ის ადამიანი-გამზიარებელია _ იმდენად შეუძლია სხვებისთვის საკუთარი ცოდნის, უნარის, დანახულის გადაცემა, რომ ამ კუთხით კეთილშობილების ზენიტშია.
არ ამბობს რატომ, მაგრამ საკუთარ თავს სალვადორ დალის ბავშვობას ამსგავსებს.
თავად 22 წლის მალე დედის სტატუსით გააგრძელებს ცხოვრებას და ზუსტად ვიცი, რომ ღირსეულ პიროვნებას გაუზრდის სამშობლოს.
ეს იშვიათი გვარის მქონე გოგონა ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას და სიყვარულს.
გაიცანით: ჩვენი სტუმარია მედეა ყირიმელი _ ხელოვანი, რომლის ნამუშევრებსაც სხვა სამყაროში გადაჰყავხართ.
_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე: ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ?
_ მედეა ვარ, ქართლელი, გორელი გოგო, იშვიათი გვარი მაქვს და ძალიან ვამაყობ ამით, არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებული წარმოშობის, ან ღირებულებისაა, უბრალოდ, ძალიან ცოტანი ვართ ყირიმელები და, ალბათ, ამიტომ...
22 წლის ვარ და უკვე თანდათან ვხვდები, რომ ადამიანის ასაკი მხოლოდ ციფრებია.
წელს სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. დიპლომიც დავიცავი და ისევ აკადემიაში ვგეგმავ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას. ამჯერად საწყისს დავუბრუნდი და ფერწერა ავირჩიე, _ ის, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს ამ ეტაპზე.
_ რატომ დაინტერესდი იმ საქმით, რასაც აკეთებ? რა იყო ინსპირაცია, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი?
_ ჩემი, როგორც მხატვრის პირველი ნაბიჯები მამიდაჩემის საშინაო დავალების რვეულებმა გამოსცადეს. დაახლოებით 3 წლის ასაკიდან ვხატავ, ინსპირაცია ჩემთვის ყოველთვის ადამიანები იყო, პორტრეტებით დავიწყე და მათ დიდხანს არ ვღალატობდი. შემდეგ სამხატვრო სკოლა იყო, სადაც არაჩვეულებრივი პედაგოგების დამსახურებით ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხი ვისწავლე. ჩემთვის განსაკუთრებულმა პიროვნებამ, პედაგოგმა, რომელიც უფრო მეტი იყო, ვიდრე პროფესია გულისხმობს ამას, მასწავლა არა მარტო მონასმები და შტრიხი, მან მასწავლა, როგორ დამეჭირა და სწორი მიმართულებით წამეყვანა ჩემი ხედვა. მისი დახმარებით შევქმენი ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემთან აღარაა. ჩემი შემოქმედების ათვლა „სიზმრით“ იწყება. ოდესმე უფრო მეტს მოგიყვებით ამ გრაფიკულ ნამუშევარზე, ჩემს დიდ ტკივილზე...
_ გარდა მხატვრობისა, რას საქმიანობ?
_ გარდა მხატვრობისა, მაქვს სიამოვნება და პატივი, ხშირად ვიყო გარკვეული ჯგუფების ლიდერი, ეს ჩემს პიროვნებას ძალიან ბევრ რამეს ჰმატებს ყოველთვის. ხშირად ვმუშაობ როგორც მოხალისე. როცა შემიძლია, არასდროს ვამბობ უარს ამ საქმიანობაზე.
_ საკუთარი მცირე ბიზნესის დაწყებაზე თუ გიფიქრია, ან შეკვეთებს ხომ არ იღებ?
_ ყოველთვის ვფიქრობ ბიზნესზე, მაგრამ არა როგორც შემოსავლის წყაროზე, ეს არაა პრიორიტეტი, მინდა შევქმნა ისეთი გარემო სადაც, ადამიანები ძალიან ბედნიერად და კარგად იგრძნობენ თავს, სადაც დააგემოვნებენ უგემრიელეს კერძებს და თავს ისე იგრძნობენ, როგორც... ხომ იცით, სადაც...
შეკვეთებს ვიღებ, ვხატავ განსაკუთრებული ადამიანების განსაკუთრებული ინტერიერებისთვის.
_ რა სირთულეები შეგხვდა გზად ცხოვრებაში (ის, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა)?
