ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ექსპერტთა კლუბის“ ხელმძღვანელი _ სოსო ცისკარიშვილი:
_ ბატონო სოსო, საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას და არჩევნებთან დაკავშირებით პარტიების აქტიურობას? თუ ეთანხმებით აზრს, რომ „ქართული ოცნება“ კონკურენტის გარეშეა დარჩენილი?
_ რასაკვირველია, ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე. სამწუხაროდ, ჩვენი ამომრჩევლები გადაწყვეტილებას იღებენ არა რომელიმე პარტიის პროგრამის მოწონების გამო, არამედ საკუთარი პატრონის ძიების პერსპექტივით ამა თუ იმ კანდიდატის გუნდში. ჩვენი მოსახლეობის არასაკმარისი განათლება ამის თავი და თავია, ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან მოუმზადებელი გადაწყვეტილებით მიდის. დიდი ხანია, ჩვენ ერთი და იგივე მარშზე ვცეკვავთ, ეს გახლავთ პრიოროტეტი და მეტი უფლებამოსილება გამარჯვებული და მმართველი პარტიის წარმომადგენლების სასარგებლოდ. არავის აინტერესებს, თუნდაც თბილისის მერიის მაგალითზე, წარმოდგენილ კანდიდატთა ბიოგრაფია: რომელი სკოლა იყო მისი განმანათლებელი, რომელ უმაღლეს სასწავლებელში მიიღო განათლება და თუ ასეთი არ აქვს, თავი შევიკავოთ არაპროფესიონალი კანდიდატების გამარჯვებისგან. თანაც ეს ის პერიოდია, როდესაც აუცილებელია ვიცოდეთ წარმატებები, შესაძლებლობები და პროფესიული გამოცდილება, საკუთარი გუნდის გარდა, სხვაც რომ იყოს დაინტერესებული მათი გამარჯვებით. ჯერჯერობით, 9 კანდიდატის პირობებში, ჩვენ არ ვიცით, რა განათლება, წარმატებები და პატრიოტიზმის როგორი განცდა აქვთ. საერთოდ, ადამიანმა მანამდე უნდა წარადგინოს მისი ბიოგრაფია, სანამ მას პარტია კანდიდატად დაასახელებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ძალიან დაბალია ყველა პარტიის მიმართ განწყობები. ხელისუფლებაში მოსული პარტიების დაპირებების არ და ვერშესრულება საკმარისია იმისთვის, რომ პოლიტიკურ სისტემას ეჭვის თვალით უყურებდეს მეტ-ნაკლებად საქმეში ჩახედული პირი. ამჟამადაც, როგორც წინა არჩევნების დროს, რაიმე სერიოზული სიახლე ჩვენს ამომრჩეველს არ გააჩნია და ის იმ რეალობის ტყვეა, რომელიც არის XXI საუკუნეში.
_ როგორ ფიქრობთ, მონახა თუ არა ოპოზიციამ სწორი გზავნილები ხალხთან სალაპარაკოდ? როგორ განიხილავთ მათ რიტორიკას, ლოზუნგებს, საარჩევნო პროპაგანდას და როგორია მათი შანსები?
_ არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური პარტიების სურვილი უფრო იყოს საკუთარი პარტიის პრეზენტაცია და არა გამარჯვების რეალური მოლოდინი. რასაკვირველია, ამას ყველა ვერ გაარჩევს და სადაც ნათესავები და ახლობლები ეყოლებათ, იქ უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს პარლამენტის ან მერიის თავშესაფარში. უპირველესი შეცდომა, რომელიც უკვე საჯაროა და არცთუ მიმზიდველი ჩვენი მოსახლეობისთვის, ის არის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი ამბიციები დააყენეს უფრო მაღლა, ვიდრე მცდელობა, ხელისუფლება შეცვლილიყო და ამა თუ იმ თანამდებობაზე სხვა ადამიანი დაენიშნათ, რადგან ვერა და ვერ შეთანხმდნენ რომელიმე მიმართულებით, ორი განსხვავებული პარტიის წარმომადგენელი ყოფილიყო უფრო მეტი მხადრაჭერის შესაძლებლობის მქონე. სამწუხაროდ, ასე ხდებოდა ადრე, ახლაც ასე ხდება _ მე და მხოლოდ მე, არის გზავნილი თითოეული პარტიისგან და მივლენ იქამდე, რომ მათი შესაძლებლობების ჯამი უფრო მცირეა, ვიდრე ერთი, მმართველი ძალის, რის მოწმენიც ახლო მომავალში გავხდებით, მაგრამ კანონებიც გადასახედია. არ შეიძლება, რომ მილიონერებისა და მილიარდერის მიერ მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა იყოს მიუწვდომელი საკუთარი ფინანსებით დანარჩენი პოლიტიკური ძალების შესაძლებლობების ჯამთან. ე. ი. ფული ირჩევს ხალხს და სამწუხაროდ, ეს ასეა, რადგან ჯერ მარტო თბილისის მერობის კანდიდატის მშვენიერი ღიმილი უზარმაზარ ბანერზე გამაღიზიანებელია, რადგან ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს იმდენ ფინანსებს, რომ ასეთი ბანერი განათავსოს, სულ რომ ანგელოზებით იყოს დაკომპლექტებული მისი ორგანიზაცია. რასაც წლების განმავლობაში ვაკვირდები, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ფასეულობების ჩამონათვლში არ არის ის, რომ სათავეში იყოს ღირსეული ადამიანი _ არც პატრიოტიზმი, არც პროფესიონალიზმი, არც პირადი შესაძლებლობები და ბიოგრაფიული წარსული, შევეჩვიეთ იმას, რომ ჩვენი საზოგადოების უპირველესი ფასეულობა გახდა ფული. ფული და მხოლოდ ფული! ასე სვლა, რასაკვირველია, გაგვიჭირდება ევროპისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ; მაგრამ ერთეულების ინტერესები საკმაოდ თვალსაჩინოა, ისინი ვნებენ ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ პერსპექტივას. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მობილიზაცია ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანების. საბედნიეროდ, ისინი ცოტანი არ არიან, რომ არჩევნები იყოს ბუნებით ნაკარნახევი ნაბიჯი და არა ვინმეს მიერ თავს მოხვეული და ნაყიდი. ვნახოთ, წინ ბევრი რამ გველოდება, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი, ჯერჯერობით, არ არსებობს, ყოფილი და დღევანდელი მმართველები ერთმანეთისგან არ განირჩევიან, გარდა იმ მიუღებლობისა, რასაც ჰქვია სადიზმი. დიახ, სადიზმი ქვეყანაში არ არის, მაგრამ არც იმის რწმენაა, რომ სამართალმა იზეიმოს.
_ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგზე ილაპარაკა. მიღებული ფინანსური შემოწირულობებით, ტრადიციულად, მმართველი პარტია ლიდერობს. 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით „ქართულმა ოცნებამ“, ფინანსური შემოწირულებების სახით, 7 მილიონ 343 ათასი ლარი მიიღო, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო _ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ _ 323675 ლარით, მესამეზეა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ _ 15600 ლარით, მეოთხეზე _ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ _ 15300 ლარით. ფინანსური შემოწირულობების ოდენობით მეხუთე ადგილზეა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (12204 ლარი), მას მოსდევს „ეროვნული ფორუმი“ (9215 ლარი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (5432 ლარი) და „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“ (900 ლარი). თქვენ ზემოთ ახსენეთ, რომ არჩევნებს ფული იგებს. შესაძლებელია თუ არა, ეს მოცემულობა იყოს ინდიკატორი იმისა, რა ადგილს დაიკავებენ ადგილობრვი მმართველობის ორგანოებში პოლიტიკური პარტიები?
_ სამწუხაროდ, ეს მონაცემები არ გამაჩნია, თუმცა ძალიან საინტერესო იქნება გავაკეთოთ ყველა პარტიის შემოწირულობის ჯამი და შევადაროთ ერთს, მმართველი პარტიის ფინანსებს. დარწმუნებული ვარ, შოკისმომგვრელ რიცხვს მივიღებთ. მაგალითად, 1992 წელს, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა მილიარდერმა. სამი კანდიდატი იყო და ამერიკელების გადაწყვეტილებით, სწორედ მესამე ადგილზე დარჩა ეს მილიარდერი. პრეზიდენტი გახდა ბატონი კლინტონი და არავის არაფერი გაჰკვირვებია. მილიარდერი როგორც შემოვიდა ამ სივრცეში, მალევე გატრუნული დაემშვიდობა მას. საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ მთავარი ფასეულობა ფულია, პარლამენტის მაჟორიტარების უმრავლესობა სწორედ ამით იმართება. ჩვენ გვახსოვს, როგორი ენთუზიაზმით აცხადებდა პარლამენტის თავმჯდომარე, რომ მხოლოდ პროპორციული წესით იქნებოდა არჩეული 2020 წელს ჩვენი ახალი პარლამენტი, ერთი ორჯერ შეუბღვირა რამდენიმე მაჟორიტარმა, რომელთაც საკუთარი თავი აღარ წარმოუდგენიათ პარლამენტის ქოლგის გარეშე. ეს საკითხი, რასაკვირველია, უფრო დიდი ფულის მფლობელის მიერ განირჩეოდა, თურმე ფულმა უნდა იძალოს და არა კონსტიტუციურმა განათლებამ და უმწიკვლო წარსულის მქონე ადამიანმა.
