ერთ დროს პარლამენტის თავმჯდომარე ახლა უმცირესობის ლიდერის თანამდებობას იკავებს და სწორედ ამიტომ ის „ქრონიკა+“-ის დღევანდელი ინტერესის ობიექტი გახდა. მისი სახელი კარგად გვახსოვს, _ იგი დავით ბაქრაძეა.
ამჟამინდელმა უმცირესობის ლიდერმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით და სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი სახელმწიფო მოხელის სპეციალობით. არის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 2002 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოში გადავიდა; 2004 წელს გახდა პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით“; იყო ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე; 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში იყო მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი; 2008 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად; 2008 წლის ივნისიდან 2012 წლის 21 ოქტომბრამდე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; 2012 წლიდან არის პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.
ჰყავს მშობლები, მეუღლე და ორი ქალიშვილი.
***
მისი ქონებრივი დეკლარაციაც არ გამოიყურება მთლად ურიგოდ. იგი გასული წლის 17 ივნისით თარიღდება და ჩანს, რომ ბაქრაძის სახელზეა 213.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა თბილისში, ლარსის ქუჩაზე და 28.00 კვ.მ. ავტოფარეხი აქვე. ასევე, მის სახელზეა 1751.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საგურამოში.
დედის, ლილი ბაქრაძის სახელზეა 339.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თბილისში, ტიბაანის ქუჩაზე და 287.00 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი ამავე ადგილას.
გაგიკვირდებათ და არც დავით ბაქრაძისა და არც მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არ რეგისტრირდება უძრავი ქონება. ოჯახი არ ფლობს არც ფასიან ქაღალდებს.
საბანკო ანგარიშებს რაც შეეხება, დეკლარაციის შევსებისას ბაქრაძეს ,,თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე უფიქსირდებოდა 470.00 ლარი, ამავე ბანკში ანაბარზე 21260.00 აშშ დოლარი, „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე _ 2150.00 ლარი და ჯამურად _ 16215 აშშ დოლარი. მის მეუღლეს, მაკა მეტრეველს კი „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 50.00 აშშ დოლარი და „პროკრედიტ ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 5.00 ლარი ჰქონდა.
დავით ბაქრაძის მამას, შუქრი ბაქრაძეს, „სახალხო ბანკში“ საპენსიო ანგარიშზე 20.00 ლარი უფიქსირდებოდა, ამდენივე ჰქონდა დედას, ლილი ბაქრაძეს. ამავე დეკლარაციაშია მითითებული უმცირესობის ლიდერის შვილების ანგარიშებიც, რომლის მიხედვითაც ეკატერინე ბაქრაძეს „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 200.00 აშშ დოლარი და ამავე ბანკში ანაბარზე 28200.00 ლარი ჰქონდა, ანალოგიური ოდენობის თანხა უფიქსირდება მის დას, ნინო ბაქრაძეს იმავე ბანკის ანაბარზე.
ასევე, გრაფაში: „ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს“, _ ბაქრაძეს უფიქსირდება 5000.00 ლარი და 10000.00 აშშ დოლარი.
დეკლარაციიდანვე ირკვევა, რომ დავით ბაქაძის დედა, ლილი ბაქრაძე, ინდმეწარმე გახლავთ და იგი ფლობს კომპანია Lili Bakradze - TBE-ს, რომელიც თბილისში, ტიბაანის ქუჩაზე, მისივე სახლის მისამართზე მდებარეობს, ხოლო მისგან მოგება კი დეკლარაციის შევსებამდე ერთი წლის მანძილზე 6400.00 ლარი იყო.
დავით ბაქრაძეს პარლამენტის წევრობისას 84465.00 ლარი აუღია, მის მეუღლე მაკა მეტრეველს კი „ჩაჩავას კლინიკაში“ დირექტორის თანაშემწეობისას მარკეტინგის დარგში _ 7500.00 ლარი.
გრაფაში: „საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების მიუხედავად)“ ბაქრაძეს „თიბისი ბანკში“ აქვს 12000.00 ლარის საბანკო საკრედიტო ბარათი, სახელფასო საკრედიტო ბარათის ოვედრაფტი. ანალოგიური მონაცემების ოვერდრაფტი აქვს „საქართველოს ბანკში“ და პლუს 10000.00 ლარის საკრედიტო ბარათის ოვერდრაფტიც.
ლილი ბაქრაძეს (დედა) იჯარით 6400.00 ლარად აქვს გაცემული ტიბაანის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის პირველი სართული.