_ ძალიან მძიმედ არ აღვიქვამ, თუმცა ნამდვილად სირთულეს წარმოადგენდა დიდ ქალაქში სასწავლებლად წამოსვლა, უცებ სრულიად მარტო აღმოჩენა, უცხო საზოგადოებაში. მეგონა, რომ ჩემი პიროვნება იკარგებოდა. ჩამოვედი ქალაქიდან, სადაც იმ სფეროში, რომელიც პრიორიტეტი იყო ჩემთვის, ყველასთვის ნაცნობი და პატივსაცემი ვიყავი და აღმოვჩნდი ქალაქში, სადაც ერთი უბრალო „ჩამოსული გოგო“ ვიყავი და არავინ იცოდა ჩემი „ბექგრაუნდი“. ეს იყო სირთულე, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, ეს იყო სირთულე, რომელიც აუცილებალდ უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში.
_ რას გაძლევს ის, რომ დღეს ახლებურად, ან შენებურად აჩვენებ ხოლმე საზოგადოებას შენი თვალით დანახულ სილამაზეს?
_ საკუთარი პიროვნების ძიებაში აღმოვაჩინე, რომ მე ადამიანი „გამზიარებელი“ ვარ, ამიტომ მსიამოვნებს ყველაფრის გაზიარება ადამიანებისთვის, რაც ლამაზია, რაც საინტერესოა, რაც გამოსადეგია. ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა, ადამიანებს გავუზიარო, როგორც ჩემი თვალით დანახული მზის ჩასვლა, ასევე საკუთარი გამოცდილება. მე ეს ყველაფერი პოზიტივს მაძლევს, თითქოს მეც რაღაც ძალიან დიდი მემატება ამ გაცემით.
_ როგორია მნახველების მხრიდან დაინტერესება? ინტერაქცია?
_ დაინტერესება და დიდი სიმპათიები წამოვიდა, როცა შემოქმედების სხვა ეტაპზე გადავედი, რაც ძალიან მახარებს. მთავარია, კომპეტენტური ადამიანების დაინტერესება გვაქვს.
_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს ნამუშევრებს?
_ სამწუხაროდ, ოჯახში მხოლოდ მე გავასერიოზულე ასე ძალიან ჩემი ნამუშევრები, დედა ძალიან კარგად ხატავდა, მაგრამ აღარ გაუგრძელებია. მოკლედ რომ ვთქვათ, კომპეტნცია იმ დონეზე არაა, რომ საყვარელმა ადამიანებმა ობიექტურად შემიფასონ. ჩემთვის ყველაზე ნამდვილი შეფასება ცოტა ხნის წინათ მივიღე და მივხვდი, რომ თურმე ჯანსაღი კრიტიკა სულ სხვა რამაა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხატვრისთვის. დავაკონკრეტებ: ეს აუცილებლად ჯანსაღი უნდა იყოს.
_ რომელი მხატვარი და მსახიობია შენთვის გამორჩეულად საყვარელი და რატომ?
_ გამორჩეულად საყვარელი მხატვარი ან მსახიობი არ მყავს. მომწონს სხვადასხვა მხატვრის სხვადასხვა შედევრი და სხვადასხვა მსახიობის უნაკლოდ შესრულებული როლები. ვერ ვიყვარებ ხელოვანი ადამიანების მთლიან შემოქმედებებს. ჩემი ერთადერთი და შეუცვლელი კერპი მომღერალი ფრედი მერკურია.
_ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?
_ ვკითხულობ, ან ფილმებს ვუყურებ. მიყვარს ყველაფერი ის, რასაც რიტუალად გადავაქცევ ხოლმე. მზადებაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ხშირად განსაკუთრებული განწყობა მჭირდება და თუ ეს განწყობა მოდის, მაშინ საოცრებებს ვატრიალებ სამზარეულოში. ეს ძალიან მსიამოვნებს.
_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?
_ ზოგადად, ჩემი ოჯახის წევრებისთვის არასდროს არაფერი მენანება, მაგრამ ნივთებისადმი ხშირად მიჩნდება მიჯაჭვულობა და თუ ამ ნივთის ჩუქება ვერ შევძელი ვინმე განსაკუთრებულისთვის, ალტერნატივას აუცილებლად ვპოულობ და მაინც ვახარებ. გაჩუქება უზომოდ მიყვარს, ახალი წელი ჩემთვის ამიტომაა ყველაზე დიდი დღესასწაული, დავქრი აქეთ-იქით და საჩუქრებს ვარჩევ.
