ტუალეტში ჩავარდნილი ბეჭედი, კომუნისტური არჩევნები და პოლიტიკიდან წასული გურულები
ლანჩხუთში არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა და იგი „ქართული ოცნების“ სრული ტრიუმფით დასრულდა. არადა, დღის მანძილზე, მას შემდეგ, რაც პოლიციის შენობასთან ავტობუსი და პოლიციის დამხმარე ძალა გამოჩნდა, გავრცელდა ვერსია, რომ ხელისუფლება რაღაცას შიშობდა, მაგრამ ნაჩვენებმა შედეგმა გამოაჩინა, რომ „ოცნებას“ საშიშად არაფერი ჰქონია...
მერობის კანდიდატმა ალეკო სარიშვილმა უდიდესი უპირატესობით პირველივე ტურში მოიგო. პროპორციული სიით, მინიმუმ, 15-დან 10 მანდატი გაჰყავს პარტიას...
ასეთი რამ ლანჩხუთს არ ახსოვს, იმიტომ, რომ არასდროს მომხდარა _ 17-ივე მაჟორიტარული უბანი მმართველი კოალიციის კანდიდატს მოეგო!!!
ქალაქის ორ მაჟორიტარულ ოლქში პრობლემები არ უნდა შექმნოდათ კახა კვიტაიშვილსა და განსაკუთრებით _ გიგი გვარჯალაძეს. მათი გამარჯვება, ვთქვათ, რომ მოსალოდნელიც იყო. ყველაზე დიდ ბრძოლას გვიმბალაურში მოელოდნენ და ასეც მოხდა _ ფაქტობრივად, 5-დან 4 ფავორიტი იყო. ამიტომაც გასაკვირი სულაცა არაა, სახელისუფლებო კანდიდატმა, ციცო ურუშაძემ, მხოლოდ 20 ხმით რომ აჯობა დამოუკიდებელ ბუბა ხოფერიას. ერთგვარად მოულოდნელი გახლდათ ვახტანგ ზენაიშვილის მეოთხე ადგილი, მოქმედი მაჟორიტარი ნიკო იმნაძე კი, საფავორიტო პროგნოზების მიუხედავად, მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
მარტო „ოცნებას“ კი არა, თავის დროზე, „ნაციონალებსაც“ აჯობა სუფსაში ჯუმბერ ბლაგიძემ. ამჯერად მისი ჰეგემონია მმართველი გუნდის კანდიდატმა, ზურაბ კუკულავამ დაამხო...
ყველაზე მაღალი პროცენტი, ტრადიციულად, ბესიკ ტაბიძემ „დადო“ _ ნიგვზიანში მოსულთა 94%-მა მოქმედი საკრებულოს მეორე პირს და მომავალ საკრებულოში არანაკლები ამბიციის მქონე ექსპოლიცმაისტერს დაუჭირა მხარი.
მოკლედ, ყველა მაჟორიტარი „ოცნებიდანაა“ და ამას არც თავად მმართველი გუნდის შტაბში მოელოდნენ.
ლანჩხუთში „ქართულმა ოცნებამ“ 57% მიიღო, რაც 9,7 მანდატია. მეორეზე „ნაციონალები“ არიან (2,17 მანდატი), მესამეზე _ „ევროპული საქართველო“ (2,1 მანდატი). საკრებულოში მოხვედრა შეძლო „პატრიოტთა ალიანსის“ პირველმა ნომერმა (0,65 მანდატი), რამეთუ პარტიამ 4%-იანი ბარიერი გადალახა. საარჩევნო კანონის მიხედვით 15-დან 10 ადგილი „ოცნებისაა“, 2-2 _ „ნაციონალებისა“ და „ევროპელების“, ერთიც _ „პატრიოტების“.
საბოლოო ჯამში, 32 მანდატიდან „ქართულმა ოცნებამ“ 27 მიიღო! ეს კი 84%-ზე მეტია, ანუ ლანჩხუთის ახალ საკრებულოში მმართველ გუნდს ჰყავს არა მხოლოდ 50%-ს+1, ან 2/3 თუ 3/4, არამედ 4/5-იც კი!!!
