QronikaPlus
საქართველოდან ორი ოფიცერი გაიქცა

საქართველოდან ორი ოფიცერი გაიქცა

2017-07-17 07:45:32

სკანდალი სუსში _ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ორმა ოფიცერმა ჯერ სამსახური დატოვა, მოგვიანებით კი _ ქვეყანა. ერთი მათგანი, ნინო ნიქაბაძე, სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ნათესავია; მეორე _ კობა კაპანაძე, სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის კადრი. ნინო ნიქაბაძე ადასტურებს, რომ სუს-ის უფროსსა და მოადგილეს შორის მტრობაა, მას ამის შესახებ საკუთარი დედამთილის ოჯახში ხშირად სმენია. ასევე ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ სუს-ში, პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მათი შანტაჟისა და გადაბირებისთვის, ახალი პროექტი მზადდება, რომელშიც განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი თანამშრომლები იმუშავებენ, მისი პრობლემები კი ამ პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმით დაიწყო. „ქრონიკა+“ უცხოეთში მყოფ სუს-ის კიდევ ერთ ოფიცერს, კობა კაპანაძეს დაუკავშირდა და რამდენიმე დეტალის გადამოწმება პირადად მასთან სცადა. _ კობა, თქვენ გუშინ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში თქვით, რომ გოგაშვილის კადრი ხართ. რას ნიშნავდა ეს, გოგაშვილმა მიგიყვანათ სუს-ში? _ გოგაშვილის კადრი ვარ-მეთქი კი არ მითქვამს გუშინ, ქალბატონო ელისო, მე ვთქვი, რომ აღქმული ვიყავი, როგორც გოგაშვილის კადრი, ვინაიდან ჩემი რეკომენდატორი სუს-ში გახლდათ მინისტრის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, თორემ მას წესიერად არც ვიცნობ, ერთი-ორჯერ მყავს საჯარო სივრცეში ნანახი და ისიც ადრე, მაგალითად, სამებაში. მას შემდეგ, რაც ის მინისტრის მოადგილე გახდა, მე პირადი შეხება მასთან არ მქონია. _ კობა, როგორ ფიქრობთ, გოგაშვილსა და გომელაურს შორის, რეალურად, არსებობს დაპირისპირება და ეს ჭორი არ არის? _ მოკლედ, ეს ინფორმაცია მე ნინოსგან მაქვს, მას, სავარაუდოდ, უსმენდნენ. ეს ყველაფერი ნინომ ჭჰატსAპპ-ით მითხრა. ადრე პროექტთან დაკავშირებით მესაუბრა. მითხრა, რომ მას მეუღლის მამინაცვალი ესაუბრა, თუ როგორ გაბედა ნინომ ასეთ საკითხებში ჩარევა. მერე გაიგეს, რომ ნინოსგან გარკვეული დეტალების საქმის კურსში ვიყავი, ჩემზე უთხრეს, რომ პირადად ვახო გომელაური იზრუნებს და როდესაც დიდ ხეებს ჭრიან, ტოტებიც მიჰყვებაო. მას გავაგდებ სამსახურიდან და გაგდებასაც არ ვაკმარებო... ტექსტს გავიხსენებ და ჩავაზუსტებ: თუ ცოცხალი დავტოვეთ, სამსახურიდან აუცილებლად გავაგდებთ და ვაცემინებთ, ამას ვახო უზრუნველყოფსო. ვახოში იგულისხმებოდა ბატონი ვახო გომელაური. _ რა ტიპის მუქარებზე იყო საუბარი? _ სიცოცხლის მოსპობაზე... _ რა პროექტი შესთავაზეს ნინოს და სუს-ის სხვა თანამშრომლების ვინაობა თუ იცით, ვინც ამ საარჩევნო პროექტში მონაწილეობდნენ? _ მე შემიძლია გითხრათ, ქალბატონო ელისო, რომ ჩვენ სუს-ის სხვა თანამშრომლები იმაში დაგვეხმარნენ, რომ საზღვარი გადმოგვეკვეთა და