_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის საქმეში?
_ დრო, შემოქმედებითი და პიროვნული თავისუფლება.
_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?
_ სიყვარულის უნარს, ყველაზე მეტად ვაფასებ ისეთ ადამიანს, ვინც იცის, თუ როგორ გამოხატოს თავისი პატივისცემა... შეიძლება, ვერ გამოხატოს, მაგრამ ის ამას აუცილებლად გაგრძნობინებს. ჩემთვის ინსპირაციაა მებრძოლი ადამიანები, ისინი არასდროს ნებდებიან, ყველაზე მეტად ვაფასებ ასეთ ხალხს. ილიასეულ თერგის მოძრაობას ვემხრობი.
_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?
_ ასეთი რომ დამემახსოვრებინა, არ ყოფილა. განსაკუთრებული სინანულები არ მქონია ცხოვრებაში. მხოლოდ მსუბუქი.
_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
_ როდესაც საუბარს მაწყვეტინებენ, ან ჩემს პარალელურად იწყებენ საუბარს. გამოგიტყდებით, მაღიზიანებს კი არა, პირდაპირ მაცოფებს ხოლმე ასეთი ქცევები, მაგრამ თანდათან ვისწავლე ამ ბრაზის გაკონტროლება.
_ რისთვის არ გენანება დრო?
_ კარგი ფილმისა და წიგნებისთვის.
_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?
_ რაიმე ახალს ვსწავლობ, ან ვწერ.
_ მაქსიმალისტი ხარ (ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვარს ხოლმე? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში)? თუ ხარ/არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა ან პირიქით?
_ არ ვიცი, რა მკარნახობს, მაგრამ ზოგჯერ ვხვდები, სად უნდა დავიხარჯო ბოლომდე და სად _ არა, მაგრამ თუ ხარისხიანი კეთება მიყვარს, მაქსიმალურად ვცდილობ, მთელი ენერგია ჩავდო საქმეში.
_ მუსიკას უსმენ ხოლმე (რას)?
_ თუ ხასიათი ისე ვერ მაქვს, როგორც ყოველთვის, მაშინ ვხვდები, რომ მუსიკისთვის არ მომისმენია. ჩემთვის წარსულის ჰანგები ყოველთვის უფრო მომხიბვლელი იყო, ბავშვობიდან ასეა.
_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?
_ ახალ შესაძლებლობებს, ახალის შექმნის შანსს.
_ რაზე ოცნებობ?
_ ბანალურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ვოცნებობ. მინდა, რაც შეიძლება მეტი ვნახო, რაც შეიძლება, მეტი დედამიწის საჩუქარი.
_ თუ გყავს ფილმის, ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ?
_ პერსონაჟი არ მახსენდება, თუმცა ერთი ძალიან ცნობილი მხატვრის ბავშვობას კი ნამდვილად ვამსგავსებ თავს, ეს ჩემი ახალი აღმოჩენაა. გაგიმხელთ, სალვადორ დალიზე ვსაუბრობ, მაგრამ არ გეტყვით, რატომ ვგავარ მას...
_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?
_ როგორც უკვე გითხარით, კერპები არ მყავს და არც ისეთი პიროვნება მახსენდება, ოდესმე მისაბაძი რომ ყოფილიყოს ჩემთვის. პიროვნება არა, მაგრამ უბრალო ადამიანების დიდებული ქცევები ხშირად მისაბაძია ჩემთვის.
_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და ზოგადად საქართველოში?
_ თუ ძალიან, ძალიან არ მოინდომა მხატვარმა, არავინ გაუშლის ხელს და შესთავაზებს, _ მოდი, გამოვფინოთ ნამუშევრები და საზოგადოებას გავაცნოთო.
_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
_ საზოგადოებები უნდა შეიქმნას.
_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?
_ ვისვენებ მარტოობისას, ვისვენებ ზღვასთან შეხვედრისას და მთაში, ტყეში, ისევ მარტო.
_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?
_ ბაბუა, ჩემი ჭკვიანი და წყნარი ბაბუა. მისი გახსენებისას ყოველთვის თვალები მიწყლიანდება. ეს იყო ადამიანი, რომელიც თავისი უთქმელობით ყველაზე ბევრს ამბობდა. ყველაზე ჭკვიანი და კარგი იყო.
