„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა“ (OEჩD) და „ანტიკორუფციული ქსელის“ (ჩAN) ეგიდით საფრანგეთის დედაქალაქში სამიტი მიმდინარეობდა, სადაც საქართველოდან მიწვეულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შორის „შესყიდვების, მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი“ გახლდათ. როგორც ორგანიზაციის მესვეურები აცხადებენ, ევროპელ კოლეგებს არ ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია იმ კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში ხდება. მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კი ბევრ რამეზე აეხილათ თვალი, რომელიც შემდგომ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშებში აისახება.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „შესყიდვების, მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის“ ხელმძღვანელი _ გიორგი ბაჯელიძე:
_ 12-14 სექტემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარეობდა ანტიკორუფციული სამიტი. ეს სამიტი მრავალი წელია, იმართება, სადაც განიხლება კორუფციული მოქმედებები, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. ღონისძიებაზე საქართველოდან მიწვეული იყო 4 არასამთავრობო ორგანიზაცია: „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“; „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „მედიის თავისუფლების განვითარების ფონდი“ და ჩვენ _ „შესყიდვების, მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი“. „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ გაწევრიანებულია მსოფლიოს 35 ქვეყანა. ძირითადად, ევროპის განვითარებული ქვეყნები; ის ქვეყნები, რომელიც ვითარდება, მათ შორისაა ყოფილი სსრკ-ს თითქმის ყველა ქვეყანა.
_ როგორც ვიცით, თქვენი ორგანიზაცია პირველად ესწრებოდა ამ ღონისძიებას. როგორ მოხვდით სამიტზე?
_ 6 თვის განმავლობაში ვმუშაობდი ევროკავშირთან, ნატოსთან, ასევე სხვადასხვა საელჩოს ვაწვდიდი ამომწურავ ინფორმაციას, რა ხდება და როგორი სერიოზული დარღვევებია სახელმწიფო შესყიდვებში, რომ სისტემა მთლიანად კორუმპირებულია. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ეს ყველაფერი „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ გადააგზავნეს და მათგან მოწვევა მივიღეთ. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ გარდა საქართველოს წარმოადგენდნენ, ყოველწლიურად მონაწილეობენ ამ სამიტში და ინფორმაციას აწვდიან, მაგრამ, ფაქტობრივად, შესყიდვების კუთხით ამომწურავი ინფორმაცია, აკადემიურ ხარისხში, პირველად ჩვენ მივაწოდეთ. იმიტომ, რომ ამ არასამთავრობოებს არ ჰყავთ ისეთი სპეციალისტები, როგორიც ჩვენ. მე პირადად 16 წელიწადია, შესყიდვების საკითხებზე ვმუშაობ.
_ საქართველოსთან მიმართებით, კონკრეტულად, რა საკითხი იყო ამ სამიტზე განხილული?
_ საქართველოს მიმართ 2016 წელს შემუშავებული იყო 20-ზე მეტი რეკომენდაცია. რეკომენდაციები არის ანტიკორუფციული ხასიათის: რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ კორუფციული რისკები შემცირდეს. ამ 20 რეკომენდაციაში შედის სასამართლოს რეფორმა, პროკურატურის რეფორმისკენ მიმართული რეკომენდაციები, მედიის თავისუფლება, საზოგადოების ინფორმირება და ა. შ. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც კორუფციის მიმართულებით ყველაზე დიდია, იყო სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. სახელმწიფო შესყიდვების მიმართ გაცემული იყო 7 რეკომენდაცია. მათ შორის გახლდათ მთავარი რეკომენდაცია, რომ შემცირებულიყო გამარტივებული წესით დადებული, ანუ უტენდეროდ გაცემული ხელშეკრულებები, რომელიც საქართველოში საკმაოდ ბევრია. 2014 წელს უტენდეროდ გაცემული სახელმწიფო შესყიდვები მთლიანი მოცულობის 32% იყო; 2015 წელს შეადგინა 33%; ხოლო 2016 წელს შეადგინა 37%. იმის შემდეგ, რაც რეკომენდაცია გაიცა, შემცირების მიუხედავად, პირიქით, მონაცემები გაიზარდა. ეს არის ყველაზე დიდი ინდიკატორი და სწორი მაჩვენებელი იმისა, როგორი რისკის მატარებელია სახელმწიფო შესყიდვა, თუ არ ატარებ ტენდერს, არ არის გამჭვირვალობა, არ ეძლევა მონაწილეობის უფლება სხვადასხვა კომპანიას, ეს არის უდიდესი რისკის მაჩვენებელი, რომ სისტემა კორუმპირებულია. გარდა ამისა, ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ მოწესრიგებულიყო გრიფით საიდუმლო შესყიდვები. იმის გამო, რომ შეზღუდული იყოს ტენდერებში მონაწილეობა და გამჭვირვალობა იყოს ნაკლები, ბევრი სტანდარტული მომსახურება სპეციალურად გრიფით საიდუმლოში გადაიტანეს, რომ საზოგადოება ვერ ხედავდეს, ვინ მონაწილეობს კონკურსში, რა ფასებია, რა კრიტერიუმებია და ა. შ. აქ ჩვენ მოვიყვანეთ ერთი აღმაშფოთებელი მაგალითი და ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ ისეთი ტიპის სტანდარტული მომსახურება, როგორიც არის პატიმრების კვება, სასჯელაღსრულების სამინისტრომ გრიფით საიდუმლოში გადაიტანა. ვახტანგ გომელაურის ნათესავს პურით მოწოდებაში, შპს „ბეიკერს“, კონტრაქტები მისცეს. ამის თაობაზე ჩვენმა მოძრაობამ _ „შეაჩერე კორუფცია“, პროკურატურას მიმართა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.
