QronikaPlus
ლევან ხაბეიშვილი: „ქართუ ბანკი“ არის ფულის გასათეთრებელი დაწესებულება!

ლევან ხაბეიშვილი: „ქართუ ბანკი“ არის ფულის გასათეთრებელი დაწესებულება!

2017-09-29 09:45:31

„ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში მყოფ ბანკ „ქართუს“ კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, ქვეყნის მძიმე სოციალური ფონის პარალელურად, ბანკი არნახულ მოგებას იღებს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კი ივანიშვილის ნათესავები მდიდრდებიან.   „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლევან ხაბეიშვილი: _ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გაჭირვება იზრდება და 50 000 ბავშვი შიმშილობს, ყოველი მესამე ადამიანი სარგებლობს ბანკის ვალით, 100 000-მდე მოქალაქე არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში, სახელმწიფოსგან მინიმალურ შემწეობას იღებს და 500 000 ადამიანი დგას რიგში ამ მინიმალური დახმარების მიასღებად, მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ბანკი „ქართუ“ 2015 წელს მოგების სახით 1700%-ს აღწევს. ბანკი „ქართუ“ არ მუშაობს ხალხისთვის, მას კონკრეტული მიზანი აქვს და ეს მიზანი ფულის გათეთრება და მთავრობისთვის ოცნებების ახდენაა, მათ ივანიშვილის ვალი აქვთ, ანუ მათ აქვთ სესხი „ქართუ ბანკიდან“. _ კონკრეტულად ვის გულისხმობთ, ვის აქვს ივანიშვილის ვალი? _ ერთ-ერთმა ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი ოდენობის ვალი ჩვენს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აქვს. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მისივე დეკლარაციაში გასავალი ბევრად მეტს შეადგენს, ვიდრე შემოსავალი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან, ან ფულის გათეთრებასთან. ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტი, რომ რუსი ოლიგარქის მილიარდერ დეიდაშვილებს ბიუჯეტის ხარჯზე ვამდიდრებთ. არ არის აქ ლაპარაკი მსხვილ ბიზნესზე, ისინი მცირე და საშუალო ბიზნესითაც იგებენ მილიონობით ლარის ტენდერებს სახელმწიფოსგან. ამას ადასტურებს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ სადაზღვევო კომპანია „ქართუს“ გენერალური დირექტორი არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, არჩილ მამაცაშვილი. ეს კომპანია დაფუძნებულია 2001 წელს, ის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და, რაღა თქმა უნდა, იგებს კიდეც ტენდერებს. _ მაგალითად? _ მაგალითად: 2014 წელს მოგებული 1 800 000-ლარიანი ტენდერი, მათ შორისაა დედაქალაქის მერიიდან მიღებული 212 000 ლარი; ასევე შპს „ანლი მოტორსი“, რომლის 25%-იანი წილის მფლობელია „ქართუ ბანკის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ალა კახნიაური, 50%-იანი წილის მფლობელი არის ალექსი კახნიაური (მისი შვილი) და ასევე 25%-იანი წილის მფლობელია სევერიან ჯუღელი (მისი შვილის მეგობარი), რომელიც არის რუსეთის მოქალაქე. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს კომპანია დაფუძნდა 2014 წელს, ხაზგასასმელია, რომ 2014 წლიდან დაიწყო „ქართუ ბანკმა“ ავტომობილების დაზღვევა და ამ კომპანიასაც ასი ათასობით ლარის ტენდერი აქვს მიღებული. ასევე ამ კომპანიამ უკონკურენტოდ მოიგო სახელმწიფო ტენდერი და მიიღო 1 000 000 ლარამდე სახელმწიფო დაცვის სამსახურისგან. თუ შევკრებთ 1 800 000-სა და 1 000 000-ს, ჯამში 3 000 000 ლარამდე მივიღებთ. აუცილებლად სათქმელია ისიც, რომ არა მხოლოდ არჩილ მამაცაშვილი მდიდრდება გაჭირვებული ხალხის ხარჯზე, არამედ უჩა მამაცაშვილიც, რომელსაც 2-მილიონიანი ქონება 1 ლარად გადაეცა. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც დღევანდელი მთავრობა კორუფციასა და არასამართლიანობაში სდებდა ბრალს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მაგალითად მოჰყავდა კახა ბენდუქიძისთვის 1 ლარად გადაცემული უნივერსიტეტის ფართი. დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ ბენდუქიძემ ააწყო უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს უნივერსიტეტებს შორის, ეს იყო განათლებაში ჩადებული ფული და არა კონკრეტული ბიზნესინტერესებისთვის განიავებული ქონება. იმ დროს, როდესაც ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაშია და მთავრობას არანაირი უნარი არ გააჩნია, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, მამა-შვილი ივანიშვილები დაკავებული არიან ვაჭრობით. _ რას გულისხმობთ? _ 2017 წლის 3 იანვარს, ახალი წლის დღეებში, როცა მოსახლეობის უმრავლესობას ნამდვილად არ ეახალწლებოდა, ბიძინა ივანიშვილმა ხელშეკრულება გაუფორმა მის ვაჟს, ბერა ივანიშვილს და 180 ლარად ნაყიდი „ურეკი რეზიდენსი“ 4 000 000-ად მიჰყიდა. ასევე 2016 წლის ივლისში გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერილი განკარგულებით, გიორგი შარაშიძეს („გრეჩიხას“ სიძე) გადაეცა 12 900 კვ.მ სახელმწიფო მიწა იმ ვალდებულებით, რომ იმ ადგილზე მინა-პლასტიკატის საწარმო აეშენებინა და პრობაციონერებს დაასაქმებდა, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, საწარმოს ნაცვლად გადაცემულ მიწაზე ძროხების საძოვარია. ტერიტორიის საფასური გია გაჩეჩილაძის სიძეს რამდენიმე ეტაპად უნდა დაეფარა, ვალდებულება არ შესრულდა. სანაცვლოდ, სახელმწიფო ხაზინის ნაცვლად, გიორგი შარაშიძემ წინასაარჩევნოდ „ქარულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა. რატომ უნდა გახდნენ ოლიგარქის დეიდაშვილები, ნაცნობები და ახლობლები ჩვენი შესანახები?! „ქართუ ბანკი“ არის ფულის გასათეთრებელი დაწესებულება და ასევე ზემოთ ხსენებული კომპანიები, რომლებსაც რუსი ოლიგარქის ნათესავები და ახლობლები მართავენ! თამარ ბატიაშვილი

გაზიარება