ბრძოლა დასავლეთისა და ყოველგვარი დასავლურის წინააღმდეგ, აღმოსავლეთზე შეტევით _ ერთი წინადადებით ასე შეიძლება შეფასდეს ის ვითომ ქართული მარში, რომელსაც თბილისში მართავენ არაბების, ინდოელების, თურქებისა და სხვა აზიური თუ აფრიკული ქვეყნებიდან ჩამოსულების წინააღმდეგ.
ერთი შეხედვით, ამ მარშთან საერთო არაფერი აქვს ხელისუფლებას, ამ მსვლელობის ორგანიზატორი არც ხელისუფლებაა და არც სახელისუფლებო პარტია _ „ქართული ოცნება“. მეტიც: მსვლელობის ორგანიზატორები სწორედ ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიებს, მაგრამ, რეალურად, ამ მარშის ავტორები და დღევანდელი ხელისუფლება, ჯამში, ის ერთიანი ძალაა, რომელიც ქვეყანას რეგრესისკენ მიათრევს. დიახ, მათი არიები ერთი ოპერიდანაა, იმ ოპერიდან, რომლის კომპოზიტორიც ჩრდილოეთშია საძებნი.
ხელისუფლება უცხოელებზე მიწის გაყიდვას კრძალავს, მარშისტები _ საერთოდ უცხოელების გაძევებას ითხოვენ ქვეყნიდან. უბრალოდ, ხვდებიან, რომ ასე ხელაღებით ეთნიკური ნიშნით საკითხის დასმა მეტისმეტად ქსენოფობიურია და ამ ყველაფერს არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლად გვასაღებენ, მაგრამ ჭირი მაინც თავს ვერ მალავს: მარშის უჩოხო სარდალ-ყარაჩოღელი ბრეგაძე იქვე მთავრობისგან საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვს. თან არალეგალებს ერჩის და თან უნდა, რომ უცხოელები ამ სტატუსს ვერ გასცდნენ _ ბინადრობის უფლება და მოქალაქეობა უცხოელებმა მარტივად არ უნდა მიიღონო. რა გამოდის? ერთი ყბით იმას ყვირის, _ არალეგალურად რატომ ცხოვრობენო და მეორე ყბით იმას გაჰკივის, _ ლეგალურად ცხოვრების უფლებას რატომ აძლევთო.
ხელისუფლება უცხოელებზე მიწის მიყიდვას კრძალავს და, ამ დროს, როდესაც რუსეთი თითო ჯერზე ათ ჰა ქართულ მიწას მუქთად იტაცებს, რას პასუხობს ხელისუფლება?
პარლამენტის თავმჯდომარე კულულთა რხევით გვამცნობს, რომ: „მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის“. თურმე იმიტომ, რომ, კონსტიტუციის თანახმად, უშიშროების საბჭო თავდაცვის ორგანიზებისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებს განიხილავს და მცოცავი ოკუპაცია არც ერთი ყოფილა და არც _ მეორე.
ოკუპანტი ლუკმა-ლუკმა გვაკბეჩს ქართულ მიწას და ეს არ ყოფილა თავდაცვის საკითხი!
საპატრიარქომაც იგივე მიგვანიშნა, _ ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება, დიდი პროვოკაციის მიზეზად იქცეს, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების გააქტიურებაო.
უდავოდ! მაგრამ საინტერესო სხვა რამაა, _ საპატრიარქო მეგობარ ქვეყნად აქამდე რუსეთს მიიჩნევდა (პუტინიანად) და ახლა გახდა გარყვნილი ევროპა მეგობარი? თუ მეგობარი რუსეთი უნდა გავააქტიუროთ? რომ 10 ჰექტრის ნაცვლად თითო წაღებაზე 20 წაიღოს?
