ახალ სასწავლო წელს ქუთაისის სკოლებშიც განსაკუთრებული განწყობაა. სარემონტო სამუშაოები სასწავლო დაწესებულებებში, ძირითადად, ზაფხულის პერიოდში ჩატარდა და ბავშვებსაც შეცვლილი, მოწესრიგებული გარემო დახვდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ქუთაისელი მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს სწავლის განახლება არაკომფორტულ გარემოში მოუწევთ.
იმის მაგალითად, თუ როგორი არ უნდა იყოს სკოლა, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში განთავსებული მე-10 საჯარო სკოლა გამოდგება, რომელიც 3-სართულიან, რამდენიმე ბლოკისგან შემდგარ შენობაშია განთავსებული და მისი ინფრასტრუქტურა სათანადო კონდიციამდე მოყვანის შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა ქალაქში.
ერთ დროს სკოლას ჰქონდა როგორც კეთილმოწყობილი დახურული, ისე ღია სპორტული მოედნები, გამწვანებული ეზო, ლაბორატორიები და სხვა დამხმარე ფართები. ყოველი შემთხვევისთვის, ყოფილი რკინიგზის 23-ე საჯარო სკოლა ასეთი ახსოვთ ქუთაისლების გარკვეულ ნაწილს. სამწუხაროდ, დღეს სასწავლო დაწესებულება კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. დაზიანებული ჭერი, აცვენილი იატაკი, ჩამონგრეული კედლები _ ეს არის ყოველივე ის, რაც მოსწავლეებს თვალში ხვდებათ და რაც მათ განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს.
დღეისთვის სკოლაში 890 მოსწავლე, მათ შორის, 80 პირველკლასელია რეგისტრირებული. სასწავლო დაწესებულება 1969 წელს აშენდა და პირველი ნაკადი 1970 წელს მიიღო. სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აქ მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაარსების შემდეგ არ ჩატარებულა.
დირექტორი დემურ გაგუა აღნიშნავს, რომ სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე წლის აგვისტოში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. დირექტორს იმედი აქვს, რომ ობიექტს რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდება.
„მოგვცეს პირობა, რომ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუატარდებოდა. ამ ეტაპზე პროექტზე ვმუშაობთ. მიმდინარე წლის ნოემბერში იგი ამერიკაში გადაიგზავნება, საიდანაც, დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, 2018 წელს სარემონტო სამუშაოები დაიწყება“, _ განაცხადა დირექტორმა.
მართალია, სკოლის ადმინისტრაცია ინფორმაციას ფლობდა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში განათლების სამინისტროს მხრიდან შესაძლებელი იყო შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, თუმცა განაცხადის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.
„რადგან სკოლას სრული რეაბილიტაცია სჭირდება, ნაწილობრივი ვერ იქნებოდა ეფექტიანი, ამიტომ რადგანაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა შეგვარჩია, მათ პასუხს დაველოდებით. იმედია, რეაბილიტაციის პროექტი დამტკიცდება, _ განმარტა დემურ გაგუამ.
მოხდება თუ არა მე-10 სკოლის სრული რეაბილიტაცია, დეკემბერში გახდება ცნობილი. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში მოსწავლეებს 2018-19 სასწავლო წლებისთვის სრულიად ახალ გარემოში მოუწევთ განათლების მიღება, ხოლო თუკი ფონდის პასუხი უარყოფითი იქნა, მაშინ გაურკვეველია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვაშლების შეძენის პარალელურად ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლისთვისაც გამოძებნის თუ არა სახსრებს.
პროტესტით დაიწყო ახალი სასწავლო წელი ტყიბულის მეორე საჯარო სკოლაში. მშობლების უკმაყოფილების მიზეზი სასწავლო პროცესის მეორე ცვლაში გადატანას მოჰყვა. ბავშვებისთვის დღის მეორე ნახევარში გაკვეთილების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გაირკვა, რომ შენობა ამორტიზებულია და იქ გაკვეთილების ჩატარება საფრთხის შემცველია. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყდა მოსწავლეების პირველ საჯარო სკოლაში გადანაწილება.
„14 სექტემბერს სკოლაში დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ სხვა სკოლაში, სხვა ცვლაში გადავყავართ. ტყიბულში გადაადგილება რთულია, მით უმეტეს, ზამთარში. მშობლები ვმუშაობთ და ბავშვების ასეთ სასწავლო რეჟიმს ვერ ავეწყობით“, _ განაცხადა მეორე საჯარო სკოლის მშობელმა, ხათუნა დალაქიშვილმა.
სკოლის დირექტორი მეგი ქათამაძე აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია მშობლების წუხილი და ამიტომ მუშაობა ფართის მოძიებასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია.
„ჩვენ ოთხი დღით ადრე გავიგეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ #2 სკოლის შენობა ამორტიზებულია. ამიტომ არ მოგვეცა დრო, თადარიგი დაგვეჭირა. ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანაც იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილიყო“, _ განმარტა დირექტორმა.
ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ მათ მიიღეს თხოვნა ალტერნატიული ფართის გამოყოფის თაობაზე, მაგრამ მუნიციპალიტეტში ცარიელი შენობის არარსებობის გამო მათი თხოვნა ვერ დაკმაყოფილდა.
„თუ ბავშვებს მშობლები სკოლაში არ გაუშვებენ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ სკოლაში 2 ბავშვიც რომ მივიდეს, იგი მაინც იფუნქციონირებს. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვქონდა დრო, პრობლემა სხვაგვარად გადაგვეწყვიტა. ახლა კი ვმუშაობთ, რომ რაიმე გზა გამოვძებნოთ და ბავშვებმა პირველ ცვლაში ალტერნატიულ ფართში გააგრძელონ სწავლა“, _ აცხადებს ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ირინე კორძაია.
ვიდრე შესაბამისი უწყებები ფართის გამოძებნაზე მუშაობენ, მანამდე ტყიბულის #2 საჯარო სკოლის 119 მოსწავლეს, სავარაუდოდ, სწავლის გაგრძელება შეთავაზებული პირობებით მოუწევს, რადგან სხვა ალტერნატივა მათ, უბრალოდ, არავინ დაუტოვა.
ხვიჩა ვაშაყმაძე