შეძლებისდაგვარად ქვეყნიდან მაინც გამოგვეღწია. ჩემი კოლეგა არ გახლავთ ვახტანგ გომელაური. ის გახლავთ მინისტრი, მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და ჩემთვის რიგითი ოფიცერი გაცილებით ღირებულია, კოლეგიალური თვალსაზრისით, ვიდრე მინისტრი. ამიტომ მე იმ ადამიანებს დიდ მადლობას ვუხდი. _ პროექტის დეტალებზე რა იცით? _ პროექტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია მივიღე და თქვენთვის ცნობილია, თუ რა გზით მივიღე ეს ინფორმაცია, ეხებოდა წინასაარჩევნოდ ოპონენტების კონტროლს. არ ვიცი, კერძოდ ვისზე იყო საუბარი, შეიძლება, ოპონენტებში ჟურნალისტები მოიაზრებოდეს, შესაძლოა, პოლიტიკური წრეებიც. ალბათ, მაინც, ყველაზე აქტიური მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მოიაზრებოდა მასში და ალბათ, საკმაოდ აქტიური ჟურნალისტებიც... მართალი გითხრათ, ეს დეტალები არ ვიცი. როგორც ინფორმაცია მქონდა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მოიაზრებოდა. მათ შორის, მაკომპრომეტირებელი მასალები მათზე, კონკრეტულად, მაკომპრომეტირებელი მასალების გამოყენებით ადამიანების შანტაჟი. ძველ მასალებზეა საუბარი, თუ ახლის გადაღებაზე და მის გამოყენებაზე, ან თუ შანტაჟზეა საუბარი, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ეს ჩემთვის უცნობია იმიტომ, რომ ამაში მე ღრმად არ შევედი. იმის გამო, რომ თავიდან, როდესაც ნინომ მითხრა, შენ მიმართაც აქვთ შემოთავაზებაო, ვიფიქრე, ეს შეიძლებოდა, მართლა შემოთავაზება ყოფილიყო, იმიტომ, რომ წარსულში ჟურნალისტურ გამოძიებებში გარკვეული მონაწილეობა მიმიღია და აქედან გამომდინარე, ვაინტერესებ-მეთქი, მაგრამ რომ შევედი და მეტ-ნაკლებად რომ გავიგე, რა ტიპის პროექტზე იყო საუბარი, ამის გამო ციხეში ისხდნენ ვიღაც-ვიღაცები და სამართლებრივი დევნის პრაქტიკა უკვე გვქონდა საქართველოში, მე, რა თქმა უნდა, ნინის დაბეჯითებით ვუთხარი, _ კანონსაწინააღმდეგო რაღაცაა და შენ არ მიიღო ამაში მონაწილეობა, თავი არ გაისულელო და ხომ არ იღებ ამ პროცესებში მონაწილეობას-მეთქი? მე, რა თქმა უნდა, ამაზე უარი განვაცხადე, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ამ პროექტის შემოთავაზება იყო მხოლოდ შემოთავაზებისთვის. შეიძლება, იქ ფუნქციაც არ მქონოდა, ჩემი მონაწილეობა ამ პროექტში უკვე გარკვეული საიდუმლოებისა და უსაფრთხოების გარანტიებს ქმნიდა. ეს არის ჩემი ანალიზის საფუძველი, ქალბატონო ელისო. _ კობა, ეს პირველი შემთხვევა იყო სუს-ში, როცა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების კომპრომეტირებაზე მიდიოდა ლაპარაკი, თუ სხვა დროსაც ყოფილა მსგავსი ტიპის ამბები? _ იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურებრივად არ მქონდა პირადი შეხება და კონტაქტი ამ სიტუაციასთან, არ მექნებოდა ინფორმაცია იმიტომ, რომ როგორც გუშინ ქალბატონი ნინო გიორგობიანის განცხადებაში იყო მითითებული, მე ვმუშაობდი ანალიტიკურ დეპარტამენტში, ეს ეხებოდა თვალით მუშაობას, ასე ვთქვათ და ეს არ იყო ოპერატიული მუშაობის