ბავშვზე იტყვიან, _ გასდის და ტირისო. აი, ბიძინას ტირილის გარეშეც დაშხოშიანად გასდის. იმას აკეთებს, რაც უნდა და როცა უნდა. ქალაქს შიგ გულში პანორამა გაუყარა, ახლა მიმდებარედ 1 900 კვადრატული „მეტრო“ მიწა მოზომა, საკრებულოში შეყრილ ლაქიებს მიწაზე სტატუსი შეაცვლევინა და სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად ისაკუთრებს. იქ, კიდევ, ბოტანიკურ ბაღში, 1 ჰა მიწას დაადგა თვალი და იმის გადაცემასაც ითხოვს. არ გეგონოთ, მხოლოდ მიწებს ეპოტინება, ზღვისკენაც მიუწევს გული და აგერ ბათუმში, პლაჟი დაითრია.
ბათუმის საკრებულომ 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ ბიძინას კომპანიას 6 ათასი კვადრატული მეტრი მიწა დაუკანონა სანაპირო ზოლში. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ბიძინამ პლაჟი მიითვისა. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ პლაჟი გაუსხვისებელი ტერიტორიაა და ამ გადაწყვეტილების მისაღებად, მინიმუმ, 17 ხმა იყო საჭირო და არა _ 11. პლაჟი რომ გაუსხვისებელი ტერიტორიაა, ეს ბათუმის საკრებულოს თავჯდომარემ, ვინმე სირაბაძემაც ამოღერღა, მაგრამ იქვე მწნილში ჩადებული ნიახურივით ამოაყოლა, _ სამართალში ვერ ვერკვევიო. რა ქნას, ნარმანიასი არ იყოს, მოჯამაგირე ბიჭია და ბატონის ბრძანებების ენაშეუბრუნებლად შესრულებაში ერკვევა მხოლოდ.
ბიძინას გასდის და აკეთებს. გასდის იმიტომ, რომ საზოგადოება ძუძუს გოჭივით გატრუნულია. საზოგადოებას, რომელსაც ყველა სიახლე თვალში ეჩხირებოდა, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ახლა თბილისის გულში, მის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ ნაწილში უჩუმრად იტანს კუბოსავით დადებულ, ყოვლად უგემოვნოდ დატალღულ პანორამას და არც ის აღელვებს, რომ აქ, თბილისის გულში, სადაც გოჯი მიწა ცეცხლის ფასია, მილიარდერი მიწას ერთ ლარად ისაკუთრებს! ამ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ გვექნება პრეტენზიები ოპოზიციასთან _ ვერც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ვერც ევროპულ საქართველოსთან, ენმ-ის მერობის კანდიდატიც შეუვარდა „ქოცებს“ საკრებულოში და „ევსაქოს“ კანდიდატიც, ორივე ძალით გაიყვანეს ნატა ფერაძესთან ერთად.
როდესაც ნატა ფერაძის აქტივობას ვუყურებ, ერთი კითხვა მიჩნდება საზოგადოებასთან: უკაცრავად და ვახტანგ გორგასალმა თბილისზე ზრუნვა მარტო ნატა ფერაძეს უანდერძა? სად დედითქვენის ბიბლიოთეკაში მიაგენით ამ ანდერძს და ხელები დაიბანეთ თბილისზე? საკრებულოდან ძალით გაიყვანეს ელენე ხოშტარია, მანამდე ზალიკო უდუმაშვილი, მარტოოდენ მესამე კანდიდატი _ ალეკო იჯდა აუღელვებლად და მერი შერვაშიძესავით ეჭირა თავი. მერე თავიც იმართლა, ჩემს კონკურენტებს დარბაზში შემოსვლა უნდოდათ და იმაზე ჩხუბობდნენ, მე დარბაზში ვიყავი და რაზე მეჩხუბაო? ხო, ალეკო, ლაკას და ზალიკოს, რატომღაც, თქვენი ნახვა მოესურვილათ და იმიტომ იწევდნენ დარბაზში! უნდა გეჩხუბა იმაზე, რის გამოც ისინი ცდილობდნენ დარბაზში შემოჭრას! მაგრამ ალეკო უბნობს, _ სხდომის ჩაშლა მეც მინდოდა, მაგრამ არ იყო ჩემი საჩხუბარიო. ამას ამბობს კაცი, რომელიც ყველაფერზე ჩხუბობდა იმ სისხლიანი ცხრა წლის დროს, თუ მას მერე... გადაბრუნდა ურემი, შეუცვალეს მიწას სტატუსი და მერეღა აბობოქრდა, _ საკრებულოს ვტოვებ და სხვებსაც მოვუწოდებ, ჩვენ იქ შესვლის უფლება აღარ გვაქვსო. ცოტაც მოგეცადა და იქ შესვლის უფლება ისედაც აღარ გექნებოდა, არჩევნები კარსაა მომდგარი.