ქუთაისში სახლის ქირაობაში გადახდილი თანხა კი 1670.00 ლარს შეადგენს. აქვე ვიგებთ, რომ მას მიწის ნაკვეთის შესყიდვისას 70000.00 აშშ დოლარი გადაუხდია, მის სახელზევეა იპოთეკური სესხი, რომლიდანაც შემოსავალი 50000.00 აშშ დოლარია. ასევე, სს „საქართველოს ბანკის“ ანაბრის _ 15000.00 აშშ დოლარის დეპოზიტის ხელშეკრულებიდან შემოსავალი 820.00 აშშ დოლარია.
დაბოლოს, გრაფა: „წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი, ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე“, _ ვხედავთ, რომ ბაქრაძეს საბანკო ანაბრის დივიდენდიდან შემოსავლად 1550.00 აშშ დოლარი მიუღია, მის სახელზეა ქონების გადასახადის გასავალი 1850.00 ლარი, მოგზაურობის ხარჯი 25000.00 ლარი, მასვე სამივლინებოდ დღიური და დანამატად 16350.00 ლარი მიუღია, დიდი ბრიტანეთის ვიზაში 1240.00 აშშ დოლარი გადაუხდია, პოლიტიკურ შემოწირულობაში კი 3000.00 ლარი გადაურიცხავს, ბინის ქირაში უკვე ხსენებული 1670.00 ლარი გადაუხდია.
აქვე, ეკატერინე ბაქრაძის სწავლაში 18000.00 ლარი გადაუხდიათ, მის მკურნალობაში კი _ 1630.00 აშშ დოლარი, ამავდროულად, მკურნალობის ხარჯის სადაზღვევო ანაზღაურებად 1525.00 აშშ დოლარი მიუღიათ. ლილი ბაქრაძის მკურნალობის ხარჯი 6500.00 ლარს შეადგენდა, აქვე, მისი იჯარიდან შემოსავალი 6400.00 ლარი იყო. ეკატერინე და ნინო ბაქრაძეების საბანკო ანაბრის დივიდენდის შემოსავალი, ჯამში, 3720 ლარს შეადგენდა.
მშობლების, ლილი და შუქრი ბაქრაძეების საპენსიო შემოსავალი, ჯამურად, 3840 ლარი იყო.
***
დეკლარაციის მასალების გაცნობის შემდეგ სწორედ ლარსის ქუჩისკენ ავიღე გეზი, რომელიც ტერიტორიულად ვერაზე, საკმაოდ შემაღლებულ ადგილას მდებარეობს.
დილისა და შუადღის გასაყარზე, 12:00 საათისთვის, უკვე ჩვენი რედაქციისკენ მიმავალ გზაზე ვიდექი, საიდანაც ბარნოვის ქუჩაზე, იქიდან პეტრიაშვილის ქუჩის კვეთაზე და ბოლოს ლარსის ქუჩაზეც აღმოვჩნდი...
შაბათ შუადღეს საკმაოდ ცხელოდა, მაგრამ ქუჩას ნამდვილად არ აკლდა ხალხი... თან ეს ის გზაა, რომელსაც ერთ-ერთ ცნობილ კაფესთან მიჰყავხართ, სადაც თითქმის ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია. ქუჩაც ასეთივე, _ მოწესრიგებული, კოხტა სილამაზის სალონებით, მაღაზიებითა და ყვავილებით მორთულია. გზა ოთხად იყოფა. თუ ხსენებული პეტრიაშვილის ქუჩიდან ადიხართ, სულ ზემოთ უნდა აიღოთ გეზი, რომელსაც კვლავ გზების კვეთისკენ მიჰყავხართ. აქ უკვე მარჯვნივ უნდა შეუხვიოთ და სწორედ ლარსის შესახვევში აღმოჩნდებით, რომელსაც ზემოდან გალის ქუჩა კვეთს.
ჩვენი ამბავი კი ასე იყო: 12:00 საათისთვის უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავი და ვნახე, რომ ლარსის ქუჩის დასაწყისში ღია ხილ-ბოსტნეულის მაღაზია ჰქონდათ, მაღაზიასაც ვერ დაარქმევთ, უფრო ღია ტიპის სავაჭრო ადგილი იყო, სადაც მხოლოდ ახალ ხილ-ბოსტნეულს ჰყიდდნენ (თვალი გადავავლე და ვნახე), აქ ორი ქალბატონი დახლთან იდგა, სამი მამაკაცი კი კიტრ-პომიდვრისა და ხილის აწონას სთხოვდა, ყველას საკმაოდ კარგად ჰქონდა გათავისებული თავისი როლი. ერთი მამაკაცი იქვე მდგომ მანქანაში იცდიდა (ეს, ალბათ, ის მანქანა იყო, რომლითაც პროდუქტები მოიტანეს). მათთან მივედი და ვკითხე:
_ უკაცრავად, ეს ლარსის ქუჩაა?