_ ამ 20 რეკომენდაციიდან, რომელიც „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ მიერ 2016 წელს გაიცა, საქართველომ რაიმე თუ გამოასწორა?
_ სახელმწიფო შესყიდვების ეგიდით გაცემული 7 რეკომენდაციიდან შესრულებულია 3 და ისიც ნაწილობრივ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მეთოდოლოგიის სისტემა ისეა აგებული, თუ ოდნავ მაინც რაღაც გაკეთდა, იწერება, რომ არის წინსვლა. ჩემი გამოსვლა საკმაოდ ემოციური იყო, დავუსახელე მაგალითები და ვუთხარი, რომ წინსვლა არის ნული და პირიქით, უკუსვლაა, გაიზარდა გამარტივებული შესყიდვები, გრიფით საიდუმლოთი როგორც უნდათ, ისე აკეთებენ. დავაყენე საკითხი, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კანონში 10.31დ მუხლი არის კორუფციული, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების ვადაში შეუფერხებლად ჩატარებას. ეს კორუფციული მუხლი უნდა დაიხვეწოს, ან კანონიდან მთლიანად უნდა ამოიღონ. სამიტს ესწრებოდა ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, რომელმაც ყველა რეკომენდაციაზე თქვა, რომ არის წინსვლები და წარმოიდგინეთ, 20-ზე მეტი რეკომენდაციიდან ნახევარზე მეტში წინსვლა არ დაფიქსირებულა. არანაირ ნაბიჯებს მთავრობა არ დგამს იმისთვის, რომ საქართველოში კორუფციის დონე შემცირდეს. ხოლო ის დანარჩენი ნახევარი, რომელზეც ჩაიწერა, რომ რაღაც წინსვლა არის, ზუსტად იმ დონეზეა, როგორც შესყიდვებში, ვითომ წინსვლაა, მაგრამ სინამდვილეში პირიქით არის. საკმაოდ ყურადღებით მომისმინეს, ჩემი გამოსვლის მერე შევთავაზე, ჩაიწეროს დოკუმენტში, რომ წინსვლა საერთოდ არ არის. ორი ვარიანტი იყო, რომ ჩაწერილიყო: არის წინსვლა შესყიდვების კუთხით, მაგრამ იმ ანგარიშების შედეგად, რომელიც ადრე გავაგზავნე, ჩაიწერება, რომ არის პრობლემები, რომ გაიზარდა უტენდერო შესყიდვები და ა. შ. იყო მეორე ვარიანტი, რომელიც შევთავაზე: ჩავწეროთ, რომ წინსვლა არ არის, რადგან ყველაფერი გაუარესდა, მაგრამ ჩაიწეროს, რომ რაღაცები გაკეთდა. თუ ჩაუწერა წინსვლა, ამას მთავრობა ხელზე დაიხვევს, რაც რეალურად ასე არ არის. მინდა, ხაზი გავუსვა, პირველი ვთქვი ის, რომ მე ვარ ქართველი და ჩემი სამშობლოს ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომ საქართველოს აქვს ყველაზე დიდი ორი პრობლემა _ ოკუპაცია და კორუფცია. ეს ორი გამოწვევა დგას ქართველი ხალხის წინაშე და არც ერთი მიმართულებით ჩვენი მთავრობა ნაბიჯსაც არ დგამს, რომ რაღაც წინსვლა იყოს. მოკლებულნი ვართ იმ ილუზიებს, რომ ერთ დღეში ეს პრობლემა მოგვარდება, მაგრამ არ იდგმება სწორი ნაბიჯები, არ არის იმის ტენდენცია, ვხედავდეთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს კორუფციის შემცირებას. ეს იმ დროს, როდესაც გაეროს დასკვნით 40 000-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს, უამრავი ადამიანი შიმშილის ზღვარს ქვევით არის, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დარღვევით არ ატარებს ტენდერებს მთელი შესყიდვების 40%. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ტენდერი არ არის თვითმიზანი, რომ ის აუცილებლად ჩატარდეს და ფორმალური ხასიათი ჰქონდეს. უბრალოდ, ტენდერი არის ერთადერთი მეთოდი, რაც კი მსოფლიოში არსებობს, რომ იყოს ჯანსაღი კონკურენცია, იყოს გამჭვირვალობა, რაც აუცილებლად დაზოგავს თანხებს და ის დაზოგილი თანხები შემდეგ მოხმარდება ჩვენს პენსიონერებს, შეჭირვებულ მოსახლეობას და უფრო მეტი ახალი პროექტი გაკეთდება. ჩემი გამოსვლის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ თქვა, რომ წინადადებას განიხილავდნენ და სურდა მოესმინა საქართველოდან წარმოდგენილი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამ 4 ორგანიზაციიდან მხოლოდ ჩვენ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ წარმომადგენელი ითხოვდა ოპოზიციურ დასკვნას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციამ წერილობით, მშრალად მიაწოდა მასალა, რომ არ არის წინსვლა, ვთხოვე, გამოსულიყო და ხმამაღლა ელაპარაკა კიდეც ამ პრობლემის შესახებ. გამოვიდა, მაგრამ, პრაქტიკულად, მაინც არ მოხდა ჩვენი წინადადების მხარდაჭერა, ზოგადი საუბარი იყო.
