარო გარემოებებზე საუბრობთ?
_ თბილისში არ დარჩა ტერიტორია, სადაც არ არის გაცემული მიწის ნაკვეთი. გასცემდა გარდაბანი, გასცემდა მცხეთა, თვითონ ქალაქი, ბევრი ასეთი ტერიტორია და ნაკვეთების უმეტესობა გახლავთ რეკრეაციულ ზონებში. სწორედ ეს გახლავთ ის მძიმე წინაპირობა, რაზეც გადაწყვეტილებები უნდა მიგვეღო. დავით ნარმანიამ მონაცვლეობა ახსენა და ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს ნელ-ნელა ქალაქს რეკრეაციული ზონები. პირველი რუკა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო უსისტემოდ გაცემული ნაკვეთები. ფოტოებს მოგცემთ, სადაც ნახავთ, თუ როგორ არის ეს ნაკვეთები განვითარებული დღეს. თანაც ამ ნაკვეთების 20 პროცენტია მხოლოდ ათვისებული, ანუ სამშენებლო განვითარების ქვეშ. სამაგიეროდ, ძალიან დიდი ტერიტორიებია ისეთი, რომელიც არ არის განვითარებული, თუმცა ზოგს მშენებლობის ნებართვა აქვს, ზოგს _ არა.
_ ქონება ხელშეუხებელია, ბატონო მერაბ?
_ ქონება ხელშეუხებელია, მაგრამ მასზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ქალაქმა. სამწუხაროდ, ასეთი მემკვიდრეობა გვაქვს 1997-1998 წლიდან, ჯერ კიდევ, მაშინ, როდესაც მიწები გაიცემოდა, იქიდან მოყოლებული ძალიან ბევრი არის ასე დანაწევრებული და ძალიან ბევრი გახლავთ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. შემდეგი მნიშვნელოვანი არგუმენტი _ ქალაქში მოხდა ტერიტორიების ფრაგმენტაცია. ქალაქგეგმარებითი სტრუქტურის სიმკვრივე დაირღვა, ცალკეულ ადგილებში მოხდა ტერიტორიების ამოგდება და ეს ძირითადად იყო საწარმოო ტერიტორიების სახით _ ბრაუნფილდები და ყოფილი საწარმო ტერიტორიები, რომელიც დღეს აუცილებლად მოითხოვს პერსპექტივების რეორიენტაციასა და განვითარებას, მათზე ხედვა გვაქვს. ძალიან დიდია ამ ტერიტორიების რაოდენობა, დაახლოებით 800 ჰა-ზე მეტი. არადა, რომ წარმოიდგინოთ, რა ტერიტორიებზეა საუბარი! ესენია: ვარკეთილის განაშენიანებები რომ აიღოთ ხუთივე მიკრორაიონი და შეართოთ, დაახლოებით, 194 ჰა ჩვენ კი ვსაუბრობთ 4-ჯერ მეტი ტერიტორიის ლაქაზე, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა უბანშია განფენილი; საწარმო ტერიტორიები ჩამოყალიბდა ავჭალის, დიდუბისა და სამგორის საწარმოო არეალებში და ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით ქალაქმა აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები რეგულირების გეგმის სახით. ეს უკანასკნელი კი პირდაპირ გენერალური გეგმიდან უნდა წაიკითხონ. ამან გამოიწვია სწორედ ქალაქის ფრაგმენტაცია.
_ ცენტრალურ უბნებში სრული ქაოსია, ამაზე რას გვეტყოდით და კიდევ „ელიავას ბაზრობის“ საკითხი?
_ „ელიავას ბაზრობის“ ქალაქგარეთ გადატანას რაც შეეხება, თავიდან წინადადება მუშავდებოდა, რომ მომზადებულიყო ტერიტორიები, სადაც ეს ბაზრობა გადავიდოდა. გვინდა, რომ აქ რეკრეაციული ტერიტორია განვავითაროთ. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ დიდუბეს დიდი პრობლემები აქვს მწვანე სივრცეებთან დაკავშირებით. ყველას ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ ბაზრობას კერძო მესაკუთრეები და მეწილეები ჰყავს. საკითხი რთულია, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ და რამდენჯერმე შევიკრიბებით, რომ ეს საკითხი ერთობლივად გადავწყვიტოთ.
ასევე ხელყვეს სკოლების ტერიტორიები. აქ არის ნუცუბიძის ქუჩის არეალი, სადაც სკოლის ტერიტორიების ნაწილი ჩამოიჭრა, იქ კორპუსები აშენდა, დაირღვა ნორმატიული მაჩვენებელი და შედეგად სკოლის ტერიტორიებს აღარ აქვთ განვითარების რესურსი, რეკონსტრუქციაც არ შეუძლიათ, ამიტომ ეს ძალიან ცუდი მაგალითია და მოსაფიქრებელია, თუ რა უნდა მოვუხერხოთ ასეთ საჯარო სივრცეებს. კატეგორიულად დაუშვებელია საბავშვო ბაღებისა და სკოლების ტერიტორიების ხელყოფა. ყველაზე დიდი ფრაგმენტები ამ კუთხით არის ნუცუბიძის ქუჩა.