_ კი, შვილო, _ მიპასუხა აქ მდგომთაგან ყველაზე ხანში შესულმა მამაკაცმა.
_ დავით ბაქრაძე აქ ცხოვრობს, ხომ?
_ კი, კი, ჩემი მეზობელია.
_ მე ჟურნალისტი ვარ, მინისტრების, პარლამენტარების „კომფორტის ზონაზე“ ვწერ, მაინტერესებს, თქვენ თუ იცნობთ უშუალოდ?
ეს კითხვა იყო და ყველამ წამის უსწრაფესად შემომხედა და ახლა დახლს უკან მდგომმა, ოდნავ სრულმა ქალბატონმა არ დაუთმო არავის და დაიწყო:
_ რას ამბობ, შვილო, ვიცნობთ, აბა, არ ვიცნობთ?
_ როგორია ურთიერთობაში? რამდენად სალმიანია?
_ ძალიან, ძალიან! თან ზრდილობიანი და ყველაფერი.
_ მის ოჯახს თუ იცნობთ?
_ კი, მათაც ვიცნობთ, _ ჩაერთო დახლს უკან მდგომი მეორე, ახალგაზრდა გოგო.
_ ხშირად ხედავთ ხოლმე?
_ თვითონ დათოს არა, მაგრამ ოჯახის წევრებს კი, ძალიან კარგი ხალხია, _ იმავეს იმეორებდნენ დანარჩენი იქ მდგომებიც.
_ მასთან მიდიხართ სტუმრად? _ მკითხა ისევ ხანში შესულმა მამაკაცმა.
_ უშუალოდ მასთან არა, მაგრამ მეზობლებს მინდა გავესაუბრო.
_ მეც სახლში მივდივარ, აგერ, ჩემ ქვემოთ ცხოვრობს, მერვე სართულზე, მიგიყვანთ, თუ გნებავთ.
_ კი ბატონო, წავედით, _ ვუთხარი.
ამასობაში აწონა ის, რაც უნდოდა და გზას გავუდექით. დახმარება შევთავაზე, მაგრამ იუარა და თვითონ დამიწყო საუბარი.
_ თქვენ რომელი მედიასაშუალებიდან ხართ?
_ გაზეთ „ქრონიკა+“-დან. როგორც გითხარით, „კომფორტის ზონაზე“ ვწერ და ამჯერად მეზობლების აზრი მაინტერესებს, მინდა გავიგო, რამდენად უშუალოები და სალმიანები არიან.
_ კარგი ბიჭია ძალიან, ზრდილობიანი.
_ ქუთაისში არის ხოლმე ხშირად?
_ ნუ, როცა სხდომები აქვს. ისე, სულ იქით არ არის.
_ აქ მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ცხოვრობს მხოლოდ?
_ არა, მშობლებიც აქ არიან. ისინიც ძალიან კარგი ადამიანები, უშუალოები, ძალიან უბრალოები არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
_ მათ თუ ხედავთ ხშირად და ბავშვებს თუ იცნობთ?
_ როგორ არ ვხედავ?! ბავშვებიც ვიცი, ახლა უფროსი უმაღლესში, მოეწყო, მგონი, ამერიკაში.
_ თქვენთან თუ გამოდის ხოლმე, მეზობლებთან?
_ კი, ძალიან ხშირად.
ამასობაში სწორედ იმ კორპუსს მივუახლოვდით, რომელიც უფრო ახალაშენებულია, ვიდრე ძველი და საკმაოდ ესთეტიკურიცაა. თეთრი შეფერილობისა და დიდი აივნის მქონე კორპუსის მერვე სართულზე სწორედ ჩვენი ინტერესის ობიექტის „კომფორტის ზონა“ მდებარეობდა.
შესასვლელი კარი ღია დაგვხვდა, შესასვლელამდეც იდგა დაცვის პოლიციის კაბინა.
აქ მისულებს და სიცხისგან გულშეწუხებულებს მეც და ჩემს თანმხლებ ბატონსაც ძალიან გვეამა სადარბაზოს სიგრილე.
_ აქეთ მობრძანდით, _ მიმითითა, _ ესენი ჩვენი დაცვის ბიჭები არიან.