_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?
_ მოწოდება, ის, რაც ჩემია, ჩემს თვისებადაა გადაქცეული, ის, რასაც ვერ ამოიგლეჯ და ვერ გადააგდებ... შესისხლხორცებულია...
_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?
_ თავისუფლება საკუთარი თავის ფლობაა. ვფიქრობ, 22 წელიწადი საკმარისი არ არის საკუთარი თავის შესასწავლად.
_ რა არის თავისუფლება შენთვის?
_ თავისუფლებაა, როცა არავინ და არაფერი ახდენდეს შენს ამაღლებულ განწყობაზე ზემოქმედებას.
_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
_ ყველაზე მნიშველოვან და საპასუხისმგებლო პროფესიას ვეუფლები _ მალე დედა გავხდები! ეს ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელი ეტაპია.
_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?
_ ჯერ კიდევ არა, ამისთვის დრო მჭირდება. რამდენი? არ ვიცი... სულ ახალ რამეებს ვპოულობ ხოლმე საკუთარ თავში... ალბათ, ძალიან ბევრი დრო დამჭირდება.
_ როგორ გგონია, ადამიანებს თავიანთი მისია აქვთ, _ თუ კი, რა არის შენი მისია, როგორ გგონია? თუ არა, _ რატომ?
_ ყველას აქვს მისია, უბრალოდ, ზოგი მიხვდება ხოლმე, ზოგი _ ვერა. მე მგონია, მივხვდი, თანაც დიდი ხანია _ ბევრი დავტოვო ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვახსოვდე ხალხს.
_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?
_ სახელი.
_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?
_ ჩემს ქვეყანაში შრომას მეტად დავაფასებდი. შესაბამის ხელფასს მივცემდი ადამიანებს, მოხუცებს კი _ შესაფერის პენსიას.
_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?
_ ცოდნის გაზიარება მომავალი თაობისთვის, სწავლება მათთვის, რომ ზრუნვა და სამყაროს სიყვარული მნიშვნელოვანია.
_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?
_ შანსი არ ვიცი, მაქვს თუ არა... უბრალოდ, მჯერა ამის.
_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?
_ ზოგადად, პრინციპული ვარ. ჩემს მოსაზრებებს ყოველთვის ბოლომდე და არგუმენტირებულად ვიცავ. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ამას პრინციპი ვუწოდო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არასდროს არც ერთ არსებას არ დავჩაგრავ და ვერც ვერავის ვაპატიებ ამ ყველაფერს.
_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?
_ ვიქნებოდი ადვოკატი, კონდიტერი, სამედიცინო მედდა, ცხოველების მომვლელი. ეს უკანასკნელი შეიძლება გავხდე კიდეც ოდესმე.
_ და მაინც: ვინ არის მედეა ყირიმელი?
_ ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიახლეებს ეძებს.
_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?
_ სახელოსნოს მოწყობა.
_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?
_ ახლა უკვე ჩემს მომავალ პატარაზე. ზოგადად კი სულ ვოცნებობ და გეგმებს ვაწყობ...
_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?
_ ოჯახის, განსაკუთრებულად _ ჩემი მეუღლის.
_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?
_ საყვარელ ადამიანებთან ჩახუტებას ჩემთვის ყველაზე დიდი სიმშვიდე მოაქვს. ხსნა თბილი და მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში მოხვედრაა.
_ შანსი რომ გქონდეს, რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდი?
_ იქიდან გამომდინარე, რომ რენესანსის ეპოქა ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, სიამოვნებით დავიბადებოდი და შორიდან მაინც შევხედავდი ხოლმე მსვლელობის პროცესს, ყველა შედევრის შექმნას ჩუმად მივეპარებოდი და ვუთვალთვალებდი.
_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.
_ ახლა არაფერი მაქვს ამოჩემებული, მაგრამ ადრე ხშირად ვამბობდი: არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ.
_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ გამოხატეთ ნამდვილი ემოციები, სიყალბე შესამჩნევია, ყალბ ემოციებს კი უემოციობა სჯობს. იყავით მეგობრები ერთმანეთთან და მათ გარეშეც მათი მეგობრები იყავით. იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით და ნუ ხდით განსჯის საგნად სხვისას. გიყვარდეთ სამყარო და ასწავლეთ შვილებს ჩვენი ბუნების დაცვა და გაფრთხილება.
ნინო ტაბაღუა