QronikaPlus
იყო თუ არა ბრალდებული ზაზა ზაზაშვილი კომისიის თავმჯდომარე?

იყო თუ არა ბრალდებული ზაზა ზაზაშვილი კომისიის თავმჯდომარე?

2017-07-29 08:06:13

რომ ვამბობ, სუს-ს არაკვალიფიცური თანამშრომლები ჰყავს და არ იციან თავისი საქმე-მეთქი, არ გჯერა, სოსო. ამიტომ დღეს თელავში წინა კვირის გახმაურებულ დაკავებას სამართლებრივად განგიმარტავ და მერე არ გაჩნდეს კითხვა, ეს როგორო? „სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, თვითმმართველი თემი _ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარე, ზაზა ზაზაშვილი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაზა ზაზაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებაში დახმარებას დაჰპირდა (არადა, ეს შეუძლებელია, რადგან აუდიტის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მიწა აუქციონზე უკვე გატანილია და ვადა სრულდება, მისი ღირებულება კი 262 500 ლარია. იხილეთ თანდართული ფოტოც), რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 30 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ზაზა ზაზაშვილმა მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი _ 15 000 აშშ დოლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საკუთარ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. თუ დეპუტატი არ არის მოხელე, მას აქვს უფლება, რომ საშუამავლო ურთიერთობები ჰქონდეს ნებისმიერ იურიდულ, ან ფიზიკურ პირთან და ამის სანაცვლოდ მიიღოს გასამრჯელო. ამას კანონი არ ზღუდავს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, _ გვაუწყა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რასაც საჯარო ბრიფინგიც მიუძღვნა.   აწარმოეთ... აწარმოეთ... ჰოდა, დავიწყოთ ასე   ვინ არის მოხელე? მოხელე _ ინიშნება ან აირჩევა საჯარო სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. რა არის ქრთამი? მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ან ქონებრივი სარგებლის სახით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, ან შეუსრულებლობისთვის, რომელიც მოხელეს ან მასთან გათანაბრებულ პირს უნდა შეესრულებინა, ან შეეძლო შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ან თუ მის თანამდებობრივ ავტორიტეტს შეეძლო, ხელი შეეწყო ამგვარი მოქმედებისთვის, აგრეთვე, მის მიერ სამართლებრივი მფარველობის განხორციელება. არის თუ არა საკრებულოს რიგითი წევრი მოხელე? კანონმდებლობაში მკაცრადაა განსაზღვრული, რომ საკრებულოს წევრი მოხელე არ არის! დაბოლოს, იყო თუ არა ბრალდებული ზაზა ზაზაშვილი „საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარე“? 2016 წლის აგვისტოდან ასეთი კომისია, უბრალოდ, არც ერთ წარმომადგენლობით ორგანოში აღარ არსებობს, რადგან თვითმმართველობის კოდექსში არსებული ცვლილებით იგი აღმასრულებელ ორგანოს დაექვემდებარა, ანუ გამგეობას, ან მერიას უნდა დაექვემდებაროს. შესაბამისად, ერთი წელია, ზაზა ზაზაშვილი არავითარი კომისიის თავმჯდომარე არ არის. გადავიდეთ დეტალებზე: სიახლიდან ჩანს, რომ ზაზაშვილი არც მოხელეა, რათა მასზე სამოხელეო დანაშაული გავრცელდეს, არც კომისიის თავმჯდომარეა. შესაბამისად, თუ კომისიის თავმჯდომარე არ არის, მოხელე არ არის, შეუძლებელია, მას სამოხელეო დანაშაულის კვალიფიკაცია მივცეთ და, უბრალოდ, ქრთამის აღება დავაბრალოთ. აღნიშნული მიწა აუქციონზე უკვე რამდენჯერმე იყო გატანილი, რომელიც არ გაიყიდა და ეჭვი არსებობს, რომ არც ახლა გაიყიდება, რადგან ეს მიწა მაღალი თანამდებობის პირს სურს, რომ იყიდოს და იქ რესტორანი და სასტუმრო ააშენოს. გამოძიება გინდა, სოსო?! აგერ, ვითანამშრომლე და აწი, შენ გაარკვიე, ვის უნდა ამ მიწის ყიდვა... სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იგივე სურათი იყო ამ მიწასთან ახლოს მდებარე სხვა მიწაზეც რამდენიმე თვის წინ. და თუ ვინმე გაბედავდა მის ყიდვას, სუს-ი ყველას აჩერებდა, ბოლოს კი უცხო პირმა უკვე განახევრებულ ფასად იყიდა. რაც შეეხება ზაზა ზაზაშვილის დაკავებას: ის მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ სხვები ამხილოს, რის საფუძველზეც ისინი დააკავონ. სამშაბათამდე, სოსო!   მაკა მოსიაშვილი          

გაზიარება