_ 2017 წლის ადგილობრივი ორგანოების ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად მაინც თბილისის მერის არჩევნები იქნება. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის ჩატარება გახდეს შესაძლებელი?
_ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ამომრჩეველს გაუწევენ წარმატებული მომავლისთვის აგიტაცია-პროპაგანდას. ბატონი კალაძე ამ პოსტით დაინტერესებულია და საკმაოდ დიდი გავლენები აქვს. მალე დავინახავთ, რამდენად სერიოზული იქნება თბილისელების მიდგომა და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა შენარჩუნდება თუ არა. რასაკვირველია, მეორე ტური დემოკრატიის არსებობის ფაქტია, მაგრამ კარგად გვახსოვს, როგორ ბრაზდებოდა ჩვენი ქვეყნის კადრთუხუცესი, როდესაც ამას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვამბობდი. მან მიიჩნია, რომ მეორე ტურში გამარჯვება რაიმე სახის მარცხია. ამის შემდეგ ეს წარმოდგენები არის სწორედ მარცხი, _ ჯერ ღარიბაშვილმა და ახლა ჩემთვის სანდო პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ადრევე განაცხადეს, რომ ყველა რეგიონში გამარჯვებას „ქართული ოცნება“ მოიპოვებს. ასეთი განცხადებები, უპირველეს ყოვლისა, დაღს ასვამს პრემიერ-მინისტრებს და, რატომღაც, დემოკრატიული მიდგომა დიამეტრულად დაშორებულია მუშტების ქნევისგან, რომელსაც ახლა ვაწყდებით. ამიტომ ნუ შეგვეშინდება მეორე ტურის. თუ ასეთი შიში არის, მაშინ პირველ ტურში გამარჯვებულს ასეთი საფრთხე მუდამ ექნება საკუთარი საქმიანობის დროს, რაც უკვე, ცხადია, ავნებს არა მხოლოდ რომელიმე პარტიას, არამედ, _ თბილისელებს.
_ ბატონო სოსო, „პატრიოტთა ალიანსმა“ საპროტესო აქციები, პრაქტიკულად, დაიწყო. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ აქციის პოლიტიკურ შემადგენელს, _ მოსალოდნელია თუ არა, რომ მათ იდეებს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი გაიზიარებს და ეს არჩევნების შედეგებზეც აისახება?
_ ხალხის რაოდენობა, რასაკვირველია, საკმარისზე მეტი იქნება იმ საწყისიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. პარტიის მიმართ სიმპათიები, დიდი ალბათობით, იყო არა მათი ქმედებების გამო, არამედ, მათ მიმართ უსამართლო დამოკიდებულების გამო. ჩემთვის საკმაო გაკვირვების საფუძველია, როდესაც მერობის კანდიდატი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე აპირებს შიმშილობის გამოცხადებას. ეს არის იმის მიზეზი, რომ შეიძლება ჩვენმა ხელისუფლებამ არ გაიზიაროს ასეთი ქმედებების აუცილებლობა, რასაც ჰქვია ახალი სამკუთხედის შექმნა საქართველო-რუსეთისა და ნატოს მიერ. შეიძლება, ეს იყოს სწორედ ის ოცნება, მაგრამ ოცნებების ახდენის კოეფიციენტი საქართველოში ნაკლებია და ვერც ამ ოცნებას ექნება რეალური მომავალი. ეს საკითხი რუსთაველის გამზირზე კი არ უნდა წყდებოდეს, არამედ საკითხი უნდა დაისვას ბრიუსელში ნატოს რეზიდენციაში, სადაც, დარწმუნებული ვარ, რამდენადაც არ უნდა გაამეორებინონ სურვილი მის ავტორს, მაინც მოულოდნელობა იქნება მათთვის და ჩვენს წარმომადგენლებს შეახსენებენ, რომ რუსეთის შესვლა ნატოში ეს არის დიდი ხნის წინ ნამღერი სიმღერა და არც ახლა აპირებს დღევანდელი რუსეთი რაიმე სახის მეტ თანამშრომლობას, ვიდრე ასეთი დიალოგის საშუალება გააჩნია დღევანდელ რეალობაში. ასეთი ინსტიტუცია არსებობს, მაგრამ საქართველო ვერ მოევლინება ერთმანეთს აკიდებულ რუსეთსა და ნატოს თეთრი მანდილით, ეს შეიძლება იყოს 10 000-ის ოცნება, მაგრამ ოცნებების დრო გაფრინდა, აზროვნებას ვერ მოვესწარით, დავრწმუნდით მხოლოდ ერთში, რომ უკეთესი არ ნიშნავს კარგს და მივხვდით, რომ უკეთესი შეიძლება ძალიან ჰგავდეს ცუდს, მაგრამ ამას აკეთებდეს ყველაზე უფრო დახვეწილი ახალი ტექნოლოგიებით.
თამარ ბატიაშვილი