რაც საქნელი იყო, ის ქნეს და ხელი არ შეუშალე და ახლა გინდა შედი, გინდა გამოდი, გინდა აბდუშაჰილივით გარშემო უარე.
უკვე ვთქვი, ამ შემთხვევაში, ოპოზიცია აკეთებს იმას, რაც უნდა აკეთოს, მაგრამ საზოგადოება აკეთებს იმას, რაც უნდა აკეთოს? არადა, სწორედ ამიტომაც ბიძინას სულ პინგვინის ნისკარტზე ჰკიდია ოპოზიციის წინააღმდეგობა და მათ ხტუნაობად, ერთგვარ „ფიზზარიატკად“ ეჩვენება. იცის, რომ გაუვა და ამიტომაც მიიმღერის, მე ვარ და ჩემი ნაბადი! იცის იმიტომ, რომ აქამდეც ბევრი გაუვიდა _ იგივე ოპოზიციისა და საზოგადოების წყალობით.
საზოგადოებას, ყოველ შემთხვევაში, მის იმ ნაწილს მაინც, რომელსაც ღრმად სწამდა, რომ ბიძინა უანგარო ქველმოქმედი იყო, რატომღაც, არანაირად არ ეხამუშება ის ფაქტი, რომ ეს „ხელგაშლილი ქველმოქმედი“ უკვე მუთქად ეპატრონება ყველაფერს! აქამდე ყიდულობდა მაინც და ფულს იხდიდა, ახლა უკვე ახალ ფაზაში ავიდა მისი „მეცენატური“ თავხედობა და აღარც მიიჩნევს საჭიროდ რაიმეს ყიდვას. ბიძინა ფიქრობს: „ეს ქვეყანა ხომ მთლიანად ვიყიდე გურანდიან-მთა-გორიან, ლალიან-წყლიანად და ახლა რატომღა უნდა ვიხადო კიდევ ფული მის ცალკეულ ნაწილებში?“
ნოტარიუსად მას სწორედ საზოგადოება დაუდგა, როცა არ გადაარწმუნა, რომ საქართველო კი არ იყიდა, პირიქით, ის დაიქირავა საზოგადოებამ, ისიც დროებით. სწორედ საზოგადოებამ გაუგრძელა მანდატი მის „ქირავნობის“ ხელშეკრულებას 2016 წელს და ახლაც ორ თათზეა და მზადაა ნარმანიას შემდეგ, თბილისი უკვე იმ კალაძეს გადაულოცოს, რომელსაც სამარიაჟოდ თავისი ძმობილი ფეხბურთელები ჩამოჰყავს და გვაბოლებს, ტყის გასაშენებლად ვიღწვიო. დიდის ამბით და გოლ-პენალებით გვამცნეს, რომ მატჩიდან 403 ათასი ლარი შემოვიდა, მერე გაირკვა, რომ აქ თურმე ირლანდიასთან თამაშზე გაყიდული ბილეთების ფულიც შედიოდა _ 102 ათასი. ანუ, ჯამურად, სულ რაღაც, 301 ათასი შესულა, ეს ფული ამ სტუმრების მარტო თვითმფრინავის ბილეთებს თუ ეყოფოდა, აღარაფერს ვამბობთ სხვა ხარჯებზე. მოიცა და, იმ ტყის გაშენებას რომ პირდაპირ ის სახსრები მოხმარებოდა, რაც მაგათ აქ ჩამოყვანა-დაბინავება-გასტუმრებაზე დაიხარჯა და ეგენი არ შეეწუხებინათ, ვერა? თუ ტყე ფოთოლს არ მოისხამდა?