საპატრიარქოს ხაზს აგრძელებს ქვეყნის საგარეო უწყების შეფიც, _ ეგ რუსეთის პროვოკაციული ქმედებაა და ჩვენ ამ რუსულ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთო, _ ბრძანებს საგარეო საქმეთა მინისტრი და რაში გამოიხატება პროვოკაციაზე არწამოგება? არშემჩნევაში, გაჩუმებაში, დადუმებაში და დამუნჯებაში!
გედევან ფოფხაძე საერთოდ უტიფრობის ევერესტზე აგლიჯინდა და იქიდან დაგვძახა, _ რუსებს ქვეყნის მესამედი აქვთ ოკუპირებული და რა მნიშვნელობა აქვს, 1 მეტრით გადმოიწევენ თუ ასითო, მაგათაც ეგ უნდათ, რომ სულ მაგ მცოცავ ოკუპაციაზე ვილაპარაკოთო. ანუ ხმაც არ უნდა ამოვიღოთ და ისე ვაძლიოთ რუსს მიწა ლუკმა-ლუკმა. დიახ, ბრძენ გედევანას ლოღიკით, რაკი რუსს ქვეყნის დიდი ნაწილი აქვს ოკუპირებული, ახალი, პატარ-პატარა, ჰექტრობით მიწები ისე უნდა ვაძლიოთ, რომ კრინტიც არ დავძრათ. ახლა მე გეკითხებით თქვენ, _ ეს უნდა რუსს, რომ ასე უჩუმრად ჩაიგდოს ხელში მთელი საქართველო, თუ ის, რომ ვიდგეთ და მთელი მსოფლიო შევძრათ მცოცავ ოკუპაციაზე საუბრით?
და ამ ყველაფერს ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე... საპატრიარქო იმას მაინც აცხადებს, საერთაშორისო ორგანიზაციები გავააქტიუროთო და ეს გედევანი დამდგარა და ხანუმასავით გვიმღერის „ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს“...
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საერთოდ ასტრალებში გაინავარდა, _ ოკუპაცია კაცო, 90-იანებში დაიწყო და 2008-ში დამთავრდა, რატომ გგონიათ, ყოველი ახალი ბანერის დადგმა რომ ახალი ოკუპაციააო, ამ ახალი ბანერის დადგმით, თვისობრივად, არაფერი იცვლებაო.
რა უნდა ელაპარაკო ამგვარი საუბრებით გამობრუჟულ ხელისუფლებას?! რანაირად უნდა შეაგნებინო, რომ თითოეული ახალი ბანერის დადგმა ნიშნავს ათეულობით ჰა მიწის მიტაცებას! მთავარია, უცხოელმა არ იყიდოს გოჯი მიწა, სადაც დასთესს, მოიმკის, თუნდაც ააშენებს, მაგრამ იმ მიწას ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერც ინდოეთს მიურთებს და ვერც პაკისტანს და რუსმა მერე რა, მიიტაცოს ჰექტრობით მიწა! მიწა, რომელსაც სისხლითღა გამოისყიდი.
გეკითხებით, ახლა, რა განსხვავებაა „ქართული მარშის“ ორგანიზატორებისა და ამ ხელისუფლების ხედვებს შორის? სხვადასხვა რამ ამოძრავებთ მათ? ერთსაც მხოლოდ რუსისთვის ემეტება ეს ქვეყანა და _ მეორესაც.
აქ აღმაშენებელზე გამორბიან და თუ ვინმე უხსენებს, რატომ საოკუპაციო ხაზთან არ ჩადიხართ, არ აპროტესტებთო, საერთოდ მომსახურების ზონიდან გადიან და მათი ჭყივილი ცას სწვდება, _ რუსს შევაკლათ თავიო?
არა, ბატონო, სამუშაოდ ჩამოსულ უცხოელებს უნდა შეაკლათ თავი, გარეკოთ, დააფრთხოთ, რომ აქ თქვენთვის ძვირფასი რუსის გარდა ფეხი არავინ დაადგას. ინდოელ, პაკისტანელ სტუდენტებთან უნდა გქონდეთ რკინის გული, იქ რუსთან _ ბამბის მუხლები! აბა რა, აბჯარი, ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა სწორედ ელჯიბიტი პირებისგან თავდასაცავად მოიგონეს და დაგვიტოვეს და არა სამშობლოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩასაცემლად...