მიმართულება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ამ ტიპის აქტივობები ხდებოდა თუ არა, ვერ იქნებოდა ცნობილი. მიმიხვდით, რა ხდება? ეს მხოლოდ იმიტომ გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ მე, უბრალოდ, ნინოსთან ვმეგობრობდი, ვურჩევდი და გვერდში ვედექი ადამიანს, რომელიც მინისტრთან ძალიან დაახლოებული და მისი ოჯახის წევრი იყო. მეტსაც გეტყვით: შეიძლება, სუს-ში არც ირჩეოდა ეგ საკითხი... და მეორე უბედურება გახლავთ ის, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები, რეალურად, სამზარეულოებში ირჩევა, ეს მეორე უკიდურესობაა... _ ვინ არის გომელაურის ცოლისძმა, ასეთი რა გავლენებით სარგებლობს, რომ, ვთქვათ, სუს-შიც ალაგებს სიტუაციას, ბიზნესშიც და ა. შ.? _ მართალი გითხრათ, ამის შესახებ, ალბათ, ქალბატონ ნინოს უფრო მეტი ინფორმაცია ექნება, უბრალოდ, ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ბატონ კუდუხაშვილთან წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე საუბარი მქონდა და მაშინ, როდესაც მე მათ მითხრეს, შენ პრობლემები გექნება სამსახურებრივად, იმიტომ, რომ რაღაცებში ყოფ ცხვირს, სადაც შენი საქმე არ არისო, მართალი გითხრათ, მაშინ ჩემსა და დავით კუდუხაშვილს შორის ძალიან კორექტული საუბარი შედგა, არ იყო ზღვარს გადაცილებული, ტონს აწეული საუბარი, უბრალოდ, მშვიდი საუბარი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავის მხრივ მინიშნებებიც იყო მუქარებთან დაკავშირებით. ამ დროს მან მითხრა, რომ შენ შეიძლება პრობლემები შეგექმნას იმიტომ, რომ ისეთ რაღაცებში ერევი, რაც შენი საქმე არ არის, შენ საქმის კურსში ხარ და სამსახურებრივად პრობლემები შეგექმნებაო... ვუთხარი, _ ვარ საქართველოს ოფიცერი, სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი და ამიტომ  ვერ მოგანიჭებთ უფლებას, რომ ჩემთან ერთად ქუჩაში არჩიოთ ეს საკითხები, მე არ ვაპირებ სამსახურებრივი საკითხების გარჩევას თქვენთან ერთად ქუჩაში-მეთქი. _ უცნაურად არ მოგეჩვენათ, რომ თქვენი უშუალო უფროსი კი არ დაგელაპარაკათ, არამედ უშუალოდ გომელაურის ცოლისძმა? _ არა, არ მომეჩვენა უცნაურად... _ რატომ? _ ძირითადად, როგორც ვატყობ, ეს ყველაფერი პირადი კონტაქტების მეშვეობით ხდებოდა, ანუ ეს არის ნდობაზე დაფუძნებული საქმე. სპეცსამსახურული ტიპის მუშაობა არ მიმდინარეობდა, მიმდინარეობდა პირადი კონტაქტების მეშვეობით მუშაობა. მეორეც, გარკვეულწილად, რაღაც ტიპის მცდელობები იყო, რომ პირადი კონტაქტების მეშვეობით დაელაგებინათ სიტუაცია და ეს ინფორმაციები არ გამხდარიყო საჯარო, ანუ გომელაური საკუთარ სამსახურში არ ენდობოდა სამსახურის უფროსებსაც კი. _ კობა, ვინ არის უშუალოდ თქვენი სამსახურის უფროსი და სხვა მაღალჩინოსნების ნათესავები თუ მუშაობენ სუს-ის ანალიტიკურ დეპარტამენტში? _ რა თქმა უნდა, მუშაობენ, იმიტომ, რომ ახლა ნეპოტიზმი და კორუფცია არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მე უკვე შემიძლია ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, სხვებიც