როდესაც ვლაპარკობთ რეკონსტრუქციის რაიონებზე, მაგალითად, ნაძალადევის რ-ზე, რა თქმა უნდა, კოეფიციენტის მატება იქნება, იმიტომ რომ იქ კოეფიციენტი არის 0,8-1-მდე, ბუნებრივია, ეს ქალაქმა გონივრულად რომ გამოიყენოს, იქ ნამდვილად მოიმატებს კოეფიციენტი. ჩვენ გვინდა, ერთიანი პროექტებით განვითარდეს და არა ცალკეული ნაკვეთებით, რაც შემდეგ ბევრი ქალაქგეგმარებითი ფაქტორის გაუთვალისწინებლობას იწვევს. კვარტლებზე გადაფარული ერთიანი მთლიანი რეგულირების გეგმებით, სადაც გათვალისწინებული იქნება სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღი, საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ამაზე ცალკე კვლევა უნდა ჩატარდეს (და ცალკე ფული გამოიყოს, _ რედ.). რას ვიზამთ, როდესაც დიდი ტერიტორიების განვითარებაზე ვლაპარაკობთ, ყველაფერი ეს გასათვალისწინებელია. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოწოდებულია, რომ შეიქმნას შემდეგი ეტაპის პროექტები _ ეს არის რეგულირების გეგმები. და თუ ინვესტორი იქ ცვლილებას არ აპირებს, მაშინ რეგულირების გეგმა არ სჭირდება. ამას იმიტომ ვაცხადებთ, რომ არ გვინდა, ისეთი სურათი შეიქმნას, თითქოს ქალაქში მშენებლობების შეჩერება გვსურს. იქ, სადაც არსებითი ცვლილება არ ხდება, მერიის არქიტექტურის სამსახურს შეუძლია, არსებითი ცვლილების გარეშე დაუშვას განვითარება. იქ, სადაც ცვლილება ხდება და 2-3-სართულიან გარემოში 4-5-სართულიანი შენდება, ბუნებრივია, იქ რეგულირების გეგმები აუცილებელია. არსებობს ნორმატიული დოკუმენტი ასეთი შენობების დაშორებების შესახებ და ესეც დროულია, ზედ სკოლებისა და საბავშვო ბაღების ღობეზე რომ არის კორპუსები. ქალაქში მოქმედებს განაშენიანების რეგლამენტი და რეგულირების წესები. ჩვენი ეს მაჩვენებელი ცოტა უფრო გადაჭარბებულია, ვიდრე ფრანგული და გერმანული ნორმები. მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენ ყველა საცხოვრებელი უბანი გავაანალიზეთ, გამოვლინდა რაიონები, სადაც ნორმა აშკარად გადაჭარბებულია ნორმატიულ წვდომასთან შედარებით. ყოველი ჰექტარი იტანს მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას. ნორმატიული მაჩვენებელიც ასეა _ მოსახლეობაზე გადაყვანილი. ჩვენს ნორმატიულ აქტებში პირდაპირ არის მითითებული, რომ ერთ ჰა-ზე 300 ადამიანზე მეტის ცხოვრება არ შეიძლება. მაგალითად, გერმანულ და ფრანგულ ზონაში 300 მაქსიმალური მაჩვენებელია და საშუალო იქ არის 150-160 კაცი ჰა-ზე, დაბალი ინტენსივობისთვის კი, ანუ ინდივიდუალური განაშენიანებისთვის, ეს გახლავთ 50-70 ადამიანი ჰა-ზე. და ეს არის ძალიან სწორი მოთხოვნა, რათა ადამიანებმა ნორმალურ გარემოში იცხოვრონ და არ დაირღვეს ეს პირობები, სწორედ აღნიშნული მაჩვენებელი უნდა დავიცვათ. თბილისის პირობებში, როცა საცხოვრებელ უბნებს გადავხედეთ, მაქსიმალური მაჩვენებელი 7-8 დიდ ლოკაციაზე გამოვიდა 300 კაცი ჰა-ზე. გავაკეთეთ ჩამონათვალი, თუ სად გაუარესდა საცხოვრებელი გარემო. ამიტომ პირველი დღეებიდანვე, როდესაც ასეთი ანალიზი გავაკეთეთ, მერიას მოვთხოვეთ, სასწრაფოდ შეზღუდულიყო კოეფიციენტების შეძენა და გაყიდვა. მოხარულები ვართ, რომ მერიამ ეს გაითვალისწინა და უკვე წელიწადნახევარია, რაც ცალკეულ ნაკვეთებზე კოეფიციენტებს არ უმატებენ.
(„ქრონიკა+“ წარმოგიდგენთ რამდენიმე თვის წინათ მინიჭებულ კოეფიციენტებს და ლიცენზიებს)
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თამარ როსტიაშვილი