თავის დროზე, როდესაც ივანიშვილს უთხრეს, რატომ არ ჩადიოდა საოკუპაციო ხაზთან, არ გახსოვთ, რა პასუხი გვტყორცნა? იქ რა მინდა, მოსახლეობასთან ერთად ვიტიროო? და ეს განცხადება, რატომღაც, არავინ მიიჩნია სიმხდალედ! ეს მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გაგანია ომში ჩადიოდა ფრონტის ხაზზე და ავიაციის წამოსვლისას დაცვა ძირს აწვენდა, მშიშარა კურდღლად გამოაცხადეს!
მოკლედ, საოკუპაციო ხაზთან არც ბიძინასებრნი აპირებენ ჩასვლას და არც კორკოტასებრნი!
და რაც ყველაზე სასაცილოა, ეს მარში უნდა ჩატარდეს იმ მეფის სახელობის პროსპექტზე, რომელმა მეფემაც ამ ქვეყანაში ათეულ ათასობით ყივჩაღი ჩამოასახლა და რომელი მეფეც იმ დროისთვის გაუგონარ შემწყნარებლობას იჩენდა სხვა ერებისა და სარწმუნოების პირთა მიმართ!
ვინც ამ მსვლელობას ატარებს, კარგად უწყის, ვის წისქვილზეც ასხამს წყალს „ნაპორით“, რასაც ვერ ვიტყვით ამ მსვლელობის ყველა პოტენციურ მონაწილეზე, რომელნიც არ ფლობენ სრულად ინფორმაციას და ვერ აცნობიერებენ, როგორ იყენებს მავანი მათ მოჭარბებულ პატრიოტიზმს. რა მანქანებითა და რა ხრიკებით არ აღაგზნებენ მათ ემოციებს, რომ, თურმე, ინდოელები, არაბები, თურქები, აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულები რყვნიან ქვეყანას, ახალგაზრდობას.
აქამდე მხოლოდ ევროპა იყო გარყვნილი, ახლა აზიაც გარყვნილი ყოფილა და მხოლოდ რუსეთი მდგარა სიწმინდისა და სისპეტაკის ურყევ სიმბოლოდ. არაბთა თუ ინდოელთა მიერ ჩადენილ ერთეულ ფაქტებს აზოგადებენ და მთელ ერზე ავრცელებენ, მაშინ როდესაც იმ ერთეულ შემთხვევებს, თუ ასეთი რამ ნამდვილად მოხდა, სჭირდება გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა კანონის შესაბამისად და არა მარში და დოლ-გარმონი! გამოძიებაა საჭირო და მიმდინარეობს კიდეც. მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლომ ინდოეთის ორ მოქალაქეს, რომელთაც ბრალად ედებათ არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენა, აღმკვეთ ღონისძიებად უკვე შეუფარდა პატიმრობა. ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უნდა აგოს კიდეც პასუხი, მაგრამ უნდა აგოს მხოლოდ მან და არავინ სხვამ. მასე, ფარცხალაძეც იპარავდა ბოტასებს გერმანიაში და რა, გამოვარდნილიყო მთელი გერმანია და ყველა ქართველი ბოტასის ქურდად შეერაცხა? ბოტასები, რომელსაც უხამს გერმანულ პორნოშიც არ იხდიან, დაეხადათ ქართველების დანახვაზე?