მუშაობენ. კონკრეტიკას, ვინ ვისი ნათესავია, ვერ ჩამოვყვები, იმიტომ, რომ არ ვარ ჩამოყალიბებული და ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ნათესავები მუშაობენ... _ ირაკლი სესიაშვილის შვილი ცნობილი სკანდალის შემდეგ ისევ მუშაობს სუს-ში? _ არ ვიცი, იმიტომ, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილთან მე მჭიდრო შეხება არ მქონია, მაგ პერიოდში ხან შვებულებით ვსარგებლობდი, ან უამრავი საქმე მქონდა და ვერაფერს გეტყვით... საკმაოდ მოკრძალებული თანამდებობა მეკავა, მართალია, ამის დასახელების უფლება არ მაქვს, თვითონ თუ იტყვიან, დაასახელონ, ბატონო, მე ვერ ვიტყვი კონკრეტულად, რით ვიყავი დაკავებული, უბრალოდ, გეტყვით, რომ ოპერატიულ მიმართულებაზე არ ვიყავი. რით ვიყავი დაკავებული და როგორ ვიყავი, ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს, არ მინდა ამაზე საუბარი... უბრალოდ, კანონის დარღვევა იქნება, ქალბატონო ელისო, ამაზე საქმეს აღმიძრავენ და სრულიად კანონიერი იქნება ეს ყველაფერი, მიმიხვდით ხომ, რაზეც არის საუბარი? _ მესმის... და როგორ დაშორდით ერთმანეთს თქვენ და გომელაურის ცოლისძმა? დაჰპირდით მას, რომ საჯაროდ ამ თემებზე არ ილაპარაკებდით? _ არა, ჩვენ ამ ტიპის საუბარი არ გვქონია, ერთმანეთს დავემშვიდობეთ, ამის თქმის შემდეგ, რაზეც ვისაუბრე უკვე, ჩავჯექი ჩემს მანქანაში და წამოვედი, გომელაურის ცოლისძმა დაჯდა და თავისი მანქანით წავიდა, რომლითაც იყო მობრძანებული. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური იყო, პიროვნულ ურთიერთობებში ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა, თუმცა იმ ტექსტებიდან გამომდინარე, როგორც საუბრობდა, რა თქმა უნდა, მასზე კარგი წარმოდგენა არ დამრჩა. _ როდის დატოვეთ საქართველო? _ საქართველო დავტოვე 30 ივნისს, ანუ როგორც კი დავწერე განცხადება განთავისუფლებაზე. მაგ პერიოდში უკვე მიდიოდა დევნა, ჩემზეც მიდიოდა ზეწოლები, სხვადასხვა მუქარა და ა. შ. განცხადება დავწერე, კი ბატონო, დავეთანხმე ამას, მივიღე გადაწყვეტილება განცხადების დაწერის თაობაზე, ამ დროს აქტიურ კონსულტაციაში ვიმყოფებოდი ქალბატონ ნინისთან და მასთან უკვე მიმდინარეობდა ჩემი მოსპობის მუქარები. თავის მეგობრებთან ერთი თუ ორი კვირის განმავლობაში იმალებოდა და ადგილს იცვლიდა, ეს საქართველოში ხდებოდა, ერთი ბავშვით დადიოდა და ადგილს იცვლიდა. ინფორმაცია მქონდა და ის მეკონტაქტებოდა, შეძლებისდაგვარად, ხან ვისი მეშვეობით და ხან ვისი მეშვეობით, ამის შემდეგ შემოვლის ფურცლის კეთება დავიწყე, ეს ოფიციალური პროცედურაა. მე იმიტომ დავიწყე, რომ თან იარაღი არ მქონდა, არც პირადობის მოწმობა და ა. შ. ამიტომ ვერ მოვახერხე ყველაფერი. იმდენად მყისიერი იყო სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, უკვე ამ ყველაფერს ბოლომდე ვერ შევძლებდი, რომ გამექაჩა და ჩემი მეგობრის თხოვნა შევასრულე. მას ვუთხარი, რომ მაქვს კონტაქტები, თუნდაც ჟურნალისტებს ვიცნობ, გინდაც მედიკოსებს და ა. შ. მეც შევძლებ, რადგან ჩემზე განადგურების