რაც შეეხება მერობის კანდიდატს, აქ ალექსანდრე სარიშვილმა65% მიიღო. ამირან გიგინეიშვილმა („ევროპული საქართველო“) ძალიან მცირე სხვაობით აჯობა კახა ასკურავას („ნაცმოძრაობა“).
„როცა არჩევნებიდან არჩევნებამდე, საერთო ჯამში, ოპოზიცია შედეგებს აუარესებს ისეთ მარგინალურ ძალასთან, როგორიც „ქართული ოცნებაა“, ქირურგიული ჩარევაა საჭირო. ამ პოლიტრეალობაში აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, პროევროპულია პარტია თუ პრორუსული, რადგან ივანიშვილმა ქართული პოლიტიკური სპექტრიდან ისეთი აჯაფსანდალი გააკეთა, რომ სად ბადრიჯანი შეგხვდება და სად _ წიწაკა, კაცმა არ იცის, რასაც დიდი სიამოვნებით მიირთმევს ერი თუ ბერი დღემდე. რაც შეეხება ჩემს პერსონალურ გადაწყვეტილებას, ამის თაობაზე მოგვიანებთ მოგახსენებთ“, _ აცხადებს ლანჩხუთელი „ნაციონალების“ ლიდერი, საკრებულოში შესული კახა ასკურავა.
იგი „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად უმხელს, რომ ტოვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს, საკრებულოში შესვლაზე კი იფიქრებს: „აქვს კი აზრი ასეთ ვითარებაში საკრებულოში შესვლას?“ _ კითხულობს ასკურავა და, დიდი ალბათობით, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა ლანჩხუთში და შემდეგ ირაკლი ალასანიას გუნდთან ერთად ოპოზიციაში წასულმა ელგუჯა ჩხაიძემ. ხმაურიანი ოპოზიციონერი იმით გახდა პოპულარული, რომ „ნაციონალებმა“ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გამო დააპატიმრეს და სახლში მჭიდები ისე ჩაუდეს ქათმის ბუდეში კვერცხებში, თითქოს ოპოზიციონერის ქათამი ტყვიებს დებდა კვერცხის მაგიერ. ბედის ირონიით, დღეს იგი საკრებულოში იმ ფრაქციას ხელმძღვანელობს, რომლის სხვა ორი წევრი „ნაციონალია“.
„გადავწყვიტე, პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოვშორდე. ალბათ, ბევრს მოვაბეზრე თავი. ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრი მტრობად მიაჩნიათ, არ ღირს გარისკო საკუთარი თავი, ოჯახი, უხერხულობები შეუქმნა ახლობლებს. ასე რომ, მშვიდობით, პოლიტიკავ. დანარჩენი ცხოვრება ჩემს თავს უნდა მივუძღვნა“, _ აცხადებს ჩხაიძე და განაგრძობს: „რა განსხვავებაა მეძავსა და ვინც ხმას ყიდის, იმ ადამიანს შორის? მეძავი ფულს იღებს და ერთხელ ხმარობენ, ხმის გამყიდველს კი 4 წელს ხმარობენ და ჩვენც, მათთან ერთად“.
გურიაში არჩევნები კურიოზის გარეშე ვერ ჩაივლიდა _ ძიმითის უბანზე საარჩევნო პროცედურა იმიტომ შეჩერდა, რომ კომისიის თავმჯდომარეს ტუალეტში ბეჭედი ჩაუვარდა. ოპოზიციის დამკვირვებლებმა იფიქრეს, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ კონკრეტულ უბანზე ოპოზიციის შანსი შესუსტებულიყოო. თუმცა იმის გამო, რომ ბეჭედი თავმჯდომარის იყო და არა _ კომისიის, პროცედურები მალე გაგრძელდა და არჩევნები აღარ შეფერხებულა...
მათე გურული