ან როდესაც პირი მოუღიათ და გაჰკივიან, _ თურქები, არაბები, ინდოელები არასრულწლოვნებს რყვნიანო, უკაცრავად და მსგავს ქმედებებს ქართველები არ სჩადიან? რა ვქნათ, ახლა, ქართველებსაც ხომ არ გაგვყრით მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ქართველი არასრულწლოვანს ეძალავება? კიდევ უფრო კომიკურია სიტუაცია, როდესაც იგივე თურქებსა და არაბებს ადანაშაულებენ, _ მაგათი ბრალია, ქართველი გოგოები, ქალები რომ პროსტიტუციას ეწევიანო. აქ, საერთოდ, რას აპროტესტებენ? კონკურენციას? რაო, არაბები, თურქები ფასს აძვირებენ, თუ როგორაა? ქართველ კაცთან მეძაობა მამულიშვილური საქმეა და თურქთან, არაბთან მეძაობა _ სამშობლოს ღალატი? და რუსთან თუ ეწევა პროსტიტუციას _ ერთა მეგობრობაა თუ ერთმორწმუნეობა? საქართველოში თურქთან წოლა პროსტიტუციაა და თუ ქართველი ქალი იგივეს თურქეთში სჩადის _ ბიზნესი და მუშაობა?
ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, როდესაც აქ სამუშაოდ ჩამოსული ხალხის გაყრა უნდათ, სანამ ამ მსვლელობას შეუერთდებიან, იქნებ, დაფიქრდნენ, რამდენი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს სხვადასხვა ქვეყანაში ლეგალურად და არალეგალურად? დარწმუნებული ვარ, ბევრის ოჯახიდან თუ არა, სანათესავოდან, სამეგობროდანაც უამრავია წასული საზღვარგარეთ და რამდენად მოეწონება, ბერძნებმა, იტალიელებმა, იგივე თურქებმა რომ ანალოგიური მარში მოაწყონ და მათი ოჯახის წევრები და ნათესავები ასე უპრაგონოდ გამოყარონ?
მაგრამ ერთიცაა, რა უნდა მოსთხოვო ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს, როდესაც ის ხალხიც კი, ვინც თვითონ საზღვარგარეთ მუშაობს, ფეისბუკზე ასპასია პაპატანასიუს შემართებით და ომახით გაჰკივის, რომ ეგ ჩამოთესლილები საქართველოდან უნდა გაყარონ! რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ბევრი ასეთი პოსტის ავტორი თავად სტამბულში მუშაობს და იქიდან ინახავს ოჯახს. იმ ტოტს უქნევს ნაჯახს, რომელზედაც თვითონ ზის და იმდენს ვერ ხვდება, რომ თვითონ დაეზღნერთება ძირს, როცა მოჭრის იმ ტოტს.
გეკითხებით, რამდენი ქართველი ლეგალი და არალეგალი სჩადის დანაშაულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? გაგიგიათ, რომ იმ დამნაშავეების გამო რომელიმე ქვეყნიდან ეთნიკური ნიშნით გამოეყაროთ ქართველები? მე ასეთი ერთადერთი ქვეყანა ვიცი _ რუსეთი, საიდანაც ქართველები გამოყარეს!
როდესაც აქ სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტების გაყრა გინდათ, გაიხსენეთ, რამდენი ქართველი სწავლობს დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში! თუ თქვენ გგონიათ, რომ ახლა რადგან აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულებს დავიბრიყვებთ და გავყრით, დასავლეთი ამ პროცესს გულმხურვალედ მიესალმება? ამ პროცესს, ერთადერთი ვინც გულმხურვალედ მიესალმება, ის ქვეყანაა, სადაც ათ წელიწადზე მეტია, უკვე იმართება ამგვარი მარშები _ რუსული მარში, რომლის კალკიცაა ეს თქვენი ვითომც „ქართული მარში“.
ვის აწყობს ქვეყნის ქსენოფობიურ ჭაობაში ჩაძირვა და ვის უხსნის ეს გზას საქართველოში? მხოლოდ რუსეთს და მხოლოდ რუსებს. და ეს მარში არის წმინდა რუსული ილეთი _ დაარტყა დასავლეთს აღმოსავლეთზე დარტყმით.
რეზო შატაკიშვილი