მუქარაა. ამიტომ როგორმე გაგიყვან ქვეყნიდან და როგორც კი დაგაბინავებ, შევეცდები, ყველაფერი ვუთხრა საჯაროდ საზოგადოებას-მეთქი. მალე გადმოვკვეთე საზღვარი, ჩემი მეგობრები სუს-იდან სოციალური ქსელით დამიკავშირდნენ და მითხრეს, _ კობა, ბედზე გაასწარი, წუთი-წუთზე გადაკვეთე საზღვარი, იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ გადაკვეთეთ საზღვარი, პირადი დირექტივა მივიდა მინისტრისგან, რომ შეაკავეთო! ეს არ იყო დაკავება, იმიტომ, რომ დაკავებას კანონიერი საფუძველი სჭირდება, შეკავება _ ეს ოპერატიულად ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია: პოლიციელსაც და იქ მყოფ ნებისმიერი სამართალდამცველი სტრუქტურის წარმომადგენელს... _ კობა, არ გიცდიათ თქვენს რეკომენდატორთან, იოსებ გოგაშვილთან დაკავშირება? ვთქვათ, რა პოზიცია ეჭირა გოგაშვილს ამ პერიოდში, თუ იცით? _ გოგაშვილთან დაკავშირება რამდენჯერმე ვცადე, დაახლოებით, სამ-ოთხჯერ მქონდა მცდელობა, მაგრამ იოსებ გოგაშვილს ტელეფონზე ვერ დავუკავშირდებოდი, ეს სხვა უწყებაა და იქ ასე არ ხდება, რომ ჩვეულებრივად უკავშირდები, აქედან გამომდინარე, აქ პირადი პრობლემები იყო მასთან დაკავშირებითაც და ჩემთან დაკავშირებითაც. მე ვცდილობდი, რომ პირადი კონტაქტებითაც დავკავშირებოდი მას, მაგრამ, სამწუხაროდ, იოსებ გოგაშვილთან კონტაქტი ვერ მოხერხდა. ორი-სამი თვის პერიოდის განმავლობაში, რაც მე ვცდილობდი აქტიურად დავკავშირებოდი იოსებ გოგაშვილს, რა თქმა უნდა, რეალურ მიზეზს არ ვეუბნებოდი იმის შესახებ, რა პრობლემაც იყო, რადგან დიდი იყო ინფორმაციის გაჟონვის საშიშროება, ეს უნდა მიეტანათ, მე არ ვიცი, რა ფორმით მიიტანდა და რა კომუნიკაციის საშუალებებს გამოიყენებდა, ამიტომ რეალურ მიზეზს ვერ ვეუბნებოდი, რის გამო მინდოდა ბატონ გოგაშვილთან შეხვედრა. ამას ვითხოვდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. ამიტომაც ვამბობ, რომ მე აღქმული ვიყავი იქ, როგორც იოსებ გოგაშვილის კადრი, მაგრამ, სინამდვილეში, მას არც ვიცნობდი რეალურად... _ აბა, რეკომენდაცია როგორ გაგიწიათ, თუ არ იცნობდით, ვისი მეშვეობით? _ იმ დონეზე, ქალბატონო ელისო, იმისთვის, რომ სუს-ში ადამიანს რეკომენდაცია გაუწიო, ამის დონეზე ნაცნობობა ორი შეხვედრა საკმარისია საჯარო სივრცეში, იმიტომ, რომ რეკომენდაცია არაფერს ნიშნავს. იქ მერე სამთვიანი შესწავლის პროცედურაა, როდესაც ყველა გამოწმებს და აქ მარტო რეკომენდაცია სრულიად საკმარისი არ არის. თუ არ შეიძლება შენი დანიშვნა სუს-ში, იქ არავინ დაგნიშნავს და ამიტომაც აქვს, ეტყობა, მინისტრს ნდობის ნაკლებობა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და ძალიან ცუდი, როდესაც მინისტრები და მოადგილეები საქართველოში, ეს ძალოვან უწყებაში იქნება, თუ სხვა უწყებაში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ისე ეპყრობიან სახელმწიფო სტრუქტურებს, როგორც პირად საკუთრებაში დასაქმების კანტორებს. ეს საშინელება და ტრაგედიაა. _ კობა, გუშინდელი სიუჟეტის მერე აქტიურად გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ ეს არის გოგაშვილის მიერ ორგანიზებული ოპერაცია ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ და რას ეტყოდით ამ ადამიანებს, ვინც ასე ფიქრობს? _ ქალბატონო ელისო, აბსოლუტურად არ განვიხილავ გოგაშვილსა და გომელაურს ცალ-ცალკე, მე პირადად არ განვიხილავ!.. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მოდიოდა, ანუ რა ინფორმაციასაც ვფლობ, ამას მე პირადად ვამბობ, მაგრამ პირადად მათ ცალ-ცალკე არ განვიხილავ. გოგაშვილის ორგანიზებული როგორ შეიძლება იყოს? თუ გოგაშვილის ორგანიზებულია, მაშინ მე ვყოფილვარ ამის ორგანიზატორი?!. თუ მოგვიწყვეს ეს ყველაფერი ორივეს?!. თუ როგორი ფორმითაა ორგანიზებული, რას ამბობენ?!. _ ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გოგაშვილმა გააკეთა, ქვეყნიდან გაგიყვანათ, რომ ორივეს გომელაურის წინააღმდეგ განცხადებები გაგეკეთებინათ... _ არა, რას ამბობთ, აბსოლუტურად არ არის ახლოს ჭეშმარიტებასთან, ქალბატონო ელისო, მერწმუნეთ, გულწრფელად, ალალად გეუბნებით, რომ აბსოლუტური აბსურდია, რა!.. არანაირად, არანაირად!.. _ საქართველოში ვერ ბრუნდებით, ხომ? _ რა თქმა უნდა, საქართველოში ვერ ვბრუნდებით, ამაშია საქმე... ძალიან გვინდა, საელჩოებს მივაწოდოთ თქვენი მეშვეობით ხმა, რომ იქნებ, გარანტიები შეიქმნას უსაფრთხოების, იქნებ პარლამენტის ნდობის ჯგუფმა იმუშაოს, ან ადამიანის უფლებათა მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა... მართლაც დავდივართ და ფეხდაფეხ დაგვდევენ ევროპაში, როგორც ძაღლებს. რა ვიცი, ბევრი რისკია, თან მოახლოებული არჩევნებია... რა ვიცი, ვიღაცამ რისთვის შეიძლება გამოიყენოს ეს ყველაფერი და ვიცით, რომ უუნარო ხელისუფლება ჰყავს საქართველოს. მე არაერთხელ დავრწმუნებულვარ ამაში, მაგრამ ვიღაცა მაინც მიხვდეს, რომ თავის პრობლემებს იქმნიან... არანაირი სურვილი არ მაქვს, უცხო ქვეყანაში ყოფნის, რადგან საკმაო რესურსი მაქვს იმისა, ჩემს ქვეყანაში ძალიან კარგად ვიცხოვრო. _ კობა, ეს შანტაჟირების პროექტი გრძელდება, თუ, უბრალოდ, ამ გახმაურების შემდეგ შეწყდება, როგორ ფიქრობთ? _ ვერაფრით ვერ გეტყვით, ეს პროექტი გრძელდება თუ არა, თუ არ დაწყებულა, რას გააჩერებენ და თუ დაწყებულია, არ ვიცი... მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, ვისაც ჩემი და ქალბატონი ნინის ქვეყნიდან გასვლაზე მაინც დარჩა ეჭვი, რომ ეს ჩვენი პირადი ურთიერთობიდან გამომდინარეა, რომ თუ თქვენ გყავთ შვილები, ჩახედეთ თვალებში საკუთარ შვილებს, თუ თქვენ გყავთ დედები, ჩახედეთ თვალებში საკუთარ დედებს, თუ თქვენ გყავთ საერთოდ ვინმე, ჩახედეთ მათ თვალებში და ამის შემდეგ ილაპარაკეთ სხვების შესახებ. საქართველოში ყველას არ აქვს ღირსება დაკარგული, საქართველოში არსებობენ ღირსეული ოფიცრები, რომლებიც ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, სამსახურშიც და მის მიღმაც იციან მეგობრობაც, ადამიანის პატივისცემაც და რომლებიც დღემდე ემსახურებიან საქართველოს, მე ჩემი თავი სწორედ ასეთად მიმაჩნია!..   ელისო კილაძე  

გაზიარება