ბიძინა ივანიშვილის „ოცნებამ“ ფეხებზე დაიკიდა ყველა პოლიტიკური პარტიის, პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, „ვენეციის კომისიის“ შენიშვნები, პრეტენზიები, წინააღმდეგობა და მაინც ის კონსტიტუცია მიიღო, რაც უნდოდა. გასდის და იმიტომ. აუქმებს რაც არ უნდა, აწესებს რასაც უნდა, მიერეკება ცხვრებივით უფსკრულისკენ და მიიმღერის, მე ვარ და ჩემი ნაბადი. ხალხიც მართლა ცხვარივით, ისე რომ „ბეესაც“ არ იძახის, მიჰყვება. იმედია, ჯერჯერობით, და დადგება წამი, როცა ცხვარი ცხვარიას ფაზიდან გადავა თუ გაცხარდა _ ცხარეაში. ცალკე ამ სიბრძნეს რომ ვუკვირდები და ცალკე დღევანდელ საზოგადოებას, რატომღაც, ეჭვი მიჩნდება, რომ ამ სიბრძნეში იმთავითვე ხალხი იგულისხმებოდა, უბრალოდ, ხალხს ვერ შეჰკადრეს და ცხვარს დააბრალეს ეს თვისება.
ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ხალხი აპათიაში ჩავარდნილიყო, რადგან ზუსტად იცის, აპათიაში ჩავარდნილი ხალხი არ იბრძვის, არც ლუკმა-პურზე მოფიქრალ ადამიანს სცხელა საბრძოლველად, მისთვის ფრონტის ხაზი სხვაგანაა _ შვილების, ოჯახის გამოკვებაზე გადის. ამიტომაც არც ხალხის დასაქმებაზე შეუწუხებია თავი, არც იმის შესრულებაზე, რასაც მათ დაჰპირდა და არც საერთოდ ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. რას აკეთებს საზოგადოება? მისი მეტ-ნაკლებად აქტიური ნაწილიც კი თავის მართლების რეჟიმშია _ თავს იმით ინუგეშებს, რომ მის ქუჩაში გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან არაა ლიდერი და ენმ-ისკენ იყურება, მაგრამ როდესაც იგივე ენმ, ან „ევროპული საქართველო“ პუშკინის სკვერის მიტაცებაზე ხალხს უხმობს, მიდიან? მეტი რაღა მიზეზი უნდა საზოგადოებას ქუჩაში გამოსასვლელად და პროტესტის დასაფიქსირებლად, ცოტა მოხდა და ხდება? არგუმენტი, რომ „მიშაც არაა საქართველოში“, არგუმენტია? უკაცრავად და 2012 წელს რომ დიდცოცხობაზე ქუჩაში გამოცვივდა იგივე ახალგაზრდობა, ბარიკადებთან იდგა ლიდერი? ივანიშვილი ქუჩაში იყო და მე ვერ მოვკარი თვალი? თუ ვინმე სხვა, მისი მილიარდებით შეკოწიწებული კოალიციიდან თვალში ლიდერად გეჩვენებოდათ? და თუ ის „შაიკა“ ლიდერების გუნდი იყო, დღევანდელი ენმ-ს, გინდაც „ევეროპული საქართველოს“ ლიდერები თვალში გეპატარავებათ? მოკლედ, არც მიშაა ახლა თბილისში და არც ბიძინა მდგარა მაშინ ქუჩაში, მაგრამ როდესაც უნდოდათ და როდესაც ვიღაცას აწყობდა (ჩვენი თავმჯდომარის არ იყოს), ხალხი