_ რამდენად შედეგიანი იყო თქვენი მონაწილეობა ამ სამიტზე, კმაყოფილები დაბრუნდით?
_ ჩვენი იქ წასვლა იყო უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი. როგორც იქნა, პირველად მოხვდა იქ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მართლა არის ქართული ორგანიზაცია და არანაირი დაფინანსება არ აქვს დონორი ორგანიზაციებიდან. ეს არის უდიდესი გამარჯვება, რომ ჩვენი ორგანიზაცია მოხვდა იმ ორგანიზაციების სიაში, რომელსაც მოუსმენენ. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ძალიან ღრმად და კვალიფიციურად ვსწავლობთ საქმეს, ამიტომ მათ მივაწვდით ობიექტურ და არა შელამაზებულ ინფორმაციას. ძალიან კარგი ნაცნობებიც შევიძინეთ, მაგალითად, ევგენი სმირნოვი, რომელიც გახლავთ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBღD) შესყიდვების სფეროს პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი. ის კურირებს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი ანგარიში იყო უაღრესად სასარგებლო და საინტერესო, რომ მას ძალიან ბევრ რამეზე აეხილა თვალი _ რა ხდება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში. შევთანხმდით, რომ ყოველთვიურად მივაწვდით ინფორმაციას ყველა იმ დარღვევის შესახებ, რომელიც ანტიკორუფციული მიმართულებით გამოიკვეთება. ჩვენ ასევე მივაწვდით არა მარტო ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვებზე, არამედ გვინდა, „ქრონიკა+“-ის საშუალებით ვისარგებლოთ და ყველა უფლებადამცველს მოვუწოდოთ, რომ კორუფცია არის არა მარტო სახელმწიფო შესყიდვებში, არამედ მან ფეხი გაიდგა ყველა სფეროში, მოგვაწოდონ ინფორმაციები დარღვევების შესახებ აბსოლუტურად ყველა სფეროში: პროკურატურაში, სასამართლოებსა და ა. შ. ჩვენ ამას შევკრებთ და გავაგზავნით, რადგან ვიცით, სად უნდა გავაგზავნოთ და როგორ მოვიქცეთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ მასპინძელი ორგანიზაციის თავმჯდომარე პირადად გამესაუბრა და მითხრა, რომ ჩვენი იქ ყოფნა ძალიან სასარგებლო იყო, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ყველა შეხვედრაში და ყოველთვის მიგვიწვევენ. გულდასაწყვეტია, ქართველ ხალხს ჰგონია, რომ ევროპაში ამ ყველაფრის შესახებ იციან, მაგრამ თვალს ხუჭავენ და არაფერს ამბობენ. მინდა გითხრათ, რომ ევროპამ, ზოგადად, იცის, რომ კორუფციაა, თუმცა, ქვევით, სიღრმეში ჩასვლა, რა თქმა უნდა, უჭირთ. ჩვეთან ქართულ ენაზეა ყველაფერი, ან ვის სცალია, რომ საქართველოს ყველა ტენდერი სათითაოდ განიხილოს? ამას არასამთავრობო სექტორი უნდა აკეთებდეს, რაზედაც ვერ ვიტყვი, რომ აქამდე ხდებოდა. არც ერთ სახელმწიფოს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ჩვენი საკითხები იხილება ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არის სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ა. შ. მთავრობის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ამათთან შედარებით რეგიონში ყველაზე წინ ვართო, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს. ჩვენი საკითხი უნდა იხილებოდეს ბალტიის ქვეყნებთან ერთად. ლატვიის წარმომადგენელს გავესაუბრე და გაუკვირდა, უტენდერო შესყიდვების შესახებ რომ გაიგო, მათთან ასე არ ხდება. ეს ბრძოლა დავიწყეთ და ბოლომდე მივიყვანთ, არც ევროპის ფაქტებია ჩვენთვის მაგალითი და არც ამერიკის, როდესაც ამბობენ, რომ ასეთი მოვლენები იქაც ხდება. თუ ხდება, ებრძვიან კიდეც! ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამბიცია გვაქვს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში რა ხდება, თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ. ჩვენ შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაციები: რა უნდა გაკეთდეს უკეთესად, როგორ უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები. იმის ამბცია გვაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობას ყოველდღიურად მივაწოდოთ ახალი ამბები კორუფციული ფაქტების შესახებ, რაც კი საქართველოში ხდება.
თამარ ბატიაშვილი