სადარბაზოში ორი ფორმიანი ახალგაზრდა ყმაწვილი იდგა, ორიც _ უფორმო, უკვე სადარბაზოში გაკეთებულ კაბინაში იჯდა. ახლახან გაეშალათ პურ-მარილი.
_ ბიჭებო, დათოსთან არიან, _ მიმართა დაცვის თანამშრომლებს.
_ ვინ არის დათოსთან? _ იკითხეს იქიდან.
_ მე ვარ, ჟურნალისტი „ქრონიკა+“-დან. მის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ, მეზობლების აზრი მაინტერესებს უბრალოდ, სულ რამდენიმეს გამოვკითხავ და წავალ, _ თან საფულიდან ჟურნალისტის მოწმობა და საშვი ამოვიღე, ვაჩვენე.
_ ძალიან კარგი ხალხია, ძალიან. მეც ხშირად ვხედავ ხოლმე. ზემოთ ვერ აგიშვებთ ნებართვის გარეშე და თვითონ გეტყვით მის შესახებ, არ გნებავთ?
_ ასეთი შემთხვევა ბევრი მქონია და მაგიტომაც გაჩვენებთ საშვს, არ იქნება პრობლემა, რომ ავიდე და მეზობლებს ვკითხო, უბრალოდ?
ამასობაში ბატონი მირიანიც, რომელმაც აქამდე მომიყვანა, გამომესარჩლა, მაგრამ მასაც უარი უთხრეს. ის ლიფტში შევიდა და მითხრა, რომ თავად მეათეზე, ბაქრაძეები კი მერვე სართულზე ცხოვრობენ.
_ ანუ ზემოთ ვერ ამიშვებთ?
_ ასე გაფრთხილების გარეშე ვერა, _ მითხრა იმათგან უფროსმა, რომელსაც, რატომღაც, ფორმა არ ეცვა, შესაძლოა, მისი ცვლა არ იყო და მაგიტომ.
_ და რომ გააფრთხილოთ?
_ არ არიან სახლში.
_ კარგით, მაშინ თქვენ მითხარით მასზე, როგორც მეზობელზე, აქ მცხოვრებზე, რამდენად სალმიანია, რამდენად ხშირად ხედავთ? _ ამ კითხვაზე ჩემმა რესპონდენტმა, რომელსაც ასევე დავითი ერქვა, თავიდან უარი განაცხადა, მერე იქ მდგომმა ბიჭებმაც უთხრეს, _ რა გაქვს მოსარიდებელი, ხომ ყველანი ვიცნობთ დათოს, ჩვენ ფორმა გვაცვია და ვერაფერს ვიტყვითო. მერე ისიც დათანხმდა...
_ გამარჯობა, თქვენ აქ მუშაობთ?
_ დიახ, აი, აქ ვმუშაობ, _ დაცვის კაბინისკენ მიმითითა.
_ ოჯახის წევრებსაც იცნობთ და მის შვილებსაც?
_ კი, საერთოდ, აქ ყველას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან უშუალოები არიან. შვილებიდან კატომ ახლა დაამთავრა, უმაღლესში მოეწყო და ნიტა არ მახსოვს, რამდენი წლისაა.
_ კარგით, გასაგებია, დიდი მადლობა.
_ არაფრის, ხომ არ დაგვეწვეოდით?
_ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ სტატიის საწერად უნდა წავიდე, _ გავუღიმე და გამოვედი.
როგორც კი იქაურობა დავტოვე, სადარბაზოს ერთი მანქანა მოადგა, საიდანაც შუა ხნის ქალბატონს მძიმე ნივთები გადმოჰქონდა. მის დასახმარებლად კი ის მამაკაცი წავიდა, წეღან რომ მესაუბრა.
გარეთ ისევ ისე ცხელოდა. ქალაქის ცენტრში კი ტემპერატურა 1-2 გრადუსით მეტი მაინც იყო.
იქვე კუთხის მაღაზია ვნახე, სადაც შესულმა ანალოგიური პასუხები მოვისმინე, როგორადაც უკვე ისედაც მიპასუხეს. მითხრეს, რომ ოჯახით ძალიან უშუალო და დადებითი ადამიანები არიან და რომ მეზობლებთან კონტაქტს არ ერიდებიან.
გარეთ გამოსვლისას კორპუსს ფოტო გადავუღე, კუთხის ბინაში მერვე სართულზე სწორედ დავით ბაქრაძის საცხოვრებელი „კომფორტის ზონა“ მდებარეობს.
ნინო ტაბაღუა