კარგად გამოვარდა ქუჩაში. გეკითხებით, რაღა მაშინ თაბორის მთაზე შუშნარში შეკეტილი ბიძინა და რაღა მიხეილ სააკაშვილი _ უკრაინაში? იქნებ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სწორედ იმიტომაც არ ჩამოდის, რომ არ აქვს ხალხის ქუჩაში გამოსვლის იმედი? და ხალხს რატომ არ უნდა გამოსვლა ქუჩაში, თუკი არ მოსწონს ის რეალობა, რომელსაც თავს გვახვევს „ოცნება“? გამარჯვების იმედი არაა? უკაცრავად და „ვარდების რევოლუციისას“ ყველას 100%-იანი გარანტია ჰქონდა, რომ ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც მოხდა და გამარჯვებით დასრულდებოდა? რასთან გვაქვს საქმე, „ოცნებას“ ჯერ არ ამოუყვანია ხალხისთვის ყელში? რა ვიცი, ზვიადის დროს რა მოკლე ყელ-კისერი გებათ, სულ რაღაც რამდენიმე თვეში ამოგივიდათ ყელში, მერე ყარყატებივით დაიგრძელეთ და 13 წელი უყურებდით იმას, რაც იმთავითვე არასატანი იყო. მერე ისევ კოჭებამდე დაწიეთ ყელი და უცებ ამოგივიდათ, მიშა ორი წლის მოსულიც არ იყო, აფრები აშალეთ, საკნები დაეცით და აქცია-აქციაზე იყო, ახლა ისევ გედის, ბატისა თუ წეროს ყელი მოიღერეთ?
ბუნდოვანია არგუმენტი, რომ დღევანდელი ოპოზიციის იემდი არ აქვს და საზოგადოება ამიტომ არ გამოხატავს პროტესტს. ოპოზიციის იმედი არ აქვთ და ამ ხელისუფლების აქვთ? იქნებ, აქაა ძაღლის თავი ჩაფლული? საზოგადოების რაღაც ნაწილს ისევ სჯერა, რომ ბიძინა, რომელიც ერთ ლარად ისაკუთრებს ყველაფერს, დადგება და რამეს ჩამოარიგებს? თავისთავად ცხადია, საზოგადოების ნიჰილიზმი ვერ გაამართლებს იგივე ოპოზიციის არასაკმარის აქტიურობას იმის შესაცვლელად, რაც შესაცვლელია. ვიმეორებ: არ ვგულისხმობ ამ ბოლო შემთხვევას, როდესაც ძველი ენმ-ის ორივე ფლანგი _ დღევანდელიც და „ევროპული საქართველოც“ _ ივანიშვილის სიხარბეს და მტაცებლობას უტევენ, მაგრამ, საზოგადოდ, ფონი მართლაც წყალწყალაა და ამ ვითარებაში არჩევნები უკვე კომიკურადაც გამოიყურება.
როგორც ირინა სარიშვილმა მახვილგონივრულად, ჩვეული სკაბრეზით შენიშნა: „დას რო გიტ... და მამა რო მწყერებზე სანადიროდაა ამ დროს, დაახლოებით ეგრეა, რა...“
ბიძინა მღერის, _ მე ვარ და ჩემი ნაბადი. რა უნდა ქნას საზოგადოებამ? ან ეგ „ნაბადი“ (ძალაუფლება) აართვას, ან ის, რაც ქეთი დევდარიანმა დაწერა, _ მართლაც გავიდეთ, გადავნაწილდეთ მთელ მსოფლიოში და ამას ვაჩუქოთ ეს ქვეყანა და თავის ჯიბის მეცნიერები და კლოუნებიც დავუტოვოთ, რომ არ მოიწყინოს.
